საგარეო აშშ-ის მხრიდან ვიზისთვის „საგარანტიო თანხის“ მოთხოვნას ქართველების მხრიდან პირობების დარღვევას უკავშირებს

2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც შეერთებული შტატების B1/B2 კატეგორიის ვიზის აღება და აშშ-ში მოგზაურობა ენდომებათ, 5, 10 ან 15 ათასი აშშ დოლარის მოცულობის ფულადი სავალდებულო გარანტიის (bond) გადახდა მოუწევთ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემაზე ახალი წესის შემოღებას ვიზის პირობების დარღვევის მაღალ მაჩვენებელს უკავშირებს. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს.

„სამწუხაროდ, უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს, რის თაობაზეც აშშ-ს მხარის მიერ იქნა განმარტებული“, - აცხადებენ უწყებაში და დასძენენ, რომ თუკი მოქალაქეები სავიზო წესებს დაიცავენ, „[ეს] მისცემს საქართველოს შესაძლებლობას გააგრძელოს მუშაობა ამერიკულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე“.

საპილოტე პროგრამა 2 აპრილიდან 26 აგვისტომდე იმუშავებს. პროგრამის წარმატების მაჩვენებელზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება ის.

ახალი წესი საქართველოს მოქალაქეებისთვის

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 18 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც 2 აპრილიდან საქართველო და 11 ქვეყანა იმ 50 ქვეყნის ჩამონათვალში მოხვდა, რომლის მოქალაქესაც აშშ-ის ვიზის მისაღებად სავალდებულო გარანტიის გადახდა მოუწევთ.

50 ქვეყანაში არ შედის საქართველოს არცერთი მეზობელი ქვეყანა - არც სომხეთი, არც აზერბაიჯანი, არც რუსეთი და არც თურქეთი.

ამ 50 ქვეყნისთვის, რომელთა შორისაც საქართველოა, B1/B2 კატეგორიის ვიზის აღება „სავალდებულო გარანტიის“ (5, 10 ან 15 ათასი აშშ დოლარის მოცულობის) გადახდის შემთხვევაში შეეძლება. თანხა მოქალაქეს იმ შემთხვევაში დაუბრუნდება, თუკი დაიცავს ვიზის მიღების პირობებს.

ასევე ნახეთ აშშ-ში ვიზის მისაღებად $5-15 ათასის „სავალდებულო გარანტია“ იქნება საჭირო საქართველოს მოქალაქეებისთვის