ბეჟან ლორთქიფანიძის გასათავისუფლებლად სასამართლოს პეტიციით მიმართეს

ბეჟან ლორთქიფანიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და გენერალურ პროკურატურას პეტიციით მიმართეს.

ბეჟან ლორთქიფანიძე სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „ნაკრესის“ კონსერვაციის პროგრამის დირექტორია, მას 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობრივ ქმედებაში ედება ბრალი.

„ბეჟანი არ არის ის პიროვნება, რომელსაც ასეთ მძიმე დანაშაულში შეეძლო მიეღო მონაწილეობა. იქ ნამდვილად იყო ძიძგილაობა, მაგრამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ჩვენი აზრით, გამორიცხულია. ამიტომ ვითხოვთ, რომ აღმკვეთი ღონისძიება გირაოთი ან თავდებობით შეუცვალონ“, - ამბობს პეტიციის ერთ-ერთი ხელმომწერი, „ნაკრესის“ წევრი კახა არცევაძე.

მისივე თქმთ, ბეჟან ლორთქიფანიძე კომიტეტების, გარემოს დაცვის სამინისტროს ექსპერტია. ის არ დაემალება გამოძიებას და არც ნივთმტკიცებულების განადგურების საფრთხე არსებობს, რადგან ძირითადი ნივთმტკიცება ვიდეოა.

„ბეჟან ლორთქიფანიძის სახელს არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა უკავშირდება, მათ შორის: 2003 წელს საქართველოში დიდი ხნის გადაშენებულად მიჩნეული ლეოპარდის აღმოჩენა, საქართველოში პირველად განხორციელებული დათვისა და მგლის ტელემეტრიული კვლევები, მსოფლიოში პირველად ჯიხვის სატელიტური რადიოსაყელოების მეშვეობით კვლევა და სხვ. ბეჟანი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ბუნებისდაცვითი ეროვნული სტრატეგიებისა და კანონმდებლობის შემუშავებაში, რის გამოც მას კარგად იცნობენ როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ისე საქართველოს პარლამენტში“, - წერია პეტიციაში.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელირეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ სასამართლომ და ხელისუფლებამ ამ ადამიანის ბეგრაუნდიუნდა გაითვალისწინონ.

„ძალიან სამწუხაროა, როცა ადამიანი ისჯება იმის გამო, რომ თავისი აზრი ემოციურად გამოხატა, რაც შეიძლება საზოგადოებისთვის გასაგები ყოფილიყო, რადგან აქ იყო გავრილოვი, რუსეთის ოკუპაცია და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ“, - ამბობს რეზო გეთიაშვილი.

მისივე თქმით, ბეჟან ლორთქიფანიძეს საზოგადოების მხრიდან ასეთი მხარდაჭერა არ ექნებოდა აშკარა დანაშაული რომ იკვეთებოდეს, მაგრამ გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც ნივთმტკიცებად გამოიყენეს, მსგავსი რამ არ ჩანს.