ბერლინში „რუსი აგენტებისთვის“ განკუთვნილი იარაღის სამალავი აღმოაჩინეს

გერმანიის შიდა დაზვერვის თანამშრომლებმა ბერლინის მიმდებარე ტყეში „პროფესიონალურად მოწყობილი“ სამალავი აღმოაჩინეს, სადაც ორი დატენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ინახებოდა. ამის შესახებ გამოცემები Spiegel და Süddeutsche Zeitung წერენ.

გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყების შეფასებით, სამალავი რუსეთის სპეცსამსახურებმა შექმნეს გერმანიაში მოქმედი რუსი აგენტებისთვის. მათ, სავარაუდოდ, თავდასხმები და მკვლელობები უნდა მოეწყოთ იარაღის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებზე, რუს ოპოზიციონერებსა და უკრაინის მხარდამჭერებზე.

როგორც ჩანს, გერმანიის სამართალდამცველებმა სამალავის შესახებ ინფორმაცია წყაროსგან მიიღეს. ის გასული წლის ზაფხულის ბოლოს აღმოაჩინეს, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში მხოლოდ ახლა გავრცელდა.

ასევე ნახეთ

რუსები უარესის მოლოდინში - ქვეყნიდან ხალხი და ფული გაედინება

სამალავში არსებული ორი პისტოლეტი მოგვიანებით მწყობრიდან გამოიყვანეს და მათზე GPS-ტრეკერები დაამონტაჟეს. ამის შემდეგ ადგილზე რამდენიმე თვის განმავლობაში მეთვალყურეობა მიმდინარეობდა, თუმცა იარაღის წასაღებად არავინ მისულა. გერმანიის უსაფრთხოების უწყებები ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილებმა ჩატარებული ოპერაციის შესახებ შეიტყვეს.

საქმეს გერმანიის ფედერალური პროკურატურა იძიებს. გამოძიების ფარგლებში რუმინეთში დააკავეს პირი, რომელსაც გამოძიება სამალავის შესაძლო მოწყობაში ეჭვმიტანილ პირად მიიჩნევს. სხვა დეტალები არ გასაჯაროებულა. გერმანიის პროკურატურა გამოძიების მიმდინარეობაზე კომენტარს არ აკეთებს.