ბრალდებული სასამართლო სხდომას არ დასწრებია. ის „ვივამედის“ კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება: „საწოლზეა მიჯაჭვული, არის მძიმე მდგომარეობაში“, - თქვა სხდომაზე ვალერია კირილიუკის ადვოკატმა ხათუნა ჩხაიძემ, რომელიც ქალის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
23 წლის ვალერია კირილიუკის ჯანმრთელობის შესახებ სხვა დამატებითი დეტალები არც ადვოკატსა და არც პროკურატურას აღარ დაუზუსტებია.
ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე მხოლოდ ის თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და არ არსებობს მისი მიმალვისა თუ მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
„აღიარებით ჩვენებაში თქვა“ - რას ამბობს პროკურატურა
გამოძიება ამბობს, რომ საქმეში ვალერია კირილიუკის აღიარებითი ჩვენება დევს.
ამბობს იმასაც, რომ საქმეში დევს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩანაწერებიც.
დავით ყაზარაშვილი, საქმის პროკურორი ირწმუნება, რომ სწორედ კირილიუკის აღიარებითი ჩვენებით ირკვევა, რომ 23 აგვისტოს, ღამის საათებში, დაურ ბუავამ და ვალერია კირილიუკმა (დაურ ბუავას სახლში) მიიღეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ისინი შეუძლოდ გახდნენ.
თითქმის ორი დღის თავზე, 25 აგვისტოს, დილის 9 საათისთვის კი გონზე მოსულმა ვალერია კირილიუკმა ნახა, რომ დაურ ბუავა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, „მძიმედ სუნთქავდა“, თუმცა, იმის ნაცვლად, რომ დახმარებოდა, ბინა დატოვა, კარი გარედან გადაკეტა და არც სასწრაფო დახმარებას დაურეკა და არც საერთო მეგობრებს გააგებინა რა ხდებოდა.
დაურ ბუავას ცხედარი სამართალდამცავებმა ორი დღის შემდეგ, 27 აგვისტოს, საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს.
დავით ყაზარაშვილი, პროკურორი
„ბრალდებული თავის აღიარებით ჩვენებაშიც ამბობს, რომ მას შეეშინდა და იმიტომ არ მიმართა არავის. სავარაუდოდ, გარკვეული პასუხისმგებლობის შეეშინდა და არ განაცხადა მომხდარის შესახებ. მას შეეშინდა და ამიტომ დატოვა დაურ ბუავა. ეს მიუთითებს მისი მხრიდან პასუხისმგებლობის არიდებაზეც“, - ამბობს დავით ყაზარაშვილი.
პროკურორი ვალერია კირილიუკზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ მათ ერთად მოიხმარეს ნარკოტიკიც:
„ამბობს, რომ დაკარგა გონება. გონზე მოდის 25 აგვისტოს, დილის საათებში, ესეც ბრალდებულის ჩვენებიდან გამომდინარეა ცნობილი და ამ დროს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო დაურ ბუავა. ეს ადამიანი, ისე, რომ არც დაეხმარა დაურ ბუავას, ტოვებს გარდაცვლილის ბინას და მიდის თავისი სახლის მიმართულებით. გზადაც რამდენიმე ადამიანი შეხვდა, არც მათ ეუბნება რაიმეს“.
დავით ყაზარაშვილი ამბობს, რომ ბრალდებულისა და გარდაცვლილის სისხლის ნიმუშის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ მიღებული ნარკოტიკი მეტადონია: „ამ ეტაპზე, ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, ბუავამ იცოდა, რომ მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებას, სამწუხაროდ, ასეა“.
რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვარაუდებს, რომ შესაძლოა, დაურ ბუავა, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, განზრახ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლი იყოს, პროკურორი ამბობს:
„რეალობა, რაც დადგენილია ამ მომენტისათვის, ეს არის. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოძიება გრძელდება და ნებისმიერი ვერსია იქნება თუ გარემოება, თუნდაც სოციალურ ქსელში გაჩნდეს, რა თქმა უნდა, გადამოწმდება“.
პროკურორის თქმით, ვალერია კირილიუკი საქართველოში დაახლოებით ორი თვის წინ ჩამოვიდა და დაურ ბუავა, კაფეში გაიცნო:
„თავად ბრალდებული საუბრობს გაცნობის დეტალებზე. კაფეში გაიცნეს ერთმანეთი და ამის შემდეგ მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. რაც შეეხება სხვა დეტალებს, თქვენ შეიძლება უამრავი კითხვა გქონდეთ, მაგრამ ჩვენც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ყველაფერს და ყველა დეტალი, რაც კი შეიძლება საინტერესო იყოს ან კითხვა გაჩნდეს, ყველა ამ დეტალამდე ჩვენ მივალთ“, - ამბობს ჟურნალისტებთან დავით ყაზარაშვილი.
31 აგვისტოს სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ იურისტებიც, რომლებიც საქმეში აფხაზი ბლოგერის მეგობრების თხოვნით ჩაერთნენ.
ადვოკატი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ მათ უკვე გააცნეს ის კონკრეტული კითხვები გამოძიებას, რომლებიც იურისტებს გაუჩნდათ. მისივე თქმით, იურისტები არ ეთანხმებიან თვითმკვლელობის მუხლით დაწყებულ გამოძიებას და მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ:
ნათია მეზვრიშვილი, ადვოკატი
„აქ არ ყოფილა არანაირი თვითმკვლელობა...თუ რომელი მუხლით უნდა იყოს გადაკვალიფიცირებული, ეს უკვე გამოძიების შემდეგ უნდა დადგინდეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ეს იყო განზრახული ქმედება ბრალდებულის მხრიდან, რატომ დატოვა მარტო, რატომ გადაკეტა კარი, თუ ასე შეუძლოდ იყო თავად, რომ ძლივს გამოდის ლიფტიდან, როგორ მოახერხა კარის დაკეტვა. ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს გამოძიებასთან, პროკურატურასთან, რასაც პასუხი უნდა გაეცეს“.
როგორც იურისტი ამბობს (ამის შესახებ დაურ ბუავას მეგობრებიც მიუთითებენ), ბლოგერი სიცოცხლეში მუქარებს იღებდა და ამიტომ მისი გარდაცვალების გარემოებების შესწავლისას ეს მიმართულებაც უნდა შემოწმდეს.
საქმეში ჩართული იურისტები გეგმავენ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებასაც. ამაზე საქმის პროკურორი ამბობს:
„ჩვენ ერთი მხარე ვართ, ერთ საქმეს ვაკეთებთ, ყველას გვაინტერესებს, რა მოხდა, დავადგინოთ, რა იყო სიმართლე. ადვოკატებს, დამიჯერეთ, რომ საფუძველი არ ექნებათ, ცალკე რაიმე ექსპერტიზის ჩატარების. თუ რა თქმა უნდა, მათი სურვილია, რომ ჩართონ თავიანთი ექსპერტი, ნებისმიერი მათი ჩართულობა ჩვენთვის პირიქით, იქნება სასურველი და მისაღები“.
წინასასამართლო სხდომა დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ბრალდების განხილვით 22 ოქტომბერს გაიმართება.
კიდევ ორი დაკავებული - „დაურ ბუავასგან გაიცნო [ისინი] ვალერია კირილიუკმა“
30 აგვისტოს გამოძიებამ კიდევ ორი ადამიანი დააკავა - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით. მათ ბრალი 31 აგვისტოს ოფიციალურად წარედგინათ.
დავით ყაზარაშვილი ამბობს, რომ ორივე საქართველოს მოქალაქეა და ისინი დაურ ბუავას კარგად იცნობენ.
„მათ, სამწუხაროდ, ნარკოტიკული საშუალებები მანამდეც მოუხმარიათ ერთად. ეს ფარული საგამოძიებო მოქმედებებითაც დადგინდა და ამას ჩვენებებშიც აფიქსირებენ. ფაქტობრივად, დაურ ბუავასგან გაიცნო ეს პირები ვალერია კირილიუკმა. ამ ორი დაკავებულიდან ერთ-ერთი უშუალოდ ის პირია, რომელმაც ნარკოტიკული საშუალება უსასყიდლოდ გადასცა ვალერია კირილიუკს და რომელმაც შემდეგ ბუავასთან ერთად მოიხმარა ის“.
მუშაობს თუ არა გამოძიება დაურ ბუავას განზრახ მოწამვლის ვერსიაზე? - ამ კითხვას პროკურორი ასე პასუხობს:
„სისხლში მეტადონის გარდა აღმოჩნდა ეთილის სპირტი, რაც ალკოჰოლური სასმლის არსებობასაც ადასტურებს და სხვა რაიმე მომწამლავი ან რაიმე ნარკოტიკული საშუალება, არ აღმოჩნდა.
რა თქმა უნდა, ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, მაგრამ ამ ეტაპზე, რაც გამოძიებით დგინდება, იმას ვამბობთ. გამოძიება, რა თქმა უნდა, გრძელდება, თუმცა, ამ ეტაპზე, რა კვალიფიკაციის გაგრძელდება, რა შეიძლება გამოიკვეთოს, წინასწარ ამაზე საუბარი ზედმეტია, უბრალოდ, ჯერ მხოლოდ ორი დღის შედეგია, რაზეც ვსაუბრობთ და მოვიპოვეთ“.
აფხაზი ბლოგერის გარდაცვალებას 31 აგვისტოს, პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი:
„რაიმე საფუძველი, არ ვენდოთ იმ ფაქტებს, რაც ჩვენი თვალით ვნახეთ, - მათ შორის ვიდეოჩანაწერებს, ჩვენებებს - არ არსებობს; [ამას რომ არ ენდოს ადამიანი], შეთქმულების თეორიების ძალიან დიდი მოყვარული ან საქართველოს ძალიან დიდი მტერი უნდა იყოს".
დაურ ბუავას გარდაცვალებაზე 30 აგვისტოს, პოზიცია დააფიქსირა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ამრა“.
დაურ ბუავა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ორგანიზაციის მთავარი მიზანი ქართულ-აფხაზური დიალოგის სამშვიდობო პროცესის წარმართვაა.
“ენგურს გაღმა არსებობენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც წლებია, ცდილობენ როგორც დაურ ბუავას, ისე „ამრას“ საქმიანობის დისკრედიტაციას. მათი პოზიცია ჩვენთვის ახალი არ არის. თუმცა განსაკუთრებით შემაშფოთებელი და მტკივნეულია ის თავდასხმები, რომლებიც ამ დღეებში ენგურს აქეთ მცხოვრები ადამიანების მხრიდანაც გვესმის. იკვეთება ტრაგედიიდან გარკვეული დივიდენდების მიღების მცდელობებიც, რაც შეუთავსებადია დაურის საქმიანობასთან, თუ მის ხსოვნასთან.
ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთი ვერსიის შეფასებას, გამორიცხვას ან დადასტურებას. სიმართლე უნდა დადგინდეს გამოძიების შედეგად და არა ვარაუდებით, კონსპირაციული თეორიებითა და დაუდასტურებელი ინფორმაციით”, - წერია განცხადებაში.
32 წლის დაურ ბუავა სოციალურ ქსელში, წლების განმავლობაში ცნობილი იყო როგორც ვიდეოების ავტორი, რომელიც უმეტესად ქართულ-აფხაზურ მეგობრობაზე საუბრობდა.
ახალგაზრდა კაცი ტყვარჩელიდან თბილისში 2021 წელს გადმოვიდა საცხოვრებლად და უკან აღარ დაბრუნებულა.
2022 წლის მაისში აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა მას „სახელმწიფოს ღალატში“ დასდო ბრალი.
დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების სამსახური თვლიდა, რომ ტიკტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოები, სადაც ბუავა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის სტატუსით არსებობაზე საუბრობდა, „ემსახურება საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტულ მიზნებს“.
რადიო თავისუფლება დაურ ბუავას 2021 წლის ნოემბერში შეხვდა. ამ დროს გადაღებულ ვიდეოში ის ამბობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს სურს აუხსნას, რომ საქართველო ომზე არ ფიქრობს და როგორ შეიძლება მშვიდობიანი თანაცხოვრება.
2022 წლის დეკემბერში, დაურ ბუავამ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.
ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად დაკრძალავენ აფხაზ ბლოგერს. საქმეში ჩართული იურისტების თქმით, დაურის დედა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, საქართველოში, სავარაუდოდ, 31 აგვისტოს ან პირველ სექტემბერს ჩამოვა.