გაგიკ წარუკიანის ლომები, "გიგანტური ქრისტე" და დალუქული კომპანიები - სომხეთში პრორუსი ოლიგარქის ქონებასა და დანაშაულს ითვლიან

პრორუსი ოლიგარქის, ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის წინააღმდეგ სომხეთში 10-ზე მეტი საქმეა აღძრული.

ცოცხალი ლომები, ვეფხვი, გარეული ცხოველებისა თუ ფრინველების 200-მდე ფიტული სომხეთის პოლიციამ პრორუსი ბიზნესმენის, ოლიგარქ გაგიკ წარუკიანის სახლში 6 ივლისს აღმოაჩინა. 7 ივლისს შედგა სასამართლო და სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარ ადამიანს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

დაკავებამდე, გაჩხრიკეს წარუკიანის სახლი და კომპანიებში - 70 სხვადასხვა მისამართი. პოლიციამ დალუქა არაერთი კომპანიის ოფისები და დაკავებულს ბრალი თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში წაუყენა.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, წარუკიანის წინააღმდეგ, ჯამში - 10-ზე მეტი სისხლის სასამართლოს საქმეა აღძრული.

ქრისტეს გიგანტური ქანდაკების აშენების ინიციატორ ბიზნესმენი, რომელსაც რუსეთთან და ბელარუსთან საგანგებო კავშირებით იცნობენ, გიგანტური ნოეს კიდობნის აგებასაც გეგმავდა.

მისი პარტია - „აყვავებული სომხეთი“ 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში მე-4 ადგილზე გავიდა, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდა - 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.

გაგიკ წარუკიანს ერთი ბრალი ჯერ კიდევ 9 ივნისს წაუყენეს - ორ დღეში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ქვეყნიდან გასვლის ნებართვა არ მისცეს და აეროპორტიდან უკან გამოაბრუნეს. იმ შემთხვევაში საქმე - დიდი ოდენობით გადასახადების დამალვას უკავშირდებოდა.

ზოოპარკი სახლში, დახოცილი ცხოველები

სამი ლომი და ვეფხვი - წარუკიანის სახლიდან გამოყვანილი ზრდასრული ცხოველები, დედაქალაქის მერიის თხოვნით, ერევნის ზოოპარკმა შეიფარა. ახალ ვოლიერებში გადასაყვანად ცხოველების დაძინება გახდა საჭირო.

სომხურ სოციალურ ქსელებში ზოგი წერს, რომ - მტაცებლები წარუკიანის გარეშე მოიწყენენ და შესაძლოა, ვეღარც იცოცხლონ. სხვები კი პასუხობენ, რომ ისინი საფრთხეში აქამდე, ოლიგარქის ახირებების გამო იყვნენ.

წარუკიანის სახლიდან გამოიტანეს 200-მდე ფიტული - გარეული ფრინველებისა და ცხოველების, მათ შორის - მგლების. ვიდეომასალებში კარგად ჩანს, რომ ბიზნესმენის სახლი ცხოველების სხვადასხვა ზომის ფიტულებით იყო სავსე.

ფიტულებს ახლა დანაშაულის მტკიცებულებებად დაურთავენ საქმეს, რადგან წარუკიანს უკანონო ნადირობაც ედება ბრალად. რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ - ეკოლოგიისთვის მიყენებული ზიანი 30 მილიონ დრამს [თითქმის 82 ათას დოლარს] აღწევს.

თაღლითობა, ფულის გათეთრება

ერევნის ჩრდილოეთით, შემაღლებულზე მდებარე ფეშენებელური სახლის ჩხრეკა სამართალდამცველებმა 6 ივლისს, დილით ადრე დაიწყეს. თითქმის 12-საათიანი ჩხრეკის შემდეგ, გაგიკ წარუკიანი დააკავეს - თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით.

სასამართლო პროცესი 7 ივლისს დილით შედგა, თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადებას რამდენიმე საათი დასჭირდა და მხოლოდ საღამოს გახდა ცნობილი, რომ გაგიკ წარუკიანს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ წარუკიანი ხელმძღვანელობდა „დანაშაულებრივ ჯგუფს“, რომელმაც 2022-დან 2024 წლამდე პერიოდში მიითვისა მისი ირანელი ბიზნესპარტნიორების 22 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავი, 52 ავტომობილი და სხვა საქონელი. უკანონო გზით ნაშოვნი ქონება კი, გამოძიების თანახმად, წარუკიანმა თავის კომპანიებში დააბანდა - ანუ ფული გაათეთრა.

დაკავებული ბიზნესმენი ბრალდებებს უარყოფს.

გაგიკ წარუკიანი 6 ივლისს დააკავეს

ბრალდებებს „სასაცილოსა და აბსურდულს“ უწოდებს მისი ერთ-ერთი ადვოკატი, ერემ სარგსიანი და ჰყვება, რომ წარუკიანი თავად იყო თაღლითობის მსხვერპლი.

„ძნელი წარმოსადგენია ასეთი არასერიოზული ბრალდება მსგავს საქმეში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ამ სამართლებრივი დევნის ორგანიზება უნდოდათ, რაიმე უფრო სერიოზული უნდა მოეფიქრებინათ, რადგან აქ არანაირი დანაშაული არ არის. უფრო მეტიც, ეს არ არის კომერციული დავა, რომელიც სისხლის სამართლის პროცესად იქცევა. ვფიქრობ, აქ არანაირი კომერციული დავა არ არსებობს. აქ ბატონი წარუკიანი დაზარალებულად უნდა ეცნოთ“, - თქვა ადვოკატმა სასამართლო სხდომის შემდეგ, სადაც წინასწარი პატიმრობის საკითხი - დახურულ კარს მიღმა განიხილებოდა. პროკურატურას მედიასთან განცხადება არ გაუკეთებია.

ეს საქმე უკავშირდება სომხეთ-ირანის სავაჭრო პალატას, რომლის შექმნაშიც მონაწილეობდა წარუკიანი - თუმცა რაც შემდეგ მოხდა, ადვოკატის თქმით - მისი კლიენტის პასუხისმგებლობა არ არის, რადგან - “პალატის საქმიანობაში ჩართულმა ირანის ზოგიერთმა მოქალაქემ უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა”.

წარუკიანის კომპანიებს შორის, რომლებიც 6 ივლისს დაილუქა, არის:

· სომხეთის უმსხვილესი ცემენტის ქარხანა;

· სომხური კონიაკის მწარმოებელი მსხვილ ქარხანა - “არარატი”;

· სპორტული და გასართობი კომპანიები.

ეს ბიზნესი საგადასახადო ორგანოებმა გასულ თვეში შეამოწმეს. დალუქულ კომპანიებს თანამშრომლების სახლში გაშვებას მოუწიათ.

„მათ პარალიზება გაუკეთეს ქარხნის მუშაობას, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული“, - უთხრა წარუკიანის ტელეკომპანია „კენტრონ“-ს (Kentron TV) ცემენტის ქარხნის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, არტიომ პოღოსიანმა და დაამატა, რომ პოლიციამ შენობას ალყა შემოარტყა.

ბიზნესმენის პრესმდივანის, ივეტა ტონოიანის განაცხადებით, სამართალდამცველებმა 6 ივლისს დაიკავეს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაც, რომელსაც წარუკიანი ხელმძღვანელობდა.

„ეს საერთაშორისო სირცხვილია. ეს ზიანს მიაყენებს სომხეთის საერთაშორისო რეპუტაციას, რადგან ცივილიზებულ სამყაროში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობის შეჩერებისა და მისი ადმინისტრაციული შენობის დალუქვის პრეცედენტი არ ყოფილა” - უთხრა ტონოიანმა ჟურნალისტებს. მისი განმარტებით, წარუკიანის დევნას პოლიტიკური სარჩული აქვს და უსაფრთხოების ძალები ფაშინიანის უკანონო ბრძანებებით მოქმედებენ.

„ყველას გვესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ფიზიკური, ეკონომიკური და პოლიტიკური რეპრესიების მუქარა მნიშვნელოვნად გაძლიერდა“, - ტონოიანის განცხადებას რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ციტირებს.

წარუკიანის "გიგანტური ქრისტე"

ერევნიდან დაახლოებით 30 კილომეტრში, ჰატისის მთის მწვერვალზე, გაგიკ წარუკიანი ქრისტეს გიგანტურ ქანდეკებას აგებდა.

"გიგანტური ქრისტე" სომეხ ხალხს „აღორძინებისა და სინათლის გზას უჩვენებს“, - ხშირად იმეორებდა ბიზნესმენი. ქანდაკების აგება არაერთხელ შეფერხდა და ბოლო ინფორმაციით, მის დასრულებას, უკეთეს შემთხვევაში, 2027 წლისთვის ვარაუდობდნენ.

ამის შემდეგ, წარუკიანი ნოეს კიდობნის მემორიალის აგებასაც გეგმავდა.

ხალხი იესოს ქანდაკების ზედა ნაწილს ფოტოებს უღებს ზოვუნის ღია სახელოსნოში, ერევნის მახლობლად, სადაც ხელოვანმა არმენ სამველიანმა მონუმენტი ააგო

დაპირებული დაჭერა

7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინ, წარუკიანის „აყვავებული სომხეთი“ ამომრჩევლებს აყვავებასა და აღორძინებას ჰპირდებოდა. ამბობდა, რომ სომხეთისათვის „უმთავრეს საფრთხეს“ წარმოადგენენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი „ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი“.

სომხეთში ბევრს ლაპარაკობენ წარუკიანის განსაკუთრებულ კავშირებზე რუსეთსა თუ ბელარუსში.

„ნუ იჩქარებთ ბარგის ჩალაგებას. [საარჩევნო] კამპანიის დროსაც ვთქვი: სომხეთიდან გაქცევის შესაძლებლობაზე იოცნებებთ და ეს შესაძლებლობა ვერ გექნებათ“, - ამბობს ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში 14 ივნისს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში. მისი სიტყვების ადრესატები, გაგიკ წარუკიანის გარდა, პრორუსული ოპოზიციის ლიდერები - სამველ კარაპეტიანი და რობერტ ქოჩარიანი არიან.

სამველ კარაპეტიანი დაკავებულია 2025 წლის ივნისის შემდეგ. მას ბრალად ედება ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა და ფულის გათეთრება. სასჯელს შინაპატიმრობაში იხდის.

12 ივნისს, სომხეთის დატოვება აეკრძალა სამველ კარაპეტიანის ძმისშვილს - ნარეკ კარაპეტიანს - პარტია „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიის პირველ ნომერს - ეს პარტია არჩევნების შედეგებით მეორე ადგილზე გავიდა; თუმცა გამარჯვების შემთხვევაში, სწორედ სამველ კარაპეტიანის პრემიერ-მინისტრობას გეგმავდა, კონსტიტუციის შეცვლის გზით [სამველ კარაპეტიანს რუსული პასპორტი აქვს და კანონი ასეთ შემთხვევაში აკრძალვას აწესებს].

სომხეთიდან არც ექსპრეზიდენტი ქოჩარიანი გაუშვეს, 14 ივნისს - როდესაც ის რუსეთში მიემგზავრებოდა.

წარუკიანის გარშემო წრე ყველაზე სწრაფად დავიწროვდა.

  • 2026 წლის 22 ივნისს, წარუკიანს კაზინო „შანგრი ლას“ ლიცენზია გაუუქმეს; „შანგრი ლა“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კაზინოა სომხეთში და არის გაგიკ წარუკიანის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო.
  • ასევე ივნისში, ერევნის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, იჯარის ხელშეკრულება შეუწყდა წარუკიანის „მულტი-ველნეს ცენტრს“ - დედაქალაქის ცენტრში.
  • 2026 წლის 20 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ - წარუკიანის “ბიზნესხერხემლი” “სომხეთის რესპუბლიკის საკუთრებაში გადავა“.


სომხეთში არც სხვა პრორუსი ოპოზიციონერების დაპატიმრებას გამორიცხავენ.

ფაშინიანმა არაერთხელ თქვა და 8 ივნისს, არჩევნების მეორე დღესაც გაიმეორა, რომ წარუკიანი, რობერტ ქოჩარიანი და სამველ კარაპეტიანი - პასუხისგებას ვერ გაექცევიან.

სამველ კარაპეტიანის ბლოკმა - "ძლიერი სომხეთი" 29 მანდატი მოიპოვა; ხოლო რობერტ ქოჩარიანის "სომხეთმა" - 12 მანდატი. მათი მაჩვენებელი, ჯამში მცირედით აღემატებოდა 33%-ს.

საპარლამენტო არჩევნების წინ - კრემლი ღიად უჭერდა მხარს პრორუსულ ძალებს სომხეთში. ამავე პერიოდს დაემთხვა მოსკოვის გამკაცრებული ტონი ერევნის მიმართ; ისმოდა მკაფიო მუქარაც - ევროკავშირისკენ სწრაფვის გამო, უკრაინის ბედის გაზიარებასთან დაკავშირებით. ასევე, აიკრძალა სომხური პროდუქციის რუსეთში შეტანა.

წარუკიანმა ფაშინიანი დაადანაშაულა - თქვა, რომ რუსეთის მიერ დაწესებული სანქციები ერევნის პროდასავლური საგარეო პოლიტიკის შედეგია. წარუკიანს მხარდაჭერა გამოუცხადეს მოსკოვში.

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა უწოდა „რეპრესიების ახალი ტალღა ოპოზიციის იმ წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც მმართველ ელიტას ეწინააღმდეგებიან”.

ასევე ნახეთ

ფაშინიანი მიშუსტინს შეხვდა: არჩევნების შემდეგ ეს შეხვედრა კარგი საბაბია საათის ისრების გასასწორებლად

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში კრემლის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა ვერ გაიმარჯვეს. ამომრჩეველთა თითქმის 50%-იანი მხარდაჭერით, სომხეთის მართვის სადავეები პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის პარტიამ - “სამოქალაქო კონტრაქტმა” შეინარჩუნა. საკონსტიტუციო უმრავლესობამდე მას მხოლოდ 6 მანდატი დააკლდა.

  • ევროკავშირმა სომხეთს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა 2025 წლის ნოემბერში გადასცა. ფაშინიანი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას 2 წელიწადში შეძლებენ.
  • 2025 წლის მარტში სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს, შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.
  • 2025 წლის ივნისში ევროკომისიამ განაცხადა, რომ ერევანს გამოუყოფს 50 მილიონ ევროზე მეტს და დაეხმარება ევროპის ბაზარზე სომხური პროდუქციის შეტანაში, რუსეთის მიერ ერთი მეორეს მიყოლებით დაწესებული აკრძალვების საპირწონედ.