გარდაიცვალა ნარიმან მაქარაშვილი - "ბერი ნიკოლოზი"

მრევლის ცნობით, ბერი ნარიმანი, საცხოვრებელი ბინიდან ბოლოს 9 აპრილს გამოვიდა.

თბილისში, ფონიჭალაში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს ნარიმან მაქარაშვილი, ცნობილი, როგორც ბერი ნიკოლოზი [ნარიმანი]. მომხდარი რადიო თავისუფლებას შსს-ში დაუდასტურეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მრევლის ცნობით, ბერი ნარიმანი, საცხოვრებელი ბინიდან ბოლოს 9 აპრილს გამოვიდა.

„უჭირდა გადაადგილება... მას შემდეგ მამაოს ბინაში ჩამი-ჩუმი არ ისმის, ის არ გადაადგილდება და არც ხმას იღებს“, - წერია ტექსტში, რომელიც ნარიმანის მიმდევრების ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

ნიკოლოზ მაქარაშვილი ბერად 1992 წლის 5 ივნისს აღიკვეცა და სამი წლის განმავლობაში გაბრიელ სალოსის მორჩილებაში იყო.

საქართველოს საპატრიარქომ ნარიმან მაქარაშვილის შესახებ სპეციალური განცხადება ჯერ კიდევ 2016 წელს გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ მას „თითქმის ოცი წელია ჯანმრთელობის პრობლემების გამო შეჩერებული ჰქონდა მღვდელთმსახურება“.

მას თავისი მრევლი ჰყავდა, რომელთათვისაც ბერი ნიკოლოზი მაქარაშვილი წმინდანი იყო, რომელიც სასწაულებსაც ახდენდა. ის ცნობილი იყო თავისი მდუმარებით.

მიმდევრები მას სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მისამართზე საცხოვრებელს უთმობდნენ ხოლმე, რაც ხშირად გამხდარა პოლიციასთან და მეზობლებთან დაპირისპირების მიზეზი. ის ორჯერ გამოასახლეს, ჯერ ბარნოვის, შემდეგ კი ზესტაფონის ქუჩიდან.

ასევე ნახეთ

აქ ცხოვრობდა ნარიმანი

2016 წლის გამოსახლების შემდეგ კი ის დღემდე ფონიჭალაში ცხოვრობდა. მრევლმა იქ გააგრძელა შეკრება და ლოცვა. სოციალურ ქსელში ბერი ნიკოლოზის ბინის კართან შეკრებილი მოქალაქეების ვიდეოები ვირუსულადაც გავრცელებულა.