ბრაზი, ირონია და სასოწარკვეთა - 2025 წელი საპროტესტო ბანერებზე

საპროტესტო ბანერი 8 მარტს გამართული "ქალთა მარშიდან"

მოკლედ

  • 2025 წელს საქართველოში პროტესტი არ შეწყვეტილა;
  • ხალხი ყოველ საღამოს ქუჩაში იდგა;
  • 2026 წლის 1 იანვარს საქართველოში უწყვეტ პროტესტს 400 დღე უსრულდება.
2025 წელს ამჯერად საპროტესტო ტრანსპარენტებით ვიხსენებთ. ამ ხელნაკეთ ბანერებზე ერთმანეთს ცვლის ბრაზი, ირონია, სასოწარკვეთა, იუმორი, შერცხვენის მცდელობები და რიტორიკული კითხვები.

“დაუბრუნდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს” - 29 იანვარს, საღამოს 7 საათზე თბილისში, საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქციამ საავტომობილო გზა გადაკეტა.

დემონსტრანტები მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის და დირექტორის გადადგომას მოითხოვენ. ორივე მათგანი წლის ბოლომდე დარჩება ამ თანამდებობებზე და დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის ხელფასი წლის ბოლოს 15 000 ლარამდე გაიზრდება, იმ თანამშრომლებს კი, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აკრიტიკებდნენ, სამსახურიდან ნელ-ნელა გაათავისუფლებენ.

22 იანვარს თბილისში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გაზეთების, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია იმართება - ამაღლობელი 2024 წლის 11 იანვრის ღამეს დააკავეს, 2 აგვისტოს მას 2-წლიან პატიმრობას მიუსჯიან.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2025 წლის 1 ივლისს გაუქმდა.

„სინდისის პატიმრების“ მხარდასაჭერად რამდენიმე სხვადასხვა ადგილიდან თბილისში საპროტესტო მარშები იმართება 31 იანვარს;

ეს ფოტო ელბაქიძის აღმართთან არის გადაღებული. ბანერზე ინგლისურად წერია: გალიაში დაბადებულ ჩიტებს ჰგონიათ, რომ ფრენა ავადმყოფობაა. მთელი წლის მანძილზე ყველა მსვლელობა ერთ დიდ აქციად ერთიანდებოდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ.

2 თებერვალს თბილისის შემოსასვლელთან, "თბილისი მოლთან" იმართება აქცია - პარალელურად სტუდენტები მსვლელობას მართავენ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებიდან.

ამ დღეს პოლიცია 31 ადამიანს დააკავებს, მათ შორის არიან პოლიტიკოსები, ნიკა მელია და გიგი უგულავა. აქციაზე ჩნდებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი და სპეცრაზმელები დახურული მანქანებით, რომლებშიც, ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეთა მონათხრობის თანახმად, დემონსტრანტებზე ძალადობენ.

აზა ჩილაჩავა, დევნილი გაგრიდან, რომელიც ამ დღეს შეამჩნია რადიო თავისუფლების კამერამ, 2025 წლის საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცევა. 3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლო მას სამართალდამრღვევად ცნობს აქციაზე პირბადით ყოფნის გამო - დემონსტრანტებისთვის სახის დაფარვის უფლების შეზღუდვა 2025 წელს მიღებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი ნაწილია.

4 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტროსთან იმართება აფხაზეთიდან დევნილის, ზამირ კვეკვესკირის სოლიდარობის აქცია - 44 წლის კვეკვესკირმა დევნილთა სააგენტოსთან პროტესტის ნიშნად თავი 27 იანვარს დაიწვა. სხეულის 65%-იანი დამწვრობით მან მხოლოდ ხუთ დღეს იცოცხლა და 1 თებერვალს კლინიკაში გარდაიცვალა.

5 თებერვალს აქცია იმართება დმანისში, თეატრის რეჟისორ ლაშა შხვიმიანის მხარდასაჭერად, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების მოთხოვნით 20 იანვრის შემდეგ შიმშილობდა.

უკმაყოფილო მოქალაქეების მუდმივი პროტესტის ადგილად რჩება რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობა - ეს ფოტო 10 თებერვალსაა გადაღებული.

12 თებერვალს ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე 70 წლის იუბილეს აღნიშნავს მარშში მონაწილეობით, ფილარმონიიდან პარლამენტისკენ. აქციაში მონაწილეობისთვის მას რამდენიმე დღეში 5 000 ლარით დააჯარიმებენ - დაბადების დღემდე პაატა ბურჭულაძე იტყვის, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა მას საიუბილეო საღამოს ჩატარებაზე უარი უთხრა.

2026 წელს ბურჭულაძე ციხეში ხვდება - ის, როგორც 4 ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთი ორგანიზატორი, 5 ოქტომბერს დააკავეს.

15 თებერვალს ხელვაჩაურში, ე.წ. ოცნების დასახლებაში, სადაც 1000-ზე მეტი ოჯახი სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობს, ორი - 5 და 8 წლის - ბიჭი დაიღუპა. ექვსსაათიანი ძებნის შემდეგ ბავშვების ცხედრები წყლით სავსე ორმოში იპოვეს. 16 თებერვალს ამ ამბავს თბილისში, იუსტიციის სახლთან რამდენიმე ათეული დემონსტრანტი საპროტესტო აქციით ეხმაურება.

18 თებერვალს რუსთაველზე შეკრებილ დემონსტრანტებს არ გამორჩენიათ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღე - 2025 წელს ის 69 წლის გახდა;

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა - 2025 წელს ბოლშევიკური წითელი არმიის თბილისში შეჭრიდან 104 წელი გავიდა.

სასამართლოებში გრძელდება “სინდისის პატიმრების” საქმეების განხილვა - ნაწყვეტები მათი ჩვენებებიდან ბანერებზე ხვდება - ეს 6 მარტის ფოტოა. საბა სხვიტარიძეს, რომელიც თავს პოლიციელების წამების მსხვერპლად მიიჩნევს, მოსამართლემ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

7 მარტს ანტისამთავრობო გამოსვლების მეასე დღეა - ხალხი კვლავ რუსთაველზე იკრიბება.

8 მარტს თბილისში ტრადიციული "ქალთა მარში" იმართება.

9 მარტს პოლიცია 5 000-5 000 ლარით აჯარიმებს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც 80 დღეზე მეტია უნივერსიტეტის შენობაში ხელისუფლების ნაბიჯებს აპროტესტებენ - 10 მარტს ირკვევა, რომ მათგან რამდენიმეს სტუდენტის სტატუსიც შეუწყვიტეს.

10 მარტს მოქალაქეები უნივერსიტეტთან სტუდენტების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ - 13 მარტს უნივერსიტეტის რექტორმა პროტესტში ჩართულ სტუდენტებს სტატუსი აღუდგინა.

28 მარტს პარლამენტის შენობასთან "პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის" აკავებენ თამარ კურატაშვილს - დაკავებისას მას ხელში ეკავა ბანერი, რომელსაც ეწერა: "ანწუხელიძე უკვდავია". ამ დღეს ის ათეულობით სხვა მოქალაქესთან ერთად აპროტესტებდა სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას, რომელიც ცდილობდა, 2008 წლის აგვისტოს ომში წინა ხელისუფლების ბრალეულობის დადგენას.

სასამართლო თამარ კურატაშვილს 13 ივნისს სამართალდამრღვევად ცნობს და 5 000 ლარით დააჯარიმებს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო წლის განმავლობაში ოპოზიციონერ ლიდერებს დაიჭერენ და ციხეში ჩასვამენ.

9 აპრილს ტრადიციულად იკრიბებიან მოქალაქეები 9 აპრილს დაღუპულების მემორიალთან.

აღდგომის ღამეს, 20 აპრილს, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დემონსტრანტს აკავებენ.

23 მაისს აკავებენ სტუდენტ საბა ბაღდავაძეს, რომელმაც პარლამენტის წინ ზუგდიდელი აქტივისტების სოლიდარობის ნიშნად ფეიერვერკი გაუშვა. 25 მაისს მოსამართლე მანუჩარ ცაცუა მას 30-დღიან პატიმრობას მიუსჯის.

საბას მხარდასაჭერი ბანერი პარლამენტთან 27 მაისს გამოჩნდა. მისი ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადეს, აგინეს და დაემუქრნენ, რომ თუკი აქციებზე სიარულს არ შეწყვეტდა, უარესი ელოდა.

26 მაისს სამოქალაქო საზოგადოება დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველზე ზეიმობს.

12 სექტემბერს ნელი აკოფია ერთკაციანი აქციით უცხადებს სოლიდარობას სტუდენტ მეგი დიასამიძეს. ის წინა დღეს თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ბანერზე მინაწერის გამო დააკავეს - თუკი მას ამ საქმეში დამნაშავედ ცნობენ, 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მეგი დიასამიძის საქმე სასამართლოში ჯერაც განიხილება, მისი სოლიდარობის ნიშნად ამავე ბანერზე დემონსტრაციულად გაკეთებული წარწერისთვის 17 სექტემბერს აკავებენ პარტია “დროას” ლიდერ ელენე ხოშტარიას. ის 2026 წელს რუსთავის ქალთა კოლონიაში შეხვდება.

23 სექტემბერს უწყვეტი პროტესტის სამასი დღე 300 არაგველის მონუმენტიდან მსვლელობით აღინიშნება.

8 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან პარლამენტამდე ყოველდღიური მარშის ორგანიზატორები გადაწყვეტილებას იღებენ, შეწყვიტონ მსვლელობები და ბრძოლის ახალ სტრატეგიაზე გადავიდნენ - ამ გადაწყვეტილებას ისინი საზოგადოებას რუსთაველის ძეგლთან აცნობენ.

9 ოქტომბრის საღამოს საკუთარ საცხოვრებელ სახლში აკავებენ 71 წლის ექიმს, გიორგი ჩახუნაშვილს - მას ბრალად ედება 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა. მეორე დღეს, როცა მის საქმეს სასამართლო განიხილავს, სხვა ექიმები პარლამენტთან მართავენ მის მხარდასაჭერ აქციას.

ეს ფოტო 2 ნოემბერსაა გადაღებული, უწყვეტი პროტესტის 339-ე დღეს.

საპროტესტო აქციებზე პერიოდულად ჩნდება ციტატები კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებებიდან - 4 ნოემბერს ამ კონკრეტულ ბანერზე ვაჟა-ფშაველას ლექსის ფრაგმენტია გამოტანილი.

ეს ფოტო 28 ნოემბერსაა გადაღებული.

1 დეკემბერს ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვეყნებს საგამოძიებო ფილმს საქართველოს შესახებ, რომელშიც გამოთქმულია ვარაუდი საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. ამ დღიდან აქციებზე მუდმივად ისმის კითხვა, “რითი მოგვწამლეს.” სუსი ამ საქმეზე დაწყებულ გამოძიებას 5 დღეში ხურავს და ამტკიცებს, რომ ხელისუფლებას არცერთი კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არ გამოუყენებია აქციებზე ხალხის წინააღმდეგ.

2025 წელს თურქმენეთში მესამე ვიზიტისას, "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად ჩნდება საერთო ფოტოზე - ამ დღეს პარლამენტთან შეკრებილების უმეტესობის ბანერები სწორედ ამ ამბის რეფლექსია იყო.

წარწერა ინგლისურად: რატომ არის რუსთაველზე დგომა დანაშაული, პუტინის გვერდით დგომა კი კარგი?

10 დეკემბერს სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტი გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად დაჩქარებული წესით ცვლის კანონს და ზღუდავს ტროტუარებზე არასანქცირებულ აქციებს, რომლებმაც შეიძლება ქვეითების მოძრაობა შეზღუდოს. ეს ფოტო 14 დეკემბერსაა გადაღებული, 25 დეკემბერს საქალაქო სასამართლო ათობით დემონსტრანტის საქმეს განიხილავს. ისინი სამართალდამრღვევი ტროტუარზე დგომის გამო აღმოჩნდნენ.

თბილისის მერია საშობაო სოფელს ხსნის რესპუბლიკის მოედანზე - ნაძვის ხეც წელს აქ იდგმება და არა პარლამენტის წინ. რამდენიმე დღით ადრე თბილისის მერია ამბობს, რომ წელს დედაქალაქის სლოგანია ”სიკეთით სავსე ქალაქი”.

2025 წლის მიწურულს, საპატრიარქომ მღვდელმსახურების უფლება ჩამოართვა სასულიერო პირებს, არქიმანდრიტებს, დოროთე ყურაშვილსა და ილია ჯღარკავას. საპატრიარქო მონანიებას ითხოვს შიო კვარაცხელიასგანაც. ისინი საპროტესტო მოძრაობის მხარდამჭერები და ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეები არიან.

ეს ფოტო 15 დეკემბერსაა გადაღებული.

დოროთე ყურაშვილი აღავლენს პარაკლისს პარლამენტის შენობასთან - 11 ნოემბერი, 2025 წელი

2025 წელი ისე გაილია, ხელისუფლებას არ შეუსრულებია თავისი მუქარა ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის შესახებ - ამას “ოცნება” BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ აპირებდა. ეს მუქარა 27 დეკემბერს გამართულ საპროტესტო მარშზე ასე გაიხსენეს.