გზა, რომელსაც სკოლამდე რთულად მიჰყავხარ

საგზაო უსაფრთხოების თემაზე ჩატარებული არაერთი შეხვედრის, დისკუსიის, ღონისძიების და სამოქმედო გეგმის მიუხედავად, საქართველოში გამოწვევად რჩება როგორც ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი, ასევე მათი მსხვერპლის დიდი რაოდენობა. მხოლოდ 2018 წლის პირველ ექვს თვეში 16 144 ავტოსაგზაო შემთხვევაა დაფიქსირებული. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ამავე პერიოდში დაიღუპა 229 და დაშავდა 4 389 ადამიანი.

საგზაო უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფებისთვის: ბავშვების, მოხუცებისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის. კარგად გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა უნდა იცავდეთ მათ უბედური შემთხვევების რისკისგან.

რამდენად უსაფრთხოდ შეუძლია გადაადგილება ბავშვს მაგალითად სახლიდან სკოლამდე?

ბავშვების უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭიროა არსებობდეს ტროტუარი, ზებრა გადასასვლელი, შუქნიშანი და სხვადასხვა გაფრთხილების შემცველი საგზაო ნიშნები.
თბილისის სხვადასხვა უბნებში სიარულისას აღმოჩნდა, რომ სკოლებთან ფეხით მისვლა სულაც არ არის უსაფრთხო. სკოლების უმეტესობასთან არ არის საბავშვო დაწესებულების აღმნიშვნელი საგზაო ნიშანი, რიგ შემთხვევებში ვერ ხვდებით შუქნიშანს, ზებრას და სკოლამდე მისასვლელ ტროტუარსაც კი. ხშირია შემთხვევები, როდესაც სკოლის წინა სივრცე მთლიანად მანქანებს აქვთ დაკავებული და იქ მცირეწლოვანი ბავშვის მარტო გადაადგილება საშიშია.


საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონის მიხედვით ქვეითმა უნდა იაროს ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე, ბავშვებმა მხოლოდ ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე, ხოლო თუ ისინი არ არის – გვერდულაზე, ისიც დღისით, გამცილებლის თანხლებით. ამავე კანონის მიხედვით ტროტუარი არის გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ქვეითისთვის და საბავშვო დაწესებულებასთან ახლოს უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ შეამცირონ სიჩქარე და ამ მონაკვეთზე შესაძლოა მოძრაობდნენ ბავშვები.

"უსაფრთხო სკოლის სტრატეგიაში" აღნიშნულია, რომ საქართველოში სკოლების უმეტესობა გზასთან ახლოს მდებარეობს და აქედან გამომდინარე, აუცილებელია არსებობდეს საგზაო ნიშნები და იმგვარი ბარიერები სასწავლო დაწესებულებებთან, რომელიც ხელს შეუშლის მოსწავლეებს ქუჩაში გადარბენაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებისას დაიღუპა 12 და დაშავდა 460 ბავშვი, რომელთაგან 3 დაღუპული და 171 დაშავებული ქვეითი იყო.

2018 წელს გამოქვეყნებული აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომელიც საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრევენციული ღონისძიებების ეფექტურობას აფასებს, აჩვენებს რომ არაეფექტურია გადაწყვეტილების მიმღები პირების ქმედებები მოქალაქეების მოთხოვნაზე, როცა საქმე გზებზე უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას შეეხება. ამ დასკვნის მიხედვით, მოქალაქეების მოთხოვნებს შუქნიშნის განთავსებისა და საგზაო მონიშვნების დახაზვის შესახებ, 2016 წელს მერია 386 დღეში აკმაყოფილებდა, 2017 წელს კი 112 დღეში. დროის ასეთი ხანგრძლივი მონაკვეთი საშიშ ზონებში ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს ზრდის.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ "თბილისის მასშტაბით საგზაო მონიშვნები, გზებზე დახაზული სავალი ზოლის სიგანე და დაშვებული სიჩქარის ლიმიტი არ არის თანხვედრაში კარგი პრაქტიკით გათვალისწინებულ სტანდარტებთან. გზების არსებული დიზაინი და საგზაო ინფრასტრუქტურა (ტროტუარი, პანდუსი, ქვეითთა გადასასვლელი) ხშირ შემთხვევაში არ ქმნის უსაფრთხო მოძრაობის წინაპირობას მოქალაქეებისთვის და ქმნის დამატებით რისკებს საგზაო უსაფრთხოების მხრივ. "