დღევანდელ სხდომაზე დაიკითხნენ მის დაკავებაში მონაწილე პოლიციელები. დაზარალებულის პოზიცია სასამართლოში გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ, წარმოთქვა მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ მისი ჩვენება უდავოდ ცნო და დაკითხვა არ ისურვა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილს გიგა ავალიანის ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე და 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით არის წარდგენილი.
საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დასრულებულა და ბრალდებული მოზარდის ბრალეულობა სასამართლოს დადგენილი არ აქვს.
რა მოხდა გიგა ავალიანის საქმეში
გამოძიების მიხედვით, 2025 წლის სექტემბერში არასრულწლოვნებმა გიგა ავალიანზე თავდასხმა დაგეგმეს. პროკურატურის ვერსიით, მათ შეისწავლეს ავალიანის ფოტო, სამუშაო და საცხოვრებელი მისამართები, მოძრაობის მარშრუტი და დრო.
29 სექტემბერს ისინი, პროკურატურის ცნობით, ზღვის უბანში, სასწავლო ცენტრთან მივიდნენ და მასწავლებელ ავალიანს ჩაუსაფრდნენ. იმ დღეს თავდასხმა ვერ მოახერხეს.
ორი არასრულწლოვანი გიგა ავალიანს ჯგუფურად 1 ოქტომბერს გაუსწორდა. ავალიანი 23 დღის შემდეგ, 24 ოქტომბერს, კლინიკაში გარდაიცვალა.
თავდასხმაში მონაწილე არასრულწლოვნები ამ საქმეში უკვე მსჯავრდებულები არიან.
გიგა ავალიანის სიკვდილის შემდეგ ჯამში ხუთი არასრულწლოვანია მსჯავრდებული:
ორი არასრულწლოვანი - გიგა ავალიანზე უშუალო თავდასხმაში მონაწილეობდა.
- ბრალი: ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიკვდილი გამოიწვია, და მათთან დაკავშირებული ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდები.
- თავდაპირველი სასჯელი: 14 წელი თითოეულს.
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით 1/4-ით შემცირების შემდეგ: 10 წელი და 6 თვე თითოეულს.
თავდასხმაში მონაწილეების მეგობარი - დ.ჩ. - პროკურატურის ვერსიით, ის თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობდა; ასევე სხვა ჯგუფური ძალადობის ეპიზოდებში იყო ბრალდებული. მიუსაჯეს ცხრა წლით და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა.
ა.ნ. [თავდამსხმელის მეგობარი] - მსჯავრდებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.
თავდაპირველი სასჯელი 7 წელი, რომელიც 1/4-ით, 5 წელსა და 3 თვემდე შემცირდა.
კიდევ ერთი არასრულწლოვანი სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემისთვის გაასამართლეს. მას სამი წელი მიუსაჯეს.
ასევე ნახეთ
რა ვიცით შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის 16 წლის დაკავებულ ვაჟზე გიგა ავალიანის საქმიდან?შსს-ს მაღალჩინოსნის ვაჟი თავდასხმაში არ მონაწილეობდა, მას პროკურატურა თავდამსხმელების დახმარებაში ადანაშაულებს - პროკურატურის ვერსიით, მან თავდამსხმელებს გიგა ავალიანის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში შეუწყო ხელი.
მერაბ მალანიას ვაჟი თავადაც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო. თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვანი კი ავალიანის კიდევ ერთი მოსწავლე გოგოს [ნ.ი.] შეყვარებული.
ავალიანის მოსწავლე გოგოც დაკავებულია ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებისთვის. მასთან ერთად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს თავდასხმაში მსჯავრდებულის [გ.რ.-ს] შეყვარებული გოგო - ა.ბ.
პროკურატურის მიხედვით, გიგა ავალიანის მოსწავლემ შეყვარებულს უთხრა, რომ მასწავლებელი მას ზედმეტ ყურადღებას აქცევდა. გამოძიების ვერსიით, სწორედ ამის გამო დაიწყო თავდასხმის დაგეგმვა.
ბრალდების მხარის ცნობით, მოგვიანებით თავდასხმაში მონაწილეები ერთმანეთს და შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ბრალდებულ ვაჟს დაუკავშირდნენ და თავდასხმის დაგეგმვა დაიწყეს.
ასევე ნახეთ
გიგა ავალიანის საქმის ბრალდებულების განაჩენი ცნობილიამალანიას საქმეში სადავოა, ნამდვილად დაეხმარა თუ არა შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ვაჟი თავდამსხმელებს და თუ კი, როგორ?
პროკურატურის მთავარი მტკიცებულება - კომუნიკაცია
ბრალდების მხარე მიუთითებს არაერთ სატელეფონო ზარზე, რომლებიც თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთ არასრულწლოვანსა და ბრალდებულ მოზარდს შორის 28, 29, 30 სექტემბერს და 1 ოქტომბერს განხორციელდა.
დღეს პროკურორმა, ქეთი სონიძემ კონკრეტულად ისაუბრა 1 ოქტომბერს, თავდასხმის დღეს, ბრალდებულსა და თავდასხმაში მონაწილე არასრულწლოვანს შორის 57-წამიან ზარზე.
ბრალდების ვერსიით, ამ დროს ბრალდებული მოზარდი სასწავლო ცენტრში იმყოფებოდა. პროკურორის თქმით, გამოძიება ვარაუდობს, რომ ამ სატელეფონო საუბრისას მოზარდმა მეგობარს ავალიანის გარეგნობა აღუწერა და მისი ადგილსამყოფელი დაუზუსტა.
მობილურით საუბარს დაცვის მხარე არ უარყოფს, მაგრამ ამტკიცებს, რომ პროკურატურა ცრუობს, როცა ცდილობს იმის დამტკიცებას, თითქოს შს მინისტრის მოადგილის ვაჟმა და ე.წ. მთავარმა თავდამსხმელმა ვიდეოზარით ისაუბრეს.
რას ამბობს პროკურატურა 57-წამიან ზარზე
ქეთი სონიძე, პროკურორი
პროკურორ ქეთი სონიძის თქმით, გამოძიებას ზარების არსებობა და ხანგრძლივობა აქვს დადგენილი და ამ კომუნიკაციის კონტექსტს სხვა მტკიცებულებებთან აკავშირებს.
„ზარები არის შესული მათ შორის ვიდეოზარები, 57-წამიანი ზარი, ხანგრძლივი ზარი, იყო ვიდეოზარი, ჩვენ ვასკვნით, რომ ეს ვიდეოზარი უნდა ყოფილიყო სწორედ სასწავლო ცენტრის მისამართის ჩვენება და თუნდაც ვიზუალურად გიგა ავალიანის შესახებ ინფორმაციის მიწოდება… როცა დაიკითხა თავდამსხმელი [ა.გ.] მან დეტალურად აღწერა, რა ეცვა გიგა ავალიანს და ტანსაცმლის შესახებ ინფორმაცია მისთვის ვიღაცას ჰქონდა მიწოდებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა იმ ემოციურ მდგომარეობაში, რომ ნამდვილად ვერ შეძლებდა დუტის ჟილეტის, ჯინსის შარვლის აღწერას და ეს ინფორმაცია მან მანამდე მიიღო“, - აცხადებს პროკურორი.
პროკურატურა ამბობს, რომ მხოლოდ ერთი ზარი არ არის მტკიცებულება. მის ვერსიაში ერთმანეთს უკავშირდება ზარები, შეტყობინება, ბრალდებულსა და თავდასხმაში მონაწილეთა შორის შესაძლო შეხვედრები.
ასევე ნახეთ
რით მტკიცდება „დანაშაულის წაქეზება“? - რა (ვერ) გავიგეთ პროკურორისგან გიგა ავალიანის საქმეზეპროკურორის თქმით, ამიტომ ეს არ არის მხოლოდ ვარაუდი, არამედ სხვადასხვა მტკიცებულების ერთმანეთთან „დაკავშირების შედეგად გაკეთებული ლოგიკური დასკვნა“.
„თავდამსხმელი არასრულწლოვანი [ა.გ. - გიგა ავალიანის მოსწავლის შეყვარებული] წერს მეორე თავდამსხმელს [გ.რ. - გიგა ავალიანის მოსწავლის შეყვარებულის მეგობარი და თანამზრახველი] რომ შეყვარებულის [ნ.ი.] მეგობარი ეხმარება მისამართის გაგებაში... „გ.,, ნ..ოს მეგობარი“, ასე ჰყავს შეყვანილი ა.გ.-ს შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ვაჟი [გ.მ.] ასევე გვაწვდის ინფორმაცია იმაზე, რომ ისინი რამდენჯერმე გადაეკვეთნენ ერთმანეთს, რაც ნიშნავს, რომ ერთმანეთს შეხვდნენ, ამის გაგრძელებაა აუდიო და ვიდეოზარები, რა დროსაც ისინი განიხილავდნენ იმას, რაც დაეხმარებოდა ა.გ.-ს დანაშაულის ჩადენაში“, - ამბობს ქეთი სონიძე
რა არის სადავო?
პროკურატურისთვის ბრალდებული მოზარდის როლი, პირველ რიგში, ავალიანის მისამართისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას უკავშირდება.
დღეს პროკურორმა თქვა:
„ძირითადად დახმარება რაში გამოიხატა, რომელი დახმარების გარეშეც დანაშაულს ვერ ჩაიდენდა, არის მისამართის მიცემა.“
ბრალდების მხარე ამის ერთ-ერთ მტკიცებულებად ასახელებს თავდასხმაში მონაწილე არასრულწლოვნებს შორის მიმოწერას. პროკურატურის ინტერპრეტაციით, ერთ-ერთი მათგანი მეორეს ატყობინებდა, რომ „გ.., ნ...-ოს მეგობარი“ მისამართის გარკვევაში ეხმარებოდა.
მაგრამ ეს ჩანაწერი თავისთავად არ აჩვენებს, რომ ბრალდებულმა პირადად გადასცა კონკრეტული მისამართი. შს მინისტრის ყოფილი მაღალჩინოსნის ვაჟი ბრალს არ აღიარებს.
რას პასუხობს ადვოკატი
მერაბ მალანია და მისი ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე ტოვებენ წინასწარი მოთავსების იზოლატორს, სადაც მალანიას ვაჟს ბრალი წაუყენეს.
ბრალდებული მოზარდის ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე ამბობს, რომ საქმეში არსებობს ზარების შესახებ ინფორმაცია, მაგრამ ზარების შინაარსი - არა.
„ზარებზე მითითებას არ გავურბივართ, თუმცა არ არის წარდგენილი ზარების შინაარსი, ვერ არის, რადგან ვერ ხერხდება შინაარსის ამოღება. წარდგენილია მტკიცებულებები, რომლის შინაარსი არ ასახავს მიმოწერას, მისამართის მიწოდებას, რაიმე ინფორმაციის მიწოდებას“, - აცხადებს ის.
ადვოკატი ასევე უარყოფს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა და თავდამსხმელმა ა.გ.-.მ პირველ ოქტომბერს [ავალიანზე თავდასხმის დღეს]ვიდეოზარით ისაუბრეს.
„სიცრუეა, როცა ბრალდების მხარე განმარტავს, რომ ვიდეოქოლი განხორციელდა. პირველ რიცხვში არანაირი ვიდეოქოლი არ განხორციელებულა.“
მისი თქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მოპოვებულ მასალაში 21 ზარი ფიქსირდება, მათგან რამდენიმე - უპასუხოდ დარჩენილი ან არშემდგარი კავშირია.
„ ამ 21-დან 7-9 ზარი, უპასუხოდ არის დარჩენილი, არშემდგარი კავშირია ან დაკავებაა. ყოველ ჯერზე გ.მ.- ს ურეკავს ა.გ.“
ადვოკატის განმარტებით, ზარების ხანგრძლივობა განსხვავებულია - მათ შორის არის 6- და 8-წამიანი ზარებიც, ასევე უფრო ხანგრძლივი საუბრები. თუმცა, მისი თქმით, არც ერთი ზარის შინაარსი საქმეში არ არის.
ამიტომ დაცვის პოზიცია ასეთია: „კომუნიკაციის ფაქტი არ არის სადავო, სადავოა მისი შინაარსი და მიზანი“.
ადვოკატის თქმით, მობილური ანძების მონაცემები არ ადასტურებს, რომ ბრალდებული მოზარდი და თავდასხმაში მონაწილე არასრულწლოვანი 28, 29, 30 სექტემბერს ან 1 ოქტომბერს ერთმანეთს შეხვდნენ.
„გ.მ. ა.გ.-ს არ შეხვედრია 28-29-30- და პირველში... ე.წ. ანძებით, რომელსაც მტკიცებულებად უთითებს პროკურატურა, თვითონ ამ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ.“
რას ამბობს ეკა კუპატაძე
დაზარალებული მხარე ბრალდებული მოზარდის როლს გაცილებით უფრო ფართოდ ხედავს და მიიჩნევს, რომ ის თავდამსხმელის მთავარი ინფორმატორია.
დღეს ეკა კუპატაძემ განაცხადა:
„თითქოს ეკეკლუცებიან მართლმსაჯულებას, ძალიან კარგად იციან მალანიებმა, რომ ნ.ი.-მ [გიგა ავალიანის მოსწავლე] ა.გ.-ს [ შეყვარებული] გ.მ. [შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ვაჟი] გააცნო მას შემდეგ, რაც დაიგეგმა გიგა ავალიანზე თავდასხმა.
ეს არის შიში სიმართლის, რომ არავის წამოსცდეს სიმართლე, ეს არის დაცინვა მართლმსაჯულების, მე არავის მივცემ უფლებას, რომ შვილებმა მოკლან უდანაშაულო ადამიანი და მამებმა ეს ნორმად აქციონ.“
კუპატაძე ამბობს, რომ საქმის მასალებში ბრალდებული მოზარდის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებებია. ის შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ოჯახსაც ადანაშაულებს. ეკა კუპატაძეს მიაჩნია, რომ მერაბ მალანია დაეხმარა გიგა ავალიანის მოსწავლის ოჯახს „საქმის ჩაფარცხვაში“. მალანიები და იმნაძეები ოჯახებით მეგობრობენ.
ასევე ნახეთ
ავალიანის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდესვინ არის მერაბ მალანია და რა პოზიცია აქვს მას
გიორგი მალანიას მამა მერაბ მალანია 2016-2019 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.
მისი შვილი შსს-მ თავდაპირველად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა, თუმცა მოგვიანებით ბრალდება შეიცვალა და მას ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება წარედგინა.
მერაბ მალანია ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
„მე გაგებით ვეკიდები ამ რეზონანსულ საქმეს, რომელსაც საზოგადოების უზარმაზარი ინტერესი აქვს და მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროკურატურის რომელიმე ბრალს ვეთანხმები. პირიქით, მე ვიბრძოლებ ბოლომდე, რომ დავამტკიცო, ჩემი შვილი უდანაშაულოა...მე ჩემს ქვეყანაში, რომელსაც 30 წელი ვემსახურე, თუ სამართალი ვერ ვნახე, სტრასბურგში კი არა ჯანდაბაშიც წავალ“, - თქვა მან.
მალანია ასევე ამტკიცებს, რომ პროკურატურას მისი შვილის წინააღმდეგ შესაბამისი მტკიცებულებები არ აქვს.
„ფაქტობრივად, ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ გაგცათ [გულისხმობს პროკურორს - რ.თ.], არც ერთი მტკიცებულება არ გააჩნია და არც ერთი ვიდეოზარი არ ყოფილა და ეს ექსპერტებმაც დაადასტურეს“, - თქვა მალანიამ და დაამატა:
„თუ რომელიმე საგამოძიებო უწყებას რაიმე კითხვა აქვს ჩემთან და ჩემს ოჯახის წევრებთან, მზად ვართ ვითანამშრომლოთ და ყველა კითხვას პასუხი გავცეთ.“
შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ვაჟის საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს.
გიგა ავალიანის საქმე - გარემოებები მოკლედ
- მასწავლებელ გიგა ავალიანზე ძალადობის შემდეგ - რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა - სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, ჯამში, არაერთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.
- 28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს, თბილისში, თემქის დასახლებაში, 2025 წლის პირველ ოქტომბერს არასრულწლოვანები თავს დაესხნენ და იძალადეს. მან 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
- გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ამბობს, რომ „საქმეს ბოლომდე მიიყვანს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხდართან კავშირში მყოფი ყველა პირის დაკავების პირობას დებს, მათ შორის ექიმების, პროკურორებისა და გამომძიებლების.
- ნ.ი. არის ამ საქმეზე მთავარი მსჯავრდადებულის, არასრულწლოვანი ა.გ.-ის მეგობარი. ის ავალიანის მოსწავლე იყო.
- მთავარი მსჯავრდადებული დამნაშავედ ცნეს ჯანმრთელობისთვის ისეთი მძიმე დაზიანების მიყენებაში, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია.