სასამართლომ დამნაშავედ ცნო დანაშაულის დაფარვისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადების მუხლებით დაკავებული ორი არასრულწლოვანი, მასწავლებელ გიგა ავალიანთან დაკავშირებულ კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე.
სასჯელის ზომას (მისჯილი წლების რაოდენობა - რ.თ.) მოსამართლე 2 ივნისს, 12:00-ზე გამოაცხადებს.
დამნაშავედ ცნობილი ორი არასრულწლოვანიდან ერთი, ინიციალებით დ.ჩ. უკვე მსჯავრდადებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში, რაც დიდ დიღომში მომხდარი ჯგუფური ძალადობის სხვა ეპიზოდებთან ერთად, გიგა ავალიანის ცემასაც მოიაზრებდა.
სისხლის სამართლის საქმის ამ ეპიზოდში კი დ.ჩ. დამნაშავედ ცნეს ჯგუფურად, გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებაში.
ა.ნ. კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ცნეს დამნაშავედ.
პროკურატურის ინფორმაციით, მისთვის „ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა“.
დ.ჩ.-ს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ა.ნ.-ს კი 7 წლამდე. მათზე გავრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და სასჯელი 1/4-ით შეუმცირდებათ.
„ახალგაზრდა მოსამართლემ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, სასამართლოს დამთავრების შემდეგ ა.ნ.-ს დედამ ხმამაღალი საყვედური უთხრა ჩემს შვილს, გიხარიათ, რომ უდანაშაულო ბავშვი ციხეში გამოკეტეთო? ამათთვის, სავაუდოდ, ეს დანაშაული არ არის დანაშაული, ამათთვის ეს არის ყოველდღიურობა, ამათთვის ძალადობა არის ნორმა“, - ამბობს გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე.
დაკავებული არასრულწლოვანების ადვოკატებს და ოჯახის წევრებს მედიასთან არ უსაუბრიათ, მათ პროკურატურამ გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მოაწერინა ხელი, რაც საქმის დეტალებზე საუბარს კრძალავს.
28 წლის მასწავლებელზე, გიგა ავალიანზე, არასრულწლოვანებმა თბილისში, თემქის დასახლებაში იძალადეს, რის შემდეგაც მან 23 დღეს იცოცხლა და 2025 წლის 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ამ საქმეზე ხუთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.
ასევე ნახეთ
გიგა ავალიანის საქმის ბრალდებულების განაჩენი ცნობილია- შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი, 14 წელი, მიუსაჯეს საქმის მთავარ ფიგურანტს, ა.გ.-ს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით, ის საპატიმროში 10 წელსა და 6 თვეს გაატარებს;
- იგივე მიუსაჯეს გ.რ-საც - 14 წელი, - ისიც საპატიმროში 10 წელსა და 6 თვეს გაატარებს;
- ყველაზე მცირე პერიოდი იქნება საპატიმროში დ.ჩ. მას 9 წელი მიუსაჯეს, საპატიმროში კი 6 წელსა და 9 თვეს გაატარებს.