გიგა ავალიანის საქმის ბრალდებულების განაჩენი ცნობილია

მასწავლებლის დედა ეკა კუპატაძე (მარცხნივ) და გიგა ავალიანი.

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული სამი არასრულწლოვანისთვის შეფარდებული სასჯელის ზომა დღეს, 8 აპრილს განუსაზღვრა. უფრო ადრე კი მანვე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადებული განაჩენით ისინი დამნაშავედ ცნო.

მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებამდე განმარტება გააკეთა, რასაც მისი გადაწყვეტილება დაეყრდნო.

გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი

„სინანული რომ ახალგაზრდა ადამიანი გიგა ავალიანი არასრუწლოვანი ბრალდებულების ქმედებით დაიღუპა, არ არის… ერთი სიტყვა მომხდართან დაკავშირებით არ მომისმენია, სინანული არის იმაზე, რომ ციხეში არიან და არა იმაზე, რაც მოხდა. მობილური ტელეფონით გადაიღეს, სასწრაფოში არ დაურეკავთ ამ ტელეფონით, მიზანი იყო ადამიანი რომელიც დააზიანეს, გადაეღოთ…

ყოველივე ეს სისასტიკეზე მიუთითებს და არანაირი სინანული ქმედების დროს, სასამართლოს განმავლობაში და დასკვნით სიტყვაში არ მოგვისმენია…

მოვისმინეთ ბევრი შეურაცხმყოფელი დაზარალებულის ოჯახის მიმართ…მოვისმინეთ რომ ერთ-ერთი შესვენების დროს დაზარალებულის ოჯახის წევრებს თვალებს უქაჩავენ და ასეთ ქმედებებს ჰქონდა ადგილი...

სასჯელი, რომელსაც გამოვაცხადებ იქნება დამაფიქრებელი ყველა იმ მერყევი ელემენტისთვის რომელსაც აგრესია ნორმად მიაჩნია. მოკვდინება მხოლოდ ფიზიკურად არ ხდება, სიტყვითაც ხდება და იმედია ამას გაითვალისწინებენ სოციალურ ქსელში თუ სხვაგან“, - თქვა რომეო ტყეშელაშვილმა დაგამოაცხადა სასჯელის სახე.

  • მუხლებით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი, 14 წელი მიუსაჯეს საქმის მთავარ ფიგურანტს, ა.გ.-ს. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით, ის საპატიმროში 10 წელსა და 6 თვეს გაატარებს;
  • იგივე მიუსაჯეს გ.რ-საც - 14 წელი, თუმცა ისიც საპატიმროში 10 წელსა და 6 თვეს გაატარებს;
  • ყველაზე მცირე პერიოდი იქნება საპატიმროში დ.ჩ. მას 9 წელი მიუსაჯეს, საპატიმროში კი 6 წელი და 9 თვე იქნება.

მასწავლებელ გიგა ავალიანის დედა ამ განაჩენით კმაყოფილია.

ეკა კუპატაძე

„მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა დღეს ჩემი მდგომარეობა თავის ბოლო ნაწილში... ველოდები სასჯელს, რადგან ესენი არიან პირსისხლიანები... ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, სადაც მან ისაუბრა გიგა ავალიანის სისპეტაკეზე...

გიგას წაართვეს სხეული, ნიკას [მეორე შვილს] წაართვეს სული და ჩააყოლეს სამარეში - მე ორ შვილს ვტიროდი. მე უნდა მებრძოლა ჩემი შვილის ღირსებისთვის. მადლობა რომეო ტყეშელაშვილს!“ - თქვა ეკა კუპატაძემ, გიგა ავალიანის დედამ.

ასევე ნახეთ

„ყველა ასე ხომ ვერ იყვირებს?“ - სისტემის სისუსტე და ხარვეზები გიგა ავალიანის საქმეში

ვის რას ედავებოდნენ

მოზარდს (ა.გ.), რომელიც ავალიანის საქმეში მთავარი ბრალდებულია:

  1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი);
  2. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხი ეპიზოდი).

ასევე ნახეთ

„განაჩენი სოციალურ ქსელში გამოგვიტანეს“ - ინტერვიუ გიგა ავალიანის საქმის მთავარი ბრალდებულის მამასთან

მოზარდის მეგობარს [გ.რ.], რომელიც ავალიანზე ძალადობას მობილურით იღებდა:

  1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი);
  2. ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხი ეპიზოდი).

მოზარდის მეორე მეგობარს [დ.ჩ] :

  1. ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი);
  2. ჯგუფური ძალადობის ორგანიზება (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხის ეპიზოდი).

ასევე ნახეთ

"ერთადერთ ვიდეოში - სკვერის ჩხუბში არის ჩემი შვილი" - დემეტრე ჩიქოვანის დედა პროკურატურის ბრალდებაზე

ცალკე საქმედ განიხილება დ.ჩ.-ს მონაწილეობა გიგა ავალიანის საქმეში. მას ბრალად ედება ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა. მასთან ერთად ბრალდებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით ა.ნ. (გიგა ავალიანის ეპიზოდი);

გიგა ავალიანის შესახებ

28 წლის მასწავლებელზე, გიგა ავალიანზე, არასრულწლოვანებმა თბილისში, თემქის დასახლებაში იძალადეს, რის შემდეგაც მან 23 დღეს იცოცხლა და 2025 წლის 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

ასევე ნახეთ

რა კითხვები აქვს ოჯახს? - ყველაფერი გიგა ავალიანის საქმეზე

გიგა ავალიანის ოჯახის მთავარი მოთხოვნაა, რომ პროკურატურამ საქმე ჯგუფური დანაშაულის მუხლით გამოიძიოს და დასაჯოს ყველა, ვინც 28 წლის მასწავლებლის საქმესთანაა დაკავშირებული, მათ შორის ისინიც, ვინც იცოდა და პოლიციას არ შეატყობინა. ახალგაზრდა მასწავლებლის დედას, ეკა კუპატაძეს მიაჩნია, რომ მოზარდებმა ჯგუფურად დაგეგმეს მისი შვილის, გიგა ავალიანის მკვლელობა. პროკურატურას ამ საქმეში მკვლელობის მუხლი არ გამოუკვეთია.