გუდაურიდან ნაგვის გატანის მომსახურებას ყაზბეგის მერია იანვარში, დაჩქარებული წესით ყიდულობს - რატომ?

ფოტოილუსტრაცია

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, დაჩქარებული წესით, 104 605 ლარად ყიდულობს სამთოკურორტ გუდაურიდან ნარჩენებისა და ნაგვის გატანის მომსახურებას.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მომსახურების გაწევა დაგეგმილია 2026 წლის 27 თებერვლიდან 26 მარტის ჩათვლით.

„აღნიშნული პერიოდი წარმოადგენს ტურისტულად აქტიურ სეზონს, როდესაც ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება; ნარჩენების მოცულობა ყოველდღიურად მატულობს; დასუფთავების მომსახურების შეფერხება დაუშვებელია შესაბამისად, მომსახურება უნდა განხორციელდეს უწყვეტ რეჟიმში და დაუყოვნებლივ“, - წერს ყაზბეგის მუნიციპალიტეტი.

რატომ ყიდულობს მუნიციპალიტეტი მომსახურებას დაჩქარებული წესით ზამთრის სეზონის შუაში?

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, კომპანიამ, რომელიც დასუფთავების მომსახურებაზე იყო პასუხისმგებელი „ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე“ ხელშეკრულება შეწყვიტა.

რანაირად?

სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 2013 წლის სექტემბრიდან შპს „გუდაურის განვითარების სააგენტო“, რომლის სამართალმემკვიდრეც შპს „ემ თი ეი“-ა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, გუდაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ტერიტორიის, უსასყიდლოდ უწევდა დასუფთავების მომსახურებას.

ასეთი იყო ხელშეკრულების პირობები. შეთანხმების თანახმად „ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა შეუძლია ნებისმიერ დროს მეორე მხარის წინასწარ 10 დღით ადრე წერილობითი შეტყობინების საფუძველზე“.

კომპანია ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად ფინანსურ მდგომარეობას ასახელებს და აცხადებს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას კვლავ გაწიოს აღნიშნული მომსახურება.

„ შპს "ემ თი ეიმ" 31 იანვრიდან ვეღარ უზრუნველყოფს დასუფთავების მომსახურების გაწევას“, - აცხადებს შემყიდველი და დამატებით განმარტავს, რომ „მომსახურების შეწყვეტა იყო მუნიციპალიტეტის ნებისგან დამოუკიდებელი და წინასწარ დაუგეგმავი“, აცხადებენ, რომ სწორედ ამიტომ დაიგეგმა დაჩქარებული წესით მომსახურების შესყიდვა და არ გამოცხადდა ტენდერი.

„ამან [ხელშეკრულების შეწყვეტამ - რ.თ.] შექმნა რეალური საფრთხე ნარჩენების მართვის სრულ შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაც რამდენიმე დღეშიც კი გამოიწვევდა სანიტარულ კრიზისს. შესაბამისად, წარმოიშვა დაუყოვნებლივი რეაგირების აუცილებლობა, რომ არ მომხდარიყო მომსახურების წყვეტა, რაც ობიექტურად გამორიცხავდა წინასწარ დაგეგმვასა და სტანდარტული შესყიდვის პროცედურების ჩატარებას“, - აცხადებენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

სატენდერო დოკუმენტაციაში არ ჩანს, რომელ კომპანიასთან აფორმებს ხელშეკრულებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია.

ტურისტები ზამთრის კურორტზე ანტისანიტარიასა და დაბინძურებულ გარემოზე იანვრის დასაწყისში წერდნენ. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანდა, რომ კურორტზე ნაგვის გორები დგას, რომელიც დროულად არ გააქვთ.

ასევე ნახეთ “თებერვალში უარესი იქნება” - ზამთრის გუდაური, სამოთხე თუ ჯოჯოხეთი?