„ჩემი ცალთვალა ძაღლი სადაა?“
„ანტიფა სადაა?“
„ჩემი ცხვირი სად არის?“ - ცხვირი ძაღლს ჰქვია.
ასეთი შეძახილები ისმოდა 1 აპრილს ზუგდიდის გარეუბანში, სადაც აქტივისტები და ჟურნალისტები უკან დაბრუნებულ ძაღლებს დახვდნენ.
30 მარტს ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში წაყვანილი 70-მდე ძაღლიდან სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკან ჯერ მხოლოდ 28 მოიყვანა, მაგრამ არა ცენტრში, არამედ ქალაქგარეთ, თხილის ქარხანასთან, სადაც მინდორი და ტრასაა. ამ ადგილს მოხალისეები „სიკვდილის გზას“ ეძახიან, რადგან აქ ძაღლებს ხშირად ხოცავენ მანქანები.
ძაღლები მოიყვანეს, მაგრამ შემდეგ რა უნდა გაეკეთებინათ, აღარავინ იცოდა. აქტივისტები ძაღლების ერთბაშად გამოშვების წინააღმდეგნი იყვნენ, შეშინებულები გაიქცევიან და ვეღარ დავიჭერთო. ვინც თავისი მიკედლებული ძაღლი იცნო, წაიყვანა, მაგრამ ყველას არავინ იცნობდა.
- მოკიდოს პატრონმა ხელი და წაიყვანოს, რად გინდათ ეს ინტრიგანობა?! - ეუბნება აქტივისტებს ერთ-ერთი ქალი.
- ვისი პატრონიც აქ არ არის, ის ძაღლი რას იზამს? თვითონ წავა სახლში? - ბრაზობენ აქტივისტები.
რატომ არ დააბრუნეს ძაღლები მიკედლების ადგილას? ცხოველთა უფლების დამცველები აპროტესტებენ.
მოსახლეობის ნაწილი კარგა ხანია ითხოვს, მიუსაფარი ძაღლები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს მოაშორონ. ცხოველთა უფლებების დამცველებიც ითხოვენ, რომ ქუჩის ძაღლების რაოდენობა ჰუმანური მეთოდებით შემცირდეს - სტერილიზაციით და არა მათი განადგურებით.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წამოიწყო პროგრამა, რომელიც 36 000 ცხოველის სტერილიზაციას, კასტრაციასა და ვაქცინაციას ითვალისწინებს.
რაც ეს პროგრამა ამოქმედდა, აქტივისტები ამბობენ, რომ ქალაქებიდან ძაღლები მიჰყავთ, მათ შორის უკვე აცრილები და სტერილიზებულებიც და უკან აღარ აბრუნებენ. ცხოველთა უფლებების დამცველები შიშობენ, რომ ძაღლებს აძინებენ ან უკაცრიელ ადგილებში ტოვებენ, სადაც მათ შიმშილით სიკვდილი ელით.
ასევე ნახეთ
„შვილივით გაზრდილ ძაღლს ვერ ვპოულობ“ - მიუსაფარი ძაღლები ზუგდიდიდან წაიყვანესძაღლები, რომლებიც 30 მარტს ზუგდიდის ცენტრიდან აიყვანეს, ორი დღის შემდეგ გარეუბანში დააბრუნეს, თან როგორც აქტივისტები ამბობენ, მათგან მალულად.
„10 000 ძაღლია ზუგდიდში, ყველა აქ უნდა მოიყვანონ? - კითხულობს აქტივისტი ნატა სორდია, – დილის 7 საათიდან ვიდექით ქუთაისის თავშესაფართან, რომ გაგვეგო, როდის შევიდოდა და გამოვიდოდა მანქანა“.
„კრემატორიუმი გუგუნებს“
1 აპრილის ღამეს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს გორის სახელმწიფო თავშესაფრის კრემატორიუმიდან ამოსული კვამლი.
„რამე მოვიფიქროთ, თორემ მოვკვდები, მეორე ღამეა აღარ მძინებია... ძალიან მეშინია, რა გავაკეთოთ?“ - ქვითინებს ქალი, რომელიც მანქანიდან იღებს შენობიდან ამომავალ სქელ კვამლს.
„გორის სახელმწიფო თავშესაფარში იშვიათად თუ ჩართავდნენ კრემატორიუმის ღუმელს. მას შემდეგ, რაც სურსათის სააგენტოს ძაღლდამჭერი მანქანები შევიდნენ თავშესაფარში, რამდენიმე წუთში (ღამის 12 საათზე) აგუგუნდა კრემატორიუმი. ირგვლივ დამწვარი ხორცის და ბეწვის საშინელი სუნი დგას. ახლა დილის ოთხის ნახევარია და კრემატორიუმის ღუმელიდან კვამლი არ გაჩერებულა“, - წერს თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი, რომლის ფეისბუკგვერდზეც ეს ვიდეოა განთავსებული. თავად ელიზბარაშვილი ვარაუდობს, რომ ძაღლები ცოცხლად დაწვეს, რადგან მათი დაძინება ვერ მოესწრებოდა. ის პოლიციას მიმართავს, დაკითხონ ამ საქმესთან დაკავშირებით.
აქცია მთავრობის კანცელარიასთან
გორის თავშესაფარში, ანუ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში, ცხოველებს იკვლევენ სხვადასხვა დაავადებაზე, მკურნალობენ, უტარებენ ოპერაციას საჭიროების შემთხვევაში, მათ შორის სტერილიზაცია/კასტრაციას. თავშესაფრის ტერიტორიაზე განთავსებულია ინსინერატორი, სადაც სამედიცინო ნარჩენებს ან მკვდარ ცხოველებს წვავენ.
კადრების გავრცელების შემდეგ, მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურმა სააგენტომ უარყო, რომ ცხოველებს წვავდნენ, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ კრემატორიუმი გამოიყენება ოპერაციებისგან დარჩენილი მასალის ან მკვდარი ცხოველების დასაწვავად.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუ რამდენი მიუსაფარი ცხოველი იმყოფებოდა ახლა თავშესაფარში, სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა რაოდენობა ვერ დაასახელა, თუმცა თქვა, რომ ისინი მაქსიმუმ ერთ კვირაში ბინადრობის ადგილას დაბრუნდებიან.
„თქვენ ახლა აყოვნებთ "ცხელ ხაზს", თუ რამე ოფიციალური ინფორმაცია გინდათ, მოიწერეთ და გიპასუხებთ“, - ამ სიტყვებით გათიშა ტელეფონი ოპერატორმა.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ პროგრამას ჯერ მხოლოდ იმერეთის, კახეთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახორციელებენ და არა შიდა ქართლში.
თუმცა აქტივისტებს ამ განცხადებების არ სჯერათ და აპირებენ ძაღლების დასაცავად ღამე გორის თავშესაფართან გაათენონ.
გამქრალი ცხოველები
„ტყიბულიდან წაიყვანეს გასტერილებული ძაღლები და 31 მათგანი სად არის, ახლაც არ ვიცით, მხოლოდ ხუთი ვიპოვეთ და ჩამოვიყვანე სამტრედიიდან. ეზოდან მომპარეს ორი ჩიპირებული ძაღლი, არ მიბრუნებდნენ, მანიპულაციები უნდა გავუკეთოთო. არადა, ევროპაში გასამგზავრებლად საჭირო საბუთები ჰქონდათ, სტერილურები და პასპორტიანები იყვნენ. როცა ჩემი ძაღლები დავიბრუნე, მანქანაში ჰყავდათ ექვსი სხვა ძაღლიც და ტყიბულში დავიტოვეთ, ვიცოდით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სადღაც ჩამოყრიდნენ. ერთ-ერთს აღმოაჩნდა ჭირი, ტყიბულში ყველას გადასდო, დილიდან საღამომდე დავდივართ, წამლებს ვასმევთ. რა თანხა გვიჯდება ამდენი ძაღლისთვის მედიკამენტების ყიდვა, ეს ცალკე თემაა. ეს კოშმარი დაგვმართეს იმის მაგივრად, რომ გაუსტერილებელი ძაღლები წაეყვანათ და უკან დაებრუნებინათ. აქტივისტები ჩვენს პირად ფინანსურ რესურსს ვხარჯავთ სტერილიზაციებში. ისინი კი ჩვენს ფულს ფლანგავენ და კლავენ ძლივს გადარჩენილ ძაღლებს“, - ჰყვება თამარ ბუბაშვილი, აქტივისტი ტყიბულიდან.
„სურსათის საპილოტე პროგრამამ გამიქრო ორი მიკედლებული ცხოველი და 30 მიუსაფარი ცხოველი, რომლებსაც ვუვლიდი. ვერაფერს გავხდი“, - ამბობს ქუთაისელი აქტივისტი მაკა ბაზღაძე.
სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ტყუილია თითქოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავთ. სინამდვილეში მათ ეტაპობრივად აბრუნებენ იმ ტერიტორიის მიმდებარედ, საიდანაც აიყვანეს, იმ ძაღლებს კი, რომლებიც სკოლებთან, საბავშვო ბაღებთან ან საავადმყოფოებთან ცხოვრობდნენ - მოშორებით.
სააგენტოს ცხოველთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსის მოადგილე თენგიზ ჩალიგავა აცხადებს, რომ ამიერიდან ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ სოციალურ ქსელში წინასწარ გამოაქვეყნებენ. ყველას წინასწარ ეცოდინება, სად გაუკეთებენ ძაღლებს ვაქცინაციას, კასტრაციას თუ სტერილიზაციას.
„ნებისმიერ ცხოველს გადავიყვანთ პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით და უკანაც იმავე ლოკაციაზე დავაბრუნებთ, შესაბამისი მიღება-ჩაბარების წესით“, - განაცხადა ჩალიგავამ, – თუ პასუხისმგებელი პირი დაადასტურებს, რომ ცხოველი ვაქცინირებულია, მას არ შევეხებით“.
ასევე ნახეთ
დაწუნებული მაძებრები - როგორ ტოვებენ მონადირეები ძაღლებს მინდორშისაზოგადოებრივი ორგანიზაციები Zero Strays Georgia, Animal Project-ი და Peteasy აცხადებენ, რომ თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველი პირვანდელ საცხოვრებელ არეალში უნდა დაბრუნდეს.
განკარგულება N 412 - რომლის მიხედვითაც, აკრძალულია ძაღლის დაბრუნება სკოლებთან, ბაღებთან, კლინიკებთან, ბაზრებთან, კვების ობიექტებთან - აქტივისტების თქმით, არასწორი და არარეალურია თუნდაც იმიტომ, რომ წაყვანილი ძაღლების ადგილს სხვა მიუსაფარი ცხოველები დაიკავებენ, ხოლო ის ძაღლები, რომლებსაც ხალხისგან დაცლილ ადგილებში ჩამოსვამენ, უბრალოდ, შიმშილით დაიხოცებიან.