ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ განაჩენი რომელიც პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს გამოუტანეს ტერორიზმის მცდელობის საქმეზე, „სასამართლო ხელისუფლების საქმეა“.
ჰაველ ჰერჩინსკის 13 წლით დაპატიმრებულ ოპოზიციონერ დეპუტატზე კითხვა ჟურნალისტებმა ბათუმში ევროპის დღის გახსნის შემდეგ დაუსვეს.
„რაც შეეხება შეკითხვას განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით. ეს სასამართლო სისტემის საქმეა და არა ჩემი, რომ კომენტარი გავაკეთო. რაზეც შემიძლია კომენტარი გავაკეთო არის ის, რომ ევროკავშირი პრინციპებზე დგას. ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპებია: შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება. ეს ფუნდამენტური პრინციპებია, რომლებიც ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ალეკო ელისაშვილის მიერ სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა იქამე უწოდა „ტერორიზმის მცდელობა“, ვიდრე პოლიტიკოსს ამ მუხლით ბრალს წაუყენებდნენ. თავდაპირველად გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო.
შალვა პაპუაშვილმა მოუწოდა ალდეს თავისი რიგებიდან გაერიცხა პარტია, რომელმაც საქართველოში ტერორიზმი სცადა. პარტია ლელოა „ალდეს“ წევრი, რომელთა ერთადაც კოალიციაში „ძლიერი საქართველო“ ალეკო ელისაშვილი 2024-ის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებდა.
ეს მოთხოვნა შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილის დამნაშავედ ცნობის შემდეგაც გააჟღერა და სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსიც გამოაქვეყნა.
„განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში კიდევ ერთი გარემოება გახდა ნათელი - საქმე მხოლოდ ერთ კონკრეტულ ტერორისტულ აქტთან არ გვაქვს. ჩვენ ვხედავთ ტერორისტული აზროვნების მქონე ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც სიტყვით ვითომ საბჭოთა წარსულს ებრძვიან, საქმით კი ბოლშევიკური ტერორის მთავარი მორალური ფორმულის - „მიზანი ამართლებს საშუალებას“ - ერთგულ მიმდევრებად ჩამოყალიბდნენ“, - ეს ფრაგმენტია მისი ვრცელი სტატიიდან.
ასევე ნახეთ
ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯესოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი დამნაშავედ ცნეს ტერორიზმის მცდელობაში და 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 10 ივლისს, გამოაცხადა.
განაჩენის გამოცხადებას ალეკო ელისაშვილი არ ესწრებოდა, რადგან მანამდე მოსამართლემ ის დარბაზიდან გააძევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და მინისტრ მამუკა მდინარაძის გინების გამო.
„პოლიტიკაში ბევრი შეცდომა დამიშვია, ჩემი შეცდომა ის იყო, რომ პარლამენტში კონსტრუქციული ოპონირების კულტურა შემექმნა. რა კულტურა?! - ვნანობ, ყოველდღე რომ არ ვურტყამდი მდინარაძე- პაპუაშვილს… ისე უნდა მელაპარაკა, როგორც იმსახურებდნენ…
ჩემთვის მთავარია მამაჩემი და ჩემი შვილები ამაყობდნენ ჩემით და კობახიძის და მდინარაძის დედაც მოვ**ნ“, - თქვა ალეკო ელისაშვილმა გაძევებამდე.
მის ამ სიტყვებს დარბაზში შეძახილები მოჰყვა - „ბრავო“.
პირველივე სხდომაზე მან თქვა:
„რაც გავაკეთე, იმაზე მე ვარ პასუხისმგებელი. გინდ ტერორისტი მეძახეთ და რაც გინდათ ის მეძახეთ".
- აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პირველ სხდომაზე ელისაშვილმა ვრცლად ისაუბრა, რამ მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე.
- ის იხსენებდა 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ძალადობას, სამართალდამცავების დაუსჯელობას და მოსამართლეს უხსნიდა, რომ უსამართლობამ უბიძგა უკიდურესი პროტესტისკენ.
- პოლიტიკოსის ადვოკატები ამბობენ, რომ პასუხისმგებლობის აღება ტერორისტული მიზნის აღიარებას არ ნიშნავს.
საქმის არსებითი განხილვის დროს პროკურატურამ სასამართლოს რამდენიმე ტიპის მტკიცებულება წარუდგინა. მათ შორის იყო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთები, მანდატურებისა და გამომძიებლების ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და დაზარალებულად ცნობილი სასამართლოს წარმომადგენლის პოზიცია.
პროკურატურის შეფასებით, ამ მტკიცებულებების ერთობლიობა აჩვენებს, რომ ალეკო ელისაშვილის მოქმედება დაგეგმილი, მისი მიზანი კი სასამართლოსთვის ცეცხლის წაკიდება და სასამართლო ხელისუფლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა იყო.