დაჯილდოვების ცერემონია დღეს, 6 თებერვალს გაიმართა. გამარჯვებულები ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ დააჯილდოვა.
წელს პრიზები შვიდ საპრიზო კატეგორიაში გაიცა. რადიო თავისუფლების რეპორტიორმა ნინო თარხნიშვილმა გაიმარჯვა კატეგორიაში „საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში“.
იგი დაჯილდოვდა 2025 წლის 2 აპრილს გამოქვეყნებული სტატიისთვის, სათაურით: „ბავშვებში იმდენი ფულია გადახდილი“ - ჰოსტელში იძულებით შესახლებული სუროგატები დახმარებას ითხოვენ.
გამოცემა „პუბლიკამ“ პრიზი მიიღო სამ კატეგორიაში: საუკეთესო სიუჟეტი, ფოტო და ბლოგი.
დაჯილდოვების ცერემონიაზე წაიკითხეს სახაროვის პრემიის მფლობელის, დაპატიმრებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის წერილი, სადაც ის ამბობს: „რეჟიმს თავისი რეპრესიული და მტრული დამოკიდებულებებით ჩვენი პროფესიის – ჟურნალისტიკის მკვლელობა აქვს დაგეგმილი.
გამარჯვებული ავტორები და მასალები კი ასეთია:
- ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში: თამუნა ჩქარეული (პროექტი 64), „ბროწეულის მარცვლები“ - პოდკასტების სერია ემიგრანტ ქალებზე.
- საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში: სტუდია „მონიტორი“ - „გაიცანით სკამერები საქართველოდან“.
- საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში: მინდია გაბაძე („პუბლიკა“) - ფოტორეპორტიორის საბოლოო სიტყვა (ბლოგი სასამართლოში გადაღების აკრძალვის შემდეგ);
- საერთო ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო: ნათია ლევერაშვილი („პუბლიკა“) - მზია ამაღლობელის ფოტო სასამართლო სხდომიდან, სადაც მისი დამკავებელი პოლიციელი გამოჰკითხეს;
- საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში: ბასტი მგალობლიშვილი („პუბლიკა“) - „შსს პოლიციელების მიერ ნაცემ ჟურნალისტს სამართალდარღვევას ედავება“
- საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში: არსენ სებისკვერაძე („მედიასკრიპტუმი“) - ღვერკი და ხემაღალი: ტრაგედიის გეოგრაფიული და ფსიქოლოგიური განზომილება - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მეწყრულ პროცესებზე.
2026 წელი მე-14 წელია, რაც ევროკავშირი ამ კონკურსს ატარებს. კონკურსის მიზანი მისი დაარსებიდან დღემდე ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმისა და ეთიკის სტანდარტების მხარდაჭერაა.
- 2025 წელს ევროკავშრის პრიზი რადიო თავისუფლების ორმა ჟურნალისტმა მიიღო, - სალომე ჩადუნელმა და დათო ქორიძემ;
- 2024 წელს კი ევროკავშირმა რადიო თავისუფლების ხუთი ავტორი დააჯილდოვა ამავე პრიზით სხვადასხვა კატეგორიაში.