დღეს ხელოვნური ინტელექტით შესაძლებელია ისეთი გამოსახულების შექმნა, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს, თუმცა ბავშვს მძიმე ზიანს აყენებს.
ამ მხრივ, არც ქართველი ბავშვები არიან გამონაკლისები.
ბავშვთა დაცვის ორგანიზაციები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ბოლო წლებში, სულ მცირე სამჯერაა გაზრდილი საჩივრები - ბავშვები და მათი მშობლები ითხოვენ დახმარებას, რადგან არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ ხელოვნური ინტელექტით დამუშავებულ, ყალბ და დამაზიანებელ გამოსახულებებს.
სწორედ ამგვარი ფოტოების შექმნისთვისაა დაკავებული 32 წლის კაცი, რომელიც სოციალურ ქსელში 10-18 წლის ათეულობით გოგოს ეცნობოდა, როგორც მათი თანატოლი, მოიპოვებდა მათ ნდობას და შემდეგ აშანტაჟებდა, რომ მეგობრებთან და ნათესავებთან გაავრცელებდა მათ შიშველ ფოტოსურათებს, რომელთაც შექმნიდა გამოქვეყნებული პორტრეტების მონტაჟით. გამოძიებამ მის კომპიუტერში აღმოაჩინა მცირეწლოვანი და არასრულწლოვანი ბავშვების ინტიმური ხასიათის ათეულობით ფოტო და ვიდეომასალა.
ხელოვნური ინტელექტით დამუშავებულ ფოტოებს აზიარებენ ტელეგრამჯგუფებსა და სხვა ონლაინ პლატფორმების დახურულ ჯგუფებშიც, რომლებსაც თავად არასრულწლოვანები იყენებენ. ასეთ სივრცეებში თანატოლების გენერირებულ ფოტოებს მათ დასამცირებლად, შანტაჟისთვის ან ბულინგისთვის იყენებენ.
2026 წლის აგვისტოში, თბილისში არასრულწლოვანი დააკავეს, რომელსაც გამოძიება ბავშვების ფოტოების პორნოგრაფიული შინაარსის გამოსახულებებად გადაკეთებასა და გავრცელებას ედავებოდა. გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა სოციალური ქსელების ღია პროფილებიდან სხვადასხვა ადამიანის, მათ შორის არასრულწლოვანების, ფოტოები ჩამოტვირთა, „სპეციალური პროგრამით პორნოგრაფიული შინაარსის იერსახე მიანიჭა და შეურაცხმყოფელ ტექსტებთან ერთად სოციალურ ქსელში გაავრცელა“, - ეწერა შსს-ს განცხადებაში.
რას ფიქრობენ და ჰყვებიან მშობლები?
რადიო თავისუფლება სოციალურ ქსელებში აქტიურ რამდენიმე მშობელს ესაუბრა. ისინი ხშირად უზიარებენ მეგობრებსა და გამომწერებს არასრულწლოვანი შვილების ყოველდღიურ, უწყინარ ფოტოებსა და ვიდეოებს და აუდიტორიას დღის მათთან ერთად გატარებას ჰპირდებიან:
„ორი შვილი მყავს. 14 და 6 წლის გოგოები. დიახ, ჩემი შვილების ფოტოებს ხშირად ვდებ ფეისბუკზე, მაგალითად, დაბადების დღეებიდან, სკოლის კადრებიც გამიზიარებია, ან სასეირნოდ რომ მივდივართ ხოლმე. ბოლო პერიოდია, უფროსმა შვილმა გააპროტესტა და აღარ სიამოვნებს, მის ფოტოებს რომ ვაზიარებ. ერთი-ორჯერ მისი ნებართვის გარეშე დავდე ფოტო და როგორც კი ნახა, მომთხოვა, რომ წამეშალა. უმცროსს პირიქით, მოსწონს. გულებს და კარგ კომენტარებს რომ უწერენ, ძალიან უხარია ხოლმე.
სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია, რომ ვინმე ამ ფოტოებს ცუდად გამოიყენებდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას 36 წლის მაია.
ყოველ დღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს მაინც აქვეყნებდა შვილების ფოტოებს სოციალურ პლატფორმებზე 31 წლის ლიკა. აქამდე, ფოტოები ყველასთვის, საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო. ბოლო პერიოდია, ფოტოებს მხოლოდ ახლო მეგობრებისთვის აქვეყნებს:
„ბოლო დროს ბევრი რამ წავიკითხე ინტერნეტში თაღლითობასა და ხელოვნურ ინტელექტზე, ამიტომ ვცდილობ, რომ ახლა უფრო ფრთხილად ვიყო. განსაკუთრებით არ მინდა, საჯაროდ ჩანდეს, სად სწავლობენ ჩემი შვილები ან სად დადიან. ახლა ფოტოებს ძირითადად ახლობლებს ვუზიარებ, თუმცა არ ვიცი ზუსტად, ესეც რამდენად უსაფრთხოა“.
ნათია თვლის, რომ მშობელს თავისუფლად უნდა შეეძლოს შვილების ფოტოებისა და ბედნიერი მომენტების გაზიარება:
„ყველაფერს ხომ ვერ დავმალავთ? რა არის იმაში ცუდი, თუკი ბავშვების ლამაზ ფოტოებს დავდებთ, ან მხიარულ ვიდეოებს გამოვაქვეყნებთ? ჩემი შვილები 5 და 7 წლისები არიან. არ ვიცი, არასდროს მიფიქრია, რომ ამ ფოტოების გამოქვეყნებით, მათ შეიძლება რაიმე დავუშავო“.
რა აჩვენა უახლესმა კვლევამ?
ინტერნეტის ზედამხედველობის ფონდის ბოლო მონაცემებით, 2026 წლის მხოლოდ პირველ ნახევარში, ორგანიზაციამ 6310 AI-ით გენერირებული ფოტო და ვიდეო გამოავლინა, რომელიც ბავშვთა სექსუალური ძალადობის მასალად შეფასდა. ეს მონაცემი 40%-ით მეტია, ვიდრე მთელი 2025 წლის განმავლობაში.
ერთ-ერთ შემთხვევაში, დამნაშავეებმა სკოლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბავშვების ფოტოებით 100-ზე მეტი სექსუალური გამოსახულება შექმნეს და სკოლას მათი გავრცელებით აშანტაჟებდნენ.
როგორ იზრდება ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის საფრთხე
ცოტა ხნის წინ, ბრიტანულმა ორგანიზაციამ, ინტერნეტის ზედამხედველობის ფონდმა (Internet Watch Foundation IWF), ანგარიში გამოაქვეყნა, სახელწოდებით „ზიანი საზღვრებს გარეშე“, რომელიც 2025 წლის მონაცემებს ეყრდნობა.
IWF-მა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი 8029 სურათი და 3 443 ვიდეო გამოავლინა.
შედარებისთვის, 2024 წელს ორგანიზაციამ მხოლოდ 13 ასეთ ვიდეოს მიაგნო.
ანგარიშის ავტორები განსაკუთრებით საგანგაშოდ მიიჩნევენ არა მხოლოდ ასეთი მასალის რაოდენობის ზრდას, არამედ მის ხარისხსაც - ხელოვნური ინტელექტით შექმნილი გამოსახულებები და ვიდეოები სულ უფრო მეტად ემსგავსება რეალურს.
IWF განმარტავს, რომ მონაცემები მხოლოდ ორგანიზაციის გამოვლენილ და შეფასებულ გამოსახულებებსა და ვიდეოებს ასახავს და არსებობს ვარაუდი, რომ ეს რიცხვი გაცილებით დიდია.
2026 წელს გამოქვეყნდა UNICEF-ის, ECPAT (ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების ქსელი)-ისა და ინტერპოლის მიერ 11 ქვეყანაში, მათ შორის, სომხეთში ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგებიც.
ამ კვლევის თანახმად, სულ მცირე 1.2 მილიონმა ბავშვმა თქვა, რომ მათი ფოტოები სექსუალური შინაარსის დიპფეიკებად (ერთი ადამიანის სახის სხვა გამოსახულებაზე ან ვიდეოში გადასატანად) გადააქციეს.
ზოგიერთ ქვეყანაში ეს ყოველ 25 ბავშვში ერთს ნიშნავს - ანუ საშუალოდ ერთ მოსწავლეს თითოეულ საკლასო ოთახში.
AI-ვიდეოების 65% ძალადობის ყველაზე მძიმე კატეგორიას მიეკუთვნება
IWF-ის მიერ, 2026 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გამოვლენილი 3443 AI-ვიდეოდან 2233, ანუ 65%, ბავშვთა სექსუალური ძალადობის ყველაზე მძიმე, A კატეგორიაში მოხვდა.
ბრიტანული კლასიფიკაციით, ამ კატეგორიაში შედის გაუპატიურების, სექსუალური პენეტრაციის, სექსუალური წამების ამსახველი მასალები.
ამ ანგარიშის თანახმადვე, AI-გამოსახულებების 97%-ზე გოგონები არიან ასახული.
IWF-ის მონაცემებით, ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალაში ყველაზე ხშირად 7-10 წლის ბავშვები ფიგურირებენ. 2025 წელს ამ ასაკობრივ ჯგუფზე მოდიოდა გამოსახულებების 44%. ამავე პერიოდში ყველაზე დიდი, 31%-იანი ზრდა დაფიქსირდა 3-6 წლის ბავშვების ასაკობრივ ჯგუფში.
2026 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ორგანიზაციამ გამოავლინა 2534 ახალი გამოსახულება. ამ ფოტო-ვიდეო მასალებში, ბავშვების მაქსიმალური ასაკი 10 წელი იყო.
ხელოვნური ინტელექტით დამუშავებულ 1004 ფოტო-ვიდეო მასალაში 3–6 წლის ბავშვები ფიგურირებდნენ, ხოლო 190 -ში - ორ წლამდე ასაკის ბავშვების გამოსახულებით.
როგორ შეიძლება ბავშვის ჩვეულებრივი ფოტო იქცეს სექსუალური შანტაჟის იარაღად?
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, შესაძლებელია ბავშვის რეალური ფოტოს საფუძველზე ისეთი ყალბი გამოსახულების შექმნა, თითქოს ის შიშველია ან სექსუალურ სცენაში მონაწილეობს.
დამნაშავეებს შეუძლიათ გამოიყენონ მაგალითად, ბავშვის ფოტო სკოლის ფონზე, მეგობართან ერთად, მშობელთან ერთად, ანუ ფოტოები, რომლებიც სოციალურ ქსელებში, საჯარო პროფილებზე ან სხვა ონლაინპლატფორმებზეა და რომლებსაც ხშირად, ან თავად ბავშვები ან მათივე მშობლები აქვეყნებენ ხოლმე.
IWF-ის ანგარიშში აღწერილია ხელოვნური ინტელექტის ის მოდელები, რომლებისთვისაც კონკრეტული ბავშვის გარეგნობის იდენტური გამეორებისთვის ზოგჯერ 20 - 30 ფოტო და 15 წუთიც კი საკმარისია. ზოგიერთი თანამედროვე სისტემა კი დამაჯერებელ, ყალბ გამოსახულებას ერთი ფოტოთიც კი ახერხებს. ეს ხდება ჩვეულებრივი კომპიუტერით და განსაკუთრებული ტექნიკური რესურსებისა და ცოდნის გარეშე.
2025 წლის დეკემბერში IWF-ის ანალიტიკოსებმა ე.წ. DarkNet-ში აღმოაჩინეს ფორუმი, სადაც ხელმისაწვდომი იყო ხელოვნური ინტელექტის 202 ინდივიდუალური მოდელი.
მათ შორის იყო მოდელები, რომლებიც კონკრეტული ბავშვების გარეგნობის გასამეორებლად შეიქმნა. ანგარიშის თანახმად, სამიზნეებს შორის იყვნენ ბავშვები, რომლებიც წარსულში უკვე გახდნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლები, ასევე ბავშვი მსახიობები და ახალგაზრდა სპორტსმენები.
IWF-ის ანგარიშში აღწერილია შემთხვევები, როდესაც დამნაშავეები ბავშვების რიგითი ფოტოების საფუძველზე ქმნიან ყალბ ინტიმურ გამოსახულებებს, შემდეგ კი ამ მასალის გავრცელების მუქარით ცდილობენ მათგან დამატებითი ფოტოების და ვიდეოების გამოძალვას.
„გაშიშვლების“ აპლიკაციები - როდესაც ძალადობაში თანატოლებიც მონაწილეობენ
IWF-ის ანგარიშის ცალკე თავი ეძღვნება ე.წ. nudify აპლიკაციებს - პროგრამებს, რომლებსაც ადამიანის ჩვეულებრივი, ჩაცმული ფოტოს საფუძველზე მისი ყალბი შიშველი გამოსახულების შექმნა შეუძლიათ.
IWF-ის შეფასებით, ასეთი აპლიკაციები ბავშვების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ასეთი ტიპის გამოსახულებებს არასრულწლოვანებიც ქმნიან თავად და მათ იყენებენ თანატოლების დასამცირებლად, ბულინგისთვის, დაშინებისა და შანტაჟისთვის.
უკანონო მასალის ბაზარი - ფორუმებიდან კომერციულ პლატფორმებამდე
ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი, ხელოვნურად გენერირებული მასალა მხოლოდ ბნელ ინტერნეტში აღარ ვრცელდება.
IWF-ის თანახმად, ასეთი გამოსახულებები და ვიდეოებია დახურულ ონლაინფორუმებზეც და საჯაროდ ხელმისაწვდომ ვებსაიტებსა და კომერციულ პლატფორმებზე.
ანგარიშში აღწერილია შემთხვევები, როდესაც მომხმარებლები ერთმანეთს უზიარებენ ხელოვნური ინტელექტის სპეციალურად მორგებულ მოდელებს, ყიდიან უკვე შექმნილ გამოსახულებებს ან კონკრეტული შინაარსის მასალის დამზადებას სთავაზობენ.
ამასთან, ზოგიერთი მოდელის გამოყენება ინტერნეტთან მუდმივ კავშირსაც აღარ მოითხოვს. ეს მნიშვნელოვნად ართულებს მათი გავრცელების გამოვლენასა და შეჩერებას.
IWF-ის შეფასებით, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად სულ უფრო მცირდება დრო, ფინანსური რესურსი და ცოდნის მარაგი, რომელიც ასეთი მასალის შესაქმნელადაა საჭირო.
რას ითხოვს IWF?
IWF-ის ანგარიშის მთავარი რეკომენდაციაა, რომ ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი AI-მასალის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ უკვე გავრცელებული გამოსახულებების წაშლით არ დასრულდეს.
ისინი ტექნოლოგიური კომპანიებისა და სახელმწიფოებისგან მოითხოვენ:
- რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელები ბაზარზე გამოშვებამდე უნდა შემოწმდეს, შესაძლებელია თუ არა მათი გამოყენება ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის შესაქმნელად. უსაფრთხოების ტესტირება მოდელების გამოშვების შემდეგაც უნდა გაგრძელდეს.
- მოდელების უსაფრთხოების შეფასებაში უნდა მონაწილეობდნენ დამოუკიდებელი სპეციალისტები, მკვლევრები და ბავშვთა დაცვის ორგანიზაციები.
- IWF მხარს უჭერს ისეთ საკანონმდებლო შეზღუდვებს, რომელიც ამ ახალ გამოწვევას უპასუხებს.
- „გაშიშვლების“ აპლიკაციების შეზღუდვას და ამგვარი ტექნოლოგიების წინააღმდეგ მკაფიო სამართლებრივი ზომების დაწესებას.
- კომპანიებმა ბავშვების დაცვის მექანიზმები თავიდანვე უნდა ჩადონ პროდუქტებში და არა მას შემდეგ, რაც ტექნოლოგიის ბოროტად გამოყენების შემთხვევები გამოვლინდება.
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის რჩევები მშობლებს
„მშობლებს არ უნდა მოვთხოვოთ, საერთოდ შეწყვიტონ შვილების ფოტოების გაზიარება, მაგრამ საჭიროა, შეცვალონ მიდგომა და გააზრებულად გადაწყვიტონ, რას, ვის და რა მიზნით უზიარებენ. დახურული პროფილი ნამდვილად უკეთესი არჩევანია, ვიდრე საჯარო, თუმცა სრულ დაცვას არ უზრუნველყოფს. ფოტოს შენახვა ან ეკრანის სურათის გადაღება იმ ადამიანსაც შეუძლია, ვისაც მასზე წვდომა აქვს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ნინო გამისონია.
ნინო გამისონია, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი
ნინო გამისონია მშობლებს ურჩევს, შეზღუდონ შვილების ფოტოების აუდიტორია, გადაამოწმონ, ვის აქვს მათ პროფილებზე წვდომა, არ გაასაჯაროონ ბავშვის სკოლა, მისამართი და ყოველდღიური გადაადგილების დეტალები. განსაკუთრებით მოერიდონ შიშველი (მაგალითად, საცურაო კოსტიუმში), ნაწილობრივ შიშველი ან ინტიმურ გარემოში გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებას და გაითვალისწინონ თავად ბავშვის სურვილიც.
მისი თქმით, კარგი იქნება, თუკი მშობლები ძველ პოსტებსაც გადახედავენ და შეზღუდავენ ან წაშლიან ისეთ ფოტოებს, რომლებიც ბავშვის პირად ინფორმაციას ამჟღავნებს.
„ფოტოების წაშლამ შეიძლება რისკი შეამციროს, მაგრამ წარსულში გამოქვეყნებული მასალის ყველა ასლს ვერ გააქრობს. შესაძლოა, ფოტო უკვე შენახული იყოს სხვა მომხმარებლის მოწყობილობაზე ან გადაგზავნილი იყოს სხვა ანგარიშზე. ეს არ ნიშნავს, რომ წაშლას აზრი არ აქვს - საჯარო წვდომის შეზღუდვა ამცირებს იმის ალბათობას, რომ ფოტოს ახალი ადამიანები ნახავენ და გამოიყენებენ“.
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბავშვების დაცვა მხოლოდ მშობლების პასუხისმგებლობა ვერ იქნება. მისი თქმით, ტექნოლოგიურმა კომპანიებმა უსაფრთხოების მექანიზმები სისტემების შექმნის ეტაპზევე უნდა დანერგონ, სახელმწიფომ კი პრევენციასა და სამართალდამცავების შესაძლებლობების გაძლიერებაზე უნდა იმუშაოს.
„დღეში რამდენიმე ადამიანი ითხოვს კონსულტაციას“
„დღეში რამდენიმე ადამიანი ითხოვს კონსულტაციას, როგორ გაუმკლავდნენ იმას, რომ ბავშვების სურათებს ამუშავებენ, შემდეგ კი ხდება ამაზე ქილიკი, განკითხვა, დაცინვა. კიდევ უფრო მძიმე პრობლემაა მათი სექსუალური შინაარსის ფოტოებად გადაქცევა“, - გვეუბნება ბავშვების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი თამარ გაბოძე.
ის გვიხსნის, რომ ბოლო ხუთ წელში ბავშვების ფოტოების დამუშავების, დამცირებისა და შანტაჟის შემთხვევებზე დახმარების თხოვნები დაახლოებით გასამმაგდა.
თამარ გაბოძე, იურისტი
იურისტის თქმით, არც თუ იშვიათია ფაქტები, როდესაც ბავშვების ფოტოებს თანატოლები ამუშავებენ, სკოლის ჯგუფებში ავრცელებენ და აბულინგებენ. სხვა შემთხვევებში კი ყალბი ან პირადი ფოტოები შანტაჟის საშუალებად იქცევა.
„და ასეთ შემთხვევებში, ბავშვები იძულებულები არიან, გააგრძელონ არასასურველი კომუნიკაცია მოძალადესთან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეუბნებიან, რომ ამ ფოტოებს გაავრცელებენ“.
იურისტი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმას, რომ ასეთ სიტუაციაში ბავშვი მარტო არ დარჩეს და არ დაიჯეროს, რომ როცა მის თავს რაიმე ცუდი ხდება, ამაში თავადაა დამნაშავე.
„ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მისი ბრალი არ არის, თუ ძალადობის მსხვერპლია...ამ სახის პრობლემას ბავშვი მარტო ვერ გაუმკლავდება. მას აუცილებლად უნდა ჰყავდეს სრულწლოვანი, რომელიც დაეხმარება, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებთან დაკავშირებაში“.
საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით, ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულები დასჯადია და, იურისტის შეფასებით, ესა თუ ის ნორმები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ჩადენილ დანაშაულებზეც შეიძლება გავრცელდეს.
UNICEF-ის რეკომენდაციები მთავრობებს, AI დეველოპერებს, ციფრულ კომპანიებს
„ასეთი მასალები ახდენენ ბავშვების ექსპლუატაციის ნორმალიზებას, ზრდიან მოთხოვნას ამგვარ მასალაზე და სამართალდამცველებსაც ურთულებენ რეალური მსხვერპლების იდენტიფიცირებას“, - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე და ამატებს, რომ ხელოვნური ინტელექტით შექმნილი სექსუალური გამოსახულებები ძალადობის ფორმაა, მაშინაც კი, როდესაც გამოსახულება მთლიანად ხელოვნურია.
მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
მისი თქმით, პასუხისმგებლობა სახელმწიფოებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს ეკისრებათ. აუცილებელია შესაბამისი კანონმდებლობა და უსაფრთხოების მექანიზმები, რომლებიც მსგავსი მასალის შექმნასა და გავრცელებას თავიდან აიცილებს.
გაეროს ბავშვთა ფონდი შესაბამის მხარეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ გადადგან ეს ნაბიჯები:
- მთავრობებს - განავრცონ ბავშვთა სექსუალური ძალადობის დეფინიცია ისე, რომ მასში შევიდეს AI-ით შექმნილი მასალებიც. კანონმდებლობით დაისაჯოს ასეთი შინაარსის შექმნა, შეძენა, ფლობა და გავრცელება.
- AI დეველოპერებს - დანერგონ უსაფრთხოების მკაცრი ფილტრები, რომლებიც დაბლოკავს AI-ს ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას.
- ციფრულ კომპანიებს - მოახდინონ შინაარსის პრევენციული მოდერაცია. მიზანი უნდა იყოს ძალადობრივი მასალის გავრცელების აღკვეთა და არა მისი წაშლა მას შემდეგ, რაც ფაქტი უკვე მოხდა.