ესპანური მედიის ცნობთ, დაჯგუფება შედგებოდა ქართველი და ესპანელი დამნაშავეებისგან:
- ქართველები უშუალოდ ძარცვის პროცესში იყვნენ ჩართული;
- ესპანური ფრთა კი ნაძარცვ ნივთებს ვალენსიასა და მადრიდში „ლეგალური ბიზნესით“ ყიდდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კრიმინალური დაჯგუფების წევრები ესპანეთის სხვადასხვა რეგიონში 27 ბინის ძარცვაში მონაწილეობდნენ.
გამოძიება ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 510-ე, 301-ე და 570-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ერთდროულად ჩატარდა ცხრა სხვადასხვა წერტილში.
ძარცვის მეთოდი
ჯგუფი აკვირდებოდა სახლებს და რწმუნდებოდა, რომ შიგნით არავინ იმყოფებოდა. გადასამოწმებლად კარზე ნიშანს ტოვებდნენ ან ზარს რეკავდნენ. დარწმუნების შემდეგ შედიოდნენ და ძირითადად სამკაულებს, საათებსა და ნაღდ ფულს იპარავდნენ.
დამალვა
ჯგუფის წევრები ქირაობდნენ ავტომობილებს და საცხოვრებლად იყენებდნენ მიუდგომელ ადგილზე მდებარე პატარა სოფლის სასტუმროებს ან დასასვენებელ სახლებს, ძირითადად გვადალახარის პროვინციაში. ეს მათ ეხმარებოდა დამალვაში, პოლიციისთვის ადვილად შესამჩნევი აღარ იყვნენ.
„ისინი მიემგზავრებოდნენ ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა მადრიდი, გვადალახარა, ვალენსია, ვალიადოლიდი და სიუდად-რეალი, რათა ძირითადად ცენტრალურ უბნებში მდებარე სახლები გაეძარცვათ“, - წერს ესპანური გამოცემა cadenaser.com.
მოპარული ნივთების გაყიდვა
ქართველ მძარცველებს მოპარული ნივთების გაყიდვაში დაჯგუფების ესპანელი წევრები ეხმარებოდნენ. ნივთები ორ საიუველირო მაღაზიაში იყიდებოდა (ერთი ვალენსიაშია, მეორეში მადრიდში).
9 ოპერაცია
გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ცხრა ადგილზე ჩაატარა ჩხრეკა: სამი მადრიდში, სამი ვალენსიაში, ორი გვადალახარაში და ერთი ალიკანტეში.
პოლიციამ ამოიღო სამი ძვირადღირებული საათი, სამი ოქროს ზოდი, 6000 ევრო ნაღდი ფული, სხვადასხვა ხელსაწყო, მათ შორის დნობის მოწყობილობა.
ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები.