ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა. ეს ბერლინში დაფუძნებული საკონსულტაციო ფირმაა, რომელიც სპეციალიზებულია აეროპორტების სტრატეგიულ განვითარებაზე, დაგეგმარებასა და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებზე. 2019 წლიდან amd.sigma მიუნხენის აეროპორტის ჯგუფის (Munich Airport International) შემადგენლობაში შედის.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ თბილისის ახალი აეროპორტი 2032 წლიდან ამოქმედდება - პირველადი გეგმით, ეს 2028 წელს უნდა მომხდარიყო.
ვიზიტი საქართველოში
თბილისში მყოფ კომპანიის წარმომადგენლებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელი ლევან მოსეშვილი შეხვდნენ.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის „განვითარების ოპტიმალურ მოდელზე იმსჯელეს“.
გერმანული კომპანიის წარმომადგენლები თბილისში, ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე
„აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლებმა ვაზიანის აეროდრომზე პირველი საველე გასვლაც ჰქონდათ: შეისწავლეს ყოფილი სამხედრო აეროდრომის ტერიტორია და ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას გაეცნენ.
ასევე იგეგმება შეხვედრები სხვა სახელმწიფო უწყებების, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოქმედი ავიაკომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორია
თამარ იოსელიანი აცხადებს, რომ „ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის“:
„საქართველოში საავიაციო სექტორი სტაბილურად ვითარდება. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში რეკორდული მაჩვენებლები გვაქვს ყველა მიმართულებით. სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ განვივითაროთ ახალი აეროპორტი, რომელიც 20 მილიონი მგზავრის მომსახურებას შეძლებს და ოპერირებაში 2032 წლიდან შევა“.
გეგმის ცვლილება
ვაზიანის აეროპორტის აშენების იდეა, რომელმაც თბილისის მოქმედი აეროპორტი უნდა ჩაანაცვლოს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2023 წელს გამოაცხადა. იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ აეროპორტის სამშენებლო სამუშაო 2024 წელს დაიწყებოდა.
„ჩვენი ვარაუდით, ამას 3 წელი დასჭირდება. 2028 წლის ბოლოს შევძლებთ, რომ გვქონდეს თანამედროვე, ახალი ინფრასტრუქტურა პირველი ფრენების განსახორციელებლად“, - განაცხადა 2024 წლის აპრილში იმდროინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მოგვიანებით პროექტის განხორციელების ვადამ გადაიწია და მთავრობამ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველ კომპანია TAV Airports-თან ხელშეკრულება კიდევ 5 წლით, 2031 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა.
ძველი ხელშეკრულების ვადა თბილისში 2027 წლის იანვარში სრულდებოდა. ახალი შეთანხმებით, TAV Airports 150 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და თბილისის აეროპორტს გააფართოებს (სამშენებლო სამუშაოები ადგილზე უკვე დაწყებულია).
ხელისუფლების გეგმით, ვაზიანის აეროპორტი TAV-თან ახალი ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ ამოქმედდება.
TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე აცხადებს, რომ კომპანია 2031 წლის შემდეგ ვაზიანის ახალი აეროპორტის მართვაში შესვლასაც განიხილავს.
ასევე ნახეთ
რატომ მეორე და რატომ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე? - თბილისში ახალი აეროპორტი აშენდებაჩინეთისა და სინგაპურის ინტერესი
ვაზიანის აეროპორტის პროექტით ჩინეთის დაინტერესების შესახებ ამ ქვეყნის ელჩმა საქართველოში ჯერ კიდევ 2024 წელს განაცხადა.
2026 წლის ივლისში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სინგაპურში ვიზიტის დროს Singapore Changi Airport-ის ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ ვაზიანის პროექტი „ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესის სფეროშიც მოექცა“:
„ჩანგის აეროპორტი მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მომსახურების ხარისხისა და ოპერირების თვალსაზრისით... მათ დაგვიდასტურეს დიდი ინტერესი, რომ მონაწილეობა მიიღონ ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა პარტნიორი კომპანიის შერჩევისას გამოაცხადებს“.
ასევე ნახეთ
ახალი აეროპორტი ვაზიანის სამხედრო ბაზასთან - რა ვიცით მთავრობის ამ იდეის შესახებ?აეროპორტი სამხედრო ბაზის გვერდით?
ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი და კარგად აღჭურვილი მრავალპროფილური სამხედრო ბაზა მდებარეობს, აქვეა ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ბაზაც, რომელიც არაერთხელ გამხდარა რუსეთის უკმაყოფილების საბაბი.
2018 წელს იმჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურს გენერალ სტივენ ლაიენსს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა „ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა განიხილეს“.
ექსპერტთა ნაწილი ვაზიანში სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობას სამხედრო და უსაფრთხოების თვალსაზრისით არასწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ არ გამოკვეთილა ვაზიანის ტერიტორიაზე სასწავლო პოლიგონის ფუნქციონირების, მათ შორის საერთაშორისო სწავლებების ხელშემშლელი გარემოება.