"ზამთრის ომი": 1939 წელს ფინეთში სსრკ-ის შეჭრის ამსახველი ფოტოები

1939 წელს ფინეთში საბჭოთა კავშირის შეჭრის ფოტოარქივის ათასობით ფოტო გააციფრულეს. "დავითისა და გოლიათის ბრძოლა" - ასე დაარქვეს ამ ფოტოისტორიას, რომელიც "ზამთრის ომის" დროს ადამიანების შემზარავ და სულის შემძვრელ ამბებს ასახავს.

პირველი საჰაერო თავდასხმის შედეგად განადგურებული შენობები და აფეთქებული მანქანა ჰელსინკიში. „ზამთრის ომის“ პირველი დღე.

1939 წლის 30 ნოემბერს დაახლოებით ნახევარი მილიონი საბჭოთა ჯარისკაცი შეიჭრა ფინეთში. შემდგომში ამ თავდასხმას „ზამთრის ომის“ დასაწყისი უწოდეს. მოულოდნელი თავდასხმა კრემლის შიშმა გამოიწვია.
საბჭოთა მთავრობას ფინეთის გზით ნაცისტების თავდასხმის ეშინოდა, ამიტომ ისინი ფინეთისგან დაჟინებით მოითხოვდნენ მიწის გაცვლას, რომელიც ფინეთის საზღვარს ლენინგრადისგან (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი) შორს გადაწევდა. საბჭოთა კავშირის ამ მოთხოვნაზე ფინეთის მთავრობამ უარი განაცხადა.

საბჭოთა სპეციალისტები იოლ გამარჯვებას ვარაუდობდნენ 21 დეკემბრისთვის, იოსებ სტალინის 60 წლის იუბილესთვის. მაგრამ ამ გეგმას ასრულება არ ეწერა.

იმის მიუხედავად, რომ წითელმა არმიამ საბოლოოდ ომი მოიგო, მხოლოდ თვეების შემდეგ მოახერხა 3,7-მილიონიანი ქვეყნის დამარცხება, რაც ძალიან ძვირად დაუჯდა.

ჰელსინკელები ბომბსაცავში ჩადიან.

ამ ფოტოებიდან დაახლოებით 7 000 ფინეთის თავდაცვის ძალების არქივიდანაა. ისინი გააციფრულეს და 2013 წელს გამოაქვეყნეს.

ჰელსინკის გარეუბანში შენობები იწვის.

ფინეთზე გაფრთხილების გარეშე თავდასხმას საერთაშორისო პროტესტი მოჰყვა. ამის საპასუხოდ, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა რადიოში განაცხადა, რომ თვითმფრინავები მშიერი ფინელი ხალხისთვის საკვების მარაგს ყრიდნენ და არა ბომბებს.

საბჭოთა თვითმფრინავი დასაბომბად ემზადება.

სამხედრო ძაღლს აირწინაღს უკეთებენ. ომის დროს ფინეთში გავრცელებული იყო უსაფუძვლო შიში, რომ ინტერვენციის დროს წითელი არმია მომწამვლავ გაზს გამოიყენებდა.

საბჭოთა ტანკები (უკანა პლანზე) ფინეთის ტერიტორიაზე. 17 დეკემბერი.

ფერმასთან ახლოს საარტილერიო ჭურვები ფეთქდება საბჭოთა ჯარების იერიშისას.

წითელი არმიის ტანკი ფინეთში. არასაკმარისად შეიარაღებულ ფინელებს, თავიდან უჭირდათ საბჭოთა მძიმე არტილერიისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

ერთ-ერთი იაფი იარაღი, რომელსაც საბჭოთა ტანკების წინააღმდეგ იყენებდნენ ფინელები, იყო "მოლოტოვის კოქტეილი".

მათი სიტყვებით, ეს იყო იმ საკვებზე დასაყოლებელი სასმელი, რომელსაც, მოლოტოვის თქმით, უყრიდნენ ფინელებს. შავი იუმორის საჩვენებლად, ფინელმა მებრძოლებმა ამ ხელნაკეთ აალებად ბომბებს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის სახელი უწოდეს. ასე დაიბადა მომდევნო ათწლეულებში კონფლიქტების დროს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული იარაღი.

ფინელი ჯარისკაცები ჩამოგდებულ საბჭოთა თვითმფრინავს შლიან.

შეიარაღების უმეტესობა, რომელსაც ფინელი სამხედროები იყენებდნენ, საბჭოთა ჯარებისგან ჩაიგდეს ხელში.

შეუიარაღებელი და მცირერიცხოვანი ფინელი სამხედროები იყენებდნენ მათ ხელთ არსებულ მცირე უპირატესობებს. ამას გამანადგურებელი ეფექტი ჰქონდა.

თეთრ კამუფლაჟში გადაცმული ფინელი ჯარისკაცების თოვლში დანახვა თითქმის შეუძლებელი იყო.

წითელარმიელები მუქი ფერის ფორმებში იყვნენ გამოწყობილი, რაც მათ ფინელი სნაიპერების ადვილ სამიზნედ აქცევდა.

სიმო ჰაიჰა, ფინელი სნაიპერი, მეტსახელით „თეთრი სიკვდილი“.

პროფესიონალმა ფერმერმა და მონადირემ, სიმო ჰაიჰამ, „ზამთრის ომის“ დროს 500-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცის მოკვლა მოახერხა, სანამ მას საბჭოთა სნაიპერი სახეში ესროდა. ის მძიმედ დაიჭრა, თუმცა გადარჩა. წლების შემდეგ, როცა ჰკითხეს, ნანობდა თუ არა ამდენი ახალგაზრდა ადამიანის მოკვლას, მან უპასუხა: „მე მხოლოდ იმას ვაკეთებდი, რაც მითხრეს, როგორც შემეძლო, ისე ვაკეთებდი“. ჰაიჰა 2002 წელს გარდაიცვალა. მისი საფლავის ქვაზე წერია: „სახლი - რელიგია - სამშობლო“.

ფინელები ომის დროს აქტიურად იყენებდნენ ირმებს. ისინი მათ მარხილებში აბამდნენ, რის საშუალებითაც თოვლში თითქმის უხმოდ გადაჰქონდათ ტყვიამფრქვევები და ნაღმმტყორცნები.

საბჭოთა ჯავშანტექნიკა კი, რომლის გადაადგილების ხმა კილომეტრებზე ისმოდა, ძირითადად დამოკიდებული იყო ფინეთში არსებულ მცირერიცხოვან გზებზე.

დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცები საბჭოთა კოლონაზე ფინელების გამანადგურებელი თავდასხმის შემდეგ 1940 წლის იანვარში.

საბჭოთა ჯარისკაცების კოლონა და მძიმე ტექნიკა ტყის გავლით მიდიოდა. ფინელთა სათხილამურო რაზმებმა შეძლეს შეუმჩნევლად დაეკავებინათ პოზიცია და ტექნიკა გაენადგურებინათ კოლონის თავსა და ბოლოში. მას მერე, რაც გზა ჩაიხერგა, ფინელებმა შეძლეს წითელარმიელთა ალყაშემორტყმული კოლონის განადგურება.

1940 წელის თებერვალი. დაჭრილი და გათოშილი წითელარმიელები.

საბჭოთა ჯარისკაცების გვამები ფინელების თავდასხმის შემდეგ.

ფინეთში შეჭრის წინა წლებში სსრკ-ის არმიაში ჩატარებული წმენდის შედეგად მოიშალა არმიის სარდლობის სტრუქტურა.

ფინელი ქალი, რომელსაც კედელზე იარაღი უკიდია. ფინელებისთვის ომი იყო კრიზისი, რომელმაც ხალხი გააერთიანა და მათში შემართება გაზარდა.

ომის დროს ფინელი მებრძოლები საუნიდან იყურებიან.

ფინელი მებრძოლები ფოტოს გადასაღებად დაეწყვნენ ომის დროს.

1940 წლის იანვარში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა მიმდინარე „ზამთრის ომზე“ თქვა: „ფინელებმა გვაჩვენეს, რის გაკეთება შეუძლიათ თავისუფალ ადამიანებს... ყველას შეუძლია დაინახოს, როგორ ალპობს კომუნიზმი ერის სულს; როგორ აქცევს ის მათ მშვიდობის დროს დამცირებულ და მშიერ არსებებად, რომლებიც ომში უბადრუკად საზიზღრად გამოიყურებიან. ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, როგორი იქნება ფინეთის ბედი, მაგრამ შეუძლებელია ამაზე უფრო სამწუხარო სანახაობის წარმოდგენა... ვიდრე იმის, რომ ამ შესანიშნავ ჩრდილოეთის რასას ძალა გამოეცლება და სიკვდილზე უარეს მონობაში აღმოჩნდება უხეშ და მრავალრიცხოვან ძალასთან ჭიდილში“.

დაღუპული და გაყინული საბჭოთა ჯარისკაცის გვამი მისი სიკვდილის ადგილზე.

ომის დროს ფინეთში ჰაერის ტემპერატურა -40 გრადუსზე დაბლა დაეცა. ამ პერიოდში წითელარმიელების წესდებით, ისინი -15 გრადუსზე უფრო დაბალ ტემპერატურაზე წვრთნებს არ გადიოდნენ.

1940 წ. თებერვალი. დახოცილი საბჭოთა ჯარისკაცები და ტყვიებით დაცხრილული მანქანები.

ალყაში მოქცეული საბჭოთა ჯარისკაცების ერთ-ერთმა ჯგუფმა ზემდგომებს შეტყობინება გაუგზავნა: „ჩვენ ვკვდებით, გთხოვთ, გადაუხადეთ ჩვენს ოჯახებს მარტის თვის ხელფასები. უთხარით ყველას, რომ გმირებად მოვკვდით... ჩვენ არ დავნებებულვართ“.

ფინელი ოფიცრები საბჭოთა პროპაგანდისტული მასალით. ბანერებზე წარწერა: „სსრკ-ის მშრომელებო! არ დაივიწყოთ კაპიტალისტური გარემოცვა, გააძლიერეთ ჩვენი სოციალისტური დაზვერვა. დაეხმარეთ მას ხალხის მტრების განადგურებასა და ამოძირკვაში“.

საბჭოთა ჯარისკაცი ნათხოვარი ქუდით.

როგორც დაკითხვის დროს თქვა ერთ-ერთმა ტყვემ, მას უთხრეს, რომ ფინელი თანამოძმე მუშები კაპიტალიზმისგან უნდა დაეხსნა. ჯარისკაცი მალევე მიხვდა, რომ ის შეცდომაში შეიყვანეს; „საკუთარ ტყავზე ვგრძნობ, როგორი მასპინძლობა გაგვიწიეს იმ ადამიანებმა, ვის ‘გასათავისუფლებლადაც’ მოვედით“.

ფინელი მებრძოლი ტყეს ზვერავს.

კვირების განმავლობაში ფინეთის აღმოსავლეთში განცდილი უდიდესი დანაკარგის შემდეგ საბჭოთა არმიამ კურსი აიღო ჰელსინკის აღებაზე ქვეყნის კარგად გამაგრებულ სამხრეთში.

ვიბორგის კათედრალი, რომელიც საბჭოთა არმიის საჰაერო თავდასხმის დროს დაინგრა. ქალაქი საბჭოთა კავშირსა და ჰელსინკის შორის მდებარეობდა.

სამხრეთ ფინეთში მდებარე ქალაქი, რომელიც საბჭოთა საჰაერო ძალების დაბომბვის შედეგად იწვის.

ფინური ხის სახლების დასაწვავად საბჭოთა ჯარები სპეციალურ აალებად ბომბებს იყენებდნენ.

ფინელი სამხედროები უკან დახევის დროს ქალაქ ვიბორგში.

რიცხობრივი უპირატესობის მქონე საბჭოთა ჯარებმა დაქანცულ ფინელებს უკან დაახევინეს. 1940 წლის მარტში საბჭოთა ჯარისკაცები ვიბორგის გარეუბნებში შევიდნენ. ფინელებს არჩევანი აღარ ჰქონდათ, ისინი იძულებული გახდნენ, მიეღოთ საბჭოთა კავშირის მიერ შეთავაზებული ზავის მკაცრი პირობები.

ფინეთის ნახევრად დაშვებული დროშები ჰელსინკიში 1940 წ. 13 მარტს, მას შემდეგ, რაც სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ გამოცხადდა.

აღმოსავლეთ ფინეთის ქალაქი, რომლის ევაკუაციაც განახორციელეს მას შემდეგ, რაც ის საბჭოთა კავშირმა ჩაიგდო ხელში.

საზავო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ფინეთს ტერიტორიების 11% დაუჯდა, მასში შედიოდა ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი ვიბორგიც. „ზამთრის ომის“ დროს 25 904 ფინელი დაიღუპა. საბჭოთა კავშირმა კი, სულ მცირე, 126 875 ჯარისკაცი დაკარგა.

მოგვიანებით საბჭოთა ლიდერი ნიკიტა ხრუშოვი იხსენებდა: „ჩვენ ყველა, და სტალინი პირველ რიგში, ამ გამარჯვებაში ფინელებისგან დამარცხებულად ვგრძნობდით თავს. ეს იყო სახიფათო დამარცხება, რადგან მან კიდევ უფრო გაუმყარა ჩვენს მტრებს რწმენა, რომ საბჭოთა კავშირი იყო კოლოსი თიხის ფეხებზე“.

ომის დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ ფინეთმა დამღუპველი გადაწყვეტილება მიიღო. ის საბჭოთა კავშირში შეჭრის დროს ნაცისტებს შეუერთდა.