კატა ტიგრინო და სხვა უცნობები  - ზურაბ გურიელიძე ახალი სახეობების აღმოჩენაზე 21-ე საუკუნეში

ახლად აღმოჩენილ პატარა ველურ კატა "ტიგრინოზე" რადიო თავისუფლება ესაუბრა ზოოპარკის დირექტორს, ზოოლოგ ზურაბ გურიელიძეს.

ამ ცოტა ხნის წინ ცოცხალი ორგანიზმების მილიონობით სახეობას კიდევ ერთი შეემატა, პატარა ველური კატა, მეტსახელად "ტიგრინო". რამდენად ხშირად ან იშვიათად პოულობენ დღეს მეცნიერები ახალ სახეობებს და სად? რადიო თავისუფლება ზოოპარკის დირექტორს, ზოოლოგ ზურაბ გურიელიძეს ესაუბრა.

Leopardus tilcayo - ეს არის კატის ახალი სახეობა, რომელიც ბოლივიელმა მეცნიერმა, დოქტორმა პაოლა ნოგალეს-ასკარუნსმა ერთ-ერთ თავშესაფარში აღმოაჩინა. მეცნიერი იქ მოხალისედ მუშაობდა. კნუტი თავის დროზე ადგილობრივმა იპოვა ტყეში და რადგან ჩვეულებრივი კატა ეგონა, სახლში წაიყვანა. მალე პატრონი მიხვდა, რომ უბრალო ფისუნიას ნაცვლად გარეულ ნადირთან ჰქონდა საქმე, თავისი ცხოვრების ათი წლის თავზე კი კატა გადაეყარა მეცნიერს, რომელიც კატისებრების სახეობებზე მუშაობს. სწორედ მან შეამჩნია, რომ ეს მომცრო კატა დანარჩენებს არ ჰგავს. ბევრი კვლევა-ძიებისა და გენეტიკური ანალიზის შემდეგ გაირკვა - ეს ახალი სახეობაა.

ლეოპარდის ლაქები, ყავისფერი თვალები, შუბლზე ორი გრძელი ზოლი, სამკუთხა ყურები... ასეთია „ახალი“ კატა. ის თავიდანვე იმიტომ ვერ იცნეს, რომ ძალიან ჰგავს აქამდე უკვე აღმოჩენილ სახეობებს. „ტიგრინო“ თავის სახეობაში ერთადერთია, თუმცა ვარაუდობენ რომ სხვებიც იქნება.

რადიო თავისუფლება: რამდენად ხშირად პოულობენ ახალ სახეობებს დღეს, როდესაც თითქოს უკვე ყველაფერი აღრიცხული და აღმოჩენილია?

ზურაბ გურიელიძე: ეს კატა მხოლოდ ერთი ინდივიდია. სხვა ინდივიდები ალბათ იქვე, ბოლივიაში ცხოვრობენ. ერთი ვერანაირად ვერ იქნებოდა.

სამხრეთ ამერიკაში უზარმაზარი, გაუვალი ტერიტორიებია, სადაც უამრავ სიურპრიზს შეიძლება გადაეყარო - წვიმის ტყე. ასე ჰქვია, რადგან ტენიანობა ძალიან დიდია და წვიმების სეზონზე მდინარეები შესაძლოა რამდენიმე ათეული მეტრითაც კი აიწიოს. ეს არის ამაზონის აუზი, სადაც გადაადგილება ძირითადად შესაძლებელია მხოლოდ მდინარეებით. იქ, არის ადგილები, საქართველოზე დიდი ტერიტორიებიც კი, სადაც არავინ არასოდეს არ შესულა.

რადიო თავისუფლება: არასოდეს?

ზურაბ გურიელიძე: არასოდეს. იქ დღემდე ისე ცხოვრობენ, როგორც საუკუნეების წინ. სრულიად გამოუკვლეველი ადგილებია.

რადიო თავისუფლება: ანუ შესაძლებელია არა თუ ცხოველი, ახალი ტომიც (ეთნიკური წარმოშობით და ცხოვრების წესით დაკავშირებული ადამიანების ჯგუფი) აღმოაჩინონ?

ზურაბ გურიელიძე: ახალი ტომი კარგა ხანია არ აღმოუჩენიათ. იქ მცხოვრებ ტომებს კანონი იცავს. ძალიან ბევრი ქვეყანა ძალიან მკაცრად კრძალავს შესვლას. ამიტომ შემდეგ რას და როგორ აღმოაჩენენ, ძნელი სათქმელია. ადრე ამერიკელებმა შეისწავლეს ტყის მცენარეების ბოლო იარუსი. კენწეროებზე გასაბერი მოწყობილობით გადაადგილდებოდნენ.

რადიო თავისუფლება: კიდევ ბევრი ადგილია დედამიწაზე შეუსწავლელი?

ზურაბ გურიელიძე: კი. რამდენიმე წლის წინ ძალიან სერიოზული კვლევა ჩატარდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ბირმაში, სადაც ასევე წვიმიანი ტყეებია. იქაც აღმოაჩინეს რამდენიმე ახალი სახეობა, მათ შორის ძუძუმწოვრებიც კი, მღრღნელები.

ახალი სახეობის აღმოჩენა საქართველოშიც კი არის შესაძლებელი. ილიას უნივერსიტეტმა გენეტიკური ანალიზით ფეხსახსრიანების რამდენიმე ახალი სახეობა აღმოაჩინა, რომელიც მანამდე დაფიქსირებული არ იყო (მთიბავის ორი ახალი სახეობა: Nemaspela sakavria sp. nov. საყავრიის მღვიმიდან (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) და Nemaspela sakinule sp. nov. მელიასა და საყინულის მღვიმეებიდან რ.თ.).

ასევე ნახეთ

მრისხანე მგელი აღადგინეს, ვინ და რა იქნება შემდეგი?

რადიო თავისუფლება: რა განასხვავებს ერთ სახეობას მეორისგან?

ზურაბ გურიელიძე: ეს მთელი კომპლექსია: გენეტიკა, გარეგნობა, ქცევა... ერთ-ერთი კრიტერიუმი ის არის, რომ სხვა სახეობას არ უნდა ეჯვარებოდეს. თუმცა არიან სახეობები, რომლებიც ეჯვარებიან ერთმანეთს, მაგალითად, შორს რომ არ წავიდეთ - ჯიხვი. ჩვენთან ორი სახეობის ჯიხვია: Capra cylindricornis და Capra caucasica. ერთმანეთს ეჯვარებიან. დღემდე ხან გააერთიანებენ ერთ სახეობად, ხან ყოფენ. შესაძლოა მიიჩნევდე, რომ ერთი სახეობაა, მაგრამ გენეტიკური ანალიზი აჩვენებს, თუ როდის გამოეყო ეს სახეობა დანარჩენს.

რადიო თავისუფლება: რა არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც სახეობები ვერ ჯვარდებიან?

ზურაბ გურიელიძე: ქრომოსომების განსხვავებული რაოდენობა.

რადიო თავისუფლება: რამდენადაც ვიცი დედამიწაზე ყველაზე შეუსწავლელი ადგილი მაინც ოკეანის სიღრმეა.

ზურაბ გურიელიძე: რა თქმა უნდა. ოკეანე არის სამყარო, სადაც ადამიანს არსებობა არ შეუძლია.სიღრმეებში მხოლოდ შესაბამისი აღჭურვილობით თუ ჩახვალ, ამიტომ იქ ძალიან ბევრი სიურპრიზი გველის. ოკეანე დაყოფილია ზონებად. 200 მეტრის სიღრმეში ჯერ კიდევ აღწევს მზის სხივი. ამას უწოდებენ ნაყოფიერ ზონას. შემდეგ უკვე სიბნელეა. იქ არიან მცენარეები, მაგრამ ფოტოსინთეზს არ განიცდიან. სხვაგვარად არიან ადაპტირებულები. მარიანის ღრმულშიც კი - რომელიც სიღრმით 11 ათას მეტრამდეა - ცხოვრობენ თევზები.

რადიო თავისუფლება: ერთია სიბნელე და მეორეა წნევა, როგორ უძლებენ?

ზურაბ გურიელიძე: წნევის რეგულირებისთვის შიდა და გარე წნევა უნდა გათანაბრდეს. ეს ამ ორგანიზმებში ბუნებრივად ხდება. მაგალითად, კაშალოტი ძალიან ღრმად, ასეული მეტრის ქვევით ჩადის წყალში. მასაც ასეთი მექანიზმი აქვს. ის თევზები, რომელიც ძალიან ღრმა წყლებში ცხოვრობენ, ზედაპირზე ამოყვანისას შესაძლოა გამსკდარიყვნენ, მაგრამ ასე არ ხდება ხოლმე და სწორედ ამ შინაგანი მექანიზმის წყალობით.

რადიო თავისუფლება: რა დრო სჭირდება სახეობის წარმოქმნას?

ზურაბ გურიელიძე: ძნელი სათქმელია. თუ გავითვალისწინებთ დე ფრიზის თეორიას, სახეობების წარმოქმნას შესაძლოა ათასწლეული დასჭირდეს, მაგრამ დასაწყისი იყოს მყისიერი, ნახტომისებური. დღეს არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ახლა რამე ახალი სახეობა იქმნება. როდესაც გენეტიკურ ანალიზს აკეთებენ, თუ როდის ჩამოყალიბდა ესა თუ ის ცხოველი ახალ სახეობად, ჩანს, რომ ხშირ შემთხვევაში ეს მოხდა ადამიანის წარმოშობამდე.

დე ფრიზის მუტაციური თეორია არის ევოლუციური კონცეფცია, რომელიც 1901 წელს ჰოლანდიელმა ბოტანიკოსმა და გენეტიკოსმა ჰუგო დე ფრიზმა (Hugo de Vries) ჩამოაყალიბა. თეორიის მიხედვით, ევოლუცია და ახალი სახეობების წარმოქმნა ხდება არა ჩარლზ დარვინის მიერ ნავარაუდები მცირე, ხანგრძლივი და თანდათანობითი ცვლილებებით, არამედ მოულოდნელი, ნახტომისებური და მკვეთრი მემკვიდრული ცვლილებებით, რომლებსაც მან მუტაციები უწოდა.