დაცვის მხარის მტკიცებულებებს შორის არის ასევე ფრაგმენტი "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ამჟამად საპატიო თავმჯდომარის - ბიძინა ივანიშვილის 2024 წლის ვიდეოინტერვიუდან, როდესაც ის გახარიასა და მისი პარტიის წევრებს "მკაცრი სასჯელით" ემუქრებოდა. აქვეა "ოცნების" ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებებიც, რომლებსაც დაცვის მხარე ასევე "პოლიტიკური დაკვეთის" ნაწილად განიხილავს.
12 ოქტომბერს სასამართლოში წარმოდგენილი იყო ასევე ფრაგმენტები სადავო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ["წულუკიანის კომისიის"] სხდომებიდან, სადაც "ქართული ოცნების" ყოფილი შს მინისტრი და ექსპრემიერი, გიორგი გახარია ორჯერ გამოკითხეს.
საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, სოფელ ჩორჩანაში, საპოლიციო საგუშაგოს 2019 წელს აგების საქმეზე პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული “ქართული ოცნების” ექსპრემიერს, გიორგი გახარიას, რომელიც 2019 წლის აგვისტოში შს მინისტრის პოსტს იკავებდა.
პროკურატურის თანახმად, გახარიამ საგუშაგო ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ააშენა, რის გამოც დაიძაბა ვითარება და დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი დაიკარგა.
თავად გახარია აცხადებს, რომ “ყველამ ყველაფერი იცოდა” და საგუშაგოს აგება 1800 ჰექტარი ტყის მასივის გადასარჩენად დაიგეგმა.
რა შემოინახა მედიის არქივმა
2019 წლის 10 თებერვლით არის დათარიღებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტი, რომელშიც არხის მაშინდელი ჟურნალისტი, გიორგი ცხვიტავა ჰყვება, თუ როგორ დაკარგა 16-კომლიანმა სოფელმა შემოსავლის ერთადერთი წყარო - ტყე, სადაც ადგილობრივები ძირითადად ნახირს აძოვებდნენ, ხე-ტყით სარგებლობდნენ და ჯონჯოლს აგროვებდნენ.
მსგავსი აქცენტები დასმულია, მათ შორის - იმავე საზმაუს ეთერში გასულ სხვა სიუჟეტებშიც. “საქონელს ვერ ვუშვებთ“, “იჭერენ ხალხსა” - ჩორჩანელები ამბობენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წნეხი აშინებთ.
იმ პერიოდში სტატიები იბეჭდებოდა ბეჭდური მედიაშიც -, რომ უკვე გამომჟღავნებული იყო საოკუპაციო რეჟიმის ინტერესი - ტალკის საბადო ჩორჩანის მიდამოებში. მონიშნული ხეები თავდაპირველად “ანტისაოკუპაციო მოძრაობამ” შენიშნა.
12 ოქტომბერს, სხდომაზე გაუშვეს “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” მიერ ჩაწერილი ვიდეოც, სადაც მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი - დავით ქაცარავა აჩვენებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხეებზე დატოვებულ ყვითელ ნიშნებს. “მთელი პერიმეტრი აჭრელებულია ასეთი ნიშნულებით” - ამბობს ქაცარავა. იმ დროს ეს ყველამ საოკუპაციო რეჟიმის დამატებით ტერიტორიულ პრეტენზიებად აღიქვა.
ბერდია სიჭინავა
“ამ ვიდეო მტკიცებულებების, ამ ვიდეო სიუჟეტების შემდეგ, რომლებიც ადასტურებენ ჩვენს მიერ მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს, არანაირი კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩენილიყო. მარტო ეს ვიდეომტკიცებულებები კმარა იმისთვის, რომ დადასტურდეს საქმეში პოლიტიკური მოტივაცია და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დევნა გიორგი გახარიას მისამართით, რასაც „ქართული ოცნების“ მართლმსაჯულება აკეთებს დღეს”, - განაცხადა გახარიას ადვოკატმა და მისი პარტიის [“გახარია საქართველოსთვის”] აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ, 12 ოქტომბერს, სხდომის შემდეგ.
თუმცა გახარიას პარტიაში - "გახარია საქართველოსთვის" - არავის სჯერა, რომ ყოფილი გუნდის მიერ პოლიტიკურ მიზანში ამოღებულ მათ ლიდერს სასამართლო გაამართლებს.
პროკურორმა, თამარ იაკობიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ სასამართლოსგან მხოლოდ გამამტყუნებელ განაჩენს მოელის. პროკურატურის პოზიციაა, რომ - შს ყოფილმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგუშაგო ერთპიროვნულად ააშენა, რამაც ვითარება გაართულა. ეს პოზიცია სასამართლოში ბრალდების მხარის არაერთმა მოწმემ დაადასტურა.
“კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგო აიგო გიორგი გახარიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით და აღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან; უფრო მეტიც - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ იყო ინფორმირებული საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით… დღევანდელ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ, მათ შორის - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია [EUMM] არ იყო ინფორმირებული საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პროკურორმა იაკობიძემ 30 სექტემბერს, როდესაც სასამართლოში სუსის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური დაკითხეს.
ასევე ნახეთ
მოწმე ვახტანგ გომელაური სასამართლოში - როდის გაიგო სუსის მაშინდელმა უფროსმა "ჩორჩანის საგუშაგოს" აშენების ამბავიივანიშვილის მუქარა
ორშაბათს, სასამართლოს სხდომაზე გაუშვეს ფრაგმენტი “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ამჟამად საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის 2024 წლის ოქტომბრის ინტერვიუდან, როდესაც ის გასამართლებით დაემუქრა პირადად გიორგი გახარიასა და მისი ოპოზიციური პარტიის წევრებს. მათ ის „მოუშუშებელ ჭრილობად” მოიხსენიებდა.
„სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული… ამათ მოუწევთ პასუხისგება და მკაცრი პასუხისგება - მასაც [გახარიას] და მისი პარტიის წევრებსაც.… რა თქმა უნდა, ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც“, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი “იმედთან” ინტერვიუში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე. აქვე აღნიშნავს, რომ გახარიას საქართველოს ომში ჩართვა ჰქონდა განზრახული.
ასევე ნახეთ
ბიძინა ივანიშვილის „მოუშუშებელი“ ჭრილობები, რეიტინგები და საჯარო მოხელეების არჩევანიივანიშვილის ამ სიტყვებს დაცვის მხარე პოლიტიკურ დევნის დაკვეთად განიხილავს.
“ისტორიას და არქივებს უნდა დარჩეს, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. ეს [ივანიშვილის განცხადება] სიმბოლურია, რა თქმა უნდა, მაგრამ ამას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, მათ შორის - როდესაც შიდა სახელმწიფოებრივ მექანიზმებს ამოწურავს ჩვენი მხარე და [საქმეს] სტრასბურგში წაიღებს… ეს ინტერვიუ პირდაპირ ადასტურებს იმ მოტივაციას, რაც აქვს მართლმსაჯულებას გიორგი გახარიასთან მიმართებით”, - ბერდია სიჭინავა ასევე პოლიტიკური დევნის ერთიანი ხაზის ნაწილად განიხილავს “ქართული ოცნების” ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც ადვოკატმა 12 ოქტომბრის სხდომაზე წაიკითხა.
- ერთ-ერთ ციტატაში “ქართული ოცნების” მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ “ჩორჩანის საგუშაგოს” საქმეში გახარიამ “უმძიმესი დანაშაული” ჩაიდინა და ამით -“გარე დავალება შეასრულა”.
- “მტკიცებულებებით დასტურდება… მას აქვს უმძიმესი დანაშაული ჩადენილი” – ამბობდა 2025 წლის ივნისში, მამუკა მდინარაძე, იმ ხანად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს სასამართლოს განაჩენი, გახარიაზე, როგორც დამნაშავეზე ლაპარაკობდნენ სხვა მაღალჩინოსნებიც - სადავო პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი თუ “ქართული ოცნების” უმრავლესობის წარმომადგენელი, თენგიზ შარმანაშვილი, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის [წულუკიანის კომისია] წევრი იყო. მთავარი ხაზია, რომ - გახარია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გარე დაკვეთით მოქმედებდა.
“ამ ადამიანებს წინასწარ ჰყავდათ გამოცხადებული გიორგი გახარია სისხლის სამართლის დამნაშავედ ამ საქმესთან დაკავშირებით. ყოველ ნაბიჯზე არღვევდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციას… ეს იყო პირდაპირი ფორმით შეკვეთილი მართლმსაჯულება”, - ამბობს ბერდია სიჭინავა.
"წულუკიანის კომისიის" სხდომებიდან
“წულუკიანის კომისიამ” გახარია ორჯერ გამოკითხა - 2025 წლის აპრილსა და ივლისში. მეორე შემთხვევაში - დისტანციურად.
12 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მე-14 დარბაზში კომისიის სხდომების ვიდეოფრაგმენტები უჩვენეს, რაც უშუალოდ “ჩორჩანის საგუშაგოს” თემას უკავშირდებოდა.
გახარია ოპოზიციური პარტიების ერთადერთი წარმომადგენელი იყო, რომელიც კომისიას გამოკითხვაზე დათანხმდა. ვინც დაიბარეს და არ მივიდა, ყველა საპატიმროში მოხვდა.
“წულუკიანის კომისია” გახარიას ერთპიროვნულად მოქმედების გარდა, 100 ჰექტრის დაკარგვაშიც სდებდა ბრალს.
წულუკიანი გახარიას უჩვენებს წინასწარ მომზადებულ რუკას - იმის დასტურად, რომ "ჩორჩანის საგუშაგოს" დადგმის გამო დამატებითი ტერიტორიები დაიკარგა
საგამოძიებო კომისიის წევრთა შეფასებით, საგუშაგოს აგების ნაცვლად, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ადგილზე პატრულირება უნდა დაეწყო, ხოლო საგუშაგოს აგების საკითხი „სეპარატისტულ და საოკუპაციო ძალასთან“ უნდა შეთანხმებულიყო - ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის წესების შესაბამისად.
„რამდენი ახალი საგუშაგო და საოკუპაციო ხაზი გადმოუწევიათ, თქვენ გგონიათ, ჩვენ ვინმე რამეს გვატყობინებდა?!“ ეს არის ქაღალდზე დაწერილი პროცედურა, რომლის დარღვევითაც საოკუპაციო რეჟიმი მავთულხლართებს წლების განმავლობაში რუსებთან ერთად ავლებდა ქვეყანაში“, - გახარიამ აპრილის სხდომაზე თქვა, რომ მოქმედებისთვის დიდი დრო აღარ ჰქონდათ და ოპერაცია „დასწრების პრინციპით“ დაიგეგმა, რადგან უკვე დაწყებული იყო ჩორჩანის ტყის მიტაცება. საოკუპაციო რეჟიმისთვის გეგმის შეტყობინება კი ოპერაციას ჩაშლიდა.
გახარიამ თქვა ასევე, რომ საოკუპაციო რეჟიმს „1922 წლის ფეიკ რუკით“, ტყის მასივის მიტაცება ჰქონდა გადაწყვეტილი და ამას აშკარას ხდიდა ხეებზე დატანილი ყვითელი მონიშვნებიც.
ამ რუკის შესახებ ინფორმაცია, 2019 წელს, აქტიურად ვრცელდებოდა მედიაშიც.
ასევე ნახეთ
საგუშაგო ჩორჩანაში - რა გააკეთა "ძლევამოსილმა" გახარიამ ექვსი წლის წინ და რას ედავება წულუკიანის კომისია ახლაასევე ნახეთ
„თქვენ იცრუეთ“ - გახარია მეორედ „წულუკიანის კომისიაზე“კომისიის წინაშე გახარიამ არ გაიზიარა კომისიის წევრების ბრალდებები, რომ ჩორჩანის საგუშაგო ყველასაგან მალულად ააშენა და სახელმწიფო დააზარალა.
აპრილში გამოკითხვისას მან თქვა, რომ - შესაძლოა ახლა გადათქვან, მაგრამ მაშინ „ყველამ ყველაფერი იცოდა“ და რომ „დასწრება“ იყო საჭირო, რადგან სასწორზე 1800 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვა იდო.
„მაგარი სუსი გვყოლია ოსებმა თუ შეატყობინეს... გაქანებული მუშაობა მიდიოდა - ოთხი სამინისტრო მუშაობდა იქ“, - გიორგი გახარიას მონათხრობით, გზის გაყვანა და საგუშაგოს აშენება შეთანხმებული იყო სუსის მაშინდელ უფროსთანაც [ვახტანგ გომელაური], პრემიერ-მინისტრთანაც, ყველა საჭირო უწყებასთან, ქვემო ქართლის ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ხოლო პროცესში აქტიურად მონაწილეობდა ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თავისი ტექნიკით.
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა, 2025 წლის ივნისში, პროკურატურაში გამოკითხვისას დაადასტურა, რომ ჰქონდა ინფორმაცია ჩორჩანის საგუშაგოს აგების შესახებ. ცქიტიშვილი ამ მხრივ ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდა.
ცქიტიშვილი არ დაუკითხავს ბრალდების მხარეს.
ახლა მაია ცქიტიშვილი დაცვის მხარის მოწმეებს შორის არის და მისი დაკითხვა უახლოეს სხდომებზე იგეგმება. გამორიცხული არ არის, რომ მოსამართლემ პროცესი ამ შემთხვევაშიც დახუროს, როგორც ეს ბრალდების მხარის მოწმე მაღალჩინოსნების შემთხვევაში მოხდა.
ასევე ნახეთ
ვიცოდი, რომ საგუშაგო უნდა განთავსებულიყო, ვვარაუდობ, გადაწყვეტილება საფრთხეების ანალიზმა განაპირობა - ექსმინისტრი“ჩორჩანის საგუშაგოს” აშენების საქმეზე გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით [333-ე მუხლის მე-2 ნაწილი], რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. გახარია ბრალდებულია ასევე "20 ივნისის" საქმეზე - ორი ან ორზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება [25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი] - სასჯელი ითვალისწინებს პატიმრობას 13 წლამდე ვადით.