ირანში ექსპორტი 762,7%-ით გაიზარდა - ავტომობილების ხარჯზე

მსუბუქი ავტომობილები, საქართველოსა და ირანის დროშები (კოლაჟი)

საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან ირანში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ზრდის მიზეზი მსუბუქი ავტომობილებია.

თუ შარშან, 2025 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან ირანში ექსპორტი 16,7 მლნ დოლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 144 მლნ დოლარს გადააჭარბა (+762,7%).

2026 წელს ექსპორტის ძირითადი ნაწილი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ირანში საქართველოდან მხოლოდ 4 ავტომობილი გავიდა; 2023 წელს - 14; 2024 წელს კი - 33.

მანქანების ექსპორტის ზრდა 2025 წელს დაიწყო (თითქმის 4,5 მლნ დოლარის ღირებულების 209 ავტომობილი), ხოლო 2026 წლის იანვარ-ივლისში ირანში 6 749 მანქანა გავიდა - ჯამური ღირებულებით 119 მლნ დოლარი.

შედეგად, ირანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სიაში (ექსპორტის მიხედვით) მე-8 ადგილზე აღმოჩნდა; მისი წილი 3,1%-ს შეადგენს.

საერთაშორისო სანქციები

ირანის წინააღმდეგ მკაცრი საერთაშორისო სანქციები მოქმედებს, რომლებიც, მათ შორის, ქვეყნის საავტომობილო სექტორსაც ეხება. ამასთან, საერთაშორისო სანქციებით ირანში ავტომობილების, მათ შორის მეორადი მანქანების, შეტანა დაშვებულია.

აშშ-ის განმარტებით, სრულად აწყობილი ავტომობილების ირანში ექსპორტი ავტომატურად არ ხვდება აკრძალვაში, თუმცა შეზღუდვები შესაძლოა გავრცელდეს ავტომობილის წარმოშობის, გარიგების ხასიათისა და მასში მონაწილე პირების მიხედვით.

აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია მკაცრად არის განწყობილი იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ირანთან ვაჭრობას აგრძელებენ. 2026 წლის იანვარში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 25-პროცენტიან ტარიფებს დაუწესებდა ასეთ სახელმწიფოებს.

ასევე ნახეთ

ტრამპის თქმით, 25%-იან ტარიფებს უწესებს ირანის ბიზნესპარტნიორებს

ტრამპის 6 თებერვლის ბრძანების თანახმად, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო შეისწავლის, რომელი ქვეყნები განაგრძობენ პირდაპირ ან ირიბ ვაჭრობას ირანთან. ეს ინფორმაცია გადაეცემა სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც ხაზინის, ვაჭრობის და შიდა უსაფრთხოების სამინისტროებთან ერთად განსჯის, დაუწესოს თუ არა ტარიფი ამ ქვეყანას.

ირანის ელჩის განცხადება

13 აგვისტოს საქართველოში ირანის ელჩმა, სეიედ ალი მოჯანიმ, სოციალურ ქსელში საქართველო-ავღანეთის „სავაჭრო მარშრუტის პოტენციალზე“ დაწერა. დიპლომატის მტკიცებით, საქართველომ 2024 წელს 30,5 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილები გაყიდა ავღანეთში.

თუმცა საქსტატის თანახმად, საქართველოდან ავღანეთში ბოლო ექვსი წლის განმავლობაში - 2021 წლიდან დღემდე - 60 ავტომობილიც კი არ გაყიდულა.

ამ თემაზე რადიო თავისუფლების მიერ გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, ელჩმა აღნიშნა, რომ ავღანეთში ავტომობილების ექსპორტის შესახებ მის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ეყრდნობა ავღანეთის სავაჭრო წყაროებს.

„ნებისმიერი სახის განსხვავება შესაძლოა გამოწვეული იყოს რეექსპორტის სხვაგვარი განმარტებით, საბაჟო რეგისტრაციის განსხვავებული ფორმით ან წარმოშობის სხვა წყაროების გათვალისწინებით“, - დასძინა მან.

ელჩს საქართველოდან ირანში ავტომობილების ექსპორტზე არ უსაუბრია.

ასევე ნახეთ

ირანის ელჩი არაზუსტი სტატისტიკის მოხმობით საქართველო-ავღანეთის „სავაჭრო მარშრუტის პერსპექტივაზე“ საუბრობს
  • ავტომობილების რეექსპორტი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი საკვანძო დარგია. მანქანებით ვაჭრობა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შემდეგ გააქტიურდა.
  • საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი, საქსტატის მონაცემებით, განსაკუთრებით შუა აზიის ქვეყნებში გაიზარდა, თუმცა ჟურნალისტური გამოძიებებითა და რუსული წყაროებით მტკიცდება, რომ მანქანების ძირითადი ნაწილი ლარსის საბაჟოს გავლით რუსეთის ბაზარზე ხვდება.

ასევე ნახეთ

ვის შეაქვს ძვირად ღირებული და სანქცირებული მანქანები რუსეთში და ვინ იცავს მათ