სააპელაციომ უვადო პატიმრობაში დატოვა კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული

წინა ინსტანციის სასამართლომ ბექა ჯაიანი ყველა წაყენებულ ბრალდებაში ცნო დამნაშავედ - სააპელაციომ განაჩენი ძალაში დატოვა

პროკურატურის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში მსჯავრდებული უვადო პატიმრობაში დატოვა - მისი განაჩენი ძალაში უცვლელად დარჩა.

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი 16 აპრილს ცნეს დამნაშავედ ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

გადაწყვეტილება 2025 წლის 16 აპრილს გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა.

ჯაიანი ბრალს ნაწილობრივ აღიარებდა - აღიარებდა მკვლელობას, თუმცა არ აღიარებდა დამამძიმებელ გარემოებებს.

დაცვის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში მაშინვე გაასაჩივრა.

პროკურატურამ 21 ივლისს განაცხადა, რომ ზედა ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

საქმის გარემოებები

კესარია აბრამიძის ცხედარი 2024 წლის 18 სექტემბერს თბილისში, ავთანდილის ქუჩა N8-ში, საკუთარ ბინაში იპოვეს. ის 36 წლის იყო.

სასამართლო ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ქალი დანით მრავლობითი ჭრილობის მიყენების შედეგად სისხლისგან დაიცალა.

26 წლის ბექა ჯაიანი მომხდარიდან 6 საათში ქუთაისის აეროპორტთან დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, - რაც სასამართლომაც დაადასტურა:

  • ბექა ჯაიანი მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ცდილობდა ქვეყნის დატოვებას;
  • შეეცადა მტკიცებულებების განადგურებას (სისხლიანი ტანსაცმელი გადაყარა, დაიბანა და ადგილი მოასუფთავა, მობილური ტელეფონი გადამალა);
  • ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა.
ასევე ნახეთ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს