მან მონაწილეობა მიიღო „მსოფლიო ურბანულ ფორუმში“ და შეხვედრა გამართა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.
ვიზიტისას ხელი მოაწერეს შეთანხმებებს ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში.
სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა განახლდება
მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა „ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი“, რომლის თანახმადაც „სრულ ექსპლუატაციაში შევა“ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა.
„მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება“, - წერს ადმინისტრაცია.
ასევე ნახეთ
აზერბაიჯანთან ჩაკეტილი საზღვრის გამო საქართველო ასეულობით მილიონ დოლარს ზარალობს- მიმოსვლა 2020 წლიდან, პანდემიის დაწყებიდან იყო შეჩერებული - მოგზაურობა მხოლოდ საჰაერო გზით იყო შესაძლებელი, რაც სირთულეს წარმოადგენდა.
- აზერბაიჯანმა Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის საბაბით, სახმელეთო საზღვრის გახსნა მომდევნო წლებშიც მრავალჯერ გადაავადა.
- 2024 წელს რადიო თავისუფლება ეკონომიკის სამინისტროს შეფასებაზე დაყრდნობით წერდა, რომ დაკეტილი სახმელეთო საზღვრის გამო საქართველომ 1.5 მლნ ტურისტი და 400 მლნ დოლარი დაკარგა.
შეთანხმებათა პაკეტი
ამავე ვიზიტისას, მთავრობების გაფართოებულ ფორმატში შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის გაფორმდა ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში შეთანხმებათა პაკეტი. ეს პაკეტი მოიცავს:
- საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20-წლიან მთავრობათაშორის შეთანხმებას;
- აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც, მთავრობის განცხადებით, „სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს“ (2003 წელს გაფორმებულ შეთანხმებას ვადა ამოეწურა).
ხელშეკრულებათა პირობები უცნობია.
პრესცენტრის ცნობითვე, დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიას ირაკლი კობახიძე და ილჰამ ალიევი დაესწრნენ.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ენერგეტიკულ სექტორში შეთანხმების ყოვლისმომცველი პაკეტი „ორი ქვეყნის მთავრობებს შორის წარმატებით დასრულებული რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგია“ და ეს „ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისა და რეგიონული ენერგეტიკული დერეფნის განვითარებისთვის“.
კობახიძე-ალიევის შეხვედრა
ხელმოწერის ცერემონიამდე კი ლიდერებმა შეხვედრა გამართეს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, შეხვედრაზე „ყურადღება გამახვილდა“ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის „შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე“.
ასევე, ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების „პოზიტიურ დინამიკაზე“; ქართულმა მხარემ „დაადასტურა მზადყოფნა, უახლოეს მომავალში უმასპინძლოს კომისიის მომდევნო სხდომას“.
ალიევმა და კობახიძემ ისაუბრეს „გლობალურ და რეგიონულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე“ და „კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის“.
კობახიძეს ბაქოში თან ახლავს:
- ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი;
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი;
- შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი;
- მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
ალიევის თბილისში ვიზიტი აპრილში
ამ შეხვედრას წინ უსწრებდა ილჰამ ალიევის ვიზიტი საქართველოში. აზერბაიჯანის პრეზიდენტი 6 აპრილს ეწვია თბილისს.
პრემიერ კობახიძესთან და პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან შემდეგ, იგი შეხვდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობის დროს ბიზნესცენტრში იმყოფებოდნენ:
- ირაკლი კობახიძე;
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი,
- საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი,
- ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი და
- საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარიძე.