მოსკოვის საზღვაო გეგმა ოკუპირებული მარიუპოლის ბათუმთან დასაკავშირებლად - უკრაინა სანქციების გვერდის ავლაზეც მიუთითებს

რუსეთმა უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლის ოკუპაცია 2022 წელს, ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მოახდინა. ფოტოზე - პორტი 2017 წელს.

მოსკოვის სურვილია, რომ უკრაინის ანექსირებული დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლიდან „მეგობრული ქვეყნის“ - საქართველოს - ქალაქ ბათუმისკენ რეგულარული კრუიზები შესრულდეს. როგორც ირკვევა, ამისთვის ემზადებიან და არცთუ შორეულ პერსპექტივად მიიჩნევენ.

მარიუპოლის ოკუპაციის შემდეგ 3 წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა ომის დროს თავად რუსების მიერ განადგურებული ქალაქი ისევ პრობლემების წინაშეა; ხოლო მისი პორტი აზოვის ზღვის აუზში ჯერ ისევ უფუნქციოა. შესაბამისად, შეუძლებელია რეგულარული საკრუიზო რეისების დანიშვნა.

„მსხვილი საკრუიზო გემების მიღების შესაძლებლობის მქონე ნავმისადგომების მშენებლობის ან აღდგენის გარეშე, საერთაშორისო რეგულარული რეისების დაწყება შეუძლებელია“, - ეუბნებიან რუსეთის მედიას ზღვისა და მდინარის ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოში [Росморречфлот].

მანამდე, 2026 წლის აპრილში, ბათუმში საკრუიზო გემის - Astoria Grande-ს ჩასვლა იგეგმება, რასაც 2023 წლის ივლისში ხმაურიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

რა გეგმა აქვს რუსეთს ოკუპირებულ მარიუპოლში?

მარიუპოლის პორტის ინფრასტრუქტურის მოწყობა, - კერძოდ, საერთაშორისო კრუიზებისთვის, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებაა. ინფორმაცია "რია ნოვოსტიმ" რუსეთის მთავრობის დოკუმენტებზე დაყრდნობით ჯერ კიდევ 17 იანვარს გაავრცელა.

თუმცა ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული მარიუპოლის პორტში სამგზავრო ინფრასტრუქტურის მოწყობის გრაფიკი.

TRN-news.ru-ს ცნობით, ახლა მხოლოდ ვარიანტების დამუშავების ეტაპია და „პროექტის რეალიზება შესაძლებელია არაუადრეს 2027-2028 წლებისთვის“.

„რია ნოვოსტის“ თანახმად, აზოვის ზღვის აუზში რვა პორტია: მარიუპოლი, იეისკი, კავკაზი, ტემრიუკი, ბერდიანსკი, აზოვი, დონის როსტოვი და ტაგანროგი. რუსეთის მთავრობის დოკუმენტებით, სამგზავრო გემებისთვის აუცილებელი სპეციალური ნავმისადგომი ამ ეტაპზე მხოლოდ ტაგანროგშია, ხოლო იეისკისა და მარიუპოლის პორტებმა ასეთი გემების მიღების შესაძლებლობა დაკარგეს.

რუსეთის სამთავრობო დოკუმენტებიდან “რია ნოვოსტისთვის” ცნობილი გახდა, რომ ასეთი კრუიზებისთვის გამოსადეგად თვლიან ლაინერს სახელწოდებით - „მუსტაი ქარიმი“. 2025 წლის დეკემბრის ინფორმაციით, მას გეგმური ტექნიკური სერვისის გარდა, კოსმეტიკურ რემონტსაც უტარებდნენ.

  • 2020 წელს ნიჟეგოროდსკში ​აგებული ლაინერი „მუსტაი ქარიმი“, როგორც იტყობინებიან, აქამდე მხოლოდ შიდა რეისებისთვის გამოიყენებოდა.
  • "6 სეზონის განმავლობაში შეასრულა 322 რეისი და იმყოფებოდა რუსეთის 70 დასახლებულ პუნქტში. ლაინერმა ბორტზე მიიღო 41 456 სტუმარი ქვეყნის 80 რეგიონიდან. გავლილი აქვს 142 000 საზღვაო მილი“.


რუსეთის შორეული აღმოსავლეთის განვითარების სამინისტროს ცნობებით, აზოვის ზღვის პორტების განვითარების დაფინანსება წყლის ტრანსპორტის განვითარების პროგრამით არის გათვალისწინებული - 2030 წლამდე გაწერილი გეგმით.

გასული წლის დეკემბერში რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, „რუსეთის ახალი [ანექსირებული - რ.თ.] რეგიონების - მარიუპოლისა და ბერდიანსკის პორტების საზღვაო ინფრასტრუქტურის აღსადგენად“ 2025 წელს 2.2 მილიარდი რუბლი [დაახლოებით 28 მილიონი დოლარი] გამოიყო.

მანამდე, 2024 წლის ივლისში, Росморречфлот-ის ხელმძღვანელი, ანდრეი ტარასენკო რუსეთის მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ეუბნებოდა, რომ მარიუპოლის პორტის სრულფასოვანი ამუშავებისთვის პრიორიტეტს ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენს; ფულს ფედერალური ბიუჯეტი ხარჯავს და ამ ტვირთის შესამსუბუქებლად საჭიროა კერძო ინვესტიციების მოზიდვა და ბიზნესის ჩართვა.

რა გზით მოხვდებიან მარიუპოლიდან ბათუმში?

რუსულენოვან წყაროებში იძებნება სავარაუდო სამომავლო მარშრუტიც, წარსულის პრაქტიკის შესაბამისად.

  • მარიუპოლიდან გამოსული გემი აზოვის ზღვის აუზიდან შავ ზღვაში ქერჩის სრუტის გავლით უნდა მოხვდეს;
  • უკვე შავ ზღვაში, ბათუმში ჩასვლამდე - რუსეთის კრასნოდარის მხარისა და ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროს უნდა ჩაუაროს;
  • ვარაუდობენ, რომ გემი შესაძლოა გაჩერდეს რუსეთის ნოვოროსიისკის ან სოჭის პორტებში.


რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პირობებში, ეს მარშრუტი არცთუ უხიფათოდ გამოიყურება. გემმა ქერჩის [ყირიმის] ხიდის ქვეშ უნდა გაიაროს; ეს ხიდი კი არაერთხელ გახდა უკრაინის სამხედრო ძალების სამიზნე. ხიდზე, რომელიც რუსეთს მის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულთან აკავშირებს, 2022 წლის შემდეგ არაერთი თავდასხმა და აფეთქება მოხდა.

ყირიმის ხიდზე უსაფრთხოების ზომები მუდმივად გამკაცრებულია. უსაფრთხოების სამსახურები გამვლელ-გამომვლელებს აჩერებენ, საბუთების შემოწმებისა და ჩხრეკის მიზნით. ВЕСТИ КРЫМ 20 იანვარსაც იტყობინებოდა, რომ ხიდზე მოძრაობა დროებით შეაჩერეს და ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ.

"კავშირების განმტკიცება", "სანქციების გვერდის ავლა"

საზღვაო კომუნიკაციების გაფართოებას რუსეთში მხოლოდ ტურისტულ მიზნებს არ უკავშირებენ. ერთ-ერთი მთავარი მიზანი "კავშირების გაღრმავებაა".

„ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აზოვის ზღვაზე კრუიზების განახლება იქნებოდა მნიშვნელოვანი ნაბიჯი სანაპირო ტურიზმის განვითარებისა და კავშირების განმტკიცებისთვის მეგობრულ ქვეყნებთან, პირველ რიგში, საქართველოსთან“, - რუსულენოვანი წყაროები ხაზს უსვამენ რეგულარული საკრუიზო რეისების აღდგენის მნიშვნელობას სწორედ იმ მარშრუტზე, რომლებიც 2014 წლამდე [რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ანექსიამდე] ახსოვთ. აღნიშნავენ, რომ „ადრე მარშრუტზე მარიუპოლი-ბათუმი დიდი მოთხოვნა იყო ტურისტების მხრიდან, რომლებსაც ზღვაზე დასვენების კულტურულ პროგრამასთან შეთავსება სურდათ“.

თბილისს მოსკოვის ამ გეგმების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით კი, „2025 წელს რუსეთმა გაააქტიურა დროებით ოკუპირებული მარიუპოლის საზღვაო პორტის გამოყენება, რასაც წარმოაჩენს, როგორც „აღდგენას“"; სინამდვილეში კი - "ეს არის უკრაინული ინფრასტრუქტურის უკანონოდ მითვისება და მისი მოქცევა აგრესორი სახელმწიფოს ლოგისტიკურ სისტემაში” და რომ საერთაშორისო გემებისთვის პორტის გახსნის გეგმა “კანონიერების ილუზიის შექმნასა” და “სანქციების გვერდის ავლას” ემსახურება.

ამავე უწყების ცნობით:

  • ოკუპანტები ცვლიან უკრაინულ სტანდარტებს რუსული სტანდარტებით, „უკრაინული იურისდიქციის წაშლით“.
  • არსებობს განზრახვა, მარიუპოლი გადააქციონ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების „საკვანძო ლოგისტიკურ ცენტრად“.
  • ამ ფონზე კი - სოციალური სიტუაცია მკვეთრად უარესდება: სკოლებში შეწყვიტეს მოსწავლეთა კვების პროცესი; მოსახლეობა წლობით ელოდება დაპირებულ საცხოვრებელ ფართს; ადამიანებს არ ეძლევათ კომპენსაციები დანგრეული საცხოვრებელი სახლების სანაცვლოდ.
  • მოსახლეობის პრეტენზიებს პასუხობენ სიტყვით - „დაიცადეთ“.


უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის 18 იანვრის განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ მარიუპოლი რუსეთმა „საწვრთნელ სამხედრო პოლიგონად“ აქცია; მას უყურებს არა როგორც ადამიანებით დასახლებულ ქალაქს, არამედ როგორც ნადავლს და ეწევა მიტაცებული ტერიტორიის „ცინიკურ ექსპლუატაციას“, საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით.

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი რუსეთის არმიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდა. ქალაქს გმირულად იცავდნენ "აზოვის" პოლკის ჯარისკაცები, რომლებიც 2022 წლის გაზაფხულზე „აზოვსტალის“ ქარხანაში თითქმის ორი თვის განმავლობაში იყვნენ გამაგრებული.

2022 წლის მარტში რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის თეატრი დაბომბეს, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. დაბომბვის დროს თეატრს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ბავშვები აფარებდნენ თავს. თეატრის წინ დიდი ასოებით შესრულებული იყო თვალსაჩინო წარწერა - "ბავშვები", მაგრამ რუსმა მფრინავებმა შენობა მაინც დაიბომბეს.

მარიუპოლი ამ ეტაპზე რუსეთის მიერ სრულად არის ოკუპირებული. გაეროს შეფასებით, ქალაქში მრავალსართულიანი შენობების 90%-მდე და კერძო სახლების 60%-მდე დაზიანდა ან განადგურდა, რუსეთის სამხედრო მოქმედებების შედეგად. 2022 წელსვე რუსეთმა დონეცკი, უკრაინის კიდევ 3 ოლქთან ერთად, ანექსირებულად გამოაცხადა.

ასევე ნახეთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკსა და მარიუპოლში წყლის პრობლემა "ჰუმანიტარულ და ეკოლოგიურ კატასტროფად" იქცა
ასევე ნახეთ ცარიელი კორპუსები, დანგრეული შენობები, სიცივე - ცხოვრება ოკუპირებულ მარიუპოლში

აპრილში ბათუმში ჩასვლას Astoria Grande აპირებს

2023 წლის ივლისში ბათუმის პორტში ხმაურიანი საპროტესტო აქციებით დახვდნენ Astoria Grande-ს. ამ გემმა 31 ივლისს საქართველოში პუტინის რეჟიმის მხარდამჭერი მუსიკოსები და არტისტები ჩამოიყვანა.

საპროტესტო აქციაზე კვერცხებისა და ბოთლების სროლის მიუხედავად, გემის მგზავრები, პოლიციის დახმარებით, ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მაინც გაიყვანეს ქალაქში. 31 ივლისს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა, მათ შორის, უკრაინის ორი მოქალაქე.

ამის შემდეგ, Astoria Grande აღარ ჩამოდიოდა საქართველოში, რასაც აქციის მონაწილეებსა და მხარდამჭერებში გამარჯვების შეგრძნება მოჰყვა. თუმცა არსებობს რეისების განახლების რეალური გეგმა.

“საყვარელი თურქეთი და სტუმართმოყვარე საქართველო” - Astoria Grande-ს სერვისების გაყიდვის ოფიციალურ ვებსაიტზე მსურველებს სთავაზობენ 8-დღიან კრუიზს 2026 წლის 18 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით შემდეგ მარშრუტზე: სოჭი-ბათუმი-სტამბოლი-ამასრა-სოჭი.

ამ განრიგით, Astoria Grande-ს ბათუმში ყოფნა 19-20 აპრილს უწევს.

ასევე ნახეთ "უკვე მეტისმეტი იყო" - რამ გააბრაზა ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეები
ასევე ნახეთ ჰქონდა თუ არა აზრი? - ბათუმური პროტესტი ზღვით შემოსული რუსი მგზავრების წინააღმდეგ