კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ „ვადამდე“ აუმაღლა - ის ვიცე-პოლკოვნიკი გახდა

მამუკა მდინარაძე, სუსის ხელმძღვანელი

2026 წლის 9 მარტიდან, სუსის უფროსი მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკია. მას წოდება მორიგ ჯერზე „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აუმაღლა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორს მამუკა მდინარაძეს ვადამდე მიენიჭოს, მორიგი უფროსი სპეციალური წოდება“, - წერია ბრძანებაში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძეს სპეციალურ წოდებას ანიჭებს და სტატუსს უმაღლებს. მაგალითად, გასული წლის დეკემბერში ორ დღეში მან ორი სპეციალური წოდება მიიღო.

  • 2025 წლის 25 დეკემბრის ბრძანებით, მამუკა მდინარაძეს ჯერ „სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის“ წოდება მიენიჭა;
  • მეორე დღეს, 26 დეკემბერს კი - „სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის“.
  • იქამდე 2025 წლის 3 სექტემბერს „სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის" წოდება მიენიჭა. 23 ოქტომბერს კი - „უფროსი ლეიტენანტის“ წოდება.


„ქართულმა ოცნებამ“ 10 წლის განმავლობაში სუსის უფროსი მეოთხედ შეცვალა. მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე 2025 წლის 3 სექტემბერს დაინიშნა. კენჭისყრაზე მის კანდიდატურას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, მამუკა მდინარაძე ყველა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო.

2016 წლის შემდეგ, მდინარაძე ძირითადად “ქართული ოცნების” უმრავლესობის ლიდერის პოზიციას იკავებდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

ასევე ნახეთ სუსის 10 წელი, მე-4 უფროსი და განუზომელი უფლებები

მდინარაძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წამყვანი სპიკერი იყო ე.წ. გლობალური ომის პარტიაზე, "დიპ სტეიტსა" და საქართველოს ომში ჩართვაზე. პარლამენტში გამართულ ბრიფინგებზე ხშირად კამათობდა კრიტიკულ მედიასთან, მწვავედ უპირისპირდებოდა „რადიკალურ ოპოზიციას“.

მდინარაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებს დაუპირისპირდა. 2022 წლის ივნისში ის ამბობდა, რომ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა ევროპარლამენტარებს სურთ. მას შემდეგ მისი ბრალდებებიც დამძიმდა და ბრალდების ადრესატთა წრეც გაფართოვდა.

პარლამენტში მოხვედრამდე, მამუკა მდინარაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა გამომძიებლად, ადვოკატად, „ადვოკატთა ალიანსის“ თავმჯდომარედ, „საქართველოს პარაოლიმპიური ფონდის“ პრეზიდენტად; 2014 წელს დააფუძნა (ა)აიპი „სამართლის მონიტორინგის ცენტრი", 2015 წელს კი - შპს „მდინარაძე და პარტნიორი ადვოკატები“.

მამუკა მდინარაძე თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით აირჩიეს. მანამდე სუსს ხუთი თვის განმავლობაში ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ექვსი წლის ვადით იყო არჩეული.

1 ოქტომბერს მამუკა მდინარაძემ სუსის ახალი უფროსის რანგში პირველი ექსკლუზიური ინტერვიუ პროსახელისუფლებო „იმედს“ მისცა. ინტერვიუს მთავარი ხაზი ოპოზიციური ჯგუფების მიერ 4 ოქტომბერს დაგეგმილი „მშვიდობიანი დამხობა“ იყო.

ასევე ნახეთ რა დევს ხელისგულზე 4 ოქტომბერს? მდინარაძე ამბობს, რომ სქემები გაშიფრეს