მართვის მოწმობის აღება მარტივდება

მართვის მოწმობის ასაღებად სამი ეტაპის გავლაა საჭირო.

მარტივდება მსუბუქი ავტომობილისთვის საჭირო B კატეგორიისა და B1 ქვეკატეგორიის მართვის უფლების მიღება. შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა 20 მაისს გამოსცა შესაბამისი ბრძანება.

დღეიდან, 21 მაისიდან გამოსაცდელს თეორიული გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუკი 30 კითხვიდან 25-ს სწორად უპასუხებს.

აქამდე გამოცდის ჩასაბარებლად სულ მცირე 27 სწორი პასუხი იყო საჭირო.

ცვლილებების ნაწილი 15 ივნისიდან ამოქმედდება:

  • პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, რაც ქალაქში ავტომობილის მართვას გულისხმობს, გამომცდელი კანდიდატს შეცდომის გამოსასწორებლად მისცემს „გონივრულ ვადას“ და მისცემენ მითითებას (მაგ.: „გთხოვთ კიდევ ერთხელ შეამოწმოთ საგზაო მოძრაობისთვის მზადყოფნა“);
  • გარდა ამისა, 12 მსუბუქი შეცდომის რაოდენობა გაზრდილია 15-მდე.

საქართველოში მართვის მოწმობის ასაღებად სამი ეტაპის გავლაა საჭირო:

  • ტესტირება;
  • გამოცდა შსს-ს მიერ გამოყოფილ დახურულ სივრცეში;
  • გამოცდა ქალაქში.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცნობით, 22 მაისიდან, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარებისთანავე, კანდიდატს შეეძლება „ქალაქის გამოცდაზე“ რეგისტრაცია.

ყოველ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად საჭიროა დაწესებული ზღვრის გადალახვა.

ასევე ნახეთ: