დაპირისპირების ბოლო ეპიზოდი ნიკა მელიას ეკუთვნის: 29 მაისს მან ვრცელი, არცთუ სახარბიელო ეპითეტებით გაჯერებული წერილით უპასუხა მიხეილ სააკაშვილის პოსტს, რომლითაც სააკაშვილი მელიას „აქციის დაშლას“ ადანაშაულებდა.
ამავე წერილში მელია მოუწოდებს სააკაშვილს, დაასახელოს ის „მოღალატე“, რომლის რჩევითაც მამულად ჩამოვიდა საქართველოში 2021 წელს, - რასაც მისი დაპატიმრება მოჰყვა, - და ვინც სააკაშვილს ჯერ არ დაუსახელებია.
„ღალატი“
მიხეილ სააკაშვილმა 2026 წლის 21 მაისს მორიგ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა, მისი თქმით, მის მიმართ ჩადენილ „ღალატზე“:
„მე მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა... ჩამოსვლა მარტივი არ იყო, რადგან რუსეთის აგენტურა იყო ჩემს გარემოცვაში ჩასმული. იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად მეუბნრბოდა - ჩამოდი, ჩამოდიო“, - განაცხადა სააკაშვილმა.
„ამის თქმა მე არ მჭირდებოდა, მაგრამ მერე გარკვეული ნდობა გაიჩინა ჩემს გარემოცვაში“, - გაიხსენა ექსპრეზიდენტმა.
- „პირველად 2020-ში რომ ჩამოვდიოდი, ჩემი კოორდინატები გადასცა ივანიშვილის ხელისუფლებას, წიანსწარ ყველაფერი იცოდნენ და მომიხდა უკან დაბრუნება“, - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
- „მეორეჯერ როცა ჩამოვედი, უნდა დამხვედროდა, მაგრამ არ დამხვდა არავინ და ზუსტად ორ საათში რუსეთის დავალებით ჩემი მონაცემები გადასცა მაშინდელ ძალოვან სტრუქტურებს“, - თქვა მან.
მიხეილ სააკაშვილს მის მიერ აღწერილი ადამიანის ვინაობა არ დაუსახელებია.
ასევე ნახეთ
"სხვა მიშა გამოვიდესო..." - ინტერვიუ "უკრაინიდან შემოპარვის საქმის" ექსპატიმართან, მიშა ბატურინთანმედიასა და სოციალურ ქსელებში სპეკულაციების შემდეგ, 27 მაისს, სააკაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ „ჩამოსვლისა და ღალატის საკითხი“ „არ ეხება არცერთ მოქმედ აქტიურ პოლიტიკოსს და უნდა შეწყდეს ამაზე სპეკულაცია“ და „იმ კაცს ... უმრავლესობა საერთოდ არ იცნობს“.
„როცა დრო მოვა აუცილებლად დავასახელებ იმ კაცს. ვიღაცებმა ეჭვი მიიტანეს ნიკა მელიაზე, ის არაფერ შუაშია. ჩემი ლოჯისტიკის საქმის კურსში მელია საერთოდ არ იყო“, - განმარტა მან.
თუმცა იმავე პოსტში ნიკა მელია მაინც გააკრიტიკა:
„მელიას შეცდომა ის იყო, რომ მან გუშინდელ აქციაზე ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, არადა თბილისში არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო ჩემი გათავისუფლების გარეშე“.
არ დაუზუსტებია, რომელ აქციას გულისხმობდა.
მელიას პასუხი
ნიკა მელიამ სააკაშვილის ამ პოსტს 29 მაისს ვრცელი წერილით უპასუხა, - წერილი მის ფეისბუკზე გამოქვეყნდა. მისი თქმით, სააკაშვილის ეს ფრაზა ტყუილი და ცილისწამება იყო.
ის წერს, რომ:
- „სააკაშვილს უკვე მრავალი წელია ჩემს მიმართ ეჭვიანობა, როგორც ყელს შემოჭერილი მარყუჟი, ისე ახრჩობს“;
- „სააკაშვილისთვის ტყუილი და უტიფრობა პროზაულია, ამის გარეშე ის აღარ არსებობს“;
- „ჩემთვის ცნობილია, რომ იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შეტრფის, ისიც გასაგებია, რომ მუდმივად ეჭვით შეფორიაქებულია და მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსული“;
- და სააკაშვილი „საკუთარმა დაუძლეველმა ეჭვიანობამ აიძულა ჩამოსულიყო“.
- „2021 წლის საარჩევნო კამპანიის ფინანსურ უზრუნველყოფაში იყო ნულოვანი და ამის ფონზე, მისმა ეჭვიანობამ პიკს მიაღწია და შედეგად ჩაიდინა სალტო მორტალე, რითიც საკუთარ თავს ის დამართა, რაც დამართა და უნიკალური, ძალიან პერსპექტიული პოლიტიკური პროცესი ფერფლად გადაიქცა“.
- „სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია. ვიყო ივანიშვილის მტერი არ ნიშნავს, რომ უნდა ვიყო სააკაშვილის პარტნიორი. დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს“.
ასევე ნახეთ
ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დახურულ დარბაზში ასამართლებენ - “საბოტაჟის საქმე”„ის კაცი“
ამავე წერილში ნიკა მელია სააკაშვილს მორიგ პოლიტიკურ ბრალდებას უყენებს და მოუწოდებს, „მოჰყვეს, იმ კაცს, რომელსაც არ ასახელებს, მთელი 2022 წლის განმავლობაშიც რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა“.
„რატომ იყო „ის კაცი“ მისი მოციქული ხელისუფლებასთან 2022 წელს?! ანუ მისი ვივამედში ყოფნის დროსაც?! ამ კაცის მეშვეობით რა გარიგება დაიდო ხელისუფლებასთან და 2022 წლის ბოლოს რაში გადააგდეს სააკაშვილი“ - წერს მელია.
არც ის აკონკრეტებს არც სახელს, და არც მის მიერ ნახსენები „გარიგების“ თუ „გადაგდების“ დეტალებს.
„სააკაშვილის გაუთავებელი ტალახის სროლა და დროდადრო მისი მხრიდან, მის წინააღმდეგ თითქოს ჩადენილ ღალატზე საუბარი, მხოლოდდამხოლოდ ემსახურება მისი უცხოეთში გაშვების სანაცვლოდ, ხელისუფლებასთან გარიგებაში შესვლის კონკრეტული ისტორიის გადაფარვის მცდელობას, რომელიც მას ბევრი მიზეზის გამო, დღეს ძალიან აწუხებს“, - წერს ნიკა მელია.
პოლიტიკოსის თქმით, ხუთი წლის განმავლობაში ამ საკითხზე საჯაროდ არ საუბრობდა, რადგან სააკაშვილი „ვივამედში“ იყო, მელია კი მაშინ - გარეთ: „ჩემ თავს საამისო მორალური უფლება არასდროს მივეცი. არადა, ის ჩემ ადგილზე ასჯერ მოჰყვებოდა“, - აცხადებს ის.
„თუმცა კი, როცა ახლა ერთი პატიმარი მეორეს, თითქოს წინასწარ გაწერილი გრაფიკის სიზუსტით, თვეში ერთხელ ტალახს ესვრის და ამით ვხედავ მისი სულის გამოაშკარავებულ სიღატაკეს, ჩემი დუმილი მართებული აღარ არის“, - ვკითხულობთ მელიას წერილში.
მელია ამბობს, რომ:
- „სააკაშვილს „ის კაციც“ და სხვებიც ეუბნებოდნენ, თუ ის არ ჩამოვიდოდა საქართველოში, მელია მას პარტიას წაართმევდა. თუმცა ის ამ ფობიით უკვე ისედაც შეპყრობილი იყო…
- ამას დაემატა მაშინდელი, დღემდე უპრეცედენტო ოპოზიციური ერთობა, რამაც მისი ეჭვიანობა საშინლად გააძლიერა.
- დაინახა ისიც, რომ პარტიას მსხვილი დონორი გაუჩნდა, რაც მე საზოგადოებას არ დავუმალე და ბუნებრივია, მანაც გაიგო“.
ეს დაპირისპირების პირველი ეპიზოდი არ არის
2025 წლის 24 ნოემბერს პატიმრობაში მყოფმა ნიკა მელიამ, - რომელიც ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარეა, - სასამართლო სხდომაზე განაცხადა:
„ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა [მიხეილ სააკაშვილმა] ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა. ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები“.
მანამდე სამი კვირით ადრე, 3 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში „ნაციონალური მოძრაობიდან“ სხვადასხვა დროს წასულ პოლიტიკოსებზე ისაუბრა, მათ შორის ზოგიერთი მათგანი „ფინანსურ ინტერესებში“ დაადანაშაულა.
მოგვიანებით, 2025 წლის 25 ნოემბერს, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელიას არ გულისხმობდა, როდესაც აკრიტიკებდა ყოფილ თანაგუნდელებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, „ოლიგარქისგან პირდაპირ ან ირიბად იღებდა ფულს“.