მერიამ „რიყის დოქების“ დემონტაჟის ნებართვა გასცა

„რიყის დოქები“

"ევროპის მოედანზე" წლების წინ აშენებული „რიყის დოქების“ დანგრევა იგეგმება - კომპანიამ თბილისის მერიისგან უკვე მიიღო დემონტაჟის უფლება. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მერიის პრესსამსახურმა დაუდასტურა.

თბილისის ცენტრალურ და ტურისტულად აქტიურ ნაწილში არსებული ნაგებობის დემონტაჟის შესახებ „დადებითი გადაწყვეტილება“ 16 მაისს მიიღო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ, რომელშიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტი და კულტურის სამინისტროც იყო ჩართული. საბოლოოდ, საკითხი 25 ივნისს გამოცემული ბრძანებით შეთანხმდა არქიტექტურის სამსახურთან.

იტალიელი არქიტექტორის დაპროექტებული და წინა ხელისუფლების (2012 წელი) დროს აშენებული „რიყის დოქები“, რომლებიც წლებია უფუნქციოა, მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს არ მოსწონთ.

„რიყის დოქების“ შესახებ

თავდაპირველად, სანამ „რიყის დოქები“ სახელმწიფოს ბალანსზე იყო, იქ ხელოვნების ცენტრის და მუსიკისა და დრამის თეატრის განთავსება იგეგმებოდა, მოგვიანებით კი ხელმოწერები გროვდებოდა შენობაში ღვინის მუზეუმის გახსნის მოთხოვნით.

წლების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მისი გაყიდვა გადაწყვიტა, თუმცა „დოქები“ ვერ გაიყიდა.

საბოლოოდ, 2022 წელს, აუქციონზე არაერთხელ გატანის შემდეგ, ობიექტი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის ხელში აღმოჩნდა 10 მილიონ ლარად. როდესაც პირველად გაიტანეს აუქციონზე, მისი ფასი 95 მილიონი ლარი იყო.

2025 წელს ხიდაშელმა „რიყის დოქები“ გაყიდა (წელს მთავრობამ ხიდაშელს ინვესტიციების შეუსრულებლობის საფუძვლის დასახელებით ჩამოართვა კურორტები "ახტალა" და "ლიბანი", 2023 წელს კი რაჭაში გაუუქმა სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია).

  • „რიყის დოქების“ ახალი მფლობელია 2025 წლის 25 აპრილს რეგისტრირებული კომპანია „რიყე დომი“;
  • „რიყე დომს“, თავის მხრივ, ფლობდა 2017 წელს რეგისტრირებული „ნ.გ.ბ.“. ამ კომპანიას კი ფლობდა ბიზნესმენი თორნიკე კოპალიანი.

ასევე ნახეთ

„რიყის დოქები“ გაიყიდა

„მარქო ჯგუფის“ ვებგვერდის მიხედვით, კომპანია ფლობს არაერთ სასტუმროსა და ბიზნესს საქართველოში. ესენია:

  • სასტუმროები - Mercure Tbilisi Old Town-ი და Ibis Styles Tbilisi Center;
  • ავეჯის ფაბრიკა Glorya, ავეჯის მაღაზია Bellissa;
  • სახლის აქსესუარების მაღაზია Madamme Coco;
  • რესტორანი Dinehall-ი.

ასევე ნახეთ

„რიყის დოქები“ კიდევ ერთხელ გაიყიდა - რა ვიცით ამ გარიგებაზე

დემონტაჟი

ის, რომ „რიყის დოქების“ დემონტაჟი იგეგმებოდა, ცნობილი ჯერ კიდევ 2025 წლის 21 მაისს გახდა. ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა: „მე არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს“.

მანამდე ორი კვირით ადრე, 6 მაისს, კობახიძემ გამოსცა განკარგულება, რომლითაც „რიყის დოქების“ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა. ცვლილებით, „რიყე დომს“ მიენიჭა უფლება, „პირადად ან მესამე პირის მეშვეობით“ განავითაროს ის ტერიტორია, სადაც „რიყის დოქებია“ აშენებული.

ასევე ნახეთ

მთავრობამ „რიყის დოქების“ დემონტაჟის უფლება გასცა - შესაძლოა მის ნაცვლად სასტუმრო აშენდეს

„რიყე დომს“ 2030 წლის 5 მაისამდე დაევალა ამ პროექტის განხორციელება და ამისათვის 44 მილიონი ლარის დახარჯვა (დღგ-ის გარეშე).