ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც ცხოველთა უფლებების დამცველები წუხან, რომ ქალაქებიდან ძაღლები ერთმანეთის მიყოლებით ქრებიან. მიჰყავთ და აღარ აბრუნებენ. აქტივისტები ეჭვობენ, რომ მათ დაუსახლებელ ადგილებში ტოვებენ ან კიდევ უფრო უარესი - აძინებენ.
უკვე წლებია, საქართველოში მიუსაფარი ცხოველების პრობლემაა. ათიათასობით ძაღლი თუ კატა უპატრონოდ დადის ქუჩებში. ბევრი მათგანი სახიფათოა და დაავადების გადამტანი. უპატრონო და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის სამართავად სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროგრამას, რომელიც 36 000 ცხოველის სტერილიზაციას, კასტრაციასა და ვაქცინაციას ითვალისწინებს. ცხოველების უფლებადამცველები პროგრამას იწონებენ, თუმც მისი „ჩატარების მექანიზმს“ - არა.
ასევე ნახეთ როგორ უვლით შინაურ ცხოველებს? - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სახლებში მოგაკითხავთზუგდიდელ აქტივისტ სალომე ფარცვანიას დილის რვა საათზე მეზობელმა მისწერა, რაღაც ხდება, ქალაქში ძაღლები აჰყავთო. როცა სალომემ ეზოსთან მიკედლებული ძაღლები ვეღარ დაინახა, ქალაქის ცენტრისკენ გაიქცა. „სახლში ბავშვები უპატრონოდ დავტოვე, 4 თვის ჩვილი“, - ამბობს სალომე.
ზუგდიდის მერიასთან ძაღლებით სავსე მანქანას გადააწყდა. გადაღება დაიწყო, მაგრამ არ დაანებეს.
„რამდენიმე ათეული ძაღლი იჯდა მანქანაში. მოხალისეები ვუვლით ამ ძაღლებს, ყველა გასტერილებული და საჭდიანია. იქვე იდგნენ ზუგდიდის მერიის თანამშრომლები, ვიცე-მერი გიორგი ხვიჩია. დახმარებას ვთხოვდი ტირილით, საჭდეებიანი ძაღლები მაინც არ წაიყვანოთ-მეთქი. მინდოდა შემეხედა მანქანაში, იქნებ ჩემი მიკედლებული ძაღლები მენახა, მაგრამ არ მიმიშვეს“.
როგორც აქტივისტი ჰყვება, ვიცე-მერმა ანუგეშა, სატირალი არაფერია, პროცედურებს ჩაუტარებენ, კი არ ხოცავენო. მაგრამ სალომეს ამ დაპირების არ სჯერა.
„ამ მანქანას კიდევ მოჰყვებოდა სხვა მანქანა, რომელშიც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ისხდნენ. მითხრეს, ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში მიგვყავს ძაღლები, ერთ კვირაში ან შეიძლება ერთ თვეში დავაბრუნოთ, მაგრამ სადაც ბევრი ხალხია, იქ არა, ბუნებაში გავუშვებთო, - ამბობს სალომე, - ჩვენი ნალოლიავები, აცრილი, ძალიან საყვარელი ძაღლები მიჰყავთ და არ აბრუნებენ. სავარაუდოდ, წაყვანილია ძაღლი, რომელიც შვილივით გავზარდე. ჩემს ჭიშკართან იწვა ხოლმე ან - მეზობლის და არსად არაა. ქუჩის თავში რაც კი ძაღლები იყო, ყველა გაქრა“.
ზუგდიდის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ძაღლები სურსათის უვნებლობის სააგენტოს გადაჰყავს, თავად მერია კი ამ პროცესში არ მონაწილეობს.
სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ზუგდიდის ცენტრში შეგროვებულ ძაღლებს ვეტერინართან ვიზიტის შემდეგ ისევ ზუგდიდში დააბრუნებენ.
ცხოველთა დამცველები ყოველ კვირას აწყობენ აქციებს მთავრობის კანცელარიის წინ და ქალაქებიდან გამქრალი ცხოველების დაბრუნებას ითხოვენ.
მათ შეიმუშავეს პეტიცია, რომელშიც მიუთითებენ ახალ განკარგულებაზე (N412), რომლის მიხედვითაც, აკრძალულია ძაღლის დაბრუნება სკოლებთან, ბაღებთან, კლინიკებთან, ბაზრებთან, საკვებ ობიექტებთან, ანუ ყველა იმ ადგილთან, სადაც ძაღლს შეიძლება საჭმელი აჭამონ.
ასევე ნახეთ წავიკითხეთ ახალი კანონპროექტი შინაურ ცხოველებზე და აი, რა გავარკვიეთუფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ეს განკარგულება ბუნდოვანი და არაეფექტურია, რადგან წაყვანილი ძაღლების ადგილს სხვა მიუსაფარი ცხოველები დაიკავებენ.
უფლებადამცველები მოითხოვენ, შევიდეს ცვლილებები კანონსა და განკარგულებებში, ასევე მოჰყვეს შესაბამისი აღსრულებაც:
- თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველი დაბრუნდეს პირვანდელ საცხოვრებელ არეალში. ამის დამადასტურებელი ფოტო ან ვიდეომასალა საჯარო იყოს ნებისმიერი მოქალაქისთვის.„პირვანდელ არეალში დაბრუნების“ ვალდებულება გაიწეროს კანონშიც და განკარგულებებშიც;
- სააგენტომ არ გადაიყვანოს ცხოველი თავშესაფარში, თუ ამის საჭიროება არ დგას. სანაცვლოდ: თუ ცხოველი უკვე სტერილიზებულია, ვაქცინაცია და აღრიცხვა ჩატარდეს ადგილზევე.
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმკედლებელს თუ დაინტერესებულ მოქალაქეს მიაწოდოს ოფიციალური, დოკუმენტებით გამყარებული ინფორმაცია იმაზე, თუ სად დასვეს ნებისმიერი გაუჩინარებული ცხოველი.