გორში, „კომბინატის დასახლებაში“ მოქალაქის ცემისთვის დაკავებული ერთ-ერთი პოლიციელის, ალეკო ბადალოვის ადვოკატი ნოდარ ცინცაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ადვოკატმა გორის რაიონულ სასამართლოსთან განაცხადა, აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვამდე.
„მას ბრალში უწერია, რომ ძალადობით გადაამეტა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას. თუმცა მტკიცებულებები არ არის... ბრალს არ აღირებს“, - განაცხადა ადვოკატმა.
მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროკურატურა დაკავებული პოლიციელებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ადვოკატი ამას არ ეთანხმება - მისი მოთხოვნაა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენოს.
- 27 მაისს პოლიციამ გორში პაპუნა ლოცულაშვილზე იძალადა;
- თავდაპირველად პოლიციამ კაცი დააკავა, ჟურნალისტების მიერ გადაღებული ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ კი პროკურორმა მისი იზოლატორიდან გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მის წინააღმდეგ საქმის წარმოება გრძელდება;
- კაცს ედავებიან პოლიციელზე ძალადობას - მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით და შინაპატიმრობა, ჯარიმა ან ორიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება;
- შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, 28 მაისს განაცხადა, რომ მოქალაქე საპოლიციო გადამოწმების მიზნით იყო შეჩერებული და ძალადობას წინ უსწრებდა მისი მხრიდან „აგრესიული ქმედება“ და „თავდასხმა“.
- პოლიციელების წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით;
- გორში მომხდარი ძალადობის საქმეზე 28 მაისს ექვსი პოლიციელი დააკავეს. მათ 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ;
- დაკავებული პოლიციელები არიან: ვლადიმერ გოდერძიშვილი, ვანიკო მისირელი, გიორგი (ზაკო) წკრიალაშვილი, ალექსი ბადალოვი, ბესო მალაციძე, საბა წაველიძე;
- პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი 27 მაისს კლინიკა „ვივამედშიც“ იმყოფებოდა გამოკვლევებზე. მან სამედიცინო დაწესებულება რამდენიმე საათში დატოვა. პაპუნა ლოცულაშვილს ნეკნი აქვს გატეხილი;
- ის 29 მაისს, გვიან ღამით კვლავ მოხვდა კლინიკაში. როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ამბობს, მისი მდგომარეობა სტაბილურია;
- სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს“.
- „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის თქმით, მან ნახა გავრცელებული კადრები, „აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და, რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება“.