"ეს იარა მას მერე აქვს, რაც კაცმა ცხენზე გამოაბა" - ნატა ვიბლიანს გამომძიებელმა პოლონეთში ჩააკითხა

ვარშავაში საგამოძიებო მოქმედებები ნატა ვიბლიანის მონაწილეობით 12 და 13 აგვისტოს ჩატარდა

ემიგრაციაში მყოფ 43 წლის ნატა ვიბლიანის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად მთავარი გამომძიებელი პოლონეთში ჩავიდა. საგამოძიებო მოქმედებები ვარშავაში ორი დღე გაგრძელდა.

ნატა ვიბლიანის საჯარო ბრალდებების შემდეგ, გაუპატიურების მუხლით, გამოძიება პოლიციამ 35 წლის შემდეგ, 2026 წლის 13 ივნისს დაიწყო.

43 წლის ქალი, სოციალურ ქსელში ჰყვებოდა, რომ 1990-იან წლებში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.

ქალი ამბობს, რომ მისზე სექსუალური ძალადობა ბავშვობიდან დაიწყო. სავარაუდოდ, 14 წლისამ კი ბავშვი გააჩინა. ნატა ვიბლიანის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მას მხოლოდ მწირი განათლება აქვს, უჭირს, ზუსტი თარიღებისა და პერიოდის დასახელება, თუმცა ამბობს, რომ ძალადობის ფაქტი, მამის წლისთავიდან რამდენიმე დღეში დაიწყო, მაშინ კი ის დაახლოებით 9 წლის უნდა ყოფილიყო.

ასევე ნახეთ

ნატა ვიბლიანის მონათხრობზე გამოძიება დაიწყო - გამოავლენენ ბრალდებულებს 35 წლის შემდეგ?

უპრეცედენტოდ ხანგრძლივი გამოკითხვა - რატომ ჩავიდა გამომძიებელი ვარშავაში?

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი პოლონეთის დედაქალაქში 12 აგვისტოს ჩავიდა. სწორედ ამ დღეს მიანიჭა პროკურატურამ ნატა ვიბლიანს დაზარალებულის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც მას, ისე მის ადვოკატებს უახლოეს პერიოდში ექნებათ წვდომა საქმის მასალებზე.

მარიამ ბარსონიძე, ნატა ვიბლიანის ადვოკატი გვეუბნება, რომ დოკუმენტებს მათ გამომძიებლის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სავარაუდოდ 14-15 აგვისტოს გადასცემენ.

ადვოკატის თქმით, ნატა ვიბლიანთან შესახვედრად ჩასულმა გამომძიებელმა გამოკითხვის გარდა აღწერა დაზიანებები, რომელიც ქალს ბავშვობაში სავარაუდო მოძალადემ მიაყენა:

მარიამ ბარსონიძე, ნატა ვიბლიანის ადვოკატი

„გამოძიებამ აიღო ნატა ვიბლიანის ნერწყვის ნიმუში. ასევე აღიწერა იარა, რომელიც ქალს აქვს იღლიის ქვედა ნაწილში. ეს დაზიანება მიადგა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა პირმა, რომელსაც ნატა ვიბლიანი სისტემატურ გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ის ცხენზე გამოაბა და ათრია. ამის კვალი დაზარალებულს დღემდე ემჩნევა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნატა ვიბლიანის ადვოკატი და აზუსტებს, რომ პოლონეთში ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია.

ივლისის ბოლოს, ემიგრანტი ქალი, დისტანციურად, უცხოეთიდან საქართველოში, 4 დღის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას საგამოძიებო უწყებას. ადვოკატი გამოკითხვის ხანგრძლივობას უპრეცედენტოს უწოდებს.

„ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა. ძალიან ბევრი დეტალი და ეპიზოდი იყო დაზუსტებული. ნატა ვიბლიანმა დაწვრილებით ისაუბრა მის მიმართ, არასრულწლოვნობის ასაკში, სექსუალურ ძალადობაზე 4 პირის მხრიდან.

მან დეტალურად გაიხსენა ასევე არასრულწლოვნობის ასაკში, მისი ორსულობა და მშობიარობა, კლინიკაში გადაყვანა, აღწერა მშობიარობის შემდეგ მომხდარის დეტალები. მან ცოცხალი ბავშვი გააჩინა. ნატა ვიბლიანმა გამოძიების წინაშე დააყენა საკითხი, მოიძიონ მისი შვილის ადგილსამყოფელიც, ცოცხალია, გაშვილებულია, სად არის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მარიამ ბარსონიძე.

სხვა მასალებთან ერთად, რა დოკუმენტები შეიძლება იდოს საქმეში?

როგორც ადვოკატი გვიხსნის, კლინიკა სამეგრელოში, სადაც 90-იან წლებში ნატა ვიბლიანმა იმშობიარა, დღეს აღარ ფუნქციონირებს, თუმცა, მისი თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეუძლებელია იმ დოკუმენტაციის მიგნება, სადაც დაფიქსირებული უნდა იყოს არასრულწლოვანის მშობიარობისა და დაბადებული ბავშვის შესახებ ინფორმაცია:

„არსებობს არაერთი ცნობა, თუ რა არის შენახული თუნდაც დახურულ კლინიკებში. ეს ინფორმაცია მოპოვებადია, მიუხედავად იმისა, კლინიკა ფუნქციონირებს თუ არა. ეს ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ამ ეტაპისთვის, ვინაიდან საქმის მასალები ჯერ არ გადმოგვცემია, ჩვენთვის უცნობია, ამ მიმართულებით, რა დევს საქმეში, თუმცა, როგორც კი მივიღებთ მასალებს, ბუნებრივია, ამის შესახებაც გვექნება უფრო მეტი ინფორმაცია“.

ჯერჯერობით უცნობია, დევს თუ არა რაიმე ინფორმაცია საქმის მასალებში 35 წლის წინ, ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში შეტანილი საჩივრის შესახებ. ნატა ვიბლიანი ჩვენთან ინტერვიუში ამბობდა, რომ ზუგდიდის სამხარეო პოლიციას მაშინ მისმა ბაბუამ მიმართა, თავად მას კი ექსპერტიზა ჩაუტარდა.

ივლისის შუა რიცხვებში ამ განცხადებაზე რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ჰკითხა.

„ნატო ვიბლიანის მიმართ მომხდარი სავარაუდო ძალადობის ფაქტზე 90-იან წლებში დაწყებული გამოძიების შესახებ ინფორმაცია მოძიებული ვერ იქნა“, - გვიპასუხეს 31 ივლისს შს სამინისტროში.

თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილში გაკეთებულია შენიშვნაც:

„დანაშაულის ფაბულაში ყოველთვის არ არის დეტალიზებულად მითითებული დანაშაულის გარემოებები, შესაბამისად, სრულყოფილად ვერ ხდება ინფორმაციის მოძიება და ჩვენს მიერ მოწოდებული მონაცემები შესაძლოა იყოს არასრული“.

მარიამ ბარსონიძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ წლების წინ, ნატა ვიბლიანისა და მისი ოჯახის მიმართ ჩადენილი დანაშაული „მიიჩქმალა“.

„ნატა ვიბლიანმა გამოკითხვაზე ისაუბრა მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებითაც, რადგან ის მოულოდნელად და უცნაურ ვითარებაში დაიღუპა (ნატას თქმით, ერთ-ერთი ვერსია - თვითმკვლელობაა - რ.თ). ნატა ვიბლიანის გადმოცემით, არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა, ექსპერტიზაც კი არ ჩასტარებია მამის გვამს, შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმ პერიოდში მოხდა როგორც აღნიშნული ფაქტის, ისე ნატა ვიბლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულების მიჩქმალვა.

...ძალიან მყარად შემიძლია დაგიფიქსიროთ, რომ იმ პერიოდში, არანაირი საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რაც არაერთ დანაშაულს გახსნიდა, საგამოძიებო ორგანოს არ ჩაუტარებია“.

ადვოკატის ინფორმაციით, საქმეში დევს სხვადასხვა, მათ შორის ისეთი ნეიტრალური მტკიცებულებებიც, რაც გამოძიებას კონკრეტულ შედეგამდე მიიყვანს:

„საქმეში დევს არაერთი მოწმის გამოკითხვის ოქმი და გარდა ამისა, არის ისეთი ნეიტრალური მტკიცებულებები, რასაც ახლა ვერ გავასაჯაროებთ, მაგრამ როდესაც ამის შესაძლებლობა გვექნება, ამაზეც ვიტყვით. სწორედ ეს ნეიტრალური მტკიცებულებები მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რა შედეგიც გვინდა, რომ დადგეს“, - ამბობს ადვოკატი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

რას ამბობს ადვოკატი, რომლის დაცვის ქვეშ მყოფ პირსაც ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ადანაშაულებს?

გარდა ერთი თანასოფლელისა, რომელიც ნატა ვიბლიანის თქმით, მას ბავშვობაში სისტემატურად აუპატიურებდა, ქალი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.

ერთ-ერთის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი, დაცვის სტრატეგიის ნაწილად სოციალურ ქსელებში საჯარო კომუნიკაციასაც იყენებს - წერს ვიდეო მიმართვებს, მათ შორის, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ოჯახის წევრების მონაწილეობითაც.

რაკი ადვოკატი თავად ასაჯაროებს კაცის ვინაობას, რადიო თავისუფლება მის სახელსა და გვარს ადვოკატის ციტატებში უცვლელად დატოვებს.

მარიამ კუბლაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ კაცი, რომლის ინტერესებსაც ის იცავს, კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას.

მარიამ კუბლაშვილი, ჯიმშერ ვიბლიანის ადვოკატი

„პირველ რიგში, ჯიმშერ ვიბლიანი კატეგორიულად გამორიცხავს არასრულწლოვან ასაკში ნატა ვიბლიანის მიმართ განხორციელებულ რაიმე სახის ძალადობას. ნატა ვიბლიანმა აღწერა, რომ მშობიარობის შემდგომ მასზე სამმა ადამიანმა იძალადა. ჩვენ კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებზე დაყრდნობით, გამოვიკვლიეთ და გამოვთვალეთ, რომ ის მშობიარობის პერიოდში, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო 17-18 წლის და არა 14-ის.

ჰქონდა თუ არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს რაიმე სახის ურთიერთობა ნატა ვიბლიანთან, მაგალითად, სრულწლოვნობის ასაკში, ამის შესახებ მე მისთვის არ მიკითხავს. ერთი, რაც მკაფიოდ ვიცი, ჯიმშერ ვიბლიანი ნატა ვიბლიანის მიმართ რაიმე სახის ძალადობას კატეგორიულად გამორიცხავს“.

მარიამ კუბლაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ივლისის შუა რიცხვებში თავად ჯიმშერ ვიბლიანმა და მისმა ოჯახმა მიმართეს პოლიციას. ის ირწმუნება, რომ ნატა ვიბლიანმა სიჩუმის სანაცვლოდ ჯიმშერ ვიბლიანის ოჯახის წევრებს 50 ათასი ევრო მოსთხოვა:

„ვინც ადამიანი ვართ და რაიმე გრძნობა გაგვაჩნია, ყველანი სოლიდარული ვიყავით ნატა ვიბლიანის მიმართ. მათ შორის, ჯიმშერ ვიბლიანის ცოლიც. მან თავისი ინიციატივით მისწერა ნატა ვიბლიანს და გამოთქვა სოლიდარობა. ამ საუბრის შემდგომ, ნატამ მას უთხრა რომ ჯიმშერ ვიბლიანსაც ჰქონდა მასთან ურთიერთობა, მაგრამ არ უძალადიაო. ჯიმშერ ვიბლიანის ცოლმა ეს ძალიან მძიმედ გადაიტანა...

საბოლოოდ კი სიჩუმის სანაცვლოდ, ივლისის დასაწყისში, მან ჯიმშერ ვიბლიანის ოჯახის წევრებს 50 ათასი ევროს გადახდა მოსთხოვა. მას შემდეგ, რაც უარი მიიღო, საჯაროდ დაასახელა მისი ვინაობაც, რომ თითქოს ამ ადამიანმაც იძალადა მასზე სექსუალურად“.

მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ განცხადების პოლიციამ გამოიკითხა როგორც თავად ჯიმშერ ვიბლიანი, ისე მისი ოჯახის წევრებიც. წაიღეს მათი ტელეფონებიც. დაიწყო თუ არა გამოძიება, ამ კითხვაზე პასუხი მას, ამ ეტაპზე, არ აქვს. ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ეს ორი საქმე გაერთიანდეს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ ერთხელ გამოიკითხა, ისიც მას შემდეგ, რაც თავად მივიდა პოლიციაში და შანტაჟისა და ფულის გამოძალვის საქმის გამოძიება მოითხოვა. საზოგადოებამ მინდა გაიგოს, რომ..მას ბრალი არ აქვს წაყენებული და დანარჩენ ეპიზოდებში სრულად ვემიჯნებით მიმდინარე საქმეს“.

„ნატას ეს ფული თავისთვის არ უნდა და ამაზე თავად ისაუბრებს საჯაროდ“

ის, რომ ნატა ვიბლიანის საქმეში ნამდვილად ფიგურირებს „50 ათასი ევრო“, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ადასტურებს მისი ადვოკატი მარიამ ბარსონიძე. ამბობს, რომ ამის შესახებ ცნობილია გამოძიებისთვისაც და აქ „დასამალი არაფერია“.

მისი თქმით, ჯიმშერ ვიბლიანის ადვოკატი ინფორმაციას კონტექსტის გარეშე ავრცელებს:

„ის, რასაც მარიამ კუბლაშვილი ავრცელებს არის, ასე ვთქვათ, კონტექსტიდან ამოგლეჯილი და არის მისი სტრატეგიის ნაწილი. ნატა აუცილებლად ისაუბრებს დეტალურად საზოგადოების წინაშე ამ თანხაზე. ეს თანხა მას მისთვის არ უნდა. ამ საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ამ პერიოდში დაიბადა. საქმე ეხება 90-იან წლებში, სვანეთში დაბადებულ ბავშვს. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბავშვი ნათესავზე უფრო ახლობელია, თუმცა, ამ ეტაპზე, მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ამის შესახებ თავად ნატა მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას“, - ეუბნება მარიამ ბარსონიძე რადიო თავისუფლებას.

რადიო თავისუფლებამ, ამ დროისათვის, ნატა ვიბლიანთან დაკავშირება ვერ მოახერხა. რადიო თავისუფლება ცდილობს, ინფორმაციის გადამოწმებას ოფიციალურ უწყებასთანაც - რა რეაგირება მოჰყვა ჯიმშერ ვიბლიანის განცხადებას შსს-ში. პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.

რაც შეეხება ჯიმშერ ვიბლიანისა და მისი ოჯახის პოლიციაში მისვლას და გამოძიების დაწყების მოთხოვნას, ადვოკატის თქმით, ეს მათი დაცვის სტრატეგიაა:

„კი ბატონო, მან ნამდვილად თავად მიმართა გამოძიებას, თუმცა, ეს არის მისი ქმედების შენიღბვა, რომ სამომავლოდ, მისი პოზიციონირება ამ კუთხით გამოიყენოს, რომ მე თუ დამნაშავე ვარ, რატომ მივმართავდი გამოძიებას. ეს არის დაცვის სტრატეგია და შეიძლება ითქვას, ადამიანურად ვაფასებ კიდეც ამ სტრატეგიას, რადგან ის ყველაფერს აკეთებს თავის დასაცავად“.

ადვოკატი ამბობს, რომ ნატა ვიბლიანი ამ ეპიზოდზეც გამოიკითხა:

„მე პირადად ვესწრებოდი გამოკითხვის პროცესს. თითოეული დეტალი გავლილია და დაფიქსირებულია გამოძიების ოქმში.

ჩვენ არ გვაქვს ის პოზიცია და იმის საჭიროება, რომ თავი ვიმართლოთ. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, რაზეც საუბრობს ნატა ვიბლიანი. შესაბამისად, მე მესმის მეორე მხარის, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, მათ შორის, მიმართეს შავ კამპანიასაც, რომ მოხდეს დაზარალებულის დისკრედიტაცია საზოგადოების წინაშე. თუმცა, ჩვენ ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი და გამოძიება დაადგენს სიმართლეს“.

მარიამ ბარსონიძე არ გამორიცხავს, რომ 35 წლის თავზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას გაფართოვდეს სავარაუდო დამნაშავეთა წრეც: „სხვადასხვა დანაშაულის ნაწილში, არა მხოლოდ სექსუალური ძალადობის ნაწილში, როგორც ნატა ვიბლიანის, ისე მისი ოჯახის მიმართ“.

ნატა ვიბლიანის ვიდეომიმართვები სოციალურ ქსელში 2026 წლის აპრილში გამოჩნდა. ემიგრანტი ქალი ჰყვებოდა, რომ 90-იან წლებში, სვანეთში, სოფელ სგურიშში, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, სისტემატური სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. აღწერდა, სასტიკი წამებისა და ძალადობის ფაქტებს. ქალმა ღიად დაასახელა იმ კაცების ვინაობას, რომლებმაც მისი თქმით, მასზე ბავშვობისას იძალადეს. ჰყვებოდა ბავშვის გაჩენის ისტორიას და ამტკიცებდა, რომ სოფელმა ოჯახი აიძულა საკუთარი სოფლიდან გადასახლებულიყო.

ამ ჩანაწერებს საზოგადოების არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა - ნაწილი გამოძიების დაწყებას, ქალის უფლებების დაცვას, სამართლიანობის აღდგენას მოითხოვდა. მეორე ნაწილ ნატა ვიბლიანს კიცხავს, რადგან მიაჩნია, რომ ქალი ყოფილი თანასოფლელების რეპუტაციის შელახვას ცდილობს.

43 წლის ქალის მიერ დასახელებული ოთხი თანასოფლელიდან, ამ ეტაპზე, ბრალდებებს საჯაროდ, მხოლოდ ერთი, ჯიმშერ ვიბლიანი უარყოფს.