ODIHR: „გრანტების კანონში“ ცვლილებები და ახალი შეზღუდვები საქართველოში დემოკრატიულ სივრცეს ავიწროებს

„ახალი კანონმდებლობა უარყოფითად აისახება გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებზე და მნიშვნელოვნად ზღუდავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მონაწილეობას“, - აცხადებს "ოდირი".

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს საქართველოში 4 მარტს დამტკიცებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებების გამო „გრანტების კანონსა“ და სისხლის სამართლის კოდექსში.

ODIHR-ი აღნიშნავს, რომ ცვლილებები:

  • სანქციებს უწესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და უცხოური დაფინანსების სხვა მიმღებთ,
  • უკრძალავს მათ პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანებას და საჯარო თანამდებობებზე კენჭისყრას,
  • კიდევ უფრო ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისთვის საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას და
  • კრიმინალიზაციას უწევს იმ საქმიანობას, რომელსაც მთავრობის „ლეგიტიმაციის არაღიარებად“ თვლიან.

საუბარია სადავო პარლამენტის მიერ 2026 წლის 4 მარტს მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებზე „გრანტების კანონსა“ და სისხლის სამართლის კოდექსში, რომლებმაც ახალი შეზღუდვები დააწესა.

„ფართო მოქმედების არეალი“

„ახალი კანონმდებლობა უარყოფითად აისახება გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებზე და მნიშვნელოვნად ზღუდავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მონაწილეობას“, - აცხადებს ორგანიზაცია.

„კანონის ფართო მოქმედების არეალმა შესაძლოა არა მხოლოდ დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებზე, არამედ ცალკეულ ექსპერტებზე, კონსულტანტებსა თუ მომსახურების მიმწოდებლებზეც იქონიოს გავლენა“, - წერია „ოდირის“ მიერ 6 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

ODIHR-ი წერს, რომ იგი „აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანონები შეესაბამებოდეს საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს და ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებები იყოს დაცული“.

ასევე ნახეთ ახალი შემზღუდავი კანონების მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებას - კალასი და კოსი

დღესვე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ერთობლივად განაცხადეს, რომ საქართველოში პარლამენტის მიღებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებები „ქვეყნის დემოკრატიული და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისკენაა მიმართული“.

მათი განცხადებით, ეს ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას, - შეთანხმებას, რომელსაც მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოეწერა 2014 წელს ბრიუსელში და 2016 წლის 1 ივლისიდან შევიდა ძალაში.

„გრანტების შესახებ კანონში“ გამკაცრებული ცვლილებები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ 2026 წლის თებერვლის დასაწყისში წარადგინა, პარლამენტმა 4 მარტს მესამე მოსმენით მიიღო.

ამავე პაკეტით მიიღეს ცვლილებები, რითაც აიკრძალა „ხელისუფლების სისტემურად არაღიარება“.

ევროკომისიას ნათქვამი აქვს, რომ ეს ცვლილებები, მიღების შემთხვევაში, „სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროინტეგრაციასთან“.

მიღებული ცვლილებებით:

  • გამკაცრდა წესები უცხოურ დაფინანსებაზე, პოლიტიკურ აქტივობასა და პარტიულ საქმიანობაზე; ჩნდება პატიმრობის რისკი;
  • მოხდა „გარე ლობიზმის“ კრიმინალიზაცია;
  • პარტიის წევრობა აეკრძალათ „უცხოეთის აგენტად“ მიჩნეული ორგანიზაციის დასაქმებულებს;
  • სანქციები დაწესდა კომპანიებისთვის „საჯარო პოლიტიკური აქტივობის“ შემთხვევაში;
  • გაფართოვდა გრანტის ცნება.
ასევე ნახეთ გრანტების კანონში გამკაცრებული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს, აიკრძალა „ხელისუფლების სისტემურად არაღიარება“