27 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში, სხვა ქვეყნებთან ერთად, შეფასებულია ასევე საქართველოში არსებული მდგომარეობა - გაკრიტიკებულია “ქართული ოცნების” პოლიტიკა და ხაზგასმულია ახალი სანქციების საჭიროება.
„ჩვენთვის თავიდან ბოლომდე დაკარგა ინტერესი, ბრიტანელები რას განაცხადებენ, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე „დიპ სტეიტის“ გავლენების ქვეშ და სხვათა შორის, ამაზე ძალიან ბევრს საუბრობს ლიზ ტრასი, რომელიც ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახლდათ”, - განაცხადა 28 მარტს, “ქართული ოცნების” უმრავლესობის წარმომადგენელმა პარლამენტში, ლევან მაჭავარიანმა.
მიზეზებს შორის, რის გამოც თბილისმა ლონდონის პოზიციის მიმართ ინტერესი დაკარგა, მაჭავარიანმა დაასახელა: BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოში “ქიმიური იარაღის” [“კამიტი”] შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით და სანქციების დაწესება პროსახელისუფლებო ტელეკომპანიების - “იმედისა” და “პოს ტივისთვის”. “ქართული ოცნების” დეპუტატმა ამ ფაქტებთან მიმართებით გამოიყენა სიტყვები “ზღაპარი” და “ცირკი”.
ასევე ნახეთ კობახიძე არხების სანქცირების შემდეგ ბრიტანეთს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მას „გლობალური ომის პარტია“ მართავს“ქართული ოცნების” კიდევ ერთი დეპუტატის, ზვიად შალამბერიძის თქმით - თემთა პალატის კომიტეტის ანგარიში “მთლიანად არის დაყრდნობილი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე” და “ძალიან ბევრ უზუსტობას და ძალიან ბევრ ტყუილს შეიცავს”.
მაგალითად, შალამბერიძის თქმით, ტყუილია, რომ “თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა მოლაპარაკებები ევროკავშირთან” ანდა „თითქოს ჩინეთს გადაეცა სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები“.
“ასე რომ გავაგრძელოთ, ტყუილები კიდევ რამდენიმე იყო მოცემული, ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატის კომიტეტის წევრებს ნამეტანი პატარა ფეხები გამოუვათ”, - შალამბერიძემ, სავარაუდოდ, იხელმძღვანელა გამოთქმით - “ტყუილს მოკლე ფეხები აქვს”.
- თემთა პალატის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის სქოლიოში რამდენჯერმე მართლაც არის მოხსენიებული საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი; თუმცა ანგარიშის ავტორები ასევე აპელირებენ მედიის მიერ გავრცელებულ ცნობებზე და ასევე - დიპლომატიური კორპუსის, ეუთოსა თუ ევროკავშირის სტრუქტურების მიერ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა დოკუმენტში ასახულ ინფორმაციაზე.
- 2024 წლის 28 ნოემბერს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელ შემდეგ ეტაპზე [გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება] გადასვლის საკითხს დღის წესრიგიდან ხსნის, 2028 წლის ბოლომდე. ამის გამო საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო.
რა წერია ანგარიშში?
“დეზინფორმაციის დიპლომატია: როგორ ცდილობენ დამაზიანებელი მოთამაშეები დემოკრატიის ძირის გამოთხრას“ - გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ 27 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოს რამდენიმე აბზაცი ეთმობა.
გაკრიტიკებულია “ქართული ოცნების” პოლიტიკა. ტექსტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ჰგავს მაგალითებს რუსული პრაქტიკიდან და მიუთითებს “კოორდინაციაზე თბილისსა და მოსკოვს შორის”; ხოლო ამ გზით, რუსეთის ზეგავლენებით - საქართველო ბელარუსის მსგავს მდგომარეობამდე მივა.
ტექსტში კრიტიკაა - დემოკრატიის უკუსვლის, პროტესტის წინააღმდეგ რეგულირების გამკაცრების, ოპოზიციურად განწყობილთა წინააღმდეგ რეპრესიებისა თუ დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით. ასევე, ხაზგასმულია, რომ - “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ შეაჩერა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლა.
ბრიტანელი კანონმდებლების მიერ საქართველოსთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებში მოთხოვნილია ახალი ინდივიდუალური სანქციების დაწესება, მათ შორის - “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისთვის.
“მოვუწოდებთ [ბრიტანეთის] მთავრობას, დააწესოს ახალი მიზნობრივი ფინანსური და სამოგზაურო სანქციები „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერდნენ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს“ [FARA], ქართველ კლეპტოკრატებს და ქართულ მედიაორგანიზაციებს, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას”, - ტექსტის თანახმად, ახალი სანქციების გზით გაიზრდება საფასური მათთვის, ვინც ცდილობს ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროპული ოჯახისკენ და იქნება სიგნალი, რომ - „გაერთიანებული სამეფო საქართველოში მხარს უჭერს დემოკრატიას და არა ავტოკრატიას“.
ასევე ნახეთ ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა „იმედსა“ და „პოსტივის“ ასევე ნახეთ „იმედი“ სანქცირების შემდეგ ამბობს, რომ „იმედის ბანკს“ შექმნის