გამამტყუნებელი განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ხუთშაბათს, 2026 წლის 23 აპრილს, გამოაცხადა.
„ჩამოერთვას ქონება“
დამატებითი სასჯელის სახით მას ჩამოართვეს ქონება, მათ შორის მიწა და სახლი ესპანეთში, მალაგის პროვინციაში; სახლი, ავტოსადგომი და საზაფხულო ფართი თბილისში, ნუშის ბაღების ქუჩაზე.
პატიმრობა ორ ბრალდებულს
ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, პატიმრობა მიუსაჯეს ამავე საქმეებზე დაკავებულებს:
- ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას - 8 წელი;
- ბურჭულაძის ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს - 8 წელი.
საპროცესო შეთანხმება კიდევ ერთს
საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს ილია ღუდუშაურს, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილ უფროსს.
განაჩენის გამოცხადებისას ბრალდებულები უკვე წაყვანილი ჰყავდათ საპატიმროში - მოსამართლემ გადაწყვეტილება დასკვნითი სიტყვების მოსმენისა და შესვენების შემდეგ გამოაცხადა.
ბურჭულაძის საბოლოო სიტყვა
იმის მიუხედავად, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს, ის მოითხოვდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, რომლის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა წაყენებული ბრალის აღიარებაა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს არწმუნებდა, რომ მის ოჯახს ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობები ქონების დასაგროვებლად, მათ შორის ესპანეთში ბინის შესაძენად.
„[ვაშინგტონში საელჩოში მუშაობის დროს] ჩემზე მეტი ხელფასი არავის ჰქონია საგარეო სამინისტროში. 6000 ევროს ვიღებდი, [რაც] ოჯახის წევრებზე მრავლდებოდა. ეს მაგალითი მომყავს იმისათვის, რომ ვაჩვენო, ყველაფერი დეკლარაციაში ვერ ხვდება“, - თქვა მან და დასძინა, რომ აშშ-ში ცხოვრების დროს თბილისში ბინებს ყიდდა და აქირავებდა.
მისი სიტყვებით, მის საქმესთან დაკავშირებით წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს შეცდომაში შესაყვანად მანიპულირებულია:
„პირველი "მერსედესი" მე მყავდა, პირველი "ლენდკრუიზერი" მე მყავდა ქალაქში. მცხვენოდა, რომ დავდიოდი - ხალხს უჭირდა, მილიონების ფრიალს ხომ არ დავიწყებდი?!. ახლა [მოქმედი ჩინოვნიკები] ჩაწერენ დეკლარაციაში ამდენი ათასი მაქვსო და არ წერენ საიდან, მე ისიც არ მომერიდებოდა მეთქვა, რომ სახლში“.
ასევე ნახეთ
„მინისტრის დავალება იყო“, - თავდაცვის შესყიდვების უფროსმა ჩვენება ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ მისცასაპროცესო შეთანხმება ილია ღუდუშაურს
ამავე გადაწყვეტილების ფარგლებში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილ უფროსთან, ვლადიმერ ღუდუშაურთან.
პირობა ასეთია: პირობითი მსჯავრი 4 წელი, 10 000-ლარიანი გირაო და ერთი წლით საჯარო სამსახურში დასაქმების აკრძალვა.
ღუდუშაური ამ დრომდეც გირაოს საფუძველზე იყო გათავისუფლებული.
„თავს ვცნობ დამნაშავედ, ვიმყოფები სახლში, ჩემს საცხოვრებელ ბინაში. უარს არ ვამბობ საპროცესო შეთანხმებაზე. [კითხვებს პასუხობს] ვაცნობიერებ ჩადენილი ქმედების ხასიათს და სამართლებრივ შედეგებს“, - თქვა ილია ღუდუშაურმა დღევანდელ, 23 აპრილის სხდომაზე, სადაც დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
ის სხდომას დისტანციურად, სახლიდან ჩაერთო.
საპროცესო შეთანხმების გაფორმება უნდოდა საქმის დანარჩენ სამ ბრალდებულს, თუმცა პროკურატურასთან შეთანხმება ვერ გაფორმდა.
რას ედავებოდნენ ჯუანშერ ბურჭულაძეს?
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში იყო ბრალდებული. ის 2025 წლის 11 სექტემბერს სუსის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დააკავა.
ბრალდების თანახმად, 2023 წელს ჯუანშერ ბურჭულაძემ თავისი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ცოლისძმა ვასილ მხეიძისა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურის დახმარებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატურა 2 606 272 ლარის ნაცვლად 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
გამოძიების თანახმად, ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ბურჭულაძის ოჯახმა 2025 წლის იანვარში 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგის პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი.
სხვა ბრალდებულები
ვასილ მხეიძე (ცოლისძმა) ჯუანშერ ბურჭულაძეზე ადრე, 2025 წლის 27 ივლისს დააკავეს ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გიორგი ხაინდრავასთან და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან, ვლადიმერ ღუდუშაურთან ერთად.
ღუდუშაურისა და ხაინდრავასთვის წარდგენილი ბრალია „განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვა“, ხოლო ვასილ მხეიძის ბრალდება არის „გაფლანგვაში დახმარება“.
გამოძიების ვერსიით, ბურჭულაძის ახლო ნათესავი თავდაცვის სამინისტროს შესყიდვაში მონაწილე წინასწარ შერჩეულ კომპანიებს „გარანტირებულ გამარჯვებას ჰპირდებოდა“.
თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა 12 მარტის სხდომაზე თქვა, რომ უკანონო დავალებები მინისტრისგან მიიღო. მას ედავებიან თავდაცვის სამინისტროს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას.
„ვნანობ, რომ ბიუჯეტს ზიანი მივაყენე... ყველაფერზე მინისტრი იყო ინფორმირებული“, - თქვა ღუდუშაურმა ერთ-ერთ სხდომაზე, როცა ხელმძღვანელი დანაშაულში ამხილა.
ასევე ნახეთ
პროკურატურა ბურჭულაძეს, მის მოადგილესა და ცოლისძმას საპროცესოზე უარს ეუბნება, ღუდუშაურს - გაუფორმდებაადვოკატები განაჩენს გაასაჩივრებენ
ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ზედა ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„აუცილებლად გავასაჩივრებთ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
კითხვაზე, სააპელაციო სასამართლოშიც გაგრძელდება თუ არა ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, ადვოკატმა ჭკადუამ თქვა:
„თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია“.