პუტინი მასწავლებლებს სთავაზობს, ველური ცხოველების - ვეშაპებისა და თეთრი დათვების - მაგალითზე აუხსნან ბავშვებს, „რა სამყაროში ვცხოვრობთ“ და რატომ აწარმოებს რუსეთი ომს უკრაინაში.
29 აგვისტოს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში პედაგოგებთან გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მასწავლებლებს შესთავაზა, ბავშვებს ველური ცხოველების (კერძოდ, ვეშაპებისა და თეთრი დათვების ცხოვრების მაგალითზე) აუხსნან, „რა სამყაროში ვცხოვრობთ და რატომ ვატარებთ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ (ასე უწოდებენ რუსეთის ხელისუფლებაში უკრაინაში მიმდინარე ომს). ღონისძიების ვიდეო იმავე დღეს კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, ბელგოროდის ოლქში მცხოვრები ჩინური ენის მასწავლებელი, დმიტრი ბალანჩუკოვი რუსეთის პრეზიდენტს უყვებოდა ჩრდილოეთ პოლუსზე მოგზაურობისა და ორ თეთრ დათვთან შეხვედრის შესახებ, რის პასუხადაც პუტინმა გაიხსენა ცელნამგალა ვეშაპი (რუს. Коса́тка, ლათ. Orcinus orca), რომელიც იქვე ბინადრობს და, როგორც კვებითი ჯაჭვის ზედა რგოლი, ჭამს სხვა რგოლს, თეთრ დათვს.
„წარმოიდგინეთ, იქვე, ახლოს, ბინადრობენ ცელნამგალა ვეშაპიც. ისინი ამ დათვებს წვრილფეხობასავით, ჭიჭყინებივით ჭამენ. <...> უბრალოდ, გუნდურად ესხმიან თავს და <...> ნაწილებად გლეჯენ. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. <...> ასეთი კვებითი ჯაჭვია. და ამის შესახებაც უნდა მოუყვეთ ბავშვებს, რათა მათ გაიგონ, რა სამყაროში ვცხოვრობთ და რატომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
ზოოლოგების შეფასებით...
ზოოლოგების განმარტებით, პუტინის ნათქვამი არ ეფუძნება მეცნიერულ კვლევასა და დაკვირვებას, რადგან მეცნიერულად დადგენილია, რომ ცელნამგალა ვეშაპები თეთრ დათვებზე არ ნადირობენ, ხოლო თეთრი დათვის ერთადერთი მტერი ადამიანია.
„თეთრი დათვებით საერთოდ არავინ იკვებება. ისინი ტროფიკული ჯაჭვის მწვერვალზე არიან, - განუცხადა ერთ-ერთმა მეცნიერმა გამოცემა „კედრს“. - ცელნამგალა ვეშაპებიც ტროფიკული ჯაჭვის მწვერვალზე იმყოფებიან. და ერთადერთი რამ, რაშიც მათ თეორიულად შეიძლება კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს, ისაა, რომ ორივე სახეობა სელაპებით იკვებება“.
ტროფიკული (კვების) ჯაჭვი (ძველი ბერძნული τροφή (trophē) - საკვები) - კვების პროცესში ურთიერთდაკავშირებული ორგანიზმების სისტემა (კონსუმენტების, პროდუცენტების და რედუცენტების), რომლებიც თანმიმდევრულად ურთიერთქმედებენ კვების პროცესში. ტროფიკული ჯაჭვი გამოიხატება ერთი სახეობის ინდივიდების კვებაში სხვა სახეობის ცოცხალი ინდივიდების, მათი სასიცოცხლო საქმიანობის პროდუქტების ან მათი მკვდარი ნაშთების ხარჯზე. ეკოლოგიური სისტემის შიგნით ორგანულ ნივთიერებებს მცენარეები ქმნიან. მათ ჭამენ ცხოველები, რომლებიც, თავის მხრივ, სხვა ცხოველებს ჭამენ. ამ თანმიმდევრობას ეწოდება კვების ჯაჭვი და თითოეულ რგოლს ეწოდება ტროფიკული დონე. ტერმინი "ტროფიკა" მოდის ბერძნული სიტყვიდან trophos - "კვება".
ზოოლოგის თქმით, ტექნიკურად ეს ორი სახეობა შეიძლება მართლა შეხვდეს ერთმანეთს, თუმცა ერთადერთი წარმოსახვითი ვითარება, როდესაც ვეშაპმა შეიძლება დათვი შეჭამოს ან პირიქით დათვმა - ვეშაპი, არის შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი მათგანი უკვე მკვდარია.
„შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ცელნამგალა ვეშაპის გვამი ნაპირზე გამოირიყა და მისი სხეული დათვებმა შეჭამეს. სულ ეს არის და ეს. სინამდვილეში კი, არ არსებობს ისეთი შემთხვევა, როდესაც ცელნამგალა ვეშაპი დათვს თავს დაესხა“, - ამბობს ზოოლოგი.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ვეშაპებსა და თეთრ დათვებს, ადამიანის გარდა, ბუნებრივი მტრები არ ჰყავთ.
„თეთრი დათვის ერთადერთი მტერი ადამიანია - ადამიანის ყოფნა არქტიკაში. და ეს მართლაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ამ სახეობისთვის. იგივე ეხება ცელნამგალა ვეშაპებსაც. ადამიანები მათზე გავლენას ახდენენ მათი საკვები რესურსების - პირველ რიგში, თევზის - მოპოვებით, ასევე ტურიზმის საშუალებით. წელს კვლავ ვხედავთ, როგორ დასდევს კამჩატკაზე ათეულობით ხომალდი ამ ვეშაპებს. სწორედ ანთროპოგენური საფრთხეებია მათთვის მართლაც საერთო“, - ამბობს გამოცემა „კედრის“ ერთ-ერთი რესპონდენტი.
ცელნამგალა ვეშაპი (Orcinus orca) - წყლის ძუძუმწოვარი ცხოველი დელფინისებრთა ოჯახისა ზღვის ბინადართა შორის ერთ-ერთ ყველაზე უფრო აგრესიულ ცხოველად ითვლება. კონტრასტულად მოშავო-მოთეთრო ფერისაა. აქვთ 13 სმ-მდე სიგრძის მასიური კბილები, მამრის სხეულის სიგრძეა 9-10 მ, წონა 7,5 ტ;
კიდევ ერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ პუტინს ვეშაპებისა და თეთრი დათვების შესახებ წარმოდგენა შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ შექმნილი ვიდეორგოლებიდან შეექმნა:
„ხელოვნური ინტელექტის მოყვარულებმა ასეთი სიუჟეტები უხვად შექმნეს და ინტერნეტში დაყარეს. უამრავი მსგავსი სისულელე იტვირთება, მაგალითად, თითქოს ცელნამგალა ვეშაპებმა სელაპები ზურგზე შეისვეს და ისე გადაარჩინეს. სხვა ცხოველებზეც იმავე სულისკვეთებით ქმნიან მსგავს ამბებს: ლომები და მგლები ერთ ხროვად მეგობრობენ, დათვებსა და სხვა ცხოველებს კი ტყეში ჩახუტებულებს სძინავთ. თუ სერიოზულად ვილაპარაკებთ, ცელნამგალა ვეშაპი, ისევე როგორც ყველა მტაცებელი, უპირატესობას ანიჭებს მისთვის ჩვეულ ნადავლზე თავდასხმას. ეს შეიძლება იყოს სელაპი, ლომვეშაპი, თევზი - იმის მიხედვით, თუ რა კვებითი სპეციალიზაცია აქვს კონკრეტულ ჯგუფს, რაც მათი ბინადრობის რეგიონზეა დამოკიდებული. მაგრამ არავითარ შემთხვევაში თეთრი დათვები“.
აღიარების ტოლფასი მეტაფორა
პოლიტიკის ექსპერტებმა პუტინის განცხადების კომენტირებისას, მეცნიერულ უზუსტობასთან ერთად, ყურადღება გაამახვილეს თავად მეტაფორის არსსა და რუსეთის ლიდერის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე:
უკრაინელი პოლიტოლოგის, ვიტალი პორტნიკოვის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის ველური ბუნების კანონებით გამართლება („ძლიერი სუსტს გლეჯს“) შემზარავად გამოიყურება საბაზისო მორალისა და ადამიანური ღირებულებების თვალსაზრისით.
“რუსი დიქტატორის, ვლადიმირ პუტინის მცდელობები, სამხედრო აგრესია აბსურდული ზოოლოგიური მეტაფორების დახმარებით გაამართლოს, ნათლად მეტყველებს მის სრულ უცოდინარობაზე. პუტინი, როგორც ჩანს, სკოლაში ცუდად სწავლობდა”, - თქვა პორტნიკოვმა ტელეკომპანია „ესპრესოს“ ეთერში:
„ის, რომ ცელნამგალა ვეშაპები დათვს არ ჭამენ... ხომ გესმით, პუტინი სკოლაში ძალიან კარგად არ სწავლობდა. ეს ხომ ისედაც ვიცით მისი მასწავლებლის მოგონებებიდან. პუტინმა არაფერი იცის არც ბიოლოგიაში და არც ზოოლოგიაში. მან მოიფიქრა რაღაც სახე, რომელიც თავად ლამაზად ეჩვენება“.
ვიტალი პორტნიკოვი
პოლიტოლოგის თქმით, რუს დიქტატორს ელემენტარული ცოდნაც კი არ გააჩნია და იმის გათვალისწინებით, რომ უმარტივეს საკითხებში ვერ ერკვევა, ის იძულებულია, მუდმივად საკუთარი ალტერნატიული რეალობა გამოიგონოს, მათ შორის ვეშაპების შესახებ, რომლებიც თითქოსდა დათვებს ჭამენ.
„მას ჰალუცინაციები აქვს, ანუ რეალობის მის აღქმაში რაღაც შეუქცევადი ცვლილებები მოხდა“, - ამბობს ანალიტიკოსი, რომლის თქმით, მსგავსი ანალოგია ტლანქი მცდელობაა, ფართომასშტაბიან აგრესიაზე პასუხისმგებლობა გამოგონილ გარე მტრებს გადააბრალოს. დიქტატორი რეალური პოლიტიკის ნაცვლად აშკარად ზღაპრულ სიუჟეტებს იყენებს, რადგან მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოზე სასტიკი თავდასხმის რეალური მიზეზები უბრალოდ არ არსებობს. საბოლოოდ, პორტნიკოვის თქმით, ეს უაზრო ზოოლოგიური მეტაფორა თავად მისივე ავტორის წინააღმდეგ შემოტრიალდა: საშიში და ძლიერი სახის შექმნის ნაცვლად, კრემლის მეთაურმა შექმნა ანეკდოტური სიტუაცია, რომელიც ადეკვატურ და განათლებულ ადამიანებში მხოლოდ ბუნებრივ დაცინვას იწვევს.
ასევე ნახეთ
პუტინი სამოთხეში მოხვედრას აღარ ჩქარობს?კიდევ ერთი ანალიტიკოსის, სტანისლავ კუჩერის თქმით, პუტინმა პირველად ახსნა საჯაროდ უკრაინასთან ომის მიზეზი უკიდურესად გულწრფელად. თანაც, დასავლეთსაც და საკუთარ ხალხსაც მიანიშნა, როგორ უნდა მოექცნენ თავად მასაც.
„პუტინმა განაცხადა, რომ ბავშვებს უნდა აუხსნან, როგორ არის მოწყობილი „კვებითი ჯაჭვი“ - თითქოს ვეშაპები გუნდურად ესხმიან თავს თეთრ დათვებს, „წვრილფეხობასავით ჭამენ“ მათ და ნაფლეთებად გლეჯენ, უნდა აუხსნან რათა ბავშვებმა „გაიგონ, რა სამყაროში ვცხოვრობთ და რატომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“. როგორც ცნობილია, პუტინის სიმართლე ფაქტებზე არ არის დამოკიდებული. მეცნიერებისა და ჩრდილოეთის ხალხების ცოდნით, ცელნამგალა ვეშაპები თეთრ დათვებზე არ ნადირობენ. მეტიც, ზრდასრულ თეთრ დათვებს პრაქტიკულად ბუნებრივი მტრები არ ჰყავთ. თეორიულად, ცელნამგალა ვეშაპს შეუძლია წყალში მოცურავე დათვის მოკვლა, თუმცა პუტინის მიერ აღწერილი სცენის - გუნდი თავს დაესხა, დაგლიჯა და შეჭამა - რეგულარული დაკვირვებები არ არსებობს და ვერც იარსებებს“, - ამბობს სტანისლავ კუჩერი, რომლის თქმითაც, პუტინის მორიგი „გარეკვა“ ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ორი მიზეზის გამო:
ომის მიზეზები - ომის მიზეზებიდან პირველად გაქრა ნატო, დონბასი, „რვა წელი“, „დენაციფიკაცია“ და სხვა ისტორიული ექსკურსები. დარჩა მთავარი: ძლიერი შთანთქავს სუსტს. თუ ომის მიზეზი გჭირდებათ, აი, მიზეზიც.
სამყაროს ხედვა - პუტინმა ამავე შეხვედრაზე გაიხსენა ჯეკ ლონდონი და მოხუცები, რომლებსაც მგლებთან ტოვებდნენ. „რა თქმა უნდა, ეს სისასტიკეა, მაგრამ ასეთია ცხოვრება“. ანუ, საუბარია არა შემთხვევით მეტაფორაზე, არამედ სამყაროს მთლიან ხედვაზე.
„თავად პუტინმა ვერ შეამჩნია, რა შესანიშნავი სახელმძღვანელო დაწერა არა მხოლოდ რუსი ბავშვებისთვის, არამედ უკრაინისა და დასავლეთისთვისაც, - ამბობს ანალიტიკოსი, - თუ საერთაშორისო ურთიერთობები ჯუნგლებია, მაშინ რაღატომ ჩივის სანქციებზე, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, ნატოს გაფართოებაზე, ევროპის გადაიარაღებაზე და საერთოდ, „კოლექტიურ დასავლეთზე“? ვეშაპები. კვებითი ჯაჭვი. ასეთია ცხოვრება. და მთავარი: პუტინმა პირადად აუხსნა რუს ბავშვებს, როგორ უნდა მოიქცნენ, როცა ერთ დღეს მათი წინამძღოლი დაბერდება და დასუსტდება. ასევე დასავლეთსაც - რა უნდა უქნას რუსეთს, როდესაც ის საბოლოოდ სრულიად დაუძლურდება”.
რიგაში მცხოვრები ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორისა და ბიბლეისტის, ანდრეი დესნიცკის თქმით, ყველაზე საშინელი (არა სასაცილო, არამედ სწორედ საშინელი) თეზისში - „ვეშაპები დათვებს ჭამენ და ამიტომაც ვაწარმოებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ - სულაც არ არის ის, რომ ვეშაპები ამას არ აკეთებენ:
“სახელმწიფომ სკოლას მკაფიო დავალება მისცა: ბიოლოგიის გაკვეთილებზე ბავშვებს უნდა ჩააგონოთ, რომ ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ზუსტად ისევეა მოწყობილი, როგორც ველურ ბუნებაში მტაცებელსა და მსხვერპლს შორის. უნდა ვიყოთ კოლექტიური მტაცებელი და არა მსხვერპლი!”
ანდრეი დესნიცკი ამბობს, რომ ერთ დროს ნაცისტურ პროპაგანდას სწავლობდა, განსაკუთრებით მის ადრეულ პერიოდს, რადგან, მისი თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია იმის გაგება, როგორ მივიდა სრულიად ცივილიზებული ერთი ასეთ მხეცობამდე.
“ბევრ ვინმეს არ უყვარს ბევრი სხვა, მაგრამ იმისთვის, რომ ერთბაშად ყველა გაზის კამერებში გაგზავნო... ამისთვის წინასწარ უნდა ჩაენერგათ ადამიანებში სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება. და მართლაც ჩაუნერგეს. ნაცისტური პროპაგანდა რამდენიმე ძირითად თეზისს ეფუძნებოდა. ორ მათგანს გამოვყოფ:
1. ხალხი პირველადია, პიროვნება კი მხოლოდ ხალხის ნაწილია. ვინც ხალხის ნაწილი არ არის, ის დაავადების გამომწვევი პარაზიტია.
2. ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ზუსტად ისევეა მოწყობილი, როგორც ველურ ბუნებაში მტაცებელსა და მსხვერპლს შორის.
როგორც კი ადამიანებმა - მათ შორის, ბიოლოგიის გაკვეთილებზე მსხდომმა მოსწავლეებმაც - ეს აზრები შეითვისეს, გაზის კამერების საკითხი ზნეობრივი პრობლემიდან ტექნიკურ პრობლემად გადაიქცა. აი, სწორედ ეს არის საშინელი”, - დაწერა რიგაში მცხოვრებმა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა და ბიბლეისტმა, ანდრეი დესნიცკიმ პუტინის განცხადების კომენტირებისას.
პუტინი და ცხოველთა სამყარო
ვლადიმირ პუტინს თავის გამოსვლებში არაერთხელ გამოუყენებია ცხოველებთან დაკავშირებული შედარებები. მაგალითად, 2025 წლის სექტემბერში, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან შეხვედრაზე, პუტინმა განაცხადა, რომ არ სურს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების „ქვეწარმავლებთან ან ცხოველებთან“ შედარება.
„ისინი ზღაპრების კი არა, საშინელებათა ფილმების სპეციალისტები არიან. ის, რომ მუდმივად აჩაღებენ ისტერიას იმის შესახებ, თითქოს რუსეთი ევროპაზე თავდასხმას გეგმავს, ვფიქრობ, <…> ან პროვოკაციაა, ან სრული არაკომპეტენტურობა“, - თქვა მაშინ პუტინმა.
ასევე ნახეთ
როგორია ჰააგაში რუსი პროპაგანდისტების გასამართლების შესაძლებლობა?2021 წლის აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ფედერალური კრებისადმი მიმართვისას, როდესაც სხვა სახელმწიფოების მხრიდან შექმნილ საფრთხეებზე საუბრობდა, რადიარდ კიპლინგის „ჯუნგლების წიგნი“ გაიხსენა:
„ისინი რუსეთს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ხან აქედან ეცემიან და ხან - იქიდან. და მათ გარშემო, როგორც შერხანის (ვეფხვი პერსონაჟი - რ.თ.) გარშემო, მაშინვე იწყებენ ტრიალს ყველანაირი წვრილ-წვრილი ტაბაკები (ტურა პერსონაჟი რ.თ. ) - ყველაფერი ისეა, როგორც კიპლინგთან: ყმუიან თავიანთი სუვერენის გულის მოსაგებად“.
პირველად პუტინს კიპლინგის “ჯუნგლების წიგნი” 2011 წლის დეკემბერში გაახსენდა, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც, პუტინის მტკიცებით, უცხოური ფულით მოქმედებდნენ, „ბანდერლოგები“ უწოდა.
ბანდერლოგი - ინდ. Bandar-log (Bandar - მაიმუნი, log - ხალხი) რადიარდ კიპლინგის „ჯუნგლების წიგნის“ გამოგონილი მაიმუნების ტომი
2014 წელს ყოველწლიურ დიდ პრესკონფერენციაზე, საგარეო პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას ვლადიმირ პუტინმა რუსეთი შეადარა დათვს, რომელსაც „ყოველთვის უპირებენ <...> ჯაჭვით დაბმას, შემდეგ კი კბილებისა და ბრჭყალების დაგლეჯას“.
„იქნებ ეს ჩვენი დათუნია მშვიდად უნდა იჯდეს თავისთვის? იქნებ ტაიგაში გოჭებსა და ბურვაკებს არ უნდა დასდევდეს, არამედ კენკრითა და თაფლით იკვებებოდეს? იქნებ ამის შემდეგ თავს დაანებებენ? არა, არ დაანებებენ“, - განაცხადა მაშინ ვლადიმირ პუტინმა.
პუტინის უცნაური ალეგორიები
ვლადიმირ პუტინმა 2018 წელს, „ვალდაის“ საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის ფორუმზე გამოსვლისას ბირთვული ომის შესაძლო სცენარისა და რუსეთის სამხედრო დოქტრინის კონტექსტში საუბრისას თქვა, რომ რუსეთი არასოდეს იქნება ბირთვული დარტყმის პირველი ინიციატორი და იარაღს მხოლოდ საპასუხო დარტყმისთვის გამოიყენებს.
„აგრესორმა უნდა იცოდეს, რომ შურისძიება გარდაუვალია და ის მაინც განადგურდება. ჩვენ კი, როგორც აგრესიის მსხვერპლნი, როგორც მოწამენი, სამოთხეში მოვხვდებით, ხოლო ისინი უბრალოდ ჩაძაღლდებიან (დაიღუპებიან), რადგან მონანიებასაც კი ვერ მოასწრებენ“.
როდესაც პუტინმა ეს სიტყვები წარმოთქვა, დარბაზში მსხდომთა ნაწილმა გაიღიმა, თუმცა საერთაშორისო ანალიტიკოსებმა და მედიამ განცხადება უკიდურესად სერიოზულად მიიღეს. კრემლის პრესსპიკერმა მოგვიანებით განაცხადა, რომ პუტინის სიტყვები „ალეგორიული“ იყო და რუსეთის სამხედრო დოქტრინის არსს გამოხატავდა - რუსეთი ბირთვულ იარაღს მხოლოდ საპასუხო დარტყმისთვის გამოიყენებდა.
ასევე ნახეთ
პუტინის მორიგი ბირთვული მუქარა - რა წერია განახლებულ დოქტრინაში?დასავლეთში პუტინის ნათქვამი აღიქვეს როგორც ღია შანტაჟი და „ბირთვული ფსიქოზის“ გაღვივება, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, როცა „სამოთხისა და ჯოჯოხეთის“ თემატიკამ რუსულ პროპაგანდაში კიდევ უფრო აგრესიული სახე მიიღო. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასა და დასავლეთში „სატანასთან და ლუციფერთან მართავს წმინდა ომს და მოსკოვს შესწევს ძალა, ყველა თავისი მტერი „გეენის ცეცხლში“ (ჯოჯოხეთში) გაგზავნოს”.
2024 წლის 19 დეკემბერს მსოფლიოში არსებულ ვითარებასა და კონფლიქტებთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას პუტინმა პირველად ახსენა სიტყვა „დვიჟუხა“ (Движуха - მოძრაობა):
„როდესაც ჩვენთან ყველაფერი მშვიდად, თანაბრად და სტაბილურად მიმდინარეობს, მოწყენილობა გვიპყრობს. ჩნდება უძრაობა. გვინდება “დვიჟუხა” - რაღაც მოძრაობა და აურზაური. როგორც კი ეს მოძრაობა ("ხადვიჟუხა") იწყება, ყველაფერი ზუზუნებს ყურთან - წამებიც და ტყვიებიც. სამწუხაროდ, ახლა ტყვიებიც ზუზუნებენ. გვეშინია და ვამბობთ: „საშინელება, საშინელებაა“. მაგრამ ეს სულ სხვანაირი საშინელებაა.“
ვლადიმირ პუტინმა სახალხო, მოწყენილობის გამფანტავი მოძრაობა უწოდა ომს, რომელშიც ყოველთვიურად ათობით ათასი ადამიანი, მათ შორის ბავშვები იხოცებიან
თუმცა “დვიჟუხაზე” ლაპარაკამდე ორი წლით ადრე, 2022 წლის ნოემბერში პუტინმა ომში დაღუპული რუსი სამხედროების დედები ასე უცნაურად ანუგეშა:
„ჩვენ ყველანი ოდესმე დავტოვებთ ამ ქვეყანას, ეს გარდაუვალია. საკითხავი მხოლოდ ისაა, თუ როგორ ვიცხოვრეთ. ზოგიერთი ადამიანი ხომ ისეთნაირად ცხოვრობს, რომ ვერ გაიგებ, იცხოვრა თუ - არა. ამ ქვეყნიდანაც როგორ მიდიან? არყის სმით ან კიდევ სხვა რამით იკლავენ თავს და არანაირ კვალს არ ტოვებენ. თქვენმა შვილმა კი ნამდვილად იცხოვრა და მიზანსაც მიაღწია. ეს იმას ნიშნავს, რომ ტყუილად არ მომკვდარა“.