რა არის „ლეოპარდების“ უპირატესობა რუსულ T ტანკებთან შედარებით? - ვადარებთ დეტალურად

გერმანული ტანკი "ლეოპარდ-2"

  • რა უპირატესობები აქვთ დასავლეთის შეიარაღებაში არსებულ ტანკებს „ლეოპარდებსა“ და „აბრამსებს“ საბჭოთა და რუსულ ტანკებთან შედარებით?
  • როგორ და რისთვის გამოიყენებს უკრაინის არმია ახალ შენაძენს?

"ყველაფერი იმაზე უარესად არის, ვიდრე რუსეთში წარმოუდგენიათ"

რუსეთის პროპაგანდა ცდილობს დააკნინოს დასავლეთის დახმარება და აკრიტიკებს როგორც რაოდენობას, ასევე ტექნიკურ პარამეტრებსა და ექსპლუატაციის სირთულეს. მოსკოვი ამტკიცებს, რომ მძიმე დასავლური ტანკებისთვის გადაულახავი პრობლემა იქნება უკრაინის თვალუწვდენელი ტრამალებიც, თუმცა რუსეთში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა სამხედრო ექსპერტმა, რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს პირველი მიმართულების ყოფილმა ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა მიხაილ ხოდარიონოკმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის, „როსია-1“-ის ეთერში, რუსული პროპაგანდის მთავარ სახეს, ოლგა სკაბეევას უთხრა, რომ ყველაფერი იმაზე ბევრად უარესად არის, ვიდრე რუსეთში წარმოუდგენიათო.

უკრაინის მხარდამჭერი მიტინგი ბრიუსელში, 2023 წ. 23 იანვარი

„ამტკიცებენ, რომ უკრაინის ტერიტორია არახელსაყრელია „აბრამსების“ საბრძოლო გამოყენებისთვის, რაც სრული სისულელეა. არ არსებობს უფრო ხელსაყრელი ადგილი მძიმე სატანკო შენაერთებისთვის, ვიდრე სამხრეთ უკრაინის ტრამალები. ტალახი რომ გაშრება, უნდათ მარცხნივ ივლიან, უნდათ - მარჯვნივ, ანდა სულაც პირდაპირ, ვერაფერი შეაფერხებს მათ. ასევე ამტკიცებენ, რომ რთულია ამ ტანკების ექსპლუატაცია და, რომ უკრაინელები ვერ შეძლებენ მათ გამოყენებას. ორ კვირაში აითვისებენ! ეს ერთი და მეორე, აუცილებლად გადასცემენ მათ საჭირო სარემონტო-საევაკუაციო ქვედანაყოფებს. გარდა ამისა, ტანკებს აუცილებლად მოაყოლებენ მძიმე-მექანიზებულ ხიდებს, ხიდების გამდებ მოწყობილობებს, ხიდებისა და პონტონების პარკებს და ა.შ. რაც შეეხება რაოდენობას. პირველი პარტია, რამდენიმე ათეული ცალი, როგორც იტყვიან, გემოს გასასინჯადაა, შემდეგ კი 1000-სა და 1500-მდეც ავლენ, ამაში დარწმუნებული ვარ. ყოველივე ამას იმიტომ ვამბობ, რომ მერე არავინ თქვას, არ ველოდით, ვინ იფიქრებდა, როგორ მოხდაო. ასე მოხდება, ამას ვამბობ მე, მიწოდება გაიზრდება სტახანოვური ტემპით“, - განაცხადა მიხაილ ხოდარიონოკმა.

მიხაილ ხოდარიონოკი

უკრაინა აშშ-დან მიიღებს 31 ცალს „აბრამსს“, ხოლო გერმანიიდან - 14 „ლეოპარდ-2“-ს. გერმანია ასევე უფლებას აძლევს სხვა ქვეყნებს, გადასცენ კიევს მათ შეიარაღებაში არსებული „ლეოპარდები“. სულ სამხედრო სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ პირველ ეტაპზე უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიღებენ 100-მდე თანამედროვე ტანკს ბრიტანული „ჩელენჯერ-2“-ების ჩათვლით. არაა გამორიცხული, რომ მალე საფრანგეთმაც გამოაცხადოს უკრაინისათვის თავისი „ლეკლერკების“ მიწოდების შესახებ.

დასავლეთის გადაწყვეტილებას მიაწოდოს ტანკები უკრაინას, განსხვავებულად აფასებენ რუსი პროსახელისუფლებო და ოპოზიციური პოლიტიკოსები, თუმცა არც ერთი მხარე არ აკნინებს მხარდაჭერის ფაქტის მნიშვნელობას.

„ლეოპარდების“ რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცემათ, დაახლოებით 80-ია. სავარაუდოდ, კიდევ იქნება ბრიტანული, ამერიკული და ფრანგული ტანკები. საერთო ჯამში, როგორც ჩანს, დაახლოებით 200 ახალ ტანკზეა საუბარი. ეს ამბავი იქცა მსოფლიოს მთავარ სიახლედ, რადგან ყველას ესმის, რომ ეს არის ესკალაცია და ნატოს უფრო მეტი ჩართულობა რუსეთის წინააღმდეგ ომში“, - განაცხადა რუსეთის მმართველი პარტიის წევრმა, პოლიტოლოგმა სერგეი მარკოვმა.

რუსეთის სათათბიროს ყოფილი წევრის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დმიტრი გუდკოვის თქმით კი, აშკარაა, რომ დასავლეთი გაჩერებას არ აპირებს.

„ტანკებია საჭირო? იქნება ტანკები. საჭირო გახდება თვითმფრინავები - ისინიც იქნება. შანტაჟი აღარ მუშაობს, დასავლეთი მკაცრ პოზიციას იკავებს და, როგორც ჩანს, ვირთხას კუთხიდან გაქცევის საშუალებას არ მისცემს. გასარკვევი მხოლოდ ისაა, რამდენ ხანს გაძლებს კუთხეში მომწყვდეული გაავებული, გაშიშვლებული და განწირული“, - ამბობს დმიტრი გუდკოვი.

100 ტანკი - ბევრია თუ ცოტა?

დეკემბრის ბოლოს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ ერთი შეტევითი ოპერაციისთვის, სულ მცირე, 300 ტანკი სჭირდება.

ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე უცნობია, რამდენი ტანკი დარჩა უკრაინას და რამდენი - რუსეთს. ომის კვლევის ჰოლანდიური ანალიტიკური ჯგუფის Oryx-ის მონაცემებით, უკრაინამ 449 ტანკი დაკარგა, რუსეთმა კი - 1646.

აქვს თუ არა რამე სახის უპირატესობა „ლეოპარდებსა“ და „აბრამსებს“ თანამედროვე რუსულ T-90M-ებთან შედარებით?

Conflict Intelligence Team(CIT) ყურადღებით ადევნებს თვალყურს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის ინტერვენციის დღიდან. რადიო თავისუფლებამ სწორედ CIT-ის ექსპერტებს მიმართა თხოვნით, შეეფასებინათ უკრაინისათვის გადასაცემი დასავლური ტანკების შესაძლებლობები.

რომელ რუსულ ტანკებთან არის ყველაზე მიზანშეწონილი „ლეოპარდების“ შედარება?

„ტანკების ერთმანეთთან შედარება რთული საქმეა, მაგრამ „ლეოპარდ-2A6“-თან ყველაზე ახლოს ალბათ T-90M დგას. „ლეოპარდ-2A4”-თან უფრო ახლოსაა ადრეული მოდიფიკაციის T-90 ან Т-80У. ყველა ეს ტანკი 1980-იანი წლების მოდელია, თუმცა მაშინ უკვე საკმაოდ თვალშისაცემი იყო ტექნოლოგიური განსხვავება სსრკ-სა და დასავლეთის ქვეყნებს შორის“.

უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე განადგურებული რუსული ტანკის T-90M-ის ფონზე ხარკოვის ოლქში, 2022 წლის მაისი.

რა არის „ლეოპარდების“ მთავარი უპირატესობა საბჭოთა და რუსულ ტანკებთან შედარებით?

„პირველ რიგში, გამოსაყოფია ავტომატიზაციისა და კონტროლის საშუალებები. ცეცხლის მართვის სისტემა მხოლოდ მცირე ნაწილია. დასავლური ტანკის საინფორმაციო და მართვის სისტემა მთლიანად ავტომატიზებულია. რუსული ტანკები, რა მოდიფიკაციისაც უნდა იყვნენ, ბერკეტებით იმართებიან, "ლეოპარდს" კი შტურვალი, ერთგვარი საჭე აქვს. რუსული ტანკების უმეტესობის ძრავა მწყობრიდან გამოვა, თუკი მექანიკოსი მართვის ორივე ბერკეტს თავისკენ მომართავს. არ არსებობს დამზღვევი სისტემა, "ლეოპარდში" ეს სისტემა სრულად ავტომატიზებულია. ამბობენ, რომ თითქოს, მოდიფიცირებულ უახლეს T-90-სა და T-80BVM-საც გაუკეთდა დამზვევი მექანიზმები.

რუსული და საბჭოთა ტანკები ფაქტობრივად ხელით არის სამართავი. ტანკის დაქოქვა კი ნიშნავს ოთხ პირობით ჩამრთველზე ხელის დაჭერას და კიდევ რამდენიმე დამატებით მოქმედებას. მანქანის საველე პირობებიდან საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანა ასევე მოითხოვს რამდენიმე ღილაკის სწორი თანმიმდევრობით დაჭერას, რაც ართულებს მთელ პროცესს.

M1 Abrams-ისა და Leopard 2-ის ტექნიკური მახასიათებლები

"ლეოპარდს" აქვს მაქსიმალური ავტომატიზაცია და მისი ყოველი განახლება ზრდის ავტომატიზაციის ხარისხს. შედეგად მცირდება დაშვებული შეცდომების რაოდენობა და ეკიპაჟის წევრთა დატვირთვა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან სტრესულ სიტუაციაში თავისუფლად შესაძლებელია ეკიპაჟის წევრებს აერიოთ ღილაკების თანმიმდევრობა, ბრძოლის ველზე ნებისმიერი შეფერხება კი შესაძლოა ტანკის განადგურებით დასრულდეს.

მთლიანობაში, ათწლეულების განმავლობაში დასავლური ტანკების დახვეწისას დიდი ყურადღება ეთმობოდა ერგონომიკას, რათა მოსახერხებელი ყოფილიყო მართვისა და დამიზნების პროცესი. როგორც უკრაინული ტანკისტები ამბობენ, დასავლური ჯავშანტექნიკა „ადამიანისთვისაა შექმნილი“.

სროლის სიზუსტე

„სროლის სიზუსტე დამოკიდებულია საბრძოლო იარაღის სწორად გამართვაზე, ე.წ. მიზნის გასწორებასა და, რა თქმა უნდა, ეკიპაჟის კვალიფიკაციაზე. სროლის სიზუსტეზე გავლენას ახდენს მომსახურება, თუ როგორ უვლიან ტანკს სროლის დაწყებამდე, რამდენად გაცვეთილია (ან გამოცვალეს თუ არა) ლულა და ა.შ. რუსული სატანკო ნაწილების უმეტესობაში სამიზნის გასწორება არ ხდება.

სიზუსტე ასევე დამოკიდებულია ცეცხლის მართვის სისტემისა და მისი გამოყენების უნარის ერთობლიობაზე. საბრძოლო პირობებში ამ უნარების ათვისება ძნელია. ასევე მნიშვნელოვანია ავტომატიზაციის და ოპტიკური საშუალებების როლი: „ლეოპარდის“ თერმული გამოსახულების სისტემა ღამითაც მუშაობს, მაშინ, როცა საბჭოთა ტანკების აბსოლუტურ უმეტესობას ასეთი რამ ფიზიკურად არ აქვს.

მანძილსაზომის ხარისხი: T-72-ის მანძილსაზომი საკმაოდ დაბალი ხარისხისაა - ვერ იჭერს სამიზნეს მცირე მცენარეული საფარისა და ფოთლების მიღმა. დასავლურ ტანკებში საცეცხლე სისტემის ხარისხი ბევრად მაღალია, რადგან საქმე გვაქვს ახალი თაობის სისტემებთან. თუმცა, რაც შეეხება ქვემეხებს, დასავლური და საბჭოთა ტანკების ქვემეხები თითქმის თანაბარი დონისაა.

რუსეთ-უკრაინის ომში პირდაპირი სატანკო ბრძოლები თითქმის არ ხდება. იმის ალბათობა, რომ პირობითი "ლეოპარდი" პირდაპირ კონტაქტში შევა რომელიმე რუსულ ტანკთან, ძალიან დაბალია.

უკრაინელი ჯარისკაცი განადგურებული რუსული ტანკის მახლობლად ბალაკლეაში, ხარკოვის ოლქი, 2022 წლის სექტემბერი

ამ ომში ტანკების მთავარი დანიშნულება ქვეითების მხარდაჭერა, მტრის საცეცხლე პუნქტების განადგურება და თავდაცვის ზღუდის გარღვევაა. ტანკების დანიშნულებაა გაანადგუროს ტყვიამფრქვევებისა და ნაღმმტყორცნების ბუდეები, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების და ყუმბარმტყორცნების ოპერატორთა პოზიციები, ჯავშანტექნიკა ან ავტომობილები, მტრის ქვეითი ჯარისკაცები. თანამედროვე ომში ტანკების ამოცანები დიდად არ განსხვავდება ქვეითების მიზნებისგან. ისინი მხარს უჭერენ და ავსებენ ერთმანეთს“.

გაბარიტები

„მნიშვნელოვანი ასპექტია ტანკების გაბარიტები. მთელი საბჭოთა სატანკო დოქტრინა ემყარებოდა ტანკების გაბარიტების მაქსიმალურად შემცირებას. ნაწილობრივ ამით აიხსნება რუსული (საბჭოთა) ტანკების ცუდი ერგონომიკა - უკიდურესი დისკომფორტი მართვისას, მაგრამ, რაც უფრო პატარაა ტანკი, მით უფრო რთულია მისი შემჩნევა, მიზანში ამოღება და აფეთქება. "ლეოპარდ 2" კი საკმაოდ მაღალი ტანკია, რაც ზრდის სარაკეტო სისტემებით მისი აღმოჩენისა და განადგურების საფრთხეს.

მნიშვნელოვანია ეკიპაჟის სწორი ტაქტიკური მუშაობა. დასავლური ტანკები, მათ შორის "ლეოპარდები", დაცულია საბჭოთა და რუსული ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისგან მხოლოდ 20-30-გრადუსიან სექტორში. ტანკის ღერძისადმი 45-გრადუსიანი კუთხით ჭურვის მოხვედრა მაღალი რისკის შემცველია, რომ არაფერი ითქვას ყველაზე ნაკლებად დაცულ გვერდებზე. შეუძლებელია ტანკის კარგად დაცვა ყველა მხრიდან. ასეთი რამ შესაძლებელია მხოლოდ ვიწრო სექტორში. ამის გამო კარგად გაწვრთნილი ტანკისტები ყოველთვის ცდილობენ, თავიანთი ტანკები სახით დადგან მტრის შესაძლო ცეცხლის პირისპირ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ხელში ჩაგდებული საბჭოთა T-80 ტანკი ცეცხლს უშენს რუსეთის პოზიციებს უკრაინის დონეცკის რეგიონში, 2022 წლის ნოემბერი.

ჯავშანი

„თანამედროვე ომში ჯავშანი არ მიიჩნევა ძალიან მნიშვნელოვან ინდიკატორად. მიმდინარე ომის დროს მწყობრიდან გამოსული ტანკების უმეტესობა ტანკსაწინააღმდეგო-მართვადი რაკეტებით განადგურდა. რაკეტისთვის, თუ არ ჩავთვლით ფრონტალური ჯავშნის ვიწრო სექტორს, სულერთია, როგორი ჯავშანი აქვს ტანკს. სხვა მხრივ "ლეოპარდის" ჯავშანი აღემატება რუსული ტანკის ჯავშანს“.

ეკიპაჟი: ოთხი სამის წინააღმდეგ

„დასავლური ტანკის ეკიპაჟის მეოთხე წევრი (რუსული ტანკის ეკიპაჟი სამი წევრისგან შედგება) ჭურვების მიწოდება-დატენვაზეა პასუხისმგებელი. მას ასევე შეუძლია ეკიპაჟის სხვა წევრების შეცვლა, თუმცა ოთხწევრიანი ეკიპაჟის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, უფრო სწრაფად შეუძლია მოემსახუროს ტანკს.

როდესაც შვედებმა შეიმუშავეს თავიანთი Strv103 ტანკების პროტოტიპები, მათ უნდოდათ ეკიპაჟი ორ ადამიანამდე დაეყვანათ, მაგრამ ჩაატარეს გამოკვლევა და დაადგინეს, რომ ეს არასწორი იქნებოდა - არა მხოლოდ მომსახურების, არამედ ფსიქოლოგიური ზემოქმედების თვალსაზრისითაც. რაც უფრო მცირერიცხოვანია ეკიპაჟი, მით მეტია მასზე ფსიქოლოგიური წნეხი. დიდი ეკიპაჟი ხშირ შემთხვევაში დიდი უპირატესობაა.

საბჭოთა ტანკების გაბარიტების შემცირება მოხერხდა დატენვის ავტომატური სისტემის დამონტაჟების შემდეგ. ამ სისტემამ სამამდე შეამცირა ეკიპაჟის წევრთა რაოდენობა, მაგრამ ჭურვების ტანკის შიგნით განთავსების გამო, ეს სისტემა საბჭოთა და რუსულ ტანკებში მეტად მოწყვლადია საბრძოლო მასალის დეტონაციის თვალსაზრისით. თუ ტანკის კოშკში დიდი ადგილია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხდება საბრძოლო მასალის დეტონაცია. საბჭოთა და რუსულ ტანკებში ჭურვები ყველგანაა ჩალაგებული, მათ შორის მექანიკოსთანაც, რაც უსაფრთხოების მხრივ დიდ პრობლემას წარმოადგენს.

არსებობს სხვა მიზეზებიც: საბჭოთა ტანკებში T-64, T-72, T-80, სასროლი მუხტი ყველა მხრიდან არ არის დახურული ლითონის ჰილზით, როგორც ეს ნატოს ტანკებშია. ამის გამო იოლად შესაძლებელია აფეთქება გამოიწვიოს რამე გახურებულმა ნამსხვრევმა ან ნაპერწკალმა.

პრინციპში, თუ ტანკს ცეცხლი გაუჩნდა და სწრაფად მისი ჩაქრობა შეუძლებელია, ის ნებისმიერ შემთხვევაში დაიკარგება. კოშკების მოგლეჯვები, რომლებსაც ამ ომის დროს ვხედავთ, უმეტეს შემთხვევაში ხდება 3-5-წუთიანი ხანძრის შემდეგ. თუ ეკიპაჟი ცოცხალია, მან შეიძლება მოასწროს ტანკიდან გადასვლა და გაქცევა, ხოლო თუ მისი წევრები მძიმედ არიან დაჭრილი, უეჭველად დაიღუპებიან ხანძრის ან საბრძოლო მასალის დეტონაციის შედეგად“.

ჭურვები

„120-მმ-იანი ჭურვები, რომლებიც გამოიყენება "ლეოპარდებში", გავრცელებულია მთელ ევროპაში, მაგრამ, როგორც ირკვევა, ასეთი ჭურვები საერთოდ არ არის უკრაინაში. ნებისმიერი ლოგისტიკური პრობლემის დროს შესაძლებელია გაჩნდეს ჭურვების "შიმშილი". საჭიროა ტანკების საბრძოლო მასალებით მომარაგებისთვის, სპეციალურად "ლეოპარდებისთვის", ცალკე ლოგისტიკური სისტემის აწყობა, თუმცა ევროპაში, მათ შორის უკრაინის პარტნიორ ქვეყნებში, 120-მმ-იანი ჭურვების მარაგთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. მეტიც, დიდია როგორც მარაგი, ასევე ჭურვის ტიპების არჩევანიც. ეს ჭურვები შეიარაღებაში აქვს ათობით, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ქვეყანას“.

"ლეოპარდების" საბრძოლო გამოცდილება

"ლეოპარდები" უდანაკარგოდ გამოიყენეს ავღანეთში, რადგანაც თალიბები ძირითადად ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით იყვნენ შეიარაღებული.

სირიაში თურქეთის არმიის "ლეოპარდები" გამოცადეს ქურთმა მებრძოლებმა, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით. 2016 წლის დეკემბერში სამი ტანკის აფეთქება მოახერხეს, ხოლო 2018 წლის თებერვალში გაანადგურეს "ლეოპარდი-2A4".

სირიაში "ლეოპარდ-2"-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით აფეთქების კადრები

ტალახი, უგზოობა და მობილურობა

„უკრაინისათვის გადაცემულ "ლეოპარდებს" ერთგვარ გამოცდას მოუწყობს შუა ზონის კლიმატი. "ლეოპარდები" საკუთარ თავზე გამოცდიან, რა არის უგზოობა, თუმცა მუხლუხებიანი სატრანსპორტო საშუალებისთვის გრუნტის გზა და ტალახი არ უნდა იყოს გადაულახავი პრობლემა. თუ უკრაინული კონტრშეტევა დაგეგმილია აპრილისთვის, ამ დროისთვის ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში მიწა საკმაოდ მშრალი იქნება. დონბასში შეიძლება ჯერ კიდევ იყოს გზებზე ტალახი და ყინვები, მაგრამ ეს არ იქნება არავითარ შემთხვევაში ციმბირის პირობები.

ტალახმა შესაძლოა პრობლემები შეუქმნას იმ სატვირთო მანქანებს, რომლებსაც მოუწევთ "ლეოპარდებისთვის" 120-მმ-იანი ჭურვების მიწოდბა. ასევე პრობლემები შეექმნება საწვავის მზიდავ, როგორც წესი, ბორბლებიან ავტომობილებს. რაც უფრო დიდია ტანკის მასა, მით უფრო ძნელია მისი ევაკუაცია და ტალახიდან ამოყვანა. საბჭოთა ტანკის გათრევა კი შესაძლებელია თითქმის ყველაფრით, დასავლურ ტანკებს სპეციალური ტექნიკა სჭირდებათ. გერმანიამ უკვე მიაწოდა უკრაინას საევაკუაციო საშუალებები "ბერგენპანცერ-2"-ის სახით, რომლებიც სწორედაც რომ ტანკების ევაკუაციისთვის არიან განკუთვნილი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების T-64 ტანკები ტალახიან გზაზე ბახმუტთან, 2022 წლის ნოემბერი

ტანკების გადაადგილების მთავარი პრობლემა არის არა ტალახი, არამედ ხიდები. „აბრამსები“ „ლეოპარდებზე“ მძიმეა, ხოლო „ჩელენჯერები“ „აბრამსებზე“ მეტს იწონიან. საბჭოთა პერიოდში ხიდები საბჭოთა ტანკებზე გათვლითა და მატერიალური სახსრების დაზოგვით შენდებოდა. 60 ტონის გამძლე ხიდის მშენებლობა ბევრად იაფი ჯდებოდა, ვიდრე 50 ტონისა. საბჭოთა კავშირმა გათვალა, რომ მას დასჭირდებოდა მაქსიმუმ 50 ტონამდე წონის ტექნიკის გადაყვანა, ამიტომ ააგეს ხიდები, რომლებიც უძლებდა 50 ტონამდე სიმძიმის ტანკებს. არავის დაუგეგმავს ამ ხიდებზე 60-ტონიანი და, მით უმეტეს, 70-ტონიანი ტანკების გავლა. „აბრამსი“ ძალიან მძიმე ტანკია“.

საწვავი და შეკეთება

„თითქმის ყველა დასავლური თუ რუსული ტანკი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მოიხმარს მრავალნაირ საწვავს, იქნება ეს ბენზინი, ნავთი თუ დიზელის საწვავი. იცვლება მხოლოდ ძრავის სიმძლავრე და საწვავის ხარჯი, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დასავლური ტექნოლოგიისთვის საწვავის ხარისხი უფრო მეტად მნიშვნელოვანია და, რომ უხარისხო საწვავი ასახვას ჰპოვებს ძრავების მუშაობაზე.

გაცილებით მეტი განსხვავებაა გამოყენებულ ზეთებსა და გამაგრილებელ საშუალებებში. ყველა დასავლური ტანკი მოითხოვს სრულიად განსხვავებული ხარისხის როგორც ძრავის, ასევე ტრანსმისიის ზეთებს.

"ლეოპარდების" ან "აბრამსების" შეკეთების სირთულე დამოკიდებულია დაზიანების ან გაუმართაობის ტიპზე. რაღაცის შეკეთება შესაძლებელია ადგილზე, უშუალოდ ბრძოლის ველზე. რაღაცის შეკეთება შეიძლება საველე სარემონტო ბაზაზე, როცა რომელიმე მძიმე მექანიზმის ასაწევად საჭირო იქნება მხოლოდ ამწე. სხვა, უფრო რთულ შემთხვევებში, მოუწევთ ტანკების გადატანა პოლონეთში“.

გამოყენების ტაქტიკა

„დასავლეთიდან მიღებული ტანკების განაწილება შეუძლებელი იქნება ფრონტის მთელ ხაზზე, ისინი უნდა მუშაობდნენ როგორც ერთი საერთო შენაერთი. ფრონტის დიდ მონაკვეთზე მათი "გაფანტვა" არ გამოვა ლოგისტიკური მიზეზების გამო. უბრალოდ შეუძლებელი იქნება მათი მომარაგება ჭურვებით, საწვავ-საპოხი მასალებით, სათადარიგო ნაწილებით. ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასავლური ტანკები ერთი, დამრტყმელი შენაერთის რიგებში იქნებიან.

უკრაინელი სამხედროები არემონტებენ რუსულ ტანკს ხარკოვთან, 2022 წლის ნოემბერი

სხვა დასავლური ტანკები

„სხვა ტანკებიდან, რომლებიც შეიძლება ასევე გადასცენ უკრაინა, აღსანიშნავია ბრიტანული, 70-ტონიანი „ჩელენჯერი“. გარდა შთამბეჭდავი წონისა, ამ ტანკის ჭურვის მონაცემებიც ფატალურად განსხვავდება „ლეოპარდების“ და „აბრამსების“ ჭურვების მონაცემებისგან, ანუ. უკრაინას და მის მოკავშირეებს მოუწევთ მომარაგების კიდევ ერთი ჯაჭვის შექმნა. არაა გამორიცხული, რომ უკრაინელებმა ეს ტანკები არ გაიყვანონ ფრონტის ხაზზე. ამის ნაცვლად შესაძლოა დააყენონ რომელიმე, ნაკლებად ცხელ მიმართულებაზე როგორც სტატიკური საცეცხლე წერტილები, გამოთავისუფლებული T-64, T-72 ან T-80 ტანკები კი საჭიროების მიხედვით გადაისროლონ ფრონტის წინა ხაზზე.

რაც შეეხება ფრანგულ „ლეკლერკებს“, ეს არის ძალიან კარგი, თანამედროვე ტანკი, რომელიც თავიდანვე აღიჭურვა სატანკო ინფორმაციისა და კონტროლის სისტემით, მაშინ როცა „ლეოპარდები“ და „ჩელენჯერები“ მხოლოდ მოდერნიზაციის პროცესში არიან. სხვა მხრივ, „ლეკლერკები“ დიდად არ განსხვავდებიან სხვა დასავლური ტანკებისგან“.

ტანკი "ჩელენჯერ-2"

წვრთნა და კოორდინაცია. როდის გამოჩნდებიან „ლეოპარდები“ ბრძოლის ველზე?

„იმისათვის, რომ კარგად შეასრულოს თავისი სამუშაო, ტანკის ეკიპაჟის თითოეულ წევრს სჭირდება მინიმუმ სამთვიანი მომზადება. რუსულ არმიაში ტანკისტთა სასწავლო კურსები 6 თვე გრძელდება.

სასწავლო პროგრამა რამდენიმე ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი - პირადი მომზადება, როდესაც ადამიანს ასწავლიან იმას, რა უნდა გააკეთოს. მომზადების მეორე ეტაპი - ეკიპაჟის წევრებს შორის კოორდინაცია, სიტუაციის მიხედვით სამუშაოს გადანაწილება და ა.შ.

შემდეგ მოდის საბრძოლო კოორდინაცია - ტაქტიკური ვარჯიში ნაკრები დანაყოფის შემადგენლობაში, რომელსაც, პრინციპში, აქვს დასაწყისი, მაგრამ არ აქვს დასასრული: რაც უფრო მეტხანს გრძელდება ტაქტიკური წვრთნები, მით უფრო მომზადებულია ეკიპაჟი. ეკიპაჟების ერთმანეთთან შეწყობას, სულ ცოტა, ორი თვე სჭირდება, კიდევ ერთი თვე უნდა ოცეულებისა და ასეულების კოორდინაციის დახვეწას.

კიდევ უფრო რთულია ტექნიკოსების მომზადება, რადგან მოითხოვს სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნას. საკმარისი არ არის მხოლოდ ხალხის გაწვრთნა და "ლეოპარდებისთვის" რაიმე სახის სარემონტო ბატალიონის შექმნა, საჭიროა ინფრასტრუქტურის მომზადება იმ ტიპის რემონტისთვის. საჭირო იქნება ამ ინფრასტრუქტურის ნატოს ქვეყნიდან უკრაინაში გადატანა.

"ლეოპარდების" არასაკმარისად გაწვრთნილი ეკიპაჟებით ბრძოლებში ჩაბმა უკრაინისთვის იმიჯური თვითმკვლელობა იქნება. სათანადოდ გაუწვრთნელ ეკიპაჟებსა და ტანკებს გადარჩენის ნაკლები შანსი აქვთ. რაც უფრო მეტ ტანკს გაანადგურებს მტერი, მით მეტი იქნება იმიჯური ზიანი. "ჰაიმარსების" შემთხვევა ავიღოთ: აქამდე მათი განადგურების არც ერთი დადასტურებული ფაქტი არ ყოფილა. ამიტომაც ეშინიათ ასე ძალიან რუსებს ამ სისტემების. უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ "ჰაიმარსების" გამოყენების შემხედვარე დასავლეთის ქვეყნებს ესმით, რომ უკრაინას არა მხოლოდ სჭირდება თანამედროვე შეიარაღება, არამედ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სათანადო უნარიც შესწევს გამოიყენოს ეს შეიარაღება დანიშნულებისამებრ და კვალიფიციურად. ეს გარემობა შეიძლება ექსტრაპოლირებულ იქნეს "ლეოპარდებთან" მიმართებით: ამ ტანკების ეფექტიანად გამოყენების მიხედვით გადაწყვეტენ კიევის დასავლელი მოკავშირეები, მიაწოდონ თუ არა ეს და სხვა ტანკები სამომავლოდ. ეს რთული და ძვირადღირებული ტექნიკაა, მაგრამ, რაც უნდა იყოს, "ლეოპარდები" ტანკებია და სწორედ "ტანკები" სჭირდება უკრაინას“.