„შაჰედებზე მონადირე“ - რა აფერხებს უკრაინისათვის ჩეხური ავიაგამანადგურებლების მიწოდებას?

ჩეხეთის საჰაერო ძალების L-159 თვითმფრინავი

ჩეხეთში უკრაინის დახმარების საკითხმა ახალი პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია. პრეზიდენტ პეტრ პაველის ინიციატივამ, კიევისთვის L-159 თვითმფრინავების მიწოდებაზე, ხელისუფლებაში მწვავე დაპირისპირება გააჩინა მაშინ, როცა უკრაინისათვის ეს იაფი და ეფექტიანი ავიაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დრონებთან ბრძოლაში.

ჩეხეთში კიდევ ერთი პოლიტიკური სკანდალი აგორდა, რომელიც უკრაინის დახმარებას უკავშირდება.

პრეზიდენტმა პეტრ პაველმა კიევს ჩეხური წარმოების რამდენიმე L-159 საბრძოლო-სასწავლო თვითმფრინავის გადაცემა დაჰპირდა, რამაც მწვავე კრიტიკა გამოიწვია მმართველ კოალიციაში, რომელიც, თავს მხრივ, ეწინააღმდეგება უკრაინის არმიისთვის ჩეხეთის სამხედრო დახმარების გაგრძელებას.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ასეთი თვითმფრინავები დრონების წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკული და ეფექტიანი საშუალება შეიძლება იყოს: L-159-ების სიჩქარე დიდად არ განსხვავდება „შაჰედებისა“ და „გერანების“ სიჩქარეებისგან, მათი ექსპლუატაცია კი გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე „სრულფასოვანი“ ავიაგამანადგურებლებისა.

რას ედავებიან ერთმანეთს ჩეხეთის პრეზიდენტი და მთავრობა?

18 იანვარს პეტრ პაველმა უპასუხა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კრიტიკას. პეტრ მაცინკამ პაველს უწოდა „სპილო ჭურჭლის მაღაზიაში“ იმის გამო, რომ მან მთავრობასთან შეთანხმების გარეშე გასცა უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდების დაპირება. პაველმა საგარეო უწყების ხელმძღვანელს უთხრა, რომ საუბარი იყო ჩუქებაზე, არამედ უკრაინისათვის გამანადგურებლების მიყიდვაზე, რაც, მისი თქმით, ჩეხი მწარმოებლისთვისაც „კარგი შესაძლებლობა“ იქნებოდა.

„გამოცდილი ადამიანები, განსაკუთრებით დიპლომატები, გამოირჩევიან იმით, რომ რაიმე დასკვნის გამოტანამდე ინფორმაციას ამოწმებენ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის ლექციების წაკითხვას გადაწყვეტენ“, - განაცხადა პეტრ პაველმა, რომელმაც ასევე დასძინა, რომ უკრაინა დიდი ხანია დაინტერესებულია ამ თვითმფრინავებით და, რომ ომის დასაწყისში მართლაც განიხილებოდა კიევისთვის მათი ჩუქების საკითხი, მაგრამ ამჯერად უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მათი შეძენის შესაძლებლობით დაინტერესდა. პაველმა ასევე აღნიშნა, რომ მისი განცხადება ჩეხეთსა და უკრაინას შორის იმ მოლაპარაკებების გაგრძელებაა, რომლის ნაწილიც იყო მაცინკას კიევში ბოლო ვიზიტი.

პეტრ პაველი და ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, 2026 წლის 16 იანვარი

ამგვარი "კბენა" პირველი შემთხვევა არაა პრეზიდენტ პაველსა და 2025 წლის შემოდგომაზე ჩეხეთის ხელისუფლებაში მოსული ახალი მთავრობის წევრებს შორის. ჩეხეთის პოლიტიკაში უკრაინის ყველაზე გავეშებული კრიტიკოსი ტომიო ოკამურა, ჩეხეთის პარლამენტის ახალი თავმჯდომარე და მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიის, SPD-ს (მოძრაობა „თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიისთვის“) ლიდერია. ოკამურა მემარჯვენე პოპულისტი პოლიტიკოსია და ჩეხეთის რესპუბლიკის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეა. პარლამენტის სპიკერად არჩევის შემდეგ, მისი პირველი ქმედება იყო დეპუტატთა პალატის შენობიდან უკრაინის დროშის ჩამოხსნის განკარგულების გაცემა. არადა, უკრაინის დროშები შენობაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ეკიდა.

2025 წლის დეკემბერში, უკრაინის გამო თვითონ SPD-ის რიგებში იფეთქა სკანდალმა: ჩეხეთის ახალმა თავდაცვის მინისტრმა, SPD-ის მიერ მთავრობაში წარდგენილმა უპარტიო კანდიდატმა, გენერალმა იარომირ ზუნამ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ შესაძლებელია „ჭურვების ინიციატივის“ გაფართოება, რომლის ფარგლებშიც ჩეხეთი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში ეძებდა ჭურვებს, მათ შორის, საბჭოთა ეპოქის 122 მმ-იანებს, რათა ისინი ევროპელი მოკავშირეების ხარჯზე შეეძინათ და კიევისთვის გადაეცათ. SPD-ის ხელმძღვანელობა, რომელიც თავის ამომრჩევლებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სრულად შეჩერებას დაჰპირდა, მინისტრის სიტყვებით იმდენად აღშფოთდნენ, რომ მას საგარეო პოლიტიკის საკითხებზე საუბარი აუკრძალეს და კიევში დაგეგმილი ვიზიტი დაუბლოკეს.

ტომიო ნაკამურა (მარცხნივ) და ანდრეი ბაბიში

თუმცა ახალ მთავრობას ხელმძღვანელობს უფრო პრაგმატული პოლიტიკოსი, ანდრეი ბაბიში, არჩევნებში გამარჯვებული პარტია ANO-ს ლიდერი. ბაბიში პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2017 წლიდან 2021 წლამდე იკავებდა, აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დროს. ბაბიში არ ჩქარობს კიევთან პარტნიორული კავშირების გაწყვეტას და ჩეხეთის, როგორც ევროკავშირში უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირის იმიჯის მყისიერად შელახვას.

ჩეხეთში ძირითადად სწორედ პრემიერ-მინისტრი ფლობს ძალაუფლებას, თუმცა პრეზიდენტის უფლებამოსილებაც, სხვა საპარლამენტო დემოკრატიებთან შედარებით, მნიშვნელოვანია: მაგალითად, პეტრ პაველი კვლავ ბლოკავს გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე პარტია „ავტომობილისტების“ წარმომადგენელს, ფილიპ ტურეკს ამ უკანასკნელის რასისტული პოსტების გამო. ხუთი წლით არჩეული პაველი ჩეხეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2023 წლიდან იკავებს. მისი წინამორბედი მილოშ ზემანი ზოგჯერ ღიად პრორუსულ შეხედულებებს იზიარებდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩეხეთის რესპუბლიკისთვის უცხო არ არის სავარაუდოდ „პრორუსული“ მთავრობისა და „პროდასავლური“ პრეზიდენტის ყოლა და - პირიქით.

19 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის მმართველი პარტიების წარმომადგენლებმა სპეციალურ შეხვედრაზე გადაწყვიტეს უკრაინისთვის L-159 თვითმფრინავების მიყიდვის დაბლოკვა. თავისთავად მხოლოდ მთავრობას ან პარლამენტს არ შეუძლიათ თვითმფრინავების გაყიდვის აკრძალვა, მაგრამ მაშინაც კი, თუ საუბარი იქნება არა ჩეხეთის სამხედრო საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლების გადაცემაზე, არამედ ახალი თვითმფრინავების გაყიდვაზე, კომპანია Aero Vodochody-ს დასჭირდება ექსპორტის შესაბამისი ლიცენზია. 2023 წელს ჩეხეთის რესპუბლიკამ უკრაინაში სამხედრო ტექნიკის კომერციული მიწოდების 4,7 მილიარდი ევროს ღირებულების ლიცენზიები გასცა. ჩეხეთის კანონმდებლობით, ლიცენზიებს რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო გასცემს სხვა უწყებების, მათ შორის თავდაცვის სამინისტროსა და სპეცსამსახურების შემოწმების შემდეგ. ახალ მთავრობაში, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრის თანამდებობას იკავებს პარტია ANO-ს წარმომადგენელი, კარელ ჰავლიჩეკი.

L-159 - რა თვითმფრინავია?

პეტრ პაველმა L-159 გამანადგურებლების უკრაინაში გადატანის შესაძლებლობაზე პირველად 2023 წლის მაისში ისაუბრა. თვითმფრინავის სრული სახელწოდებაა Aero L-159 ALCA (Advanced Light Combat Aircraft - პერსპექტიული მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავი). მას ჩეხური კომპანია Aero Vodochody-ს 1997 წლიდან აწარმოებს და წარმოადგენს საბჭოთა ეპოქაში პოპულარული სასწავლო თვითმფრინავის L-39/59 Albatross-ის გაუმჯობესებულ ვარიანტს. ჩეხოსლოვაკია ამ თვითმფრინავს 1960-იანი წლების ბოლოდან აწარმოებდა და მსოფლიოს ათობით ქვეყანაში ჰყიდდა, ძირითადად ვარშავის პაქტის წევრ სახელმწიფოებში, მათ შორის სსრკ-სა და საბჭოთა კავშირის მეგობარ ქვეყნებში, სადაც L-39/59 Albatross ძირითადად „დიდი“, რეაქტიული ავიაგამანადგურებლების პილოტების წვრთნისთვის გამოიყენებოდა.

L-159 და მისი წინამორბედის ზომები შესამჩნევად უფრო მცირეა, ვიდრე უკრაინის არსენალში ამჟამად არსებული ისეთი გამანადგურებლებისა, როგორიცაა МиГ-29 ან F-16. L-159 ორ მეტრზე უფრო მოკლეა და მისი ფრთათაშორისი განიც უფრო მცირეა, ისევე როგორც მისი ფრთების საერთო ფართობი. ამავდროულად, L-159 თავისი შიდა მახასიათებლებით გაცილებით უფრო ახლოსაა თავის „უფროს თანამოძმეებთან“: აღჭურვილია თანამედროვე იტალიური რადიოლოკაციური სისტემით, შეუძლია მაღალი სიზუსტის თანამედროვე იარაღის გადატანა, ხოლო მისი ავიონიკა ციფრულ პლატფორმაზეა აგებული. ჩეხეთის არმია L-159-ს იყენებს როგორც ერთადგილიანი, ასევე ორადგილიანი კონფიგურაციით. ამ თვითმფრინავების ექსპორტი ხორციელდებოდა როგორც ერაყში, სადაც 2015 წლიდან 2022 წლამდე მონაწილეობდნენ ISIS-ის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მათ პილოტების ტაქტიკური წვრთნისთვის იყენებენ.

ჩეხური L-159

კომპანია Aero Vodochody-მ სულ 70-ზე მეტი L-159 გამოუშვა, რომელთაგან ჩეხეთის არმია 24-ს ფლობს. 2012 წელს ერთი L-159-ის ღირებულება ინფლაციის გარეშე 10-12 მილიონი დოლარი იყო, მაშინ როცა 30-35 წლის F-16 გამანადგურებელი შეიძლება მინიმუმ 30-35 მილიონი დოლარი ღირდეს.

L-159-ების უკრაინისთვის გადაცემის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ქმედება ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობას შეასუსტებს. თუმცა პეტრ პაველის თქმით, საუბარი არ არის ჩეხეთის სამხედრო საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავების გაყიდვაზე, არამედ განიხილება სპეციალურად უკრაინისთვის ახალი თვითმფრინავების წარმოება. ჩეხეთის სამხედრო საჰაერო ძალების ძირითადი ავიაგამანადგურებლებია 14 შვედური Saab JAS-39 Gripen. გარდა ამისა ჩეხეთმა უკვე გააფორმა კონტრაქტი შეერთებულ შტატებთან 2030 წლის შემდეგ 34 ამერიკული F-35-ის მიწოდების შესახებ.

რაში გამოადგება L-159 უკრაინას?

ევროპელი მოკავშირეების მიერ ჩამოწერილი F-16-ების გარდა, უკრაინა ასევე იმედოვნებს, მიიღებს 150-მდე შვედურ JAS 39 Gripen E გამანადგურებელსა და ფრანგულ Mirage 2000-ს. ეს თვითმფრინავები ხშირად მხოლოდ საჰაერო სამიზნეების, კერძოდ, Shahed/Geran დრონების და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაშვებული ფრთოსანი რაკეტების გასანადგურებლად გამოიყენება. ეს არ არის ასეთი ძვირადღირებული შეიარაღების ყველაზე ეფექტიანი გამოყენება - შემთხვევითი არ არის, რომ უკრაინა Shahed-ების წინააღმდეგ ისეთ მსუბუქ სამოქალაქო თვითმფრინავებსაც კი იყენებს, როგორიც Cessna-ა.

სწორედ აქ იმალება მიზეზი, რის გამოც კიევმა შეიძლება დიდი სარგებელი ჩეხური „მინი-გამანადგურებლებით“: L-159 უფრო მარტივი და იაფია სამართავად და რაც მთავარია, მისი სიჩქარე Shahed-ის სიჩქარის მსგავსია, მაშინ, რომ „ჩვეულებრივი“ გამანადგურებლები ძალიან მძლავრი და სწრაფია შედარებით ნელი დრონების გამოსაჭერად. L-159-ებს შეუძლიათ გამოათავისუფლოს უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების მნიშვნელოვანი რესურსი ისეთი უფრო სწრაფი სამიზნეების, როგორიცაა რაკეტებია და სხვა საბრძოლო საშუალებების გასანადგურებლად.

ოდესის მოხალისეთა ჯგუფის „ტექნარის“ თანადამფუძნებელი, გენადი სულდინი, ასე აღწერს L-159-ის შესაძლო უპირატესობას „სრულფასოვან“ გამანადგურებლებთან შედარებით:

"სოციალურ ქსლებში გაჩაღდა დებატები იმის შესახებ, რომ „შაჰიდებთან“ საბრძოლველად საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ბრაზილიური Super Tucano მოიერიშე თვითმფრინავების შეძენა. ზოგადად, ეს სიმართლეა. თუმცა ბრაზილიამ უარი თქვა უკრაინისათვის მიყიდვაზე, ამიტომ დისკუსიამ წმინდა თეორიულ ხასიათი შეიძინა. მეტი ინტერესი გამოიწვია L-159 მსუბუქი სასწავლო მოიერიშე თვითმფრინავების ჩეხეთიდან იმპორტირების შესაძლებლობამ. და მართლაც, L-159 პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტაა. აი, რატომ.

1. რეაქტიული გამანადგურებლების საკვანძო პრობლემა

უკრაინის საჰაერო ძალებში არსებული თანამედროვე რეაქტიული გამანადგურებლების მთავარი ნაკლი მაღალი მინიმალური სიჩქარეა. მათ არ შეუძლიათ სტაბილურად ფრენა 380–400 კმ/სთ-ზე დაბალი სიჩქარით. შედეგად, გამანადგურებელი იძულებულია დამიზნებით სროლისთვის მაღალი სიჩქარით მიუახლოვდეს 210–220 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ „შაჰედს“; ესროლოს სახიფათო მანძილიდან, რის გამოც რისკავს ნამსხვრევებისა და აფეთქების სხვა პროდუქტების ზონაში მოხვედრით.

2. L-159-ის მნიშვნელოვანი უპირატესობა სიჩქარის დაახლოებით 185 კმ/სთ-მდე შენელებაა. ეს ნიშნავს, რომ „შაჰედის“ 210 კმ/სთ სიჩქარით ფრენისას, თვითმფრინავს შეუძლია ადვილად დააჯდეს კუდზე, უსაფრთხოდ მიუახლოვდეს მას და მეთოდურად გაანადგუროს.

კაცი ათვალიერებს რუსულ გერან-2 ტიპის მოიერიშე დრონს (მოდერნიზებული შაჰედ-136).დაზიანებული და ნადავლი რუსული სამხედრო ტექნიკის გამოფენაზე კიევში, 2025 წლის 27 ოქტომბერი.

3. შეიარაღება: მარტივი, ეფექტიანი, ნაცადი.

„შაჰიდების“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის ოპტიმალური იარაღია საავიაციო ქვემეხი ГШ-23Л (23 мм): 1960-70-იანი წლების საბჭოთა წარმოებისა, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი „საყმაწვილო სენისგან“ და, რომლის ეფექტიანი მოქმედების დიაპაზონი დაახლოებით 400 მეტრია. თუ სამიზნე ამ დისტანციაზე აფეთქდება, პილოტს აქვს უსაფრთხოდ გაქცევის დრო; როგორც წესი, სროლა ფაქტობრივად „ტირში ვარჯიშად“ იქცევა ხოლმე.

4. L-159 – თანამედროვე გადაწყვეტა

L-159 შემუშავდა ვარშავის პაქტის დაშლის შემდეგ. ეს არის არა უბრალოდ L-39, არამედ ღრმად მოდერნიზებული თვითმფრინავი გაუმჯობესებული ავიონიკით, კავშირგაბმულობის საშუალებებით, ნავიგაციის სისტემებით და საბრძოლო შესაძლებლობებით. დიდი ალბათობით, თვითმფრინავი მოწოდებული იქნება თერმული ვიზუალიზაციის სისტემებით, მოდერნიზებული კომუნიკაციის აღჭურვილობით და შესაძლოა ბორტზე დამონტაჟებული რადარითაც კი (ჩეხებს უკვე ჰქონდათ ასეთი სისტემები).

5. L-159-ის ექსპლუატაცია შედარებით იაფი და იოლია

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მალე რუსეთი დაიწყებს რეაქტიული ძრავით აღჭურვილი მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატების კეთებას. ისინი უკვე გადიან საბოლოო ტესტირებას (როგორც გერან-5). ასეთი დრონების წინააღმდეგ Super Tucano აღარ არის ეფექტიანი, რადგან ტურბოხრახნიანი თვითმფრინავები ვერ ახერხებენ 600 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი სამიზნეების ეფექტურად გამოჭერას. რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე ზომის ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ ისინი პრინციპულად უსარგებლონი არიან.

L-159-თვის კი, 600 კმ/სთ სიჩქარით სამიზნეების გამოჭერა პრაქტიკულად სტანდარტული ამბავია; იძლევა სამიზნეების იაფად განადგურების შესაძლებლობას ქვემეხით (ყველაზე ეკონომიური ვარიანტი) ან ჰაერი-ჰაერი რაკეტების გამოყენებით. L-159-ს შეუძლია AIM-9 Sidewinder-ის (ნატოს სტანდარტი) სხვადასხვა მოდიფიკაციის და საბჭოთა R-60M-ის (ადაპტაციის შემდეგ) ტარება, რაც თვითმფრინავის ქვემეხისთვის განადგურების ეფექტიან ზონას აფართოებს 300-400 მეტრიდან მინიმუმ 3,5-4 კმ-მდე.

დასკვნა: L-159 ეფექტიანი იქნება როგორც „შაჰიდების“, ასევე რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ, შეძლებს მცირე ზომის ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლასაც, იაფია ექსპლუატაციაში და მოქნილია მოდერნიზაციისთვის. უკრაინის წინაშე არსებული პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. და რაც მთავარია, ხელმისაწვდომია ამ თვითმფრინავების გარკვეული რაოდენობა!"

ამასობაში რუსეთი ყოველ ღამე აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას „შაჰიდებითა“ და რაკეტებით. კვირას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთის სამხედროებმა უკრაინის მიმართულებით 1300-ზე მეტი მოიერიშე დრონი, თითქმის 1050 საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 23 რაკეტა გაუშვეს. რუსეთის იერიშების მთავარ სამიზნედ იქცა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომლის მწყობრიდან გამოყვანა უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს მილიონობით სამოქალაქო პირს, მათ შორის, მოხუცებსა და ბავშვებს.