რა გამოდნება მეტალურგიული საწარმოს წინააღმდეგ დაწყებული პროტესტიდან?

მეტალურგიული საწარმოს მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია

ქუთაისში თაბუკაშვილის, ნიკეას, სულხან–საბასა და მათ მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებთა ნაწილმა მეტალურგიულ ქარხანასთან, საწარმოო პროცესის შეჩერების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა. მოქალაქეები ქარხნის ადმინისტრაციას გარემოს დაბინძურებაში, შედეგად კი თავიანთი ჯანმრთელობის გაუარესებაში ადანაშაულებებენ. აქციის მონაწილეთა თქმით, ქარხანამ რამდენიმე კვირაა სამუშაო პროცესი განაახლა, რის გამო აწუხებთ როგორც კვამლი, ასევე გაუსაძლისი სუნი. ქარხნის ადმინისტრაცია კი ირწმუნება, რომ წარმოება ტექნოლოგიურ ციკლთან სრული შესაბამისობისა და გარემოსადაცვით ღონისძიებათა გათვალისწინებით აღდგა.

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას, რომელსაც ოპერირებას უწევს ინდური კომპანია „ამბიკონ სტილსი“ და, რომელიც ჯართისგან არმატურას აწარმოებს, მუშაობის უფლება ივლისში, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შეუჩერა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა. უწყების ინსპექტორებმა დაადგინეს, რომ კომპანია საქმიანობას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების და დადგენილი ტექნოლოგიური ციკლის დარღვევით ახორციელებდა, რაც საფრთხეს უქმნიდა გარემოს. სამი თვის წინ, საწარმოს შეეზღუდა მეტალურგიული წარმოება საქმიანობის ტექნოლოგიურ ციკლთან შესაბამისობაში მოყვანამდე და სათანადოდ გამართული აირმტვერდამჭერი მოწყობილობის დაყენებამდე.

აქცია ქუთაისში

მეტალურგიული ქარხნის „ამბიკონ სტილსის“ საწარმოო პროცესის კანონთან შესაბამისად წარმართვას მესამე წელია ითხოვენ მოქალაქეები. როგორც ქარხნის მახლობლად, თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ანზორ გვეტაძე ამბობს, საწარმოს ამუშავებიდან, 2019 წლიდან ბავშვებშიც და მოზრდილებშიც განსაკუთრებით მოიმატა ალერგიულმა დაავადებებმა და ეჭვობენ, რომ ქარხნიდან ამოსული შავი ბოლი, რომელსაც თან გაუსაძლისი სუნი ახლავს, მათ ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად აზიანებს.

ქარხანაში საწარმოო პროცესის განახლების გამო გამონაბოლქვსა და აუტანელ სუნზე ჩივის საინიციატივო ჯგუფის წევრი, ანა კაკავა, რომლის საცხოვრებელი კორპუსი, ქარხანასთან დაახლოებით 100 მეტრში დგას. ანა კაკავას თქმით, ჯართის გადამტანი ამწე ქარხნის ტერიტორიაზე 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს და გამონაბოლქვი დღის და ღამის განმავლობაში იფრქვევა, მოსახლეობისთვის კი გაუგებარია, როგორ განაახლა საწარმომ მუშაობა, საქმიანობის ტექნოლოგიურ ციკლთან შესაბამისობაში მოყვანამდე და სათანადოდ გამართული აირმტვერდამჭერი მოწყობილობის გამოყენების გარეშე.

ანა კაკავას თქმით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექცია ქარხნის ამუშავების შემდეგ რამდენჯერმე გამოიძახეს, რადგან გარემოში გაფრქვეულმა აუტანელმა სუნმა შეაწუხათ. ანა კაკავა საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, მეტალურგიულ ქარხანაში ივლისში თავად იმყოფებოდა და ნახა საწარმოო პროცესი. როგორც ამბობს, ჯართი სპეციალურ ღუმელში არ მუშავდება, საიდანაც კვამლი ფილტრს გაივლიდა და გარემოში საკვამურიდან ამოიფრქვეოდა, პროცესი ღია ცეცხლზე მიმდინარეობს და ჯართის გადამუშავებით წარმოქმნილი კვამლი შენობაში იფანტება.

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის წევრების თქმით, ქარხნის მუშაობა გასული წლის სექტემბერშიც შეაჩერა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციამ მოსახლეობის არაერთი მიმართვის შემდეგ და „ამბიკონ სტილსი“ მაშინ 15 ათასი ლარითაც დაჯარიმდა, თუმცა რამდენიმე თვეში წარმოება განახლდა და გამონაბოლვიც და მისი სუნიც ისევ აუტანელი გახდა. წელს ივლისში კი 1000–ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას გაუგზავნეს, ქარხნაში საწარმოო პროცესისი შეჩერების მოთხოვნით, თუმცა პასუხები ჯერ არ მიუღიათ.

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი აპირებს, ისევ მიმართოს უწყებებს, ამჯერად მეტალურგიული ქარხნის დასახლებული ადგილიდან მოშორებით გადატანის მოთხოვნით, რადგან წარმოების შეჩერებას უკვე არასაკმარისად მიიჩნევენ. აქტივისტის განცხადებითვე, მოსახლეობა ეჭვობს, რომ ჯარიმებითა და წარმოების დროებით შეჩერებით პრობლემა ვერ მოგვარდება და ქარხანა ვერ დაამონტაჟებს ევროპული სტანდარტის ისეთ ფილტრს, რომლიც ჯართის გადამუშავებით მიღებულ გამონაბოლქვს უსაფრთხოს გახდის.

აქცია ქუთაისში

ფუნქციონირების პერიოდში, 2019 წლიდან „ამბიკონს სტილსს“ ფულადი ჯარიმა არაერთხელ დაეკისრა სხვადასხვა სახის დარღვევისთვის, მათ შორის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებებით დადგენილი პირობების და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისთვის, ატმოსფერულ ჰაერში მტვრის კონცენტრაციის გადაჭარბებისთვის, ჯართის გადარჩევის პირობების დარღვევისთვის, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის, მაგნიუმის დიოქსიდის, თუთიის ოქსიდის და მტვრის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმის გადაჭარბებისა და მავნე ნივთიერებების შესაბამისი წმენდის გარეშე გაფრქვევის ფაქტების გამო. ყველაზე სოლიდური 45-ათასლარიანი ჯარიმა კი კომპანიას ივნისში დააკისრა სასამართლომ, რომელმაც „ამბიკონ სტილსი“ სამართალდამრღვევად ცნო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისთვის.

გარემოზე მიყენებულ ზიანი და საწარმოში არსებულ პრობლემები ჯერ კიდევ ივლისში დაადასტურეს კომპანია „ამბიკონ სტილსში“. ამის მიუხედავად, სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიამ გაასაჩივრა და პროცესი მიმდინარეობს.

23 ოქტომბერს აქციის მონაწილეებს ქარხნის ადმინისტრაციის წარმომადგენლი ფრიდონ კვინიკაძე შეხვდა, რომელმაც მოქალაქეებს განუცხადა, რომ საწარმომ მეტალურგიული წარმოება საქმიანობის ტექნოლოგიურ ციკლთან შესაბამისობაში აღადგინა და იყენებს სათანადოდ გამართულ აირმტვერდამჭერ მოწყობილობას. ფრიდონ კვინიკაძის შეფასებით, მოქალაქეების ნაწილის პროტესტი პროვოცირებულია, თუმცა იგი არ აკონკრეტებს, ვის მიერ.

ქარხნის ადმინისტრაციის წარმომადგენელებმა საინიციატივო ჯგუფის შეთავაზებაზე, გაცნობოდნენ საწარმოო პროცესს, უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ კვირა დღე იყო. ფრიდონ კვინიკაძის განცხადებით, საინიციატივო ჯგუფის წევრებს, მათთვის სანდო სპეციალისტების თანდასწრებით, ქარხანაში კვირის სხვა დღეებში შეიყვანს.

აქციის მონაწილეებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციას კიდევ ერთხელ მიმართეს ქარხნის მუშაობის შემოწმების მოთხოვნით. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები ქარხანაში გასულ კვირაშიც იმყოფებოდნენ. დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ინსპექტირების შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.