ხელფასი, სტაბილურობა, ტატუები - რა სურთ ქართველ პოლიციელებს?

ხელფასი, სტაბილურობა, ტატუები, ქართველი პოლიციელები, ქართული პოლიცია, სამართალდამცველი, პოლიციელი

ვინ ირჩევს დღეს პოლიციელის პროფესიას და რატომ? - ამ კითხვაზე პასუხების ძიებაში სოციალური ქსელების იმ დახურულ თუ ღია ჯგუფებში აღმოვჩნდით, სადაც პოლიციაში მუშაობის დაწყების მსურველები ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას გამოცხადებულ ვაკანსიებზე, ხელფასებზე, სამუშაო პირობებსა და კარიერულ პერსპექტივებზე.

„პოლიციელი გმირია“

ბოლო წლებში TikTok-ზე, Facebook-სა და Instagram-ზე ალბათ შეგხვედრიათ ვიდეოები - დრამატული მუსიკითა და ნელი მოძრაობის (slow motion) ან სხვა ეფექტებით, სადაც ფორმაში გამოწყობილი უშიშარი პოლიციელი იცავს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და მოქალაქეებს - მონაწილეობს სპეცოპერაციებში, აკავებს დამნაშავეებს ან მზრუნველი პოლიციელი - მოხუცებს გზაზე გადასვლაში ეხმარება და 8 მარტს ქალებს ყვავილებით ასაჩუქრებს.

Your browser doesn’t support HTML5

ვაჟა სირაძის ვიდეო რუსული სიმღერის ფონზე

ეს პოლიციელის პროფესიის პოპულარიზაციისთვის შექმნილი გვერდებია - მათ, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებული ხალხი მართავს. ციფრული კამპანიების მიღმა შინაგან საქმეთა სამინისტრო ხალხშიც გადის - კამპანია „პროფესია პოლიციელის“ ფარგლებში სკოლებში მოსწავლეებს აცნობენ საპოლიციო საქმიანობას.

„უმნიშვნელოვანესია, რომ მოზარდმა თაობამ იცოდეს პოლიციის როლი, მათი ფუნქციები… ასევე, ეს არის ერთგვარი პოპულარიზაცია ახალგაზრდებს შორის, რომ მათ სამომავლოდ, პოლიციის მიმართულება აირჩიონ კარიერული განვითარების მიმართულებად”, - თქვა პოლიციის პოლკოვნიკმა და ახლა უკვე განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ 2025 წელს.

თუმცა, ეს საჯარო იმიჯი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ საუბრებისგან, რომლებსაც Facebook-ის ჯგუფებში შეხვდებით. იქ პოლიციელის პროფესიის სხვა მხარესაც გაიცნობთ - რამდენია ხელფასი და ჰყოფნით თუ არა, როგორ უნდა მოხვდე სასურველ დანაყოფში, შეიძლება თუ არა დამატებითი სამსახურის შეთავსება ან რამდენად მნიშვნელოვანია რეკომენდატორი.

ხელფასი - „კაპიკები არ მყოფნის და მიწევს ტაქსაობა, ამაზე პრობლემას შექმნიან?“

ერთ-ერთი ყველაზე დიდი და აქტიური ჯგუფია „საპატრულო პოლიცია“, რომელიც აერთიანებს 17 ათასამდე ადამიანს. ჯგუფში ყოველდღიურად ათობით პოსტი ქვეყნდება. უმეტესობა კითხვაა:

„საპატრულო პოლიციაში რომ დავიწყებ მუშაობას, სულ თავიდან რამდენი მექნება ხელფასი მინიმუმ?“

ჯგუფის ერთ-ერთი წევრს აინტერესებს, როგორი ხელფასი და გრაფიკია კრიმინალურ პოლიციაში

„კრიმინალურში მინდა მუშაობის დაწყება, ვარ სტუდენტი მაქვს ავტომატიკის „პრავა“, ხელფასი რამდენია და გრაფიკი?“ „კრიმინალურის თანამშრომლის ხელფასი რამდენია?“ „დაცვის პოლიციაში რამდენია ხელფასი?“ „პოლიციელებს ხელფასი ახალი წლიდან ემატებათ?“ „უმცროსი ლეიტენანტი რომ გავხდები, რამდენი მექნება თანამდებობრივი სარგო?“ „გდდ-ს რამდენი აქვთ ხელფასი?“ „უფროს ლეიტენანტს საპატრულოში რამდენი აქვს ხელფასი?“ - პოლიციაში მუშაობის დაწყების მსურველები ერთმანეთს ეკითხებიან, რამდენად სტაბილურ და პროგნოზირებად შემოსავალს სთავაზობს სისტემა სხვადასხვა დანაყოფში, რეგიონსა თუ ქალაქში.

„დაცვის პოლიციაში რამდენია ხელფასი?“ - იკითხა ერთ-ერთმა ანონიმურმა მონაწილემ, რომელსაც ასევე ანონიმურად დაწერილ კომენტარში უპასუხეს - „დაცვის პოლიციაში ახალგაზრდა ბიჭმა თუ გოგომ არც უნდა დაიწყო მუშაობა… 880 ლარია ხელფასი, ძმაო, და თუ მაინცდამაინც სტრუქტურაში გინდა, სხვაგან დაიწყე, სადაც ბევრად მეტია ხელფასი.“

„880 ლარია ხელფასი, ძმაო, და თუ მაინც და მანც სტრუქტურაში გინდა, სხვაგან დაიწყე, სადაც ბევრად მეტია ხელფასი“

ამ ჯგუფებიდანვე ჩანს ის, რომ ხელფასი ბევრი პოლიციელისთვის არ არის საკმარისი ყოველდღიური ხარჯების დასაფარად, საკუთარი თავისა და ოჯახის უზრუნველსაყოფად, რის გამოც ისინი გამუდმებით ეძებენ დამატებითი შემოსავლის მიღების გზებს.

„შსს-ში მუშაობის პარალელურად დამატებით არასამუშაო დროს „მოსულა“ ტაქსაობა, კურიერობა და სხვა მიმართულებებით ფულის შოვნა?“ - იკითხა ერთ-ერთმა ანონიმურმა მომხმარებელმა 30 ივნისს.

ჯგუფის წევრები პასუხობენ შეკითხვას, შეიძლება თუ არა პოლიციელმა არასამუშაო დროს იმუშაოს კურიერად ან ტაქსისტად.

„მოსულა ჩუმად“; „წესით და კანონით არ შეიძლება, მაგრამ ბევრს ვიცნობ ტაქსაობს, არ ყოფილა არანაირი პრობლემა, ასევე შეგიძლიათ ისეთი სამსახური შეითავსო, სადაც არ გაფორმდები და ხელზე აიღებ ხელფასს, მთავარია დარიცხვები არ ფიქსირდებოდეს…“; „ოფიციალურად არ შეიძლება ორგან მუშაობა, თორე ისე „ლევი“ სამუშაო არაა პრობლემა“; „წესით, არ შეიძლება, თუმცა ბევრი მუშაობს კურიერად, ზოგი ტაქსაობს კიდეც“ - უპასუხეს მას. ყველა ეს კომენტარი ანონიმურია.

დიალოგი საპატრულო პოლიციის ჯგუფში

ერთ-ერთმა მომხმარებელმა ასევე დაწერა - „არც იფიქრო, აღარაა ის დრო, „სმენიდან“ გამოსული 3-4 სამსახურში რომ მუშაობდნენ.“ ამ კომენტარს კიდევ ერთი ანონიმური მონაწილე საკუთარი გამოცდილებით პასუხობს: „დაცვაში ვარ, ეს კაპიკები არ მყოფნის და მიწევს ტაქსაობა, ამაზე პრობლემას შექმნიან?“

„პოლიციის შესახებ“ კანონი პოლიციელებს სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებას უკრძალავს. გამონაკლისია მხოლოდ სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობა.

„რეკომენდატორი თუ არ მყავს, საპატრულოზე აზრი არ აქვს?”

არაერთი პოსტი ეხება იმასაც, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა სასურველ ადგილას დაიწყოს მუშაობა - კონკრეტულ დანაყოფში, ქალაქში ან პოზიციაზე. ამ საუბრებში ხშირად ჩნდება რეკომენდაციის საკითხიც: რამდენად მნიშვნელოვანია ნაცნობობა და ვინ შეიძლება დაეხმაროს ადამიანს პოლიციაში დასაქმებაში.

ჯგუფის ერთ-ერთი წევრის შეკითხვა, დაეხმარება თუ არა რეკომენდაცია და შეძლებს თუ არა მუშაობის დაწყებას საშუალო განათლებით

4 ივლისს ერთ-ერთმა მომხმარებელმა ანონიმურად იკითხა „საპატრულოში მინდა დავიწყო მუშაობა საშვალო (სტილი დაცულია) განათლება ხელს ხო არ შემიშლის? და ჯარი გავლილი თუ უნდა გქონდეს… (რეკომენდაცია თუ დამეხმარება რამეში), რაზეც სხვა ანონიმურმა მონაწილემ უპასუხა, რომ „რეკომენდაციაა მანდ მთავარი და განათლებას რაც შეეხება, 9 კლასი საკმარისია.“ საუბარი ამით არ დასრულებულა, ავტორმა იკითხა - „რას ურჩევდა, განაცხადი შეევსო თუ სხვანაირად შეეძლო მოგვარება?“, რაზეც პასუხად მიიღო - „თუ არ მუშაობთ და გყავთ ისეთი თანამდებობის რეკომენდატორი, რომ გამონაკლისის სახით დაგნიშნოთ, მაშინ სთხოვეთ მას თუ არადა, განაცხადი შეავსეთ.“ ამავე პოსტის კომენტარებში სხვა მომხმარებელმა გააზიარა განსხვავებული ინფორმაცია და დაწერა - „საპატრულო პოლიციაში საბაზისო ატესტატით არ ღებულობენ. სრული, საშუალო განათლების ატესტატია საჭირო + მართვის მოწმობა…“

რადიო თავისუფლებას მოქმედმა პოლიციელებმა დაადასტურეს, რომ ერთი სტრუქტურული დანაყოფიდან მეორეში გადასვლა შესაძლებელია რეკომენდაციის საფუძველზე და ეს გავრცელებული პრაქტიკაა.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, პოლიციაში დასაქმებისთვის პირი უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის, საქართველოს მოქალაქე და უნდა ფლობდეს ქართულ ენას. მას ასევე უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება, იყოს ფიზიკურად მომზადებული და ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას უნდა აძლევდეს, შეასრულოს პოლიციელის მოვალეობები. ზოგიერთი თანამდებობისთვის პოლიციაში მიღებამდე ან მიღების შემდეგ კანდიდატმა პოლიციის აკადემიაში უნდა გაიაროს მომზადების კურსი. პოლიციაში დასაქმება, როგორც წესი, სპეციალური კონკურსის საფუძველზე ხდება. კონკურსის გარეშე დასაქმების წესსა და პირობებს შინაგან საქმეთა მინისტრი განსაზღვრავს.

„რეკომენდატორი თუ არ მყავს საპატრულოზე აზრი არ აქვს?“, - იკითხა კიდევ ერთმა მომხმარებელმა 4 ივლისის საღამოს, პოსტს მალევე მოჰყვა პასუხი - „აზრი არ აქვს.“

„ვარ ლეიტენანტი, 28 წლის, იარაღის კურსიც გავლილი მაქვს, ასევე დიპლომი, 4 წელი ვარ დაცვაში, როგორ ხდება საპატრულოში გადასვლა, ანუ თანამშრომელი რომ ვარ, რაიმე პრივილეგია აქვს?“ - იკითხა კიდევ ერთმა მომხმარებელმა, მასაც რეკომენდატორის მნიშვნელობაზე მიუთითეს - „თუ რეკომენდატორი გყავთ, პატაკითაც გადახვალთ, ასევე ვაკანსიის შევსებითაც შეგიძლიათ, როცა იდება.“

ირაკლი შაიშმელაშვილი - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი

„დღევანდელ რეალობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის დაწყება, თუნდაც ყველაზე დაბალ პოზიციაზე, პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ ადამიანს არ ჰყავს რეკომენდატორი - პირი, რომელიც ხელმძღვანელობასთან მის კანდიდატურას წარადგენს და პასუხისმგებლობას აიღებს - ე.წ. მფარველი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელიც 2024 წლის 3 დეკემბრამდე შსს-ში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსი იყო, ახლა კი პოლიტიკურ ემიგრაციაშია. საქართველოში მას დაუსწრებლად აქვს შეფარდებული 2-წლიანი პატიმრობა. შაიშმელაშვილის თქმით, ამ ყველაფერს აქვს 2 მიზეზი. პირველი - „გაფილტრონ სისტემაში შემსვლელი ადამიანების წინასწარ, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი „სანდო“ და „თავიანთი“ ადამიანები არიან.“ და მეორე - „გაიზარდოს თავად რეკომენდატორის პასუხისმგებლობა. ფაქტობრივად, ის პასუხს აგებს მის მიერ მოყვანილ ადამიანზე და გარანტიას იძლევა, რომ ეს თანამშრომელი სისტემისთვის მისაღები იქნება.“

2024 წელი - როგორც წყალგამყოფი

ირაკლი შაიშმელაშვილმა, გდდ-ის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსის თანამდებობა 2024 წლის დეკემბერში პროევროპული აქციების დაშლისა და პოლიციის მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ფონზე დატოვა. სამსახურიდან წასვლის ოფიციალურ მიზეზად განცხადებაში „ოჯახური პირობები“ დაასახელა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ წასვლის გადაწყვეტილება პროევროპულ აქციებზე პოლიციელების მიერ დემონსტრანტების ცემისა და ძალადობის გამო მიიღო. „ბოლო მოვლენები იყო ჩემთვის ე.წ. წყალგამყოფი, ვერც ფიზიკურად, ვერც ემოციურად და ვერც მორალურად ვერ გავუძელი“, - თქვა შაიშმელაშვილმა TV პირველთან ვრცელ ინტერვიუში.

ეს ინტერვიუ ეთერში მაშინ გავიდა, როცა შაიშმელაშვილი ოჯახთან ერთად უკვე აშშ-ში იმყოფებოდა. გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ თუ ინტერვიუს გასვლის დროს საქართველოში იქნებოდა, „მეორე დღეს მისი სახლიდან შეიძლება კილო-ნახევარი კოკაინი ამოეღოთ“.

ამის შემდეგ შაიშმელაშვილმა საჯაროდ დაიწყო საუბარი სისტემის შიგნით მიმდინარე პროცესებზე - როგორ შლიდნენ/არბევდნენ საპროტესტო აქციებს, ვინ იყვნენ აქციებზე შავებში ჩაცმული პირები და რატომ არ ისჯებოდნენ ის პოლიციელები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს.

ასევე ნახეთ

"სამართლიანი სასამართლო თუ იქნება საქართველოში, მაშინ ვიტყვი ყველაფერს” - გდდ-ს ყოფილი თანამშრომელი

2024 წელს პოლიციის მიმართ კითხვები მხოლოდ მასშტაბური აქციების დაშლას არ უკავშირდებოდა. ადგილობრივი თუ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების დასკვნებით, პროევროპულ დემონსტრაციებზე სამართალდამცავებმა არაერთ შემთხვევაში გამოიყენეს გადამეტებული ძალა. დოკუმენტირებულია ძალადობა ჟურნალისტებზე, აქტივისტების ძალის გადამეტებით და, ზოგიერთ შემთხვევაში, თვითნებური დაკავებები, სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაცინვა, სექსისტური და ვულგარული კომენტარები.

სამართალდამცველთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევებმა ისევ გააჩინა კითხვა, რომელიც „ქართული ოცნების“ 13-წლიანი მმართველობის განმავლობაში იქამდეც არაერთხელ დასმულა - რა როლი აქვს პოლიციას ხელისუფლების მიერ პოლიტიკური პროცესების მართვაში?

ამ საუბრებში „ქართულ ოცნებას“ ხშირად ახსენებენ, ხელისუფლებაში მოსვლამდე როგორ აკრიტიკებდა წინამორბედ „ნაციონალურ მოძრაობას“ საპოლიციო სისტემის შექმნისა და „ნულოვანი ტოლერანტობის“ გამო. 13-წლიანი მმართველობის შემდეგ კი, მთავრობის კრიტიკოსების შეფასებით, თავად „ოცნების“ ხელისუფლება მიჰყვება იმავე გზას - აძლიერებს ძალოვან უწყებებს და არ სჯის იმ სამართალდამცავებს, რომლებმაც სულ მცირე გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას.

ასევე ნახეთ

ძალადობს, ცრუ ჩვენებებს იძლევა, მეტ პრემიას იღებს, ნაკლებს სთხოვენ - ქართული პოლიციის პორტრეტი

2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებიდან თითქმის ორი წელია გასული. ამ პერიოდში, ექსპერტების შეფასებით, პოლიციას კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება მიეცა, მაგრამ გაუმჯობესდა მათი სამუშაო პირობები, პროფესიული სტანდარტები და მორალი?

„ეს ტატუ მკლავზე ან ბიცეფსზე რომ მქონდეს, ხელს შემიშლის შინაგანში დაწყებაზე?“

პოლიციაში მუშაობის დაწყების მსურველთა ფეისბუკ ჯგუფებში დასმული კითხვები ზოგჯერ სცდება სისტემაში მოხვედრის ზოგად საკითხებს და ისეთ დეტალებსაც ეხება, როგორებიცაა ფიზიკური მახასიათებლები - მაგალითად, შეიძლება თუ არა პოლიციელად მუშაობის დაწყება, თუ სხეულზე გაქვს ტატუ.

„მინდა საპატრულო პოლიციაში ან კრიმინალურ პოლიციაში მუშაობის დაწყება, მაგრამ ერთ ხელზე მთლიანად, ხოლო მეორეზე - 2 ტატუ მაქვს და რამდენად აქვს აზრი ვაკანსიის შევსებას და თუ მაქვს შანსები, რომ დავიწყო ტატუთი მუშაობა? - იკითხა მორიგმა ანონიმურმა მომხმარებელმა. კომენტარებში ჯგუფის წევრებმა გააზიარეს საკუთარი გამოცდილება - „გააჩნია, რა გახატია, მე პირადად ხელებზე მაქვს ტატუ, მაგრამ ვმუშაობ, მთავარია ცუდი ახსნა არ ჰქონდეს…“

„მართლწესრიგის ოფიცერზე ველოდები გასაუბრებას და ორივე ხელზე მაქვს ტატუ, ჯამში 7 ცალი. არანაირ კრიმინალურს და რამეს არ შეიცავს და შემექმნება პრობლემა?“

„მარცხენა მხარზე მაქვს ტატუ, არწივი მახატია ცოტა მოზრდილი და საპატრულოში ან კრიმპოლში რამე პრობლემა შემექმნება?“

ჯგუფის ერთ-ერთ წევს აინტერესებს, პოლიციაში მუშაობის დაწყება რომ შეძლოს, შეუშლის თუ არა ხელს ტატუ გველის გამოსახულებით.

ერთ-ერთმა მომხმარებელმა ამჯერად პოლიციის აკადემიის ჯგუფში ატვირთა ტატუ გველის გამოსახულებით, რომელიც საკუთარ კუდს კბენს - „ეს ტატუ მკლავზე ან ბიცეფსზე რომ მქონდეს, ხელს შემიშლის შინაგანში დაწყებაზე?

ზოგჯერ კითხვები „აკრძალულ“, თუმცა დამალულ ტატუებსაც ეხება - 24 ივლისს ანონიმურმა მომხმარებელმა ამავე ჯგუფში იკითხა - „ტატუ რომ მქონდეს არგამოსაჩენ ადგილას, მაგალითად, მკერდზე, თუნდაც შინაარსი ცუდი ჰქონდეს, პრობლემა იქნება მაგაზე?“ - კითხვაში ავტორს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა „ცუდი შინაარსის“ ტატუში, თუმცა კომენტარებიდან გამოჩნდა, რომ ჯგუფის წევრების უმეტესობამ ეს დაუკავშირა კრიმინალურ სუბკულტურას ან ექსტრემისტულ სიმბოლიკას. „ცუდი შინაარსი რას ქვია? „ქურდული“ ტატუ თუ გახატია, პოლიციაში რაღა გინდა?“ - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი. მეორე კი განმარტავს: „გააჩნია, რა ტატუ გახატია, ჩვეულებრივ ტატუზე არავინ არაფერს გეტყვის, „ზვეზდოჩკებზე“ და „სვასტიკებზე“, რა თქმა უნდა, პრობლემაა.“

და მაინც, რამდენად მარტივია ფორმის ჩაცმა?

ჯგუფებში ხშირად განიხილავენ, რამდენად მარტივია პოლიციაში მოხვედრა. ამ კითხვებს პასუხი ნაწილობრივ თავად სისტემაში მომხდარი ცვლილებებითაც შეიძლება გაეცეს - შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმების მსურველებისთვის პოლიციაში მოხვედრის წესები ბოლო წლებში ეტაპობრივად გამარტივდა. შეიცვალა როგორც სამსახურში მიღების პროცედურები, ისე პოლიციელთა მომზადებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

ერთ-ერთი ბოლო ცვლილება, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, ამ კანონს მიხეილ ყაველაშვილმა 29 დეკემბერს, ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი. მანამდე მოქმედი კანონი ადგენდა, რომ პოლიციაში პირი, როგორც წესი, უნდა მიეღოთ სპეციალური კონკურსის შედეგად. ცვლილების შემდეგ კი დაემატა ჩანაწერი, რომ შს მინისტრს შეუძლია პოლიციაში სამუშაოდ მიიღოს პირი „სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე.“ საზოგადოების რეაქციების შემდეგ შსს-ს პრეს-სამსახურმა განმარტა, რომ კანონის ცვლილება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც სამხედრო სავალდებულო სამსახური მთლიანად გადავიდა თავდაცვის სამინისტროში. მათი თქმით, ამის შემდეგ გახდა აუცილებელი შსს-ს გასამხედროებული დანაყოფების საპოლიციო წესზე გადაყვანა.

პოლიციაში მოსახვედრად პროცედურების გამარტივება ბოლო წლების განმავლობაში ეტაპობრივად მიმდინარეობდა. 2022 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა პოლიციელთა საბაზისო მომზადების პროგრამის ხანგრძლივობა. კურსი, რომლის გავლაც სავალდებულოა მათთვის, ვისაც პატრულ-ინსპექტორობა, მართლწესრიგის ოფიცრობა ან უბნის ინსპექტორობა სურს, დაახლოებით ხუთი თვიდან შემცირდა თვე-ნახევრამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააუქმა ენების ცენტრიც, რომელიც თანამშრომლებს ეხმარებოდა უცხო ენების ცოდნის გაუმჯობესებაში.

„დროთა განმავლობაში მოთხოვნები იცვლებოდა იმის მიხედვით, თუ როგორი კადრების მიღება სურდა ხელმძღვანელობას. საბოლოოდ კი ეს პროცესი თითქმის ფორმალობად იქცა - გარკვეულ შემთხვევებში სამსახურში იღებდნენ არასრული საშუალო განათლების მქონე პირებსაც. ასეთი კურსები, ჩემი შეფასებით, ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვანი პოლიციელის მომზადებას“, - გვეუბნება ირაკლი შაიშმელაშვილი და განმარტავს, რომ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის არმქონე პოლიციელები მთლიანად ხდებიან დამოკიდებული იმ პირებზე, რომლებმაც ისინი თანამდებობებზე დანიშნეს და „საკუთარი პოზიციის შესანარჩუნებლად მზად არიან, ნებისმიერი ბრძანება უსიტყვოდ შეასრულონ.“

პოლიციაში მოხვედრის პროცედურების ცვლილებებს თან ახლავს თავად სისტემის მასშტაბის ზრდაც. დღეს საქართველოში 40 ათასზე მეტი პოლიციელია. ამ ორ ფაქტს შორის პირდაპირი კავშირის დადგენა რთულია, თუმცა ეს აჩვენებს, რომ პოლიცია ათი ათასობით ადამიანისთვის რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამსაქმებლად.

ირაკლი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ „ისტორიულად ამ პროფესიას ერთი მთავარი იდეა აერთიანებდა - „ემსახურო საქართველოს“, დაიცვა ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, კანონი და საკუთარი საქმიანობით შექმნა უფრო უსაფრთხო ქვეყანა.“ თუმცა, პოლიციის პოლკოვნიკის დაკვირვებით, (ოფიციალური მონაცემები მიუწვდომელია) დღეს პოლიციაში სამსახურის დამწყებთა „ძირითადი მოტივები დაახლოებით ასე ნაწილდება: იდეალები და ქვეყნის სამსახურის სურვილი – დაახლოებით 3–5%; სტაბილური სამსახური და ხელფასი – დაახლოებით 40%; ძალაუფლება, სტატუსი და სხვადასხვა პრივილეგიის მიღების სურვილი – დაახლოებით 55%.“

პოლიციის სისტემის გაფართოებასა და მის მზარდ როლს ბოლო წლებში სამოქალაქო საზოგადოებაზე, კრიტიკულ მედიასა და ოპოზიციურ ჯგუფებზე ზეწოლას უკავშირებს სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი თამთა მიქელაძეც.

თამთა მიქელაძე - სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი

„როდესაც ხელისუფლება ზრდის საპოლიციო რესურსს იმ პირობებში, როცა იზრდება ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, კრიტიკულ მედიაზე, ოპოზიციურ ჯგუფებსა და საპროტესტო მოძრაობებზე, ეს უკვე მხოლოდ საზოგადოებრივი უსაფრთხოების პოლიტიკით ვერ აიხსნება. “- ამბობს მიქელაძე. .

„დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიცია მოქმედებს მაღალი პროფესიონალიზმით და ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს საუკეთესო სამართალდამცავ სისტემებს შორის. ამის უმთავრესი დასტური პოლიციის მაღალი რეპუტაცია და პოლიციის მიმართ ქართველი ხალხის გამორჩეული ნდობაა“, - ეს სიტყვები „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თქვა თვეების წინ. მანვე ისაუბრა უკანასკნელი წლების პოლიტიკურ პროცესებში პოლიციის განსაკუთრებულ როლზეც - „გასული რამდენიმე წელიწადი იყო გამოწვევებით სავსე ქართული სახელმწიფოსთვის. უპირველეს ყოვლისა, სწორედ პოლიციის დამსახურებაა, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა. თითოეულ პოლიციელს განსაკუთრებული მადლობა ამისათვის.“

კობახიძემ ასევე თქვა, რომ ხელისუფლება აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი და განვითარებული პოლიცია სახელმწიფოსთვის და „ამდენად, პოლიციის ინსტიტუციური გაძლიერება და პოლიციელის შრომის სათანადო დაფასება საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება.“

თამთა მიქელაძის თქმით კი, „რეპრესიული აპარატის გაფართოება და ინსტიტუტების გაძლიერება, ავტოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ეს ხელისუფლებას აძლევს პოლიტიკური კონტროლის, პროტესტის შეკავებისა და საზოგადოების დაშინების შესაძლებლობას“.