ეს არის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე საქართველოში სუროგაციის ბიზნესის შესახებ. ამ შემთხვევამ არაერთი კითხვა გააჩინა - დაცულია საქართველოში სუროგატი ქალების უფლებები? ვინ და როგორ მართავს ამ ბიზნესს? საჭიროებს თუ არა ეს სფერო დამატებით რეგულაციებს? გამოცდილებამ აჩვენა, რომ ყველაზე დიდი საფრთხე, მათ შორის ჯანმრთელობის, იმ სუროგატ ქალებს ემუქრებათ, ვინც საქართველოში უცხოეთიდან ჩამოდიან.
რეპროდუქციული მედიცინის სააგენტო Kinderly-სა და მისი დამფუძნებლების, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეების, არმენ მელიქიანისა და რუსლან ტიმოშენკოს მიერ დაზარალებული ათობით სუროგატისა და ბიოლოგიური ოჯახის თითქმის 50-ტომიან საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, დემეტრე ჯინჯოლია 8 თვის განმავლობაში განიხილავდა.
გამოძიება ბრალდებულებს სუროგატი დედებისა და პოტენციური მშობლების 2 060 007 ლარზე მეტი თანხის მითვისებას ედავებოდა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება) მიმდინარეობდა.
რადიო თავისუფლებას პროკურატურაში უთხრეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე 40 დაზარალებულიდან 30 სუროგატი დედა, 10 კი ბიოლოგიური მშობელი იყო.
არმენ მელიქიანი თბილისში, გასული წლის ოქტომბერში დააკავეს. კომპანიის კიდევ ერთ თანადამფუძნებელს, რუსლან ტიმოშენკოს კი 10-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს.
ასევე ნახეთ
გაჩენილი ბავშვები, გართულებული ჯანმრთელობა, მიუღებელი ჰონორარები - სუროგატი დედები სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში„ჩვენ რას მოგვცემს მისი ციხეში ჯდომა?“
34 წლის მარინა (სახელი შეცვლილია ანონიმურობის დაცვის მიზნით) საქართველოში, სუროგაციის პროგრამაში ჩასართავად რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ერთ-ერთი რეგიონიდან 2024 წელს ჩამოვიდა. ის კომპანია Kinderly-მ დაასაქმა და ჩინელი წყვილისთვის, 2025 წლის 31 იანვარს, ბავშვიც გააჩინა.
Kinderly-ს მისთვის 16 500 დოლარი უნდა გადაეხადა. ქალმა ამ ჰონორარიდან მხოლოდ 3 500 დოლარი მიიღო.
მარინა, სხვა სუროგატ ქალებთან ერთად, 29 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ესწრებოდა განაჩენის გამოცხადებას:
„როგორც წესი, წინა სასამართლო სხდომებზე არმენი მშვიდად იჯდა ხოლმე. ერთ-ერთ სხდომაზე, გამოკითხვაზე რომ მიმიყვანეს, იღიმოდა, ხელს გვიქნევდა, გვანიშნებდა, ყველაფერი კარგად იქნებაო. ბოლო სხდომაზე ცარცივით თეთრი იჯდა. მგონი, არ ელოდა, რომ ამდენი ხნით ჩასვამდნენ“.
2025 წლის პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც გამოძიებამ არმენ მელიქიანი დააკავა, სუროგატ ქალებს, მათ შორის, მარინასაც, ჰქონდათ იმედი, რომ დაკარგული ჰონორარების ნაწილის მიღებას მაინც მოახერხებდნენ, თუმცა, განაჩენი ისე დადგა, რომ ამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს:
„მეგონა, რომ გადაგვიხდიდა თანხას და გამოვიდოდა ციხიდან. ჩვენი მიზანი არ ყოფილა მისი დაპატიმრება, თან 10 წლით. ჩვენი მიზანი იყო, რომ მას სამართლებრივი პასუხისმგებლობა აეღო და ჩვენი კუთვნილი თანხები გადაეხადა. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შეთანხმებისთვის მიგვეღწია, თანახმა ვიყავით, რომ პირველ ეტაპზე, თანხის ნახევარი გადაეხადა. რას მოგვცემს მისი ციხეში ჯდომა. ჩვენ ყველას გვჭირდება ჩვენი კუთვნილი თანხები, რომლებიც ჯანმრთელობის ფასად გამოვიმუშავეთ“.
მარინამ საქართველოში ჩამოსვლა და სუროგატი დედობა რთული ფინანსური პრობლემებისა და დედის ავადმყოფობის გამო გადაწყვიტა. მიუხედავად მძიმე გამოცდილებისა, ის დღესაც სუროგაციის პროგრამაშია ჩართული და ახლა ემბრიონის გადასატანად ემზადება:
„წარსული გამოცდილების შემდეგ, ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების ხელახლა მიღება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ახალი სააგენტო, რომელთანაც გავაფორმე ხელშეკრულება, ყურადღებით შევარჩიე. ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ.
რთული ფინანსური მდგომარეობა მაქვს, ვიხდი სახლის იპოთეკას, დედა გულით ავადმყოფია და ძალიან მალე ოპერაცია უნდა გაუკეთონ. ჩემი ძმა შშმ პირია, მყავს 3 წლის შვილი. დედაჩემის წამლები იმდენად ძვირი ღირს, რომ ძლივს ავუდივარ. ამ წამლებსაც საქართველოში ვყიდულობ და სახლში ვგზავნი. ჩვენთან ეს მედიკამენტები არ იყიდება“.
მარინა იმედს იტოვებს, რომ Kinderly-ს მსჯავრდებულ დამფუძნებლებთან უახლოესი ერთი თვის განმავლობაში შეთანხმება შედგება და პროკურატურა მათთან საპროცესო შეთანხმებას გააფორმებს ზარალის ანაზღაურების პირობით.
ბოლო-ბოლო გადაუხდიან სუროგატ დედებს დაკარგულ ჰონორარებს?
ახლა ეს არის ის მთავარი კითხვა, რომელიც როგორც საქართველოში დარჩენილ, ისე უკვე სამშობლოში დაბრუნებულ სუროგატ ქალებს აწუხებთ.
ეს არის ახლა მათი ინტერესების დამცველი იურისტის, ორგანიზაცია „საფარის“ წარმომადგენლის, ნინო ანდრიაშვილის მთავარი საზრუნავიც.
რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ის ბოლო დღემდე იბრძოდა, რომ სუროგატი ქალების დავალიანებების ანაზღაურების პირობით, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმებულიყო:
ნინო ანდრიაშვილი, იურისტი
„ეს საქმე რომ დავიწყეთ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ქალებს კუთვნილი ჰონორარები მიეღოთ. მზად ვიყავით, რომ არმენ მელიქიანთან გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმებაც, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი დააკმაყოფილებდნენ დაზარალებულებს.
მე თავადაც ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს პროკურატურასთან. მიუხედავად იმისა, რომ პროკურორის მოთხოვნა იყო - არანაირი საპროცესო და მაქსიმალური სასჯელი, ქალების უმძიმესი ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით, პროკურატურა დათანხმდა, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, გაფორმებულიყო საპროცესო. ჩვენ თანახმანი ვიყავით იმაზეც, რომ კუთვნილი თანხების ნახევარი მაინც მიეღოთ ქალებს“.
ნინო ანდრიაშვილის თქმით, თუკი მსჯავრდებულები ახლა მაინც, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შემდეგ დათანხმდებიან შეთავაზებულ პირობებს, ის მზადაა, საპროცესო შეთანხმებისთვის საჭირო ტექნიკური საკითხები თავად მოაგვაროს:
„საპროცესო შეთანხმება შესაძლებელია საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ ინსტანციაში, მთავარია, რომ დაზარალებულები დაკმაყოფილდნენ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დაიწყონ მოლაპარაკება და შემდეგ უკვე შესაძლებელია საპროცესოზე საუბარი.
თუკი მომდევნო ერთ თვეში დაგვთანხმდებიან პირობებზე, შესაძლოა, რომ სააპელაციო სასამართლოში პროცესი უკვე დაინიშნოს უშუალოდ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე.
არმენ მელიქიანის ახლობლების თქმით, ისინიც და თავად ბრალდებულიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ მას გაათავისუფლებდნენ და შემდეგ გადაიხდიდნენ თანხებს. თუკი მათ აქვთ სურვილი, რომ არმენ მელიქიანმა ციხეში არ გაატაროს მომდევნო 10 წელი, მზად ვართ მოლაპარაკებისთვის საპროცესო შეთანხმებაზე უახლოესი ერთი თვის განმავლობაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნინო ანდრიაშვილი.
დაკავებამდე ერთი კვირით ადრე, რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, არმენ მელიქიანი ირწმუნებოდა, რომ ის სომხეთში „ოფიციალურ მილიონერად“ ითვლებოდა, თბილისში ახალი რეპროდუქციული სააგენტოს გახსნას და საქმის აწყობის შემდეგ, სუროგატი ქალებისათვის კუთვნილი ჰონორარების გადახდასაც გეგმავდა.
48 წლის სომეხი ბიზნესმენი კომპანიაში შექმნილ ფინანსურ პრობლემებს მის უკრაინელ პარტნიორს, რუსლან ტიმოშენკოს უკავშირებდა:
„პროკურატურაში სულელები ხომ არ სხედან. ხომ ხედავენ, ხომ სწავლობენ ფინანსურ დოკუმენტაციას. მე აქ ვარ, არსად წასვლას არ ვაპირებ. ყველაზე ძლიერი გამომძიებლები აწარმოებენ ჩემს გამოკითხვებს, მე არაფერი მაქვს დასამალი, მე ვარ სუფთა, მე ვარ სამუშაო ადგილების შემქმნელი, მე ვარ გადასახადების კეთილსინდისიერი გადამხდელი“ - გვეუბნებოდა მაშინ მელიქიანი.
ასევე ნახეთ
„პროკურატურაში სულელები ხომ არ სხედან?“ - სუროგატი დედების საქმის ფიგურანტი ახალ სააგენტოს ხსნისნინო ანდრიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში, არმენ მელიქიანის სახელზე გაფორმებული ქონება არ აღმოჩნდა:
„მოძიებული იყო ინფორმაცია სხვა ქვეყნებიდანაც, მათ შორის ჩინეთის ანგარიშებიდან. ერთადერთი ნივთი, რაც ამოღებულია არმენ მელიქიანის ქონებიდან, ეს არის მერსედესის მარკის ავტომობილი, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, შეფასებულია მაქსიმუმ 15 ათას ლარად.
ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა, სხვა ქვეყანაში არსებული ქონებით ისედაც ვერ მოხდებოდა აღსრულება. ამ ადამიანებს იმდენი ფული აქვთ ამ ბიზნესიდან მოპოვებული, რომ დიდი ალბათობით, ნაღდი ფულის, ქეშის სახით აქვთ შენახული ის.
როგორც არმენ მელიქიანის ახლობლებმა მითხრეს, მათ აქვთ შესაბამისი თანხა, რომ გადაიხადონ ჰონორარები, მზად იყვნენ გადაეხადათ კიდეც ეს თანხა, თუმცა, ტექნიკური ნაწილის მოგვარება, რომელიც ადვოკატის პრეროგატივაა, ვერ მოხერხდაო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომდევნო ერთი თვის განმავლობაში“.
რადიო თავისუფლება შეეცადა არმენ მელიქიანის ადვოკატისთვის, დათუნა მოდებაძისთვისაც დაესვა კითხვები. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მიწერილ კითხვებზე, აპირებს თუ არა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებას და ასევე მოლაპარაკებების დაწყებას სუროგატ ქალებთან და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაზე, ორი სიტყვა მოგვწერა: „ვერ გეტყვით“. სხვა დამაზუსტებელ კითხვებს აღარ უპასუხა. მან ჩვენს კითხვებს არც რამდენიმე თვის წინ, სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას უპასუხა: „არმენს არ სურს ამ საქმეზე საუბარი“, - მოგვწერა მან მაშინ.
პასუხისმგებელი პირებისა და უწყებების დუმილი
იმის შესახებ, რომ კომპანია Kinderly სუროგატ ქალებს, მათ შორის, ძირითადად უცხოელებს, თვეების განმავლობაში აღარ უხდიდა კუთვნილ ხელფასებსა და საბოლოო ჰონორარს და ქალები გართულებული ჯანმრთელობით, მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცდილობდნენ თავის გატანას, რადიო თავისუფლება 2025 წლის თებერვლის დასაწყისიდან წერდა.
დახურულ ჰოსტელში იძულებით შესახლებული სუროგატი დედების საქმეზე, რომლებიც კომპანია Kinderly-მ კუთვნილი ჰონორარის გარეშე დატოვა, შსს-მ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ შესახებ რადიო თავისუფლებამ 2025 წლის 3 აპრილს ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
მანამდე, კომპანია Kinderly-ს მიერ დაქირავებული სუროგატი ქალები პოლიციასა და პროკურატურაში თითქმის ყოველ კვირა წერდნენ საჩივრებს, თუმცა სამართალდამცავები მხოლოდ მათი გამოკითხვით შემოიფარგლებოდნენ და ინტერესი სუროგატი დედების მიმართ ამით სრულდებოდა.
ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რადიო თავისუფლებამ სტატიების სერია მოამზადა საქართველოში დონაცია-სუროგაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ
"ბავშვებში იმდენი ფულია გადახდილი" - ჰოსტელში იძულებით შესახლებული სუროგატები დახმარებას ითხოვენსაერთაშორისო პორტალ Health-Tourism-ის 2024 წლის მონაცემებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი საინფორმაციო წყაროა სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით, საქართველოში სამედიცინო ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული პროცედურებია სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია და რეპროდუქციული პროცედურები - ინვიტრო განაყოფიერება, დონაცია, სუროგაცია.
სუროგაციით დაბადებული ბავშვების სტატისტიკა 2019-2024 წლებში - ასე გამოიყურება. ეს მონაცემები სუროგაციისა და სუროგატ დედებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე მკვლევრებმა მოგვაწოდეს (ჯანდაცვის სამინისტროსგან ეს ინფორმაცია დღემდე ვერ მივიღეთ).
- 2019 - 601
- 2020 - 817
- 2021 - 310
- 2022 - 833
- 2023 - 1172
- 2024 (პირველი ხუთი თვე) - 941
სტატისტიკა არ მოიცავს მკვდრადშობილ ბავშვებს.
ამავე სტატისტიკის თანახმად, ბოლო ექვს წელში ყველაზე მეტი წყვილი სუროგაციის მომსახურების მისაღებად საქართველოში ჩამოვიდა ჩინეთიდან, ისრაელიდან და აშშ-დან.
დარგის სპეციალისტები რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობენ, რომ სუროგაცია-დონაციასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი კანონმდებლობით უნდა იყოს დარეგულირებული, რაც დღეს საქართველოს არ აქვს. ეს აჩენს ხვრელებს და ნიადაგს არაკეთილსინდისიერი საქმიანობისთვის და ამით ჩრდილს აყენებს დარგს, რომელიც დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებზე მუშაობს და დღეს ქართულ მედიცინაში ერთ-ერთი წარმატებულ სფეროა.
ჩარჩო-კანონმდებლობაზე მუშაობა, რომელსაც ევროპული სტანდარტების შესაბამისობაში უნდა მოეყვანა დღეს არსებული რეგულაციები, ევროკავშირის ექსპერტებთან, დარგის სპეციალისტებთან და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით ჯერ კიდევ 2019 წლის მიწურულს დაიწყო, თუმცა, მალევე, კოვიდპანდემიის გამო, პროცესი შეწყდა და აღარ განახლებულა.
კანონმდებლობაში დეტალურად უნდა იყოს გაწერილი, ვინ შეიძლება იყოს სუროგატი ქალი, ვის შეუძლია მიიღოს სუროგატი ქალის მომსახურება, რა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს სუროგატმა ქალმა, რა ტიპის ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს გაწერილი უნდა იყოს კლინიკებისა და ექიმების კვალიფიკაციის საკითხი.
ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, არაერთხელ ვცადეთ ინტერვიუს ჩაწერა ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის წარმომადგენელთან, რათა გაგვერკვია, ხომ არ გეგმავს სამინისტრო ექიმებთან, იურისტებთან, ექსპერტებთან ერთად სუროგაცია-დონაციის შესახებ ჩარჩო-კანონმდებლობაზე მუშაობის დაწყებას, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ამ პროცესში, როგორც ქალების, ისე ბიოლოგიური ოჯახებისა და სუროგაციით დაბადებული ბავშვების უფლებების დარღვევის რისკს. უწყებისგან პასუხი ვერც ერთხელ ვერ მივიღეთ. ჯანდაცვის სამინისტროსგან ვერ მივიღეთ პასუხები ვერც 3 თვის წინ გაგზავნილ კითხვებზე, რომლებიც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით გვაქვს მოთხოვნილი და პასუხების მისაღებად კანონით დადგენილი ყველა ვადა უკვე გასულია.