ხოჭო ხაჭაპურში, მატლები პაშტეტში, ობი სოსისში – რას მალავს გადახდილი მილიონების შესახებ პენიტენციური სამსახური

დაობებული და ხშირად ხორცის ნაცვლად - დაუდგენელი შემადგენლობის სოსისი, ნედლის ნაცვლად - გაყინული ხორცი, კარაქის ნაცვლად - სპრედი; საკვებად უვარგისი ბოსტნეული და ხილი, ხოჭო ხაჭაპურში, მატლები პაშტეტში - ეს ციხეებში პატიმრების კვების ხარისხის შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევების არასრული ჩამონათვალია.

იქვე აღწერილია ათეულობით შემთხვევა, როცა ტუბერკულოზით და C ჰეპატიტით დაავადებულ პატიმრებს საკვები ან დააკლეს, ანდა შეუსაბამო საჭმლით შეუცვალეს. ევროპული სტანდარტით, ეს არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობად მიიჩნევა.

სარჩევი:


რას აჭმევენ პატიმრებს?

სარჩევზე დაბრუნება

რადიო თავისუფლება 2019-2025 წლებში ციხეებში კვების ხარისხის ანგარიშებს გაეცნო. დოკუმენტებს, რომლებიც სასამართლოს მეშვეობით გამოვითხოვეთ, პენიტენციური სამსახური 4 წლის განმავლობაში მალავდა.

გლდანის ციხე

აღმოვაჩინეთ, რომ პენიტენციურ სისტემას 2019 წლიდან ამარაგებს კომპანია, რომელიც ტენდერის პირობებს სისტემატურად არღვევს, ხელისუფლება კი ათეულობით მილიონ ლარზე კონტრაქტებს ისევ მას უფორმებს.


“ახალი სტანდარტი” ციხეებში - როგორ ირწმუნებოდა იუსტიციის მინისტრი, რომ საპატიმროებში კვება გააუმჯობესა

სარჩევზე დაბრუნება

2020 წლის იანვარში, იუსტიციის მაშინდელი მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტის ტრიბუნიდან ამბობს, რომ მთავრობამ ციხეებში „კვების ახალი სტანდარტი“ შექმნა.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადება პარლამენტში. 2020 წელი

“შარშან იყო პირველი წელი, როცა [ციხეებში] აიკრძალა გაყინული ხორცი. ჩვენ პირველად დავასაქმეთ შარშან ნუტრიციონისტი, რომელიც დაგვეხმარა მე და ბატონ სერგეენკოს ახალი ბრძანების შემუშავებაში და გაიწერა სრულიად ახალი სეზონური მენიუები, რის საფუძველზეც გამოცხადდა ტენდერი და კვების ხარისხი გაუმჯობესდა”, - თქვა თეა წულუკიანმა და განმარტა, რომ ციხეებში ყოველდღიური თანხაც გაიზარდა თითოეული პატიმრის კვებაზე.

ტენდერში, რომელზეც 6 წლის წინ მინისტრი წულუკიანი საუბრობდა, “ილი ჯგუფმა” გაიმარჯვა, პენიტენციურმა სამსახურმა ამ კომპანიას 2019 წელს 73-მილიონიანი 3-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა.

11 ათასზე მეტ პატიმარს და ციხეების დაახლოებით 1800-მდე თანამშრომელს, ციხეების სასადილოებში საჭმელს დღემდე “ილი ჯგუფი” უმზადებს.

ეს კომპანია საქართველოს მასშტაბით 15-მდე პენიტენციურ დაწესებულებას ამარაგებს და ემსახურება. ყოველ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაახლოებით 35 მილიონი ლარით “ილი ჯგუფმა” უნდა იყიდოს პროდუქტი და მოამზადოს საკვები პატიმრების, ბადრაგებისა და ციხეებს მიმაგრებული წვევამდელი სამხედრო მომსახურეებისთვის.

სახელმწიფოსთან გაფორმებული მრავალმილიონიანი ხელშეკრულების პირობით, კომპანიამ ნუტრიციონისტის მიერ შერჩეული მენიუსთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქტები: საქონლის ნედლი ხორცი, ნედლი და ახალი რძის პროდუქტები, ნატურალური კარაქი, ახალი, საღი ბოსტნეული და ხილი უნდა გამოიყენოს.

კომპანია ასევე ვალდებულებას იღებს, რომ პატიმრებს ქრონიკული დაავადებებით (ტუბერკულოზი, დიაბეტი, ღვიძლის დაზიანება) დიეტური საკვები მოუმზადოს. ხელშეკრულებით დაწესებულია ჰიგიენის დაცვის სტანდარტებიც.

ამ პირობების დასაცავად, ბოლო, განახლებული ხელშეკრულებით, ერთი პატიმრის კვებაზე “ილი ჯგუფი” სახელმწიფო ბიუჯეტიდან დღეში დაახლოებით 9 ლარს (8,93) იღებს, ხოლო პენიტენციური სამსახურის ერთი თანამშრომლის კვებაზე 12 დან 26 ლარამდე - თანხა დამოკიდებულია თანამშრომლის სამსახურებრივ პოზიციაზე.

ყველაზე მეტს სახელმწიფო ესკორტის თანამშრომლების კვებაზე ხარჯავს - 1 კაცზე დღეში 26,4 ლარს.

ახალი ხორცი, წვნიანი კერძები, ხარისხიანი მაწონი, ხაჭო, არაჟანი და კეფირი, საღი ბოსტნეულის და ხილის ულუფები, კომპოტი - ქაღალდზე პატიმრების და ციხეების თანამშრომელთა მენიუ მრავალფეროვანია, მაგრამ…


რას ჰყვებიან პატიმრები?

სარჩევზე დაბრუნება

50 წლის თემომ მე-8 დაწესებულება 6-თვიანი პატიმრობის შემდეგ თებერვლის დასაწყისში დატოვა. ის სასჯელს ფინანსური დანაშაულისთვის იხდიდა; 25 წლის გიორგიმ იგივე ციხე 10-თვიანი პატიმრობის შემდეგ - 2025 წლის ზამთარში.

რადიო თავისუფლებას ისინი ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ. ორივე სახელი შეცვლილია.

Your browser doesn’t support HTML5

გლდანის ციხის ყოფილი პატიმარი ციხის კვებაზე

ყოფილ პატიმრებს ჩამოვუთვალეთ კერძები, რომლებიც, ხელშეკრულების მიხედვით, “ილი ჯგუფს” მათთვის უნდა მოემზადებინა: თევზის ფილე, თევზის კატლეტი, ქათმის ხორცის კატლეტი, ქათმის ნაგეთსები, შილაფლავი ხორცით, მოხარშული ხორცი, საქონლის ხორცის კატლეტი, საქონლის ხორცის ტეფტელები, ლულა ქაბაბი…

“რა ლულა ქაბაბი, ეს უკვე ფანტასტიკის სფეროა, მგონია, რომ რესტორნის მენიუს მიკითხავ”, - შეგვაწყვეტინა მენიუს ჩამოთვლა თემომ.

“ქათმის ბარკლები მოდიოდა გაუსუფთავებელი, ბუმბულები ზედ ჰქონდა და ერთხელ დამპალიც მოვიდა…ხორცი… ისეთი ხორცი იყო, არ იჭმეოდა, მე მგონი, ძაღლიც ვერ შეჭამდა…"

“კატლეტი იყო კი, ოღონდ ისეთი ქვასავით მოდიოდა, შანსი არ იყო მაგის ჭამის. რა კერძებიც ჩამომითვალეთ, ფორმალურად, მეტ-ნაკლებად იყო, მაგრამ უმრავლესობა არ იჭმეოდა. მაგათი საჭმელებიდან რასაც სულ ვიღებდით, იყო ლობიო - ოთხშაბათს და პარასკევს მოდიოდა - დანარჩენი ციხეში არაფერი არ იყო ნორმალური რა…” - გვითხრა გიორგიმ.

“4 კაცი ვიყავით საკანში, მუდმივად ციხის საჭმელს არავინ ჭამდა. დღეში 20-25 ლარი გვეხარჯებოდა მაღაზიაში, ზოგიერთები ხახვს, სანელებლებს ყიდულობდნენ და ციხის საჭმელს აკეთებდნენ ხელახლა საკანში და იმას ჭამდნენ ხოლმე”, - ამბობს თემო და ცდილობს აგვიხსნას, რატომ ვერ ჭამდნენ ციხის კერძებს.

“ქათმის ბარკლები მოდიოდა გაუსუფთავებელი, ბუმბულები ზედ ჰქონდა და ერთხელ დამპალიც მოვიდა. …ხორცი… ისეთი ხორცი იყო, არ იჭმეოდა, მე მგონი, ძაღლიც ვერ შეჭამდა… კარაქი კი ერქვა, მაგრამ კარაქი არ იყო, კარაქის მაგვარი იყო, მაგას თუ ჭამდი, ორგანიზმი არ იღებდა, არ ვიცი რა იყო, მაგრამ კარაქი არ იყო უეჭველი. რაღაცა ცხიმი იყო. კარაქს გავს, მაგრამ საშინელი რაღაცა იყო.“

“სოსისიც იყო, ალბათ - ყველაზე იაფიანი, ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით. მგონია, რომ რაც გადასაყრელი იყო, ის მოქონდათ - ვერ ჭამდა ხალხი.“

“სალათები მოდიოდა, მაგრამ ხანდახან არ იჭმეოდა, უკვე ამჟავებული იყო. რამდენჯერმე მე ავიღე და გადავყარე. ლობიოს სხვები ჭამდნენ, მე ვერ ვჭამე, ერთხელ ვჭამე მაწყინა და ვეღარ ვჭამე.“

გიორგის მონაყოლი დიდად არ განსხვავდება:

Your browser doesn’t support HTML5

გლდანის ციხის ყოფილი პატიმარი ჰყვება ციხის საკვებზე

“საკვები იყო საშინელება, გაკეთებული არ იყო კარგად… რაოდენობაც ცოტა იყო. ფაფაში იყო ხოლმე ძირითადად პატარა მწერები, მგონია, რომ ტარაკნები. ვამოწმებდით ხოლმე კოვზ-კოვზ, რომ ვჭამდით ტარაკანა არ შეგვყოლოდა.“

ერთი ასაკოვანი კაცი იყო და მხოლოდ ის ჭამდა სულ ციხის საჭმელს, უწევდა რა, არ ყავდა არავინ, რომ გარედან ჩაერიცხა ფული, იძულებული იყო ციხის საჭმელი ეჭამა."

“გაუთლელი ბოსტნეული იყო, სტაფილოს შავები ჰქონდა ზედ, კიდევ კომბოსტოს რომ აქვს ყუნწივით, მაგარი რაღაცა, ეგენიც ეყარა წვენში, ვერ ღეჭავდი მოხარშულსაც კი.“

“რა სოსისსაც იქ გვაჭმევდნენ, მაღაზიაშიც ვნახე, რაც გამოვედი. რძიანი სოსისები რომ არის პატარა, 6 ლარი რომ ღირს კილო, ესეთები იყო. მაგას უშვებოდნენ სუპშიც, ეგ მოდიოდა შემწვარიც…“

"ჩვენს საკანში 4, მაქსიმუმ 6 კაცი ვიყავით, ერთი ასაკოვანი კაცი იყო და მხოლოდ ის ჭამდა სულ ციხის საჭმელს, უწევდა რა, არ ყავდა არავინ, რომ გარედან ჩაერიცხა ფული, ჩვენ ხშირად ვუნაწილებდით, მაგრამ მაინც იძულებული იყო ციხის საჭმელი ეჭამა.“

ის რომ პატიმრები ხშირად თავად ყიდულობენ საჭმელს ციხის მაღაზიაში, რადიო თავისუფლებას დაუდასტურა რამდენიმე ადვოკატმაც, რომლებიც საპატიმროებში მყოფ ათობით კლიენტს წარმოადგენენ.


“ტექნიკური ხარვეზი“ - როგორ მოვიპოვეთ დოკუმენტები “ილი ჯგუფის” დარღვევების შესახებ

სარჩევზე დაბრუნება

“ილი ჯგუფი” საპატიმროებში 2019 წლის დეკემბრიდან შევიდა. შემოწმების დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც რადიო თავისუფლებამ შეისწავლა, ჩანს, რომ კომპანია პირველივე თვეში მნიშვნელოვნად არღვევს სტანდარტს. პენიტენციურმა სამსახურმა ეს იცის, მაგრამ დუმს.

2021 წელს რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება ”ილი ჯგუფის” მიერ სატენდერო პირობების დარღვევის შესახებ რუსთავში - როგორ მფარველობდნენ სახელმწიფო უწყებები ხელისუფლებაში მყოფი პარტიის მსხვილ დამფინანსებელ კომპანიას, რომელიც ბიუჯეტის მილიონებით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უხარისხო საკვებს აწვდიდა.

2021 წელს რადიო თავისუფლებისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ ეს კომპანია პატიმრებსაც უხარისხო საკვებით ამარაგებდა, თუმცა მაშინ ამ ინფორმაციის დადასტურება ვერ შეძლო. პენიტენციურმა სამსახურმა შემოწმების დოკუმენტები დაგვიმალა, “ილი ჯგუფის” ხელმძღვანელმა ინტერვიუში დარღვევები უარყო.

Your browser doesn’t support HTML5

იაშა ჩაჩუა, „ილი ჯგუფის“ დამფუძნებელი

სიმართლის დასადგენად და პენიტენციურიდან საჯარო ინფორმაციის მიღებაში დასახმარებლად თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართეთ. ამ საქმეზე პირველი პროცესი სარჩელის შეტანიდან 4 წლის შემდეგ, 2025 წლის ნოემბერში ჩატარდა. პენიტენციური სამსახურის იურისტმა 4 წლის განმავლობაში ინფორმაციის დამალვა ტექნიკური პრობლემით (გაგზავნილი გვქონდა, სერვერში გაიჭედაო) ახსნა. მოსამართლემ უწყების იურისტს რედაქციისთვის ინფორმაციის გადაცემა დაავალა.

20 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა მართლაც გადმოგვცა დოკუმენტები - საპატიმროებში კვების ხარისხის შემოწმების 2 წლის ანგარიშების დაახლოებით 70 გვერდი, რომლებიც სრულად არ ასახავდა აღმოჩენილ დარღვევებს, თუმცა მაინც შეიცავდა მნიშვნელოვან ინფორმაციას 2019-21 წლებში პატიმრების უხარისხო კვებაზე.

პენიტენციური სამსახურის წერილი რადიო თავისუფლებას. სრულად სანახავად დააჭირეთ ფოტოს.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა დამატებითი დოკუმენტებიც - 2025 წლის ჩათვლით აღმოჩენილი დარღვევების შესახებ.

ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში გიყვებით, რა ვნახეთ ჩვენ ამ დოკუმენტებში, რა იცოდნენ წლების განმავლობაში პენიტენციურმა სამსახურმა, სხვა სახელმწიფო უწყებებმა და როგორ გრძელდებოდა რამდენიმე ათეულმილიონიანი ხელშეკრულება, მიუხედავად მისი პირობების მრავალჯერ უხეში დარღვევებისა.


დამპალი ხილ-ბოსტნეული, გაყინული ხორცი, გაურკვეველი წარმომავლობის კარაქი და საქონლის ხორცის ნაცვლად ქათმის სოსისი - რა აღმოვაჩინეთ 2019-2021 წლის დოკუმენტებში

სარჩევზე დაბრუნება

2020 წლის იანვარში, როცა იუსტიციის მინისტრი პარლამენტში გამოსვლისას ამბობდა, რომ 2019 წლიდან პატიმრების კვება გააუმჯობესა, - აკრძალა გაყინული ხორცი, გაამრავალფეროვნა მენიუ, - იმ დროს “პატიმართა კვების ინსპექტირების კომისიამ” უკვე იცოდა, რომ ციხეში კვება მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.

პენიტენციური სამსახურის “კვების ინსპექტირების კომისია” 2019 წლის 16 დეკემბერს წერს, რომ მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში კომისიამ გაყინული ხორცი აღმოაჩინა, არადა ხელშეკრულებით, “ილი ჯგუფს” თანხას ბიუჯეტიდან პატიმრებისთვის მხოლოდ ნედლი, ახალი ხორცის შესატანად ურიცხავდნენ. იმავე დოკუმენტში წერია, რომ “ილი ჯგუფმა” კომისიას ვერ წარუდგინა დოკუმენტი, რომლითაც ციხის სასადილოში შეტანილი კარაქის და შედედებული რძის ნამდვილობას დაადასტურებდა.

ინსპექტორებმა აღმოაჩინეს, რომ “ილის” პატიმრებისთვის ხშირად საქონლის ხორცის ნაცვლად, ქათმის სოსისი შეჰქონდა, კომისიამ ზოგიერთ შემთხვევაში სოსისის წარმოშობა და შემადგენლობა ვერ დაადგინა.

კომისიამ იპოვა შემთხვევები, როდესაც კარაქი ზეთით ან სპრედით ჩანაცვლდა. კარაქისგან განსხვავებით, სპრედი ჯანმრთელობისთვის ხშირად საზიანოა. მისი 1 კგ საბითუმო ფასი დაახლოებით 6 ლარია, როდესაც კარაქი 3-ჯერ ძვირი - 20 ლარი ღირს.

„საქონლის ხორცი, რომელიც „ილი ჯგუფს“ ხელშეკრულებით პატიმრებისთვის უნდა მიეწოდებინა, უნდა ყოფილიყო პირველი კატეგორიის, ცილისა და ცხიმის მაღალი შემცველობით. 1 კგ ასეთი ხორცის საბითუმო ფასი დღეს ბაზარზე 22-28 ლარის ფარგლებში მერყეობს. მის მაგივრად კომპანიას ციხეებში შეჰქონდა სოსისი - ხშირად ქათმის. ქათმის სოსისის საბითუმო ფასი კი 10-14 ლარია, ეს ხარისხიანის, არადა ინსპექტირების კომისიამ ხშირად “ილის” შეტანილი სოსისის ვერც წარმომავლობა ვერ დაადგინა და ვერც შემადგენლობა.

ფრაგმენტი პენიტენციური სამსახურის „კვების ინსპექტირების კომისიის“ მასალებიდან. დარღვევების სრულად სანახავად დააჭირეთ ფოტოს.

გაურკვეველი წარმომავლობის, ე.წ. “არაბრენდირებული” სოსისის ფასი კი კილოგრამზე 4-5 ლარს არ აღემატება.

საქონლის ხორცის ასეთი პროდუქტით ჩანაცვლებით, ბუნებრივია, კომპანია მაღალ მოგებას ნახავდა, პატიმრების მენიუს კი, ხელშეკრულების პირობების დარღვევით, ნუტრიციულად გააღარიბებდა.

პატიმრის რაციონი ისეა გათვლილი, რომ კალორიების აუცილებელი რაოდენობა ბალანსირებულად - ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ხარჯზე დაგროვდეს. ხორცის სოსისით, ხოლო კარაქის მცენარეული სპრედით ჩანაცვლებისას, კალორაჟი ფორმალურად (ხელოვნურად) შეიძლება შეივსოს, თუმცა ეს ხდება ცილებისა და ვიტამინების მკვეთრი დაკლების ფასად.

იმ ნუტრიციონისტების განმარტებით, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, რაციონის ისეთი ჩანაცვლება, რაც კომისიამ აღმოაჩინა, პირდაპირ აისახება პატიმართა ჯანმრთელობაზე: იკლებენ წონაში, უქვეითდებათ იმუნიტეტი, უმწვავდებათ ქრონიკული დაავადებები. ეს განსაკუთრებით კრიტიკულია სამედიცინო დიეტაზე მყოფი პატიმრებისთვის, რომელთა მკურნალობის პროცესში კვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

  • მე-15 დაწესებულებაში ვერ დადგინდა რძის, კარაქის, მაწვნის, ხაჭოს და არაჟნის წარმომავლობა, სოსისს არ ახლდა ლაბორატორიული შემოწმების დოკუმენტი;
  • მსგავსი რამ ხდება მე-17 საპატიმროშიც - ვერ დადგინდა რძის პროდუქტების, სოსისის შემადგენლობა და წარმომავლობა, საქონლის ხორცი გაყინული იყო;
  • მე-18 საპატიმრო დაწესებულებაში მაცივარი დაზიანებულია და კვერცხი ინახება ბოსტნეულის საწყობში. საქონლის და ქათმის ხორცი გაყინულია. სოსისი ნაცვლად საქონლისა, არის ქათმის;
  • მე-11 საპატიმრო დაწესებულებაში ვერ დადგინდა კარაქის ნამდვილობა. ვაშლი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული “უმაღლესი ხარისხის” ნაცვლად, იყო საკვებად უვარგისი, დაზიანებული, დაჟეჟილი, „უგემური, მკვახე და პატარა ზომის“;
  • მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში დიეტურ მენიუზე მყოფი პატიმრებისთვის ჯერ კეფირი არ ეყოთ, მერე საქონლის ხორცი დააკლდათ და კატლეტების მაგივრად პატიმრებს კარტოფილის სალათა და ვერმიშელის სუპი აჭამეს. ამავე საპატიმროში აღმოჩნდა, რომ კიტრი იყო უვარგისი.


ამ დოკუმენტებში, თითქმის ყველა დაწესებულების შემოწმებისას ინსპექტორები წერენ, რომ სამზარეულოებში არ იყო დაცული სისუფთავე, პროდუქტების შენახვის ნორმები.

  • მე-17 დაწესებულებაში იქ, სადაც სამზარეულოს ინვენტარი იყო, აღმოჩნდა ჩიტის ბუდე. საწყობში კი - უვარგისი კომბოსტო და კარტოფილი ინახებოდა;
  • მე-10 პენიტენციურ დაწესებულებაში “ხორცის დასამუშავებელი ზედაპირები და დაფები დაზიანებული და მოძველებული“ იყო;
  • “საქონლის და ქათმის ხორცი ინახება საყინულეში, დარღვეულია ხელშეკრულება”, დაწერეს უკვე მე-18 დაწესებულების შემოწმებისას.

2019-21 წლების დარღვევების შესახებ არასრულ ინფორმაციაში, რომელიც 27 დოკუმენტისგან შედგება, რადიო თავისუფლებამ, ჯამში, 100-ზე მეტ დარღვევას მიაგნო. დარღვევებისთვის პენიტენციურმა სამსახურმა კომპანია “ილი ჯგუფი” მაშინ 3,3 მლნ ლარით დააჯარიმა. კომპანიამ ჯარიმები სასამართლოში გაასაჩივრა და დავა დღემდე არ დასრულებულა.

ამასობაში “ილი ჯგუფმა” პირველი ტენდერი დაასრულა და სახელმწიფოსგან 70 მილიონი ლარი მიიღო.

2023 წელს პენიტენციურმა სამსახურმა “ილი ჯგუფს” უფრო მსხვილი, 103-მილიონიანი ახალი ხელშეკრულება გაუფორმა პატიმრების კვებაზე.

ახალ ტენდერში მხოლოდ “ილი ჯგუფი” მონაწილეობდა. რადიო თავისუფლებას რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელებმა, რომლებიც სხვა შემთხვევაში დაინტერესდებოდნენ ტენდერში მონაწილეობით, უთხრეს, რომ ციხეების ტენდერი “ილი ჯგუფზე” იყო მორგებული და მასში მონაწილეობას აზრი არ ჰქონდა.

ვიდრე ახალ ტენდერზე და ახალ დარღვევებზე წაიკითხავთ, ნახეთ, როგორ დაფუძნდა და განვითარდა “ილი ჯგუფი”.

ფრაგმენტი პენიტენციური სამსახურის „კვების ინსპექტირების კომისიის“ მასალებიდან. დარღვევების სრულად სანახავად დააჭირეთ ფოტოს.

“ილი ჯგუფი” - დაფუძნება, მოგებული სახელმწიფო ტენდერები, წარმატება

სარჩევზე დაბრუნება

“ილი ჯგუფი“ 2008 წელს დაფუძნდა, თუმცა მსხვილ სახელმწიფო ტენდერებს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ იგებს.

ოფიციალურად, “ილი ჯგუფის” მიერ მოგებული სახელმწიფო კონტრაქტების საერთო ღირებულება 250 მილიონ ლარს აჭარბებს.

მხოლოდ პატიმრების კვებისთვის ამ კომპანიას 2020-25 წლებში სახელმწიფოსგან 180 მლნ ლარზე მეტი აქვს მიღებული.

„ილი ჯგუფს“ ორი დამფუძნებელი ჰყავს: იაშა, იგივე ილია ჩაჩუა და ლაშა უღრელიძე.

კომპანიის დამფუძნებლები და მათთან დაკავშირებული ადამიანები წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის მსხვილი შემწირველები არიან ხოლმე.

2021 წლის გამოძიებისას რადიო თავისუფლებას რამდენიმე წყარომ უთხრა, რომ “ილი ჯგუფს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მაშინდელი მოადგილე, გიგა ნიკოლეიშვილი, მფარველობდა. ეს ინფორმაცია მაშინ ორივე მხარემ უარყო.

ასევე ნახეთ ვეღარ ვჭამთ, გადავყარეთ - როგორ კვებავს უფასო სასადილოებში ხელისუფლების ფავორიტი კომპანია

“ილი ჯგუფის” ბოლო, 2023 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიას 2023 წელს 40 მილიონის შემოსავალი, 21 მილიონის საერთო მოგება და 1 მლნ 70 ათასი ლარის სუფთა მოგება ჰქონდა.

“ილი ჯგუფი” მრავალი წელია სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კვებისთვის ჩატარებულ სახელმწიფო ტენდერებშიც იმარჯვებს.

მიუხედავად გამოვლენილი დარღვევებისა, რუსთავში და თბილისის რამდენიმე რაიონში უფასო სასადილოების ბენეფიციარებს დღემდე “ილი ჯგუფი” კვებავს.


“ხოჭოპური” - ახალი დარღვევები, 2024-25 წლებში

სარჩევზე დაბრუნება

2023 წელს სახელმწიფომ კვლავ “ილი ჯგუფს” მიანდო პატიმრებისა და ციხის თანამშრომლების კვება.

სასამართლოში დავის, იუსტიციის მინისტრთან და პენიტენციურ სამსახურთან ხანგრძლივი მიმოწერის შემდეგ მოვიპოვეთ “ილი ჯგუფის” მიერ ახალი სატენდერო ხელშეკრულების პირობების დარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტებიც.

2024-25 წლებში შედგენილი შემოწმების მასალებში მხოლოდ 10-თვიან პერიოდში აღმოჩენილია დარღვევების 250-ზე მეტი შემთხვევა, ისინი 25 გვერდზეა აღწერილი.

დოკუმენტებიდან ჩანს, რომ იგივე დარღვევებია, რისთვისაც წინა წლებში კომპანია 3 მილიონით დააჯარიმეს - “ილი ჯგუფი” საპატიმროებს პატიმრებისა და ციხის თანამშრომლებისთვის კვლავ უხარისხო და არასრულფასოვან საკვებს აწვდის და დამკვეთმა ეს იცის.

პენიტენციური სამსახურის კვების ინსპექტირების კომისიის ოქმებში კვლავ წერია, რომ “ილი ჯგუფი” საქონლის ხორცს ქათმის იაფფასიანი სოსისით ცვლის, კარაქი არ არის ნატურალური, იყენებს გაყინულ ხორცს ახლის ნაცვლად, იმ პატიმრებს, რომლებსაც დიეტური კვება აქვთ დანიშნული, საკვებს აკლებს ან უცვლის.

აი, მაგალითად:

2025 წლის მარტში სხვადასხვა საპატიმროში კუჭ-ნაწლავით, C ჰეპატიტით, დიაბეტითა და ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრებიდან ზოგს ხაჭოს ვახშამი არ აჭამეს, ზოგს - მაწონი, ზოგს სადილზე ხორცი არ მისცეს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქლიავში ჩაშუშული ხორცი და შემწვარი კარტოფილი ბორშჩით, ვერმიშელითა და სოსისით შეუცვალეს; მაკარონი ხორცით, ხორცის გარეშე აჭამეს; „საქონლის ხორცი" და „ქათმის ხორცი" კი სოსისით შეუცვალეს; კარაქისა და არაჟნის ნაცვლად გამოიყენეს ზეთი; საქონლის ხორცის მაგივრად აჭამეს ლობიო მწნილით და ფლავი ბოსტნეულით.

2025 წლის აპრილი:

#6 დაწესებულებაში უნდა მომზადებულიყო საზაფხულო ტოლმა საქონლის ხორცით, თუმცა ამის ნაცვლად პატიმრებს სოსისი აჭამეს, სოსისი აჭამეს "ბიფსტროგანოვის", მოხარშული საქონლის ხორცის და კატლეტის ნაცვლადაც.

2025 წლის ივლისი:

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს ციხეში არ აჭამეს „ბიფსტროგანოვი“.

კუჭ-ნაწლავით დაავადებულ პატიმრებს ვერმიშელი უნდა ეჭამათ მოხარშული ხორცით, ვერმიშელი კი აჭამეს, მაგრამ ხორცის გარეშე.

ღვიძლით დაავადებულებისთვის ვახშმად ასეთი კერძი ჰქონდათ „მოხარშული ხორცის პუდინგი ბრინჯით“ - პატიმრებს ბრინჯი კი აჭამეს, მაგრამ ხორცის გარეშე - "ილის" ეს ინგრედიენტი არ აღმოაჩნდა.

2025 წლის ოქტომბერი:

#2 დაწესებულებში პატიმრებს კარაქი დააკლეს, კარაქი დააკლეს მათ კერძებსაც და არც სხვა რამე ცხიმით არ ჩაუნაცვლეს. ინსპექტორებმა აღმოაჩინეს, რომ კერძებს ხშირად რძის ნაცვლად წყალზე ამზადებენ, კარაქის ნაცვლად იყენებენ ზეთს ან სპრედს. ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც საჭმელი უვარგისი იყო და პატიმრებს მაინც დაურიგეს.

#17 დაწესებულებაში 1480 პატიმარს მოხარშული სოსისი უნდა ეჭამა ჩაშუშულ კომბოსტოსთან ერთად. „საკვების დარიგების დროს მოხარშულ სოსისს ჰქონდა მძაფრი უსიამოვნო სუნი”, - წერენ ინსპექტორები.

სამხედრო მოსამსახურეების (ეს ციხის პერიმეტრის დაცვაა) ულუფებში ისინი დაობებულ სოსისს პოულობენ.

“#8 დაწესებულებაში ჭარხლის ცივ წვნიანში ჭარხალი იყო გაუთლელი და კომბოსტო საჭმელად უვარგისი.”

“გარე დაცვის განყოფილების საკვებში, ხაჭაპურში აღმოჩნდა , “ხოჭო”. (2025 წლის ოქტომბერი)

ისევ და ისევ, ამ დოკუმენტებშიც ბევრჯერ წერია, რომ "ილი ჯგუფი" ციხეების სასადილოებში არ იცავს ჰიგიენას, სამზარეულოს ინვენტარი დაზიანებულია, ნარჩენები არ გააქვს დროზე.

2025 წლის ერთ-ერთ ოქმში ინსპექტორები წერენ, რომ #6 დაწესებულებაში სანაგვე ურნები გადავსებულია, დარღვეულია სანიტარულ-ჰიგიენური პირობები,„არაერთი სიტყვიერი მოთხოვნის მიუხედავად“, „ილი ჯგუფმა“ ნარჩენები არ გაიტანა… შემოწმებულ იქნა პური და სხვა საკვები პროდუქტები, გაირკვა, რომ საკვები ნარჩენების ურნები არის გადავსებულ მდგომარეობაში“, - წერენ კომისიის წევრები.

მსგავსი დარღვევები მათ 10-მდე სხვადასხვა საპატიმროში აღმოაჩინეს. ინსპექციის მიზანი არ ყოფილა, დაედგინა ხელშეკრულების დარღვევით რა ზარალს განიცდის სახელმწიფო ბიუჯეტი და რა მოგებას ნახულობს “ილი ჯგუფი”.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე იძებნება დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ 2025 წლის აპრილში “ილი ჯგუფმა” პენიტენციური სისტემა 10 დღით დატოვა საკვების გარეშე და პენიტენციური სამსახური იძულებული გახდა, სასწრაფოდ ეყიდა 300 ათასი ლარის ნახევარფაბრიკატები….

ამ ჩავარდნის შემდეგაც პენიტენციურმა ჩვეულებრივ განაგრძო “ილი ჯგუფთან” თანამშრომლობა.


“კალორაჟი გაწერილია და მრავალფეროვანი”

სარჩევზე დაბრუნება

“სამზარეულო სრულად თანამედროვედ არის აღჭურვილი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით სასადილოს მომარაგებასა თუ პატიმართა კვებაზე იუსტიციის სამინისტროს კონტრაქტორი კომპანია ზრუნავს”, - ასე წარადგინა მე-8 საპატიმროს სამზარეულო “იმედის” ჟურნალისტმა. რეპორტაჟი ემსახურებოდა ბოლო თვეებში სამოქალაქო აქტივისტებისა და მათი ადვოკატების განცხადებების უარყოფას, რომ პატიმრებს ციხეებში უხარისხო საკვებს აჭმევენ.

2025 წლის ნოემბრის ბოლოს იუსტიციის სამინისტრომ ტელეკომპანია “იმედს” მე-8 საპატიმროს გადაღების ნება მისცა.

“პატიმართა კვება სამჯერადია, კალორაჟი გაწერილია და მრავალფეროვანი, თუ პატიმარს სჭირდება, მას მიეწოდება დიეტური საკვები სპეციალურად შედგენილი მენიუს შესაბამისად”, - განაგრძობს პროსახელისუფლებო არხის ჟურნალისტი.

“იმედზე” ამ რეპორტაჟის გასვლის პარალელურად პენიტენციურმა სამსახურმა რადიო თავისუფლებას ოფიციალურად, წერილობით დაუდასტურა, რომ “ილი ჯგუფმა” არაერთხელ დაარღვია ხელშეკრულება, უხარისხოდ კვებავდა პატიმრებს, რისთვისაც კომპანიას, ჯამში, 35 მლნ ლარის ჯარიმა დააკისრეს.


ჯარიმები ფურცელზე

სარჩევზე დაბრუნება

რადიო თავისუფლების მიერ შესწავლილი დოკუმენტების თანახმად, "ილი ჯგუფის" და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლობის სქემა ასეთია:

  • "ილი ჯგუფი" სისტემატურად არღვევს ხელშეკრულების პირობებს;
  • ამ დარღვევის შესახებ ოქმებს ადგენს პენიტენციური სამსახურის ინსპექტირების კომისია;
  • ოქმების საფუძველზე სამსახური კომპანიას აკისრებს სოლიდურ ჯარიმებს;
  • "ილი ჯგუფი" ამ ჯარიმებს არ იხდის, სასამართლოში ასაჩივრებს.

პენიტენციურს ამ სტატიის გამოქვეყნებისას 15 სამოქალაქო დავა აქვს “ილი ჯგუფთან” სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში.

დავა 2020-25 წლებში დაკისრებულ ჯარიმებს ეხება. სულ პენიტენციურმა სამსახურმა “ილი ჯგუფი” 37 მილიონი ლარით დააჯარიმა.

აქედან კომპანიას ბიუჯეტში მხოლოდ 5 მილიონ ლარამდე გადაახდევინეს - პირგასამტეხლო დაუკავეს.

რუსთავის ციხე

2025 წლის სექტემბერში, პენიტენციურმა სამსახურმა “ილი ჯგუფს” გაუგზავნა რამდენიმე წერილი, რომლებშიც წერდა, რომ თუ მიმდინარე დავალიანებას - 30 მილიონ ლარზე მეტის ჯარიმას - 10 დღეში არ გადაიხდიდა, ამ თანხას სახელშეკრულებო გადარიცხვებიდან დაუქვითავდნენ.

“ილი ჯგუფმა” უპასუხა:

“კვებითი მომსახურების ღირებულებიდან ჯარიმის თანხის ჩამოჭრის შემთხვევაში შპს ილი ჯგუფი ფინანსური სახსრების უქონლობის გამო მოკლებული იქნება შესაძლებლობას გააგრძელოს კვებითი მომსახურების გაწევა.”

პარალელურად, “ილი ჯგუფმა” თბილისის საქალაქო სასამართლოში კომპანიის გადახდისუნარიანობის საქმის წამოწყება მოითხოვა. ამ მიმართვაში კომპანიის დირექტორი წერდა, რომ სახელმწიფოს მიმართ დაგროვილი ჯარიმების გადახდა არ შეეძლო და კომპანია გაკოტრებულად უნდა გამოეცხადებინათ. ამის შესახებ აცნობა პენიტენციურ სამსახურსაც.

პენიტენციურმა ჯარიმების ჩამოჭრის მუქარა არ შეასრულა.

“ილი ჯგუფმა” გაკოტრების მოთხოვნა რამდენიმე დღეში სასამართლოდან უკან გაიხმო და პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობა გააგრძელა.

ოფიციალური მიმოწერის მიღმა ძნელია დაზუსტებით თქმა, მოხდა თუ არა გარიგება მხარეებს შორის, თუმცა ფაქტია, რომ პენიტენციურმა სამსახურმა, მიუხედავად იმისა, რომ ამის სრული ლეგალური უფლება ჰქონდა, „ილი ჯგუფს“ ჯარიმების თანხა არ გაუქვითა და არც ხელშეკრულება არ შეუწყვიტა ვადამდე.

ხელშეკრულების ამოწურვამდე, 2025 წლის ნოემბერში პენიტენციურმა სამსახურმა ორი ახალი ტენდერი გამოაცხადა პატიმრების კვებაზე. “ილი ჯგუფი” ახალ ტენდერებშიც მონაწილეობდა.

ნოემბერში გამოცხადებული ტენდერები დეკემბერში მოულოდნელად შეწყდა.

პენიტენციურმა სამსახურმა “ილი ჯგუფს” ხელშეკრულება 2026 წლის 31 მარტამდე გაუხანგრძლივა და ამ დრომდე პატიმრებსა და ციხეების თანამშრომლებს ისევ “ილი ჯგუფი” ამარაგებს საკვებით.

რუსთავის ციხე

2026 წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომპანიას პატიმრების კვებისთვის თითქმის 1 მლნ ლარი ჩაურიცხეს.

2020-2025 წლებში “ილი ჯგუფმა” მთლიანად ბიუჯეტიდან, პენიტენციურ სამსახურთან დადებული სატენდერო ხელშეკრულებით, 180 მილიონი ლარი მიიღო.

რადიო თავისუფლებამ ამ სტატიაში აღწერილი შემთხვევების შესახებ კომენტარი სთხოვა და შეკითხვები გაუგზავნა პენიტენციურ სამსახურს და კომპანია “ილი ჯგუფს”, მას შემდეგ 15 დღეზე მეტი გავიდა, კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ.