ფრონტზე “გაჭედილი” კრემლის ტერორი – რას ბომბავს რუსეთი უკრაინაში და რა მიზნით?

რუსეთის იერიშის შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა. კიევის ოლქი, 2026 წლის 11 ოქტომბერი

რუსეთი, რომელმაც ფრონტზე წინსვლა ვერ შეძლო და შეტევითი პოტენციალი დაკარგა, მასირებულად ბომბავს უკრაინის ქალაქებს; ცდილობს მოსახლეობა ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე დატოვოს და ქვეყანა კაპიტულაციამდე მიიყვანოს. თუმცა ექსპერტები ეჭვობენ, რომ ამ ტაქტიკით მოსკოვი მიზანს ვერ მიაღწევს.

კრემლში არ დაადასტურეს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ენერგეტიკული ზავის დადება. კრემლი ამბობს, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და განაგრძობს საჰაერო იერიშებს უკრაინის არა მხოლოდ ენერგეტიკულ ობიექტებზე, არამედ საცხოვრებელ სახლებზე, საავადმყოფოებზე, სკოლებზე, სავაჭრო ცენტრებზე, სურსათისა და მედიკამენტების საწყობებზე, მონაცემთა ცენტრებზე, საავტომობილო და სარკინიგზო გზებზე.

გაზეთი The Guardian-ი აღნიშნავს, რომ უკრაინა გადის ომის ყველაზე რთულ პერიოდს. რუსეთის სულ უფრო ინტენსიური საჰაერო თავდასხმები ცვლის დედაქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას - ქალაქისა, რომლის სიბნელეში დანთქმასაც მოსკოვი ცდილობს.

„რუსეთი კიევის გაყინვას, ქვის ხანაში დაბრუნებას გეგმავს“, - განუცხადა გამოცემას დასავლეთის ერთ-ერთმა მაღალი რანგის დიპლომატმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომაც დაწერა, რომ „დედაქალაქში ძალიან დრამატული ვითარებაა. ვეღარ მოვიტყუებთ თავს, თითქოს არაფერი ხდება და ცხოვრების ჩვეულებრივ გაგრძელება შეგვიძლია. მტერი ანადგურებს კიევს“.

კიევის ერთკვირიანი უწყვეტი დაბომბვის შემდეგ შემდეგ კლიჩკომ დედაქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდა, თუკი კი შესაძლებლობა აქვთ, გამოსაზამთრებლად დედაქალაქი დატოვონ.

„ახლა გადარჩენის საკითხი დგას“, - თქვა კიევის მერმა.

რადიო თავისუფლების უკრაინულმა სამსახურმა კიევის მცხოვრებლებს ჰკითხა, როგორ შეხვდნენ მერის ამ მოწოდებას. აპირებენ თუ არა ზამთარში დედაქალაქიდან წასვლას და აქვთ თუ არა ამის შესაძლებლობა? აი, კიეველთა პასუხები:

უკრაინის სპეცსამსახურების ორმა წარმომადგენელმა გამოცემა The Economist-თან ინტერვიუში განაცხადეს, რომ კიევის მცხოვრებლებს შესაძლოა ყველაზე მძიმე პერიოდი ჯერ კიდევ წინ აქვთ. მათი ინფორმაციით, რუსეთის არმია ცდილობს კიევის სრულ პარალიზებამ ზამთრის დაწყებამდე. The Economist-ის ინფორმაციით, ამ მიზნის მისაღწევად კრემლი მიმართავს როგორც მასირებულ დაბომბვებს, ასევე დივერსიებსა და საინფორმაციო თავდასხმებს, ამ სამ კომპონენტიანი კამპანიის პიკი კი ნოემბერში უნდა დადგეს.

„პუტინი კიდევ უფრო გაგიჟდა. მან ბრძანება გასცა, რომ მთელ სამოქალაქო მოსახლეობას დაესხან თავს. რუსეთის ხელისუფლებას სურს, ხალხს გარეთ გასვლის, სუპერმარკეტებში სიარულის ეშინოდეს“, - განაცხადა გამოცემის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოქტომბრის დასაწყისში, დაზვერვის დოკუმენტებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა სამხედროებს „წესების გარეშე“ მოქმედების უფლება მისცა და უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე საჰაერო იერიშების ახალი, გაფართოებული ტაქტიკა დაამტკიცა.

კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგები, 2026 წლის 7 ოქტომბერი

ზელენსკის მტკიცებით, რუსეთის იერიშების მიზანია, უკრაინის ქალაქები საცხოვრებლად უვარგისი გახადოს და აიძულოს მოსახლეობა, საკუთარი სახლები დატოვონ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამის საპასუხოდ კიევი რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს გააძლიერებს.

რუსეთის თავდასხმების კომენტირებისას, კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა საკუთარი ქმედებების „ფასს იხდის“. უკრაინაზე მასირებული დარტყმების გაგრძელება დააანონსა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელმაც უცხოელ დიპლომატებს უკრაინის დედაქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა. კიევში აკრედიტებულმა დიპლომატებმა მოსკოვის ამ მოწოდებაზე უარი თქვეს.

რომელ ობიექტებს უტევს რუსეთი?

Conflict Intelligence Team-ის (CIT) ანალიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ობიექტებს ადრეც, 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან, უტევდა. თუმცა, თავდასხმები უმეტესად არათანმიმდევრული იყო: ადმინისტრაციულ შენობებზე იერიშებს რამდენიმე კვირის შემდეგ სხვა სამიზნეები ენაცვლებოდნენ. მათი თქმით, უკრაინული კომპანია „ნოვა პოშტას“ ტერმინალებსა და სხვა ლოგისტიკურ ცენტრებზე დარტყმებს შორის ზოგჯერ რამდენიმე თვეც კი გადიოდა.

სპეციალისტები გამონაკლისად ასახელებენ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ზამთრის პერიოდში განხორციელებულ თავდასხმებს - ამ კამპანიებს ადრეც სისტემატური ხასიათი ჰქონდა. CIT-ის ექსპერტების თქმით, გასულ ზამთარს რუსეთი ახლოს იყო მიზანთან, კიევი ხანგრძლივი დროით ელექტროენერგიის გარეშე დაეტოვებინა.

თუმცა, მას შემდეგ, რაც უკრაინამ რუსული ონლაინმარკეტების - Ozon-ისა და Wildberries-ის - საწყობებზე დარტყმების კამპანია დაიწყო, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამიზნეთა ჩამონათვალი გაფართოვდა, ხოლო თავდასხმები უფრო თანმიმდევრული გახდა.

სამხედრო ანალიტიკოსმა კლემან მოლენმა გამოთვალა, რომ 2026 წლის სექტემბრის არასრულ 27 დღეში კიევსა და კიევის ოლქზე 155 დადასტურებული იერიში განხორციელდა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მიმდინარე წლის ნებისმიერ სხვა თვეში.

ლოგისტიკა

კლემან მოლენის მონაცემებით, დარტყმების ყველაზე დიდი წილი - 43% მოდის საწყობებსა და ლოგისტიკურ ცენტრებზე, რომელთა უმეტესობაც სამოქალაქო დანიშნულებისაა.

The Financial Times-ის გათვლებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის არმიამ უკრაინაში თანამედროვე სასაწყობე ფართობების 5 მილიონი კვადრატული მეტრიდან 2,1 მილიონი გაანადგურა. აქედან 900 ათასი კვადრატული მეტრი - ბოლო თვეებში.

კიევში სუპერმარკეტის შემადგენლობაზე მიტანილი იერიშის შედეგები, 2026 წლის 5 აგვისტო.

უკრაინის ეკონომიკური კვლევებისა და პოლიტიკური კონსულტაციების ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ უკრაინული საწარმოების თითქმის ნახევარმა უკვე იგრძნო რუსეთის თავდასხმების შედეგები, რომლებიც შეეხო საწყობებს, სადისტრიბუციო ცენტრებსა და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას. კომპანიების 7%-მა პირდაპირი ზარალი განიცადა, კიდევ 41%-მა კი - არაპირდაპირი, რაც მიწოდების შეფერხებასა და ფასების ზრდას უკავშირდება. გამოკითხულთა 43%-ს ჯერჯერობით არ განუცდია ზარალი, თუმცა ამგვარ რისკს რეალურად მიიჩნევს. საწარმოების კიდევ 9%-მა აღნიშნა, რომ არ გრძნობს საფრთხეს.

უცნობია, რა მოცულობის ფინანსური ზარალი მიადგა უკრაინის ეკონომიკას ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შედეგად, თუმცა უკრაინელმა მეწარმემ დმიტრო კრიმსკიმ აგვისტოში გამოცემა The Economist-ს განუცხადა, რომ რუსეთის თავდასხმებით მიყენებულმა ზარალმა სამ კვირაში 0,5 მლრდ დოლარს მიაღწია.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სერგი კორეცკიმ სექტემბრის დასაწყისში აღნიშნა, რომ ბიზნესზე რუსეთის თავდასხმების გამო ბიუჯეტმა შესაძლოა, დაახლოებით 70 მილიარდი გრივნის (1,57 მლრდ დოლარის) საგადასახადო შემოსავალი დაკარგოს.

ასევე ნახეთ

ჰოლოდომორიდან ხოლოდომორამდე - რუსეთის ენერგეტიკული ომი უკრაინის წინააღმდეგ

ავტოგასამართი სადგურები

რუსეთის საჰაერო იერიშების დაახლოებით 8% მოდის „საწვავი/ბენზინის“ ინფრასტრუქტურაზე.

მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის არმიამ კიევში კომპანია „უკრნაფტას“ ექვს ავტოგასამართ სადგურს დაარტყა. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინის მასშტაბით (არსებული 6 000-დან) 300 ავტოგასამართი სადგური დააზიანა ან გაანადგურა.

რუსული დრონით ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმის შედეგები. კიევი, 2026 წლის 11 სექტემბერი.

ექსპერტები უკრაინულ ავტოგასამართ სადგურებზე იერიშების კამპანიას უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებულ დარტყმებს უკავშირებენ. კრემენჩუგის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც უკრაინაში ერთადერთი მსხვილი ასეთი საწარმოა, ჯერ კიდევ სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში გამოვიდა მწყობრიდან. უკრაინაში აღარ დარჩა ისეთი სამიზნეები, რომლებიც რუსეთის მოქმედ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეედრებოდა. შესაბამისად, CIT-ის შეფასებით, მწყობრიდან უკვე გამოსულ ობიექტებზე განმეორებით დარტყმებს აზრი არც ჰქონდა.

ექსპერტები უკრაინის ავტოგასამართ სადგურებზე თავდასხმების სამხედრო ეფექტიანობას საეჭვოდ მიიჩნევენ. მართალია, სამხედრო ავტომობილების ნაწილი, სავარაუდოდ, სამოქალაქო ავტოგასამართ სადგურებსაც იყენებს, მაგრამ უკრაინის არმიას საწვავის მიწოდების საკუთარი არხები აქვს.

ანალიტიკური ჯგუფის შეფასებით, მთელი რეგიონის მასშტაბით არმიის მომარაგებაზე გავლენის მოსახდენად საჭირო იქნებოდა ამ რეგიონში არსებული თითქმის ყველა ავტოგასამართი სადგურისა და ნავთობბაზის განადგურება. ჯგუფი ასეთი თავდასხმების ძირითად შედეგებად ასახელებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვას, მოსახლეობის დაშინებას, ეკონომიკისთვის მიყენებულ ზარალსა და უკრაინის საგადასახადო ბაზის შესუსტებას.

მონაცემთა (data) ცენტრები

2026 წლის სექტემბრის დასაწყისიდან რუსეთის არმიამ უკრაინულ მონაცემთა ცენტრებზეც დაიწყო თავდასხმები. ამასთან Data-ცენტრების მნიშვნელოვანი ნაწილი კიევში მდებარეობს.

კიევის ერთ-ერთ მონაცემთა ცენტრზე (რომლის ფარგლებშიც ინტერნეტპროვაიდერ UTELS-ის ქსელური აღჭურვილობა იყო განთავსებული) რუსეთის იერიშმა 100 000 ოჯახს შეუზღუდა ინტერნეტზე წვდომა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ დარტყმებს იმით ხსნის, რომ, მისი მტკიცებით, მონაცემთა ცენტრები უკრაინის არმიისთვის სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებენ, თუმცა ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი დადასტურება არ არსებობს.

CIT-ის ექსპერტები მონაცემთა ცენტრებზე რუსეთის თავდასხმებს სამოქალაქო ეკონომიკის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას მიაკუთვნებენ. ჯგუფს არ უნახავს არც იმის მტკიცებულება, რომ ეს ცენტრები სამხედრო სისტემებს ემსახურებიან, და არც იმის ნიშნები, რომ იერიშებმა ამ სისტემების მუშაობაში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია. გარდა ამისა, ანალიტიკოსების შეფასებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სერვისების უკრაინის დასავლეთ ნაწილში ან ევროკავშირში მდებარე სერვერებზე გადატანა. ამიტომ CIT-ში ამ თავდასხმების სამხედრო აუცილებლობით გამართლებას სარწმუნოდ არ მიიჩნევენ.

კლემან მოლენის გამოთვლებით, სექტემბრის 27 დღის განმავლობაში დარტყმების საერთო რაოდენობის 10% მოდიოდა საცხოვრებელ ობიექტებზე, შემთხვევების კიდევ 8%-ში კი ნამსხვრევები სამოქალაქო შენობებს დაეცა. იერიშების 7% სამრეწველო ობიექტებზე განხორციელდა, 6% - სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და ტრანსპორტზე. სამიზნეების 5% ადმინისტრაციულ შენობებს, საზოგადოებრივ ადგილებს, სკოლებსა და სამედიცინო დაწესებულებებს შეადგენდა. შემთხვევების 3%-ში სამიზნის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. სამხედრო ობიექტებზე დარტყმების წილი კი მხოლოდ 4% იყო.

2026 წლის ოქტომბერში უკრაინის არმიამ რუსეთს საპასუხო დარტყმები მიაყენა: 8 და 9 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს „იანდექსის“ ორ მსხვილ მონაცემთა ცენტრზე რიაზანისა და კალუგის ოლქებში.

ენერგეტიკა

ანალიტიკური მასალის გამოქვეყნების შემდეგ რუსეთის არმიამ კიევის ენერგეტიკულ სისტემაზე თანმიმდევრული დარტყმები დაიწყო. კერძოდ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეუტიეს ტრიპოლიესა და კიევის ჰიდროელექტროსადგურებს, თბოელექტროსადგურებს - ТЭЦ -5-სა და ТЭЦ -6-ს, აგრეთვე კიევისთვის სხვა მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ობიექტსა და ელექტროგადამცემ ხაზებს.

რუსეთმა ასევე დაიწყო დრონებში ისეთი სპეციალური საბრძოლო ქობინების გამოყენება, რომლებიც ლითონის გადასაჭრელად არიან შექმნილი. მათი გამოყენებით რუსეთი აზიანებს ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენებსა და ხიდებს. CIT-ის ექსპერტების ვარაუდით, ახალი ტიპის საბრძოლო ქობინის დაპროექტება და მისი სერიული წარმოებისთვის მომზადება შესაძლოა, მიმდინარე წლის გაზაფხულზე ან ზაფხულში დაიწყო.

ექსპერტთა თქმით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ ჯერ კიდევ 2026 წლის 18 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ისაუბრა რუსეთის ახალ უპილოტო საფრენ აპარატზე, რომელიც ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენების დასაზიანებლად არის განკუთვნილი. ასეთი დრონის ფრთის კონსტრუქციაში ჩაშენებულია ფეთქებადი ელემენტი, რომელსაც ლითონის გადაჭრა შეუძლია.

ანალიტიკური ჯგუფი ეჭვქვეშ აყენებს ამგვარი თავდასხმების ეკონომიკურ მიზანშეწონილობას: რეაქტიული დრონები „გერან-4“ (რომ აღარაფერი ითქვას „გერან-5“-ზე) ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენებზე რამდენჯერმე ძვირი ღირს. ამასთან, ექსპერტები აღიარებენ, რომ უკრაინას მოუწევს თანხების დახარჯვა დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვისაც. სანამ შესაბამისი თავდაცვითი ზომები შემუშავდება, რუსეთს, მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯების მიუხედავად, შეუძლია მრავალი ელექტროგადამცემი ხაზის მწყობრიდან გამოყვანა.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აღნიშნავს, რომ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული კამპანია წელს, წინა წლებთან შედარებით, ადრე დაიწყო.

გაზეთმა The New York Times-მა გამოაქვეყნა კრემლის სტრატეგია, რომლის მიზანიც უკრაინის მოსახლეობის „გაყინვაა“. ამ გეგმის თანახმად, რუსეთი ზამთარში კიევზე, ხარკოვსა და ოდესაზე ისეთი ინტენსივობით აპირებს დარტყმების განხორციელებას, რათა უკრაინის დიდი ქალაქების მცხოვრებლები ელექტროენერგიის, გათბობის, წყლისა და მოქმედი საკანალიზაციო სისტემის გარეშე დარჩნენ. გამოცემის ჟურნალისტების შეფასებით, თუ გეგმის განხორციელება მოხერხდა, ეს თითქმის ხუთწლიანი ომის განმავლობაში უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი ყველაზე ძლიერი იერიში იქნება.

„რუსეთს სურს, კიევი ენერგეტიკულ კუნძულად აქციოს“, - მიიჩნევს რაზუმკოვის ცენტრის ენერგეტიკული პროგრამების დირექტორი ვოლოდიმირ ომელჩენკო.

ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, უკრაინის წარმატებები ფრონტზე „პუტინს აიძულებს, გამარჯვების თავდაპირველი გეგმა გადახედოს და აქცენტი რუსეთის ჯარების წინსვლის ნაცვლად გადაიტანოს ზამთარში შორ მანძილზე განხორციელებულ დარტყმებზე, რომლებმაც უკრაინა კაპიტულაციამდე უნდა მიიყვანოს“.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და „თავისუფალი რუსეთის ფორუმი” (Free Russia Forum) ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჭადრაკში ექს-მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვიც დარწმუნებულია, რომ რუსეთის არმიის წარუმატებლობამ ფრონტზე, აიძულა მოსკოვი შეეცვალა ომის წარმოების ტაქტიკა და, ფრონტზე აქტიურობის ნაცვლად, მასირებული იერიშები მიეტანა უკრაინის ქალაქებზე.

“ვერ მიაღწია რა წარმატებას ბრძოლის ველზე, რუსეთი ახლა ფსონს იმაზე დებს, რომ ამ ზამთარს უკრაინის მოსახლეობა ელექტროენერგიის, წყლისა და საკომუნიკაციო საშუალებების გარეშე დატოვოს”, - დაწერა კასპაროვმა სოციალურ ქსელში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალი, ალექსანდრე სირსკი, ბი-ბი-სი-ს უკრაინულ რედაქციასთან ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინის არმიის მოქმედებების შედეგად ფრონტის ხაზზე მართლაც არსებითად შესუსტდა რუსეთის შეტევითი პოტენციალი და, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტი ფაქტობრივად გაიყინა. უკრაინელი გენერლის შეფასებით, რუსეთმა დაკარგა ფართომასშტაბიანი წინსვლის უნარი.

ხიდები

2026 წლის სექტემბრის ბოლოს რუსეთის არმიამ თანმიმდევრულად შეუტია კიევში საავტომობილო ხიდებს. რამდენჯერმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ჩრდილოეთისა და სამხრეთის ხიდები.

გაზეთმა The New York Times-მა სამ დღეში ხიდებზე განხორციელებული ექვსი დარტყმა აღრიცხა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ხიდების სრულად განადგურება საკმაოდ რთულია, თუმცა განმეორებითმა დარტყმებმა შესაძლოა, მათი მზიდი კონსტრუქციები იმდენად დააზიანოს, რომ გადაადგილება სახიფათო გახდეს და ადგილობრივ ხელისუფლებას ხიდებზე მოძრაობის შეზღუდვა ან შეწყვეტა მოუწიოს. ამან კი, თავის მხრივ, შეიძლება ქალაქის ნორმალური ფუნქციონირება და სატრანსპორტო გადაზიდვები შეაფერხოს.

რუსული დრონი შეეჯახა დნეპრზე გადებულ "სამხრეთ ხიდს". კიევი, 2026 წლის 2 ოქტომბერი.

CIT-ის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კიევში საავტომობილო და სარკინიგზო ხიდებზე დარტყმები სამხედრო თვალსაზრისით ნაკლებად ეფექტიანია.

„კიევში სამი ხიდია, რომელთა დაზიანება შეუძლიათ ახალი ტიპის საბრძოლო ქობინებს. სულ ქალაქში ექვსი საავტომობილო ხიდია. თუ ხიდები დაზიანდება ან განადგურდება, შესაძლებელია სამხედრო ლოგისტიკის მარშრუტების გადატანა ქალაქის შემოვლით, ამიტომ ამ დარტყმებში სამხედრო მიზანშეწონილობას ვერ ვხედავთ. ეს ხიდები, უპირველეს ყოვლისა, ქალაქის ეკონომიკასა და კიეველების ცხოვრებაზე ახდენენ გავლენას“, - მიიჩნევენ სპეციალისტები.

უმკლავდება თუ არა უკრაინა რეაქტიულ დრონებს?

ექსპერტთა დაკვირვებით, ბოლო თვეებში რუსეთის არმია უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო დარტყმებს სულ უფრო იშვიათად ახორციელებს. სამაგიეროდ მოუხშირა რეაქტიული დრონების „გერან-4“-სა და „გერან-5“-ს გამოყენებას.

სავარაუდოდ, მოსკოვი რაკეტებს ზამთრისთვის აგროვებს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთს ამჟამად მარაგში 700 ბალისტიკური რაკეტა აქვს, ყოველთვიურად კი კიდევ 140 რაკეტას აწარმოებს.

ამჟამად რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატები გამოყენებული დრონების საერთო რაოდენობის დაახლოებით 40%-ს შეადგენს, თუმცა მომავალში მათი წილი შესაძლოა, 80%-მდე გაიზარდოს.

გერან-5 - უკრაინული დრონის ობიექტივში.

CIT-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ „გერან-5“ ტექნიკური მახასიათებლებითა და გარეგნობით უფრო ნელ ფრთოსან რაკეტას ჰგავს, ვიდრე უპილოტო საფრენ აპარატს. X-101-ისა და „კალიბრის“ ტიპის რაკეტებისგან განსხვავებით, რომელთა სიჩქარე საათში 800–900 კილომეტრს აღწევს, „გერანებს“ ნაკლებად მძლავრი ძრავების გამო ასეთი სიჩქარის განვითარება არ შეუძლიათ. ამასთან, ისინი „შაჰედებისა“ და „გერანების“ ძველ ვერსიებზე ძვირი ღირს. შეფასებების თანახმად, ერთი იმპორტირებული ძრავის ღირებულება 40 ათასი დოლარია, ხოლო მთლიანად რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატის ფასი 115 ათას დოლარს აღემატება.

ამავდროულად, უკრაინაც ავითარებს რეაქტიული დრონების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებებს: გადამჭერი (გამანადგურებელი) დრონებიდან დაწყებული, მცირე ზომის რაკეტებით დამთავრებული. თუმცა, ჯერჯერობით დრონების უმეტეს ნაწილს კვლავ ამერიკული F-16 ტიპის გამანადგურებლები ანადგურებენ. რუსული რეაქტიული დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად კიევში ასევე დაამონტაჟეს ათი ავტომატური საცეცხლე კოშკურა (tourelle).

უკრაინელი ინჟინრებისა და სამხედროების ძალისხმევამ მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა: ცალკეული თავდასხმების დროს საჰაერო თავდაცვის ძალები დრონების უმეტესობის ჩამოგდებას ახერხებენ.

თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები რუსული რეაქტიული დრონების მხოლოდ 50–60%-ის გადაჭერას ახერხებენ.

თუმცა CIT-ში ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ ტრადიციული ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდების მაჩვენებელი უფრო მაღალია.

ანალიტიკოსების აზრით, რესურსების შეზღუდულობის გამო უკრაინის თავდაცვის ძალები, უპირველეს ყოვლისა, ისეთი სამიზნეების განადგურებას ცდილობენ, რომლებსაც უფრო დიდი ზიანის მიყენება შეუძლიათ. ჩვეულებრივი ფრთოსანი რაკეტის საბრძოლო ქობინი შესაძლოა, 200–400 კგ-ს იწონიდეს, მაშინ როცა „გერანების“ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 90 კილოგრამია. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვა ადაპტირებულია რეგულარულ, მასირებულ სარაკეტო და დრონებით თავდასხმებთან, რომელთა დროსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები, სხვა საშუალებებთან ერთად, ტრადიციულ ფრთოსან რაკეტებსაც იყენებენ.

CIT-ში არ იღებენ პასუხისმგებლობას პროგნოზზე, გაუჭირდება თუ არა უკრაინის საჰაერო თავდაცვას უახლოეს თვეებში რუსული იერიშების მოგერიება.

შეიძლება თუ არა სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებმა ომში გამარჯვება მოიტანოს?

გაზეთი The New York Times, უკრაინელი ოფიციალური პირებისა და სამხედრო ექსპერტების მონაცემებზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ რუსეთის თავდასხმების კამპანია სულ უფრო მეტად არის მიმართული უკრაინის ეკონომიკის წინააღმდეგ. საწარმოებსა და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ბიზნესის მუშაობას არღვევს, ბიუჯეტის შემოსავლებს ამცირებს და ომის დაფინანსებას ართულებს. გაზეთის ერთ-ერთი რესპონდენტის (ექსპერტის) აზრით, მოსკოვი ასევე ცდილობს, უკრაინის მხარდაჭერა უფრო ძვირი დაუჯდეს ევროპას.

ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, უკრაინის წარმატებები ფრონტზე „პუტინს აიძულებს, გამარჯვების თავდაპირველი გეგმა გადახედოს და აქცენტი რუსეთის ჯარების წინსვლის ნაცვლად ზამთარში შორ მანძილზე განხორციელებულ დარტყმებზე გადაიტანოს, რომლებმაც უკრაინა კაპიტულაციამდე უნდა მიიყვანოს“.

CIT-ის გუნდი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში ამერიკელმა პოლიტოლოგმა რობერტ პეიპმა შეიმუშავა საჰაერო თავდასხმების კლასიფიკაცია.

  • „თავის მოსაკვეთი დარტყმები“ - თავდასხმები ქვეყნის ხელმძღვანელობასა და საკვანძო სტრუქტურებზე;
  • დარტყმები, რომლებიც მოწინააღმდეგეს სამხედრო გზით მიზნების მიღწევისა და ფრონტზე უშუალო გავლენის მოხდენის შესაძლებლობას ართმევს;
  • დარტყმები, რომლებიც მოწინააღმდეგეზე ზეწოლას აძლიერებს და კონფლიქტის ესკალაციას უწყობს ხელს;
  • „სადამსჯელო დარტყმები“ - იერიშები სამოქალაქო სამიზნეებზე, რომლებსაც სამხედრო უპირატესობა არ მოაქვს, სამაგიეროდ, სჯის მშვიდობიან მოსახლეობას და აზიანებს ეკონომიკას.


„ჩვენ თანმიმდევრულად ვრჩებით იმ პოზიციაზე, რომ რუსეთის ზოგიერთი დარტყმის ახსნა სხვაგვარად შეუძლებელია, თუ არა სამოქალაქო მოსახლეობის ტერორით: ეს სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართული თავდასხმებია. ახლა ვხედავთ, რომ ეს პრაქტიკა ფართოვდება“, - აცხადებენ CIT-ში.

ექსპერტების თქმით, პეიპისა და მისი მიმდევრების კვლევები ამგვარი მიდგომის არაეფექტიანობას აჩვენებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინაში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვით რუსეთმა თავისი მიზნების მიღწევა შეძლოს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ ტაქტიკამ შედეგი არ გამოიღო არც მეორე მსოფლიო ომში, არც კორეისა და ვიეტნამის ომებში და არც ირან-ერაყის ომში.

ასევე ნახეთ

რუსეთის საიდუმლო „ზამთრის გეგმა“ - 60 სამიზნე უკრაინის გასატეხად

პეიპის კრიტიკოსებს მაგალითად მოჰყავთ 1999 წლის ომი (იუგოსლავიაში), რომელიც მისი სადოქტორო დისერტაციის დაცვისა და მონოგრაფიის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო. მათი აზრით, ეს კონფლიქტი იმ შემთხვევის მაგალითია, როდესაც შედეგზე გავლენა მოახდინა „სადამსჯელო დარტყმებმა“.

პეიპი და მისი მიმდევრები კი, პირიქით, მიიჩნევენ, რომ იუგოსლავიის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი სამშვიდობო შეთანხმების პირობების მიღებაზე, უპირველეს ყოვლისა, სახმელეთო შეჭრის საფრთხემ აიძულა.

ასეა თუ ისე, სპეციალისტების დასკვნით, იუგოსლავიის ომის შემდეგ არ ყოფილა აშკარა შემთხვევა, როდესაც ამგვარ ტაქტიკას თუნდაც ნაწილობრივი წარმატება მოეტანოს.

CIT-ის გუნდი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო ეკონომიკაზე თავდასხმების გაფართოების უკან რუსეთის ხელმძღვანელობის პოლიტიკური გათვლაა. ანალიტიკოსების განმარტებით, საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის განადგურება ამცირებს უკრაინის ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებს, რომელთა ნაწილითაც კიევი ომს აფინანსებს. შედეგად, შესაძლოა, ევროპის ქვეყნებს პარტნიორისთვის ფინანსური დახმარების გაზრდა დასჭირდეთ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირისა და უკრაინის დროშების ფონზე, 2025 წლის 17 აგვისტო.

„ჩვენი აზრით, პუტინს უკრაინის დამარცხების იმედი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს, თუ ევროპა კიევის მხარდაჭერას შეწყვეტს. ჯერჯერობით კი ამის ნიშნებს ვერ ვხედავთ“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.

მათი აზრით, კიევის მხარდაჭერა ევროპულ ქვეყნებს უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე ის საგანგებო გადაიარაღება, რომლის საჭიროებაც რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება დაუდგეთ. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სანამ უკრაინა წინააღმდეგობას აგრძელებს, ევროპის ქვეყნებს ეძლევათ დრო საკუთარი არმიების ეტაპობრივად გაძლიერებისთვის.

„ამ თვალსაზრისით, უკრაინის მხარდასაჭერად თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2-0,4%-ის დახარჯვა გაცილებით მოგებიანია“, - მიიჩნევენ ისინი.

ანალიტიკოსები არც იმას ელიან, რომ ეკონომიკური ზარალი უკრაინას რუსეთთან დათმობაზე წასვლას აიძულებს.

CIT-ში იმასაც ამბობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ზეწოლის შედეგად კიევი უკვე დათანხმდა მნიშვნელოვან კომპრომისს - ომის გაყინვას ფრონტის ხაზის გასწვრივ, წინასწარი პირობების გარეშე. ანალიტიკოსების შეფასებით, 2026 წელს ფრონტის ხაზზე უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის ხელსაყრელი ტენდენციების გათვალისწინებით, ეს თითქმის იმ ზღვარს წარმოადგენს, რომლის მიღმაც უკრაინის საზოგადოება დათმობებზე წასასვლელად მზად აღარ იქნება. ამასთან, უცვლელი რჩება ვლადიმირ პუტინის მოთხოვნები - მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად რუსეთი უკრაინისგან, სულ მცირე, დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს.