ამის უკან იმალება უცნაური ამბავი, რომელიც აერთიანებს სანქტ-პეტერბურგელ რეივერებს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერებს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მეგობრის ქალიშვილს. ეს ამბავი „სისტემამ“ და რადიო თავისუფლებამ გამოიძიეს.
„შანხაის დრაკონების“ შელოცვა
5 ივნისს სანქტ-პეტერბურგის ჰოკეის კლუბ სკა-ს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა შემდეგი შეტყობინება: „ჰოკეის კლუბი სკა სიხარულით აცხადებს, რომ სსს „გაზპრომის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ა.ბ. მილერის წყალობით და მისი გადაწყვეტილებით, კლუბმა 80 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა საკუთარი სახლი“. სანქტ-პეტერბურგელი ჰოკეისტების სიხარული გასაგებია: წინადადება იმის შესახებ, რომ კლუბი სპორტულ-საკონცერტო კომპლექს „პეტერბურგსკის“ მიიღებს გრძელვადიანი იჯარით, მის ადგილზე თანამედროვე ყინულის არენის შესაქმნელად, ჯერ კიდევ 2017 წელს გაჩნდა. სპორტულ-საკონცერტო კომპლექსი „პეტერბურგსკი“ 2017 წელს დაანგრიეს და „სკა-არენა“, რომლის მშენებლობის ხარჯები სტაბილურად იზრდებოდა, მხოლოდ 2023 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. ამტკიცებენ, რომ ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰოკეის არენაა.
„სკა-არენას“ მშენებლობა, 2021 წლის დეკემბერი
ერთ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ სტადიონზე ხანძარი გაჩნდა და სკა-მ გამოაცხადა, რომ 2025/2026 წლების სეზონში უარს იტყვიან ობიექტის ექსპლუატაციაზე. გადაწყვეტილების ოფიციალურ მიზეზებად დასახელდა ტრანსპორტის ცუდი ხელმისაწვდომობა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პრობლემები, თუმცა ტელეარხ „მატჩ ტვ“-ის თანახმად, ქირის ფასი მდიდარი კლუბის სტანდარტებითაც კი გადაჭარბებული იყო: დაახლოებით 15 მილიონი რუბლი ერთი მატჩისთვის. სახელწოდების მიუხედავად, „სკა-არენას“ არანაირი კავშირი არ ჰქონდა არც გუნდ სკა-სთან და არც კლუბის მფლობელ „გაზპრომთან“. სანქტ-პეტერბურგელი ჰოკეისტების ნაცვლად, გასულ სეზონში სტადიონს საშინაო არენად იყენებდა ჰოკეის ჩინური კლუბი „შანხაის დრაკონები“. კლუბის ადგილსამყოფელი 2020 წლამდე პეკინში იყო, შემდეგ მოსკოვის მახლობლად, მიტიშჩიში გადავიდა, 2025 წლიდან კი ის სანქტ-პეტერბურგში დაფუძნდა უკვე როგორც გუნდი „შანხაიდან“.
ის, რომ „სკა-არენას“ მაკონტროლებელი კომპანიის საწესდებო კაპიტალის 100%-იანი წილი „გაზპრომმა“ შეიძინა, ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამოცხადდა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე. მაგრამ ვისგან იყიდა ალექსეი მილერმა სტადიონი, რომელიც მისივე ჰოკეის კლუბისთვის შენდებოდა? არენის 100%-იანი მფლობელი იყო „სპორტივნიე ტეხნოლგიი ი ინვესტიციი“. დოკუმენტების თანახმად, ამ სააქციო საზოგადოების ბენეფიციარი და აღმასრულებელი დირექტორი ერთადერთი ადამიანი იყო. ის არ იყო ოლიგარქი, პოლიტიკოსი ან ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი. მისი ვინაობაა მიხაილ ბორისის ძე ფროლოვი.
„ვიტია მეზღვაური“
1991 წლის ზამთარია. სანქტ-პეტერბურგის პლანეტარიუმში იმართება რუსეთის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ტექნო წვეულება. საცეკვაო მოედანი სავსეა არა მხოლოდ გამოუცდელი რეივერებით, არამედ ასევე დამწყები ბანდიტებით. მათ არ ესმით ელექტრონული მუსიკა, ახალგაზრდებმა, რომლებსაც თითქმის სუფთად აქვთ თავები გადაპარსული, დიჯეი პულტიდან გაწიეს და უაზროდ აკაკუნებენ ღილაკებზე. დიჯეის გაბედულად გამოექომაგება კაცი, მისი პერანგი უკვე დახეულია, ხელიდან სისხლი სდის „ბრატკებთან“ (ასე უწოდებდნენ 90-იანი წლების რუსეთში ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების დაბალი ეშელონების წარმომადგენლებს. - რედ.) წინა ჩხუბის შემდეგ. ამ კაცის სახელია ვიქტორ ფროლოვი.
„ტანდაბალი იყო, საკმაოდ სპორტული აღნაგობის, ჰქონდა პატარა, ყოველთვის მოკლედ შეჭრილი თავი და ძლიერი კისერი. სწორი ნაკვთები ჰქონდა, ოსტატურად მართავდა სახის გამომეტყველებას და, სიტუაციიდან გამომდინარე, შეეძლო სხვადასხვა იერის მიღება“, იხსენებს ანდრეი ხაასი, რუსი პრომოუტერი, პირველი რეივების ორგანიზატორი და ავტორი მემუარებისა „ბედნიერების კორპორაცია“.
„მოდური და სიმპათიური“ ფროლოვი, როგორც ხაასი იხსენებს თავის წიგნში, ამ საზოგადოებაში მოულოდნელად გამოჩნდა პლანეტარიუმის წვეულებამდე ექვსი თვით ადრე და „მაშინვე გახდა ყველას მეგობარი“.
ასევე ნახეთ
რუსეთში პუტინის ნაცნობი კრიმინალური ავტორიტეტი ილია ტრაბერი დააპატიმრეს„არავინ იცოდა, რით შოულობდა ვიქტორი ფულს. დადიოდა ხმები, რომ ის ვალუტის სპეციალისტი იყო, მაგრამ არავინ ჩაღრმავებია დეტალებს და არ დაინტერესებულა სერიოზულად“, წერს ხაასი. ზოგი ფროლოვს „ვიტია მეზღვაურს“ ეძახდა. ან იმის გამო, რომ ქანაობა-ქანაობით დადიოდა, ან იმიტომ, რომ სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ საზღვაო აკადემიაში სწავლობდა. ხაასი იხსენებს, რომ ახალგაზრდა ვიტია მეზღვაურს საიდანღაც ფართო კავშირები ჰქონდა ქალაქში: მორიგ წვეულებამდე პრომოუტერები სწორედ მისი მეშვეობით შეუთანხმდნენ „ბრატკებს“ დაცვის შესახებ.
მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ფროლოვი და მისი შეყვარებული, ალისა ლეონოვა, გამორჩეულ წყვილად რჩებოდნენ სანქტ-პეტერბურგისა და მოსკოვის ხელოვნებისა და რეივ სცენებზე. ვიტია მეზღვაური თვითონ შეეცადა ხელოვნებით დაკავებულიყო და წვეულებები მოეწყო. მხატვარმა ვლადისლავ მამიშევ-მონრომ მას თავის მემუარებში ცალკე თავი მიუძღვნა. ის იხსენებს, რომ ცდილობდა ფროლოვი მენეჯერად გამოეყენებინა, თუმცა სინამდვილეში მის მიმართ რომანტიკული გრძნობები ჰქონდა. „პრინცი აღმოჩნდა დამოუკიდებელი ახალგაზრდა მამაკაცი კრიმინალურის მონათესავე რომანტიკით და ათლეტური ფიგურით, კარგი თანამედროვე გემოვნებით - ვიქტორ ფროლოვი“, წერდა მხატვარი, რომელმაც 1991 წელს სანქტ-პეტერბურგში, სასახლის ხიდზე გამართულ გამოფენაზე გამოკიდა უზარმაზარი ბანერი წარწერით „მე მიყვარს ვიქტორ ფროლოვი“.
ალისა ლეონოვა და ვიქტორ ფროლოვი
რამდენიმე წლის შემდეგ „ყველასთვის საყვარელი“ ფროლოვი მოულოდნელად გაუჩინარდა. „ალისა 2001 წელს გარდაიცვალა, ვიქტორი კი მონასტერში წავიდა და ბერად აღიკვეცა“, ლაკონიურად წერს ანდრეი ხაასი თავისი მემუარების დასასრულს.
შესაძლოა, პრომოუტერის მეხსიერება მას ღალატობს და ვიტია მეზღვაური უკვე შეყვარებულის სიკვდილამდე წავიდა მონასტერში. ვიქტორ ფროლოვს თითქმის არანაირი კვალი არ დაუტოვებია რუსულ მონაცემთა ბაზებში. ერთ-ერთი ბოლო ჩანაწერი 1996 წლით თარიღდება, ეს არის ამონაწერი კალუგის ოლქის მისამართების ბიუროს მონაცემთა ბაზიდან. 1996 წლის 10 დეკემბერს ვიქტორ ბორისის ძე ფროლოვი ლენინგრადის ოლქიდან ჩავიდა დაბა ოპტინა-პუსტინში, სადაც გაიარა კიდეც რეგისტრაცია.
ის საერო ცხოვრებას მხოლოდ 18 წლის შემდეგ დაუბრუნდა - და სხვა სახელით.
უნებლიე მშენებელი
2020 წელს ინტერნეტში გავრცელდა პეტერბურგის სპორტული კომპლექსის დემონტაჟის საშინელი ვიდეო, რომელიც დრონით იყო გადაღებული. კომპლექსის სახურავზე ფოლადის არმატურის ჭრისას, შენობის მთელი „დაკიდებული“ სახურავის კონსტრუქცია ჩამოინგრა და თან წაიყოლა კედლებიც. 29 წლის მატვეი კუჩეროვი, რომელიც ჭრის სამუშაოებს ასრულებდა, დაიმარხა არენის ნანგრევების ქვეშ, რომლებიც მყისიერად გადაიქცა ბეტონის, მინისა და ლითონის გროვად.
„პეტერბურგსკის“ ადგილას იგეგმებოდა ახალი, თანამედროვე ყინულის სტადიონის, “სკა-არენას“ აშენება. ის სანქტ-პეტერბურგის სკა-ს საშინაო მოედანი უნდა გამხდარიყო და ჰოკეის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებისთვის უნდა ემასპინძლა. როდესაც ჟურნალისტებმა დაიწყეს იმის რკვევა, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი ძველი არენის დემონტაჟისა და ახალი სტადიონის მშენებლობისთვის, მათ აღმოაჩინეს, რომ ამ სამუშაოების კონტრაქტი მოიგო კომპანიების ჯგუფმა „გორკამ“, მემკვიდრემ კომპანიისა „გორკაპსტროი“, რომელიც მჭიდრო კავშირშია გენადი ტიმჩენკოსთან, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთ მეგობართან. ტიმჩენკო ცნობილია როგორც „სახელმწიფო კონტრაქტების მეფე“. კომპანია იღებდა მომგებიან კონტრაქტებს, ისეთებს, როგორებიცაა გზების მშენებლობა მოსკოვში, მოსკოვი-ყაზანის ახალი ავტომაგისტრალის დაპროექტება და სხვა.
თავად ის ფაქტი, რომ “სკა-არენას“ მშენებლობის კონტრაქტი „გორკას“ ერგო, გასაკვირი არ იყო. მაგრამ ჟურნალისტებმა შენიშნეს, რომ ამ სახელმწიფო კონტრაქტის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე „გორკას“ ყოფილი დირექტორისა ტიმჩენკოს ბიზნესპარტნიორის, ვლადიმირ ლავლენცევის ნაცვლად რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი სამშენებლო კომპანიის მფლობელი გახდა ვინმე გავრიილ ფროლოვი, რომლის შესახებაც ღია წყაროებში პრაქტიკულად არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება.
ეს ხარვეზი შეავსო რადიო თავისუფლების მიერ 2021 წლის ნოემბერში ჩატარებულმა გამოძიებამ. აღმოჩნდა, რომ ვიქტორ ფროლოვი, რეივერი, რომელიც მონასტერში წავიდა და ბერად აღიკვეცა, 2010-იან წლებში სანქტ-პეტერბურგში ვალაამის მონასტრის წინამძღვრის თანაშემწედ, მღვდელმონაზონ გავრიილად იქცა. 2014 წელს ის გახდა ატელიე „აკანტუსის“ გენერალური დირექტორი, 2016-ში კი მისი ერთადერთი დამფუძნებელი. ატელიე კანკელებისა და ინტერიერის დეკორაციებს ამზადებდა მონასტრების ეკვდერებისთვის.
2017 წელს ვიქტორ ფროლოვი ამ თანამდებობაზე შეცვალა მისმა ძმამ, მიხაილ ფროლოვმა.
ბერმონაზონი გაბრიელ ფროლოვი
მალე ყოფილი რეივერის ბედი კიდევ ერთხელ შეიცვალა მკვეთრად. გენადი ტიმჩენკო და მისი მეუღლე, ელენა, აქტიურად იყვნენ ჩართულნი ვალაამის მონასტრის აღდგენაში. ფროლოვმა მონაზვნობა არაუგვიანეს 2014 წლისა დატოვა და დაქორწინდა მათ ქალიშვილზე, ნატალია ბრაუნინგზე, რომლის გვარი მომდინარეობს ოქსფორდის უნივერსიტეტში თავის თანაკურსელ პიტერ ბრაუნინგთან პირველი ქორწინებიდან. რადიო თავისუფლებამ ეს ინფორმაცია სანქტ-პეტერბურგში მდებარე ელიტური სამედიცინო ცენტრის, „სოგაზის“ კლიენტების სიის გამოყენებით აღმოაჩინა, სადაც ტიმჩენკოს ქალიშვილი რეგულარულად გადიოდა შემოწმებებს. მას შემდეგ ამ კლინიკამ, რომლის საქმიანობიდანაც პუტინის ქალიშვილი, მარია ვორონცოვა იღებდა შემოსავალს, სახელი შეიცვალა. მანამდე, როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, იქვე მკურნალობდნენ რუსეთის პრეზიდენტის ახლო მეგობრები, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მეომრები, აქვე ემსახურებოდნენ რუსი მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკოსების ესკორტებს.
ასევე ნახეთ
მისი მშვენიერი ძიძები: როგორ იზრდებიან პუტინის ვაჟები დასავლელი გუვერნანტების გარემოცვაშივიქტორ-გავრიილ ფროლოვი დიდ სამშენებლო კომპანიას ისევე სწრაფად მოერგო, როგორც წვეულებების მოყვარულისა და ბერმონაზვნის როლებს. 2024 წლის იანვარში ის უკვე ახალი „სკა-არენას“ დასათვალიერებლად ექსკურსიას უტარებდა ვლადიმირ პუტინსა და ალიაქსანდრ ლუკაშენკას.
2024 წლის 29 იანვარს ვლადიმირ პუტინი ალიაქსანდრ ლუკაშენკას “სკა-არენას“ აჩვენებს. ლუკაშენკასგან მარჯვნივ დგას გავრიილ (ასევე ცნობილი როგორც ვიქტორ) ფროლოვი.
სახის ამოცნობის სერვისების გამოყენებით რადიო თავისუფლებამ და „სისტემამ“ შეძლეს დაედასტურებინათ, რომ მღვდელმონაზონი გავრიილი, კომპანია „გორკას“ თანამფლობელი გავრიილ ფროლოვი და რეივერი ვიქტორ ფროლოვი ერთი და იგივე პიროვნებაა.
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ გავრიილ ფროლოვი, ფაქტობრივად, პუტინის უახლოესი მეგობრის სიძეა, „გორკას“ სამშენებლო კომპანიის დირექტორად მისი დანიშვნა აღარ ჩანდა უცნაურად.
გავრიილ ფროლოვმა კომენტარის თაობაზე „სისტემასა“ და რადიო თავისუფლების თხოვნას არ უპასუხა.
ძმიდან ძმას
„დაპროექტების პროცესში ხანდახან საკუთარ თავზე ბრაზდები, რომ დაგეგმილ ვადაში ვერ ასწრებ“, თქვა მღვდელმონაზონმა სერაფიმემ (საერო სახელი ალექსანდრ კოზულინი) 2025 წლის ზაფხულში მიცემულ ინტერვიუში. კოზულინი ფსკოვში მიროჟკის მონასტრის წინამძღვარია და მის რესტავრაციას ზედამხედველობს, რაზეც რუსეთის მთავრობასთან 2019 წელს მოილაპარაკა მიტროპოლიტმა ტიხონმა (შევკუნოვმა) - „პუტინის სულიერმა მენტორმა“. დაპროექტების პროცესს ოთხ წელზე მეტი დრო დასჭირდა, აღიარებდა კოზულინი: „მაგრამ ახლა მესმის, ასე იყო საჭირო“.
მაცხნიდან: რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი ალექსეი გორდეევი, ბერმონაზონი სერაფიმე (კოზულინი), მიტროპოლიტი ტიხონი (შევკუნოვი). ფსკოვი, 2019 წ.
„სკა-არენას“ ჩაბარების ვადებიც გაჭიანურდა: 2022 წლის ოქტომბრის ნაცვლად სტადიონი მხოლოდ 2023 წლის ბოლოს გაიხსნა და სამუშაოები მთლიანად დასრულდა მხოლოდ 2026 წელს. რა კავშირი აქვს კოზულინს „სკა-არენასთან“? მისი ბიძაშვილი, ვერონიკა კოზულინა, 2021 წლის ბოლოსთვის არენის „საბოლოო მაკონტროლებელ პირად“ იყო მითითებული. მასზე ადრე ეს სტატუსი ეკუთვნოდა სანქტ-პეტერბურგის ყოფილ ჩინოვნიკ იგორ ზაბირანს. შესაძლოა, ორივე იყო სანქტ-პეტერბურგის ყოფილი ვიცე-გუბერნატორის, ვლადიმირ ლავლენცევის, პროტეჟე. ლავლენცევი გენადი ტიმჩენკოს დიდი ხნის ნაცნობი და მისი სიძის, ვიქტორ (გავრიილ) ფროლოვის ბიზნესპარტნიორი იყო.
ფროლოვი და ლავლენცევი ერთობლივად ფლობდნენ „გორკაპსტროის“ (რომელიც „გორკად“ შეიცვალა), რომელმაც დააპროექტა “სკა-არენა“ და 2023 წლის მეორე ნახევრამდე უძღვებოდა მის მშენებლობას. 2023 წელს ლავლენცევს პრობლემები გაუჩნდა, როდესაც ტიმჩენკოსთვის ვერ შეძლო დაებრუნებინა კომპანიის განვითარებისთვის აღებული 2,7 მილიარდი რუბლი. მილიარდერმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში და ლავლენცევი დააპატიმრეს. გამოძიების დროს გაირკვა, რომ ყოფილ ჩინოვნიკს პუტინის მეგობრისთვის თანხის დაბრუნება არ ჰქონდა განზრახული და „გორკაპსტროიდან“ თანხებს ითვისებდა. მან ტიმჩენკოსთან შერიგება ვერ მოახერხა: ლავლენცევს ფულის მითვისებისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო „გორკაპსტროი“ გაკოტრებულად გამოცხადდა.
“სკა-არენას“ მშენებლობა დაასრულა „სტროიტრანსგაზის“ შვილობილმა კომპანია „სფერამ“, რომელიც ასევე ახლოს იყო გენადი ტიმჩენკოსთან. მისი ფინანსური ანგარიშგებები მიუთითებს, რომ ყინულის სტადიონის მშენებლობისთვის სულ 69,7 მილიარდი რუბლი გამოიყო. ამ თანხის უმეტესი ნაწილი, 66 მილიარდი, მომდინარეობდა კომპანია „სპორტივნიე ტეხნოლოგიი ი ინვესტიციისგან“ (СТИИ), რომელსაც ფორმალურად ეკუთვნოდა თავად არენაც. თავიდან СТИИ-ს ლავლენცევის თანამოაზრეები აკონტროლებდნენ, თუმცა 2025 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში კომპანია ტიმჩენკოს სიძის, ვიქტორ ფროლოვის ძმას, მიხაილ ფროლოვს, უკვე მოიხსენიებდა, როგორც „ბენეფიციარ მფლობელს“. სწორედ მიხაილ ფროლოვმა მიჰყიდა მსოფლიოში უდიდესი არენა „გაზპრომს“ ივნისის დასაწყისში.
გარიგებამდე СТИИ-მ არენაში დამატებით 88,4 მილიარდი რუბლი ჩადო. დაახლოებით ამდენსავე შეადგენს არენის ვალი დარიცხული პროცენტებით. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ СТИИ ამ გზით გაუსწორდა საკუთარ თავს სტადიონის მშენებლობისთვის. თუმცა, სინამდვილეში, საქმე სულ სხვანაირად იყო.
ასევე ნახეთ
კარლ შლიოგელი: "რა არის რუსი ერი? სინამდვილეში ეს არავინ იცის"2024 წელს СТИИ-მ თავისი პროცენტიანი სესხი - სულ 80,1 მილიარდი რუბლი - სხვა კომპანიას გადასცა. არენის ახალი კრედიტორი გახდა შპს „პროტონ ფინანსი“. ეს კომპანია ერთი სრული განაკვეთით დასაქმებული თანამშრომლით, 2024 წლის შუა პერიოდში დარეგისტრირდა სანქტ-პეტერბურგის გარეუბანში მდებარე ბიზნესცენტრში. ის არ ამხელს თავის მფლობელს, თუმცა იურიდიული პირების მონაცემთა ბაზებიდან მიღებული მონაცემები მიუთითებს მის კავშირზე ისევ და ისევ გენადი ტიმჩენკოსთან.
ასეა თუ ისე, საბოლოოდ ტიმჩენკოს ოჯახის წევრმა, მისი სიძის ძმამ, არენა“ ვალების გარეშე გადასცა „გაზპრომს. რამდენის გადახდა შეეძლო გაზის მონოპოლისტს სტადიონისთვის? გარიგების მხარეებს თანხა არ გაუმჟღავნებიათ. 2023 წლის მდგომარეობით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 80 მილიარდ რუბლად იყო შეფასებული. 2025 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში არენის საბალანსო ღირებულება შემცირდა და საბოლოოდ 64 მილიარდი შეადგინა. ამ „ფასდაკლების“ გათვალისწინებითაც კი, არენა სამჯერ მეტი ღირს, ვიდრე თავდაპირველად დაგეგმილი 20 მილიარდი რუბლი.
მიხაილ ფროლოვმა არ უპასუხა „სისტემას“ და რადიო თავისუფლების თხოვნას, რომ კომენტარი გაეკეთებინა.
„სკა“ მიმდინარე წლის ივლისში გეგმავს თავისი პირველი მატჩის, საქველმოქმედო ღონისძიების, ჩატარებას ახალ სტადიონზე. შემდეგ სეზონში სანქტ-პეტერბურგის კლუბი “სკა-არენას“ „შანხაი დრაგონსთან“ გაიყოფს.
ყოფილი რეივერი და ბერი გავრიილ ფროლოვი 2024 წლის დეკემბერში შპს „გორკას“ გაკოტრების შემდეგაც რჩება ავეჯის ორი სტუდიის მფლობელი. ერთ-ერთი მათგანი, „აკანტუსი“, სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა ოჯახის სხვადასხვა წევრს: თავად გავრიილ ფროლოვს, მის ძმას, მიხაილს, ტიმჩენკოს ქალიშვილს, ნატალია ბრაუნინგს. ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანია არამხოლოდ ვალაამის მონასტრისთვის ამზადებდა კანკელებს, არამედ “სკა-არენას“ მშენებლობის ერთ-ერთი კონტრაქტორიც იყო.
გაჟონილი მონაცემების თანახმად, 2025 წელს „გაზპრომბანკში“ გავრიილ ფროლოვის პირად საბანკო ანგარიშზე 500 მილიონ რუბლზე მეტი თანხა იყო. 2019 წლის დეკემბრიდან 2024 წლის ივლისამდე სანქტ-პეტერბურგის საცეკვაო მოედნების „ნამდვილმა მოდურმა სტუმარმა“, ყოფილმა ბერმონაზონმა, რომელიც პუტინს “სკა-არენას“ ათვალიერებინებდა, მოსკოვის უნივერმაღ „ცუმ-ში“ თითქმის 50 შესყიდვა განახორციელა და 12,5 მილიონი რუბლი დახარჯა.