ერთ დღეში 20 ათასი მგზავრი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე? - რატომ არ ემთხვევა ქვეყნების მონაცემები ერთმანეთს

საქართველო-რუსეთის საზღვარი, ფოტო არქივიდან

რუსეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, საქართველოსთან საზღვარზე მდებარე ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე მგზავრთა რეკორდული ნაკადი დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა.

რუსეთის სახელმწიფო უწყების 18 აგვისტოს გამოქვეყნებული მონაცემებით, საზღვარი ერთ დღეში 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.

„ტურისტული ნაკადის მაღალ ინტენსივობას თან ახლავს მსუბუქი ტრანსპორტის რეკორდული რაოდენობაც“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსული მხარის ინფორმაციით, საბაჟო და სასაზღვრო სამსახურები ყველაფერს აკეთებენ მანქანების შეუფერხებელი გატარებისთვის.

ლარსის საბაჟო, 2023 წლის ფოტო

უწყების ცნობით, „მსგავსი დინამიკა“ უკვე რამდენიმე დღეა ნარჩუნდება - 15 და 16 აგვისტოს გამშვები პუნქტით დღე-ღამეში 19 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

ეს „მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლების იმავე პერიოდის მონაცემებს“, - ამტკიცებს რუსეთის საბაჟო სამსახური.

უწყება მოუწოდებს მგზავრებს, საქართველოში ან საქართველოდან მოგზაურობის დაგეგმვისას ეს ვითარება გაითვალისწინონ.

„კატასტროფული მაჩვენებელი“

„დაუჯერებელია, ნორმალური შემოწმების პირობებში 20 ათასმა ადამიანმა მოახერხოს გადმოსვლა, ავტომანქანებით ან თუნდაც მარტო. 20 000-ზე წუთში გამოდის 13 ადამიანის შემოწმება. ანუ რა გამოდის, საბუთების, პასპორტის შემოწმებას ერთ ადამიანზე საშუალოდ 4 წამი სჭირდება?!" - რუსული უწყებისა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.

„თუ ეს სიმართლეა, ჩემთვის ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი, რაც გულისხმობს შემოწმების ზედაპირულობას.” - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.

ასევე ნახეთ

ბენზინის ხმაურიანი გზა აფხაზეთისკენ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვაჭრობის სხვა დეტალები

საქართველოს შსს-ს განმარტება

საქართველოს შს სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს საქართველოს საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, „არ შეესაბამება სიმართლეს და ცალკეული დაინტერესებული პირების მხრიდან მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება“.

უწყების მონაცემებით, ბოლო 24 საათის მონაცემებით (18 აგვისტოს 09:00 საათიდან 19 აგვისტოს 09:00 საათამდე):

  • საქართველოს საზღვარი რუსეთის მხრიდან სხვადასხვა ქვეყნის 7880-მა მოქალაქემ გადმოკვეთა;
  • ანალოგიურ პერიოდში, ლარსის გამშვები პუნქტით ქვეყანა დატოვა სხვადასხვა ქვეყნის 8406-მა მოქალაქემ.

ამ მონაცემებით, ორივე მიმართულებით საქართველო-რუსეთის საზღვარი 24 საათში გადაკვეთა 16 286 ადამიანმა. განსხვავება რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფო უწყებების მონაცემებს შორის 4000-მდე ადამიანია.

უცნობია, ემთხვევა თუ არა რუსეთის საბაჟო სამსახურისა და საქართველოს სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია ერთმანეთს. რუსული უწყების ინფორმაციაში არ არის მითითებული, კონკრეტულად რა პერიოდს მოიცავს ის 24 საათი, რა დროსაც დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი.

„მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ასევე, სხვადასხვა მონაცემის არასწორი ინტერპრეტაციითა და დამახინჯებული ფორმით გავრცელებისგან”, - წერია შსს-ს განცხადებაში.

მობილიზაციის მოლოდინი?

ლარსის გამშვებ პუნქტზე, რუსეთსა და საქართველოს საზღვარზე, რიგების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებშიც ვრცელდება.

ერთ-ერთი ვერსიით, მგზავრთნაკადის ზრდა შესაძლოა რუსეთში სამხედრო მობილიზაციის მოლოდინს უკავშირდებოდეს.

  • საქართველო-რუსეთის საზღვარზე ოფიციალურად მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი მუშაობს (რუსეთის მხარეს - ზემო ლარსი, ქართულ მხარეს სასაზღვრო პუნქტის სახელწოდებაა „დარიალი“, ხოლო საბაჟო პუნქტის - „ყაზბეგი“). ამ პუნქტით სარგებლობენ როგორც საქართველოს, რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები, ისე საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებში ჩართული სატვირთო ავტომობილები.
  • რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გრძელი რიგები 2022 წლის სექტემბრის ბოლოს, რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ შეინიშნებოდა. საქართველოს შსს-ს მიერ მაშინ გავრცელებული სტატისტიკით, საზღვარზე ორივე მიმართულებით მგზავრთნაკადი დღეში 15-16 ათასს შეადგენდა.