რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში კობახიძის მრჩევლის პოზიცია „ამ ეტაპზე ვაკანტურია“

ირაკლი კობახიძე და გიორგი ქაჯაია (ფოტოკოლაჟი)

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მისი მრჩევლის ადგილი „ამ ეტაპზე ვაკანტურია“.

ირაკლი კობახიძის თქმით, გიორგი ქაჯაიამ „სხვა სფეროში გადაინაცვლა და ეს თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა“.

მთავრობის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ქაჯაიამ პოსტი 2025 წლის 1 დეკემბერს დატოვა. თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ვებგვერდზე ბრძანება გამოქვეყნებული არ არის.

ამ პერიოდში საიტზე 28 ნოემბრითა და 2 დეკემბრით დათარიღებული №319 და №321 ბრძანებებია განთავსებული. შესაძლოა, ქაჯაიას თანამდებობიდან წასვლა №320 ბრძანებით გაფორმდა.

კობახიძემ გიორგი ქაჯაია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად 2024 წლის 13 მარტს დანიშნა. მანამდე იგი რუსეთში საქართველოს ინტერესების სექციას ხელმძღვანელობდა.

ასევე ნახეთ

გეორგიევსკის ტრაქტატმა გადაარჩინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა - კობახიძე

2012-2024 წლებში რუსეთთან პრემიერის სპეცწარმომადგენლის პოსტს ზურაბ აბაშიძე იკავებდა. ის მოსკოვთან მოლაპარაკებებს ე.წ. „კარასინი-აბაშიძის“ ფორმატში მართავდა.