აკრძალვას კანონის მოთხოვნით ამართლებენ - პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ თუკი Telegram-ი კანონს არ დაიცავს, როსკომნადზორი ტელეგრამის წინააღმდეგ იმოქმედებს - „კანონს აღსრულება სჭირდება!“
პესკოვს არ სჯერა, რომ რუსი სამხედროები ფრონტზე ძირითადად Telegram-ის მესენჯერს იყენებდნენ - მან მედია თავდაცვის სამინისტროსკენ გადაამისამართა, თავად კი თქვა, რომ მესენჯერის მნიშნველობა გაზვიადებულია:
„არ ვფიქრობ, წარმოსადგენი იყოს, რომ კავშირი ფრონტზე უზრუნველყოფილია Telegram-ის ან რომელიმე სხვა მესენჯერის საშუალებით“.
ტელეგრამის შენელების გამო განგაში Z ბლოგერებმა ატეხეს - მათ, ვინც კავშირში არიან სამხედროებთან და ზუსტად იციან, რომ - ფრონტზე, ინფორმაციის გასაცვლელად - სწორედ Telegram-ი გამოიყენებოდა. სამხედრო პროპაგანდისტების აღწერით - ტელეგრამის მესენჯერით სამხედროები უკავშირდებიან ოჯახებს, ახლობლებს, აგროვებენ ფულს და უფრო მეტიც - შტურმის ოპერაციებსაც კი ამ არხით ათანხმებენ.
ამის შესახებ ბევრი წერს - მათ შორის მოქმედი სამხედროებიც.
„რუსი სამხედროები ამ სამოქალაქო მესენჯერს კარგი ცხოვრების გამო არ იყენებენ. ეს იმის ბრალია, რომ საველე კავშირგაბმულობის სისტემები შეუსაბამო აღმოჩდა თანამედროვე ომთან, რომელიც კავშირგაბმულობის ძალიან მდგრად და დაცულ სისტემებს მოითხოვს. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ რუსეთის არმიას მოძველებული სისტემები აქვს“, - სამხედრო ექსპერტი სერგეი მიგდალი რადიო თავისუფლების რუსულენოვან სამსახურს ეუბნება, რომ რუსეთის არმიის კავშირგაბმულობის სისტემები საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობაა. ექსპერტი ამბობს, რომ უკრაინა შედეგიანად იყენებდა რუსეთის მოწყვლადი კავშირგაბმულობის სისტემიდან მოპოვებულ ინფორმაციას და ამ პროცესს არაერთი რუსი გენერალიც შეეწირა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსი სამხედროები Telegram-ის გარდა, იყენებდნენ WhatsApp-საც, თუმცა ეს არხი უკვე შეზღუდულია.
Telegram-ი Starlink-ის გარეშე მაინც ვერ იმუშავებს
ბოლო პერიოდში Telegram-ის გამოყენება შესაძლებელი იყო თანამგზავრული კავშირის გლობალური სისტემის - Starlink-ის პლატფორმის საშუალებით. თუმცა თებერვლის დასაწყისიდან, უკრაინაში, უკრაინული მხარის მოთხოვნით, რუსეთის არმიისთვის SpaceX-ის Starlink-ი ხელმიუწვდომელი გახდა.
ომის მხარდამჭერი ტელეგრამ-არხები წერენ, რომ რუსული ქვედანაყოფების 90%-ს, ფრონტის ხაზზე - ამის გამო „კავშირგაბმულობის სერიოზული პრობლემები“ შეექმნა.
ზოგი რუსი ბლოგერი ჩივის, რომ ტელეგრამის შეფერხებამ და Starlink-ის გათიშვამ - უკვე მოიტანა პრობლემები და ცუდი შედეგები ფრონტზე. მაგალიათად, ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინელები უკვე შეტევაზე გადავიდნენ - გულიაი პოლესთან ახლოს [ფაქტის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. გადამოწმება ომის პირობებში შეუძლებელია].
სამხედრო ექსპერტი, ივან სტუპაკი რადიო თავისუფლების რუსულენოვან სამსახურთან ამბობს, რომ Telegram -ის „ჩახშობას“ მხარს უჭერენ რუსი ძალოვანები - „დიდი სამხრეებითა და ორდენების მცირე რაოდენობით“; ხოლო Telegram-ის წინააღმდეგ ახალი ტალღის აგორებას ის უკავშირებს - გენერალ ვლადიმირ ალექსეევზე თავდასხმასა და გავრცელებულ ვერსიას თითქოს ამ მიზნით „უკრაინელმა ჯაშუშებმა ისევ გამოიყენეს მესენჯერი - რუსეთის მოქალაქეების გადაბირებისთვის, ანონიმური კონტაქტების დასამყარებლად“ და შედეგად -Telegram-საც იოლად დაარტყეს.
დმიტრი პესკოვის სიტყვებს - რომ მისთვის სამხედროების მიერ Telegram-ის გამოყენება დაუჯერებელია - თავის ტელეგრამ-არხზე ეხმაურება კრემლის მხარდამჭერი რუსი ჟურნალისტი ანა კაშევაროვა და პესკოვს სთავაზობს „მოკლე სიას“ სხვა დაუჯერებელ ფაქტებზე:
- კონტრაქტორები არ არიან გამოსადეგი სამხედრო სამსახურისთვის;
- იყიდება ჰუმანიტარული დახმარება;
- WhatsApp-ით გადაიცემოდა გადაადგილების მარშრუტები და საიდუმლო დოკუმენტაცია;
- დაღუპული მებრძოლების საბანკო ანგარიშებიდან თანხების ჩამოწერა ხდება;
- მილიარდებია მოპარულია თავდაცვის ინფრასტრუქტურის მშენებლობიდან სასაზღვრო რეგიონში;
- ომის მეოთხე წელს არ არის კავშირგაბმულობა;
- 48 ათასი სამხედრო დგას ბინის რიგში, პასუხისმგებელი პირები მილიარდებს იპარავენ;
- უგზოუკვლოდ დაკარგულებს წლობით ეძებენ.
„წარმოუდგენელი რაღაცების სიის გაგრძელება შესაძლებელია. მაგრამ ეს ფაქტია. აბსურდი. წარმოუდგენელია საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, როგორიც დმიტრი სერგეევიჩია [პესკოვი]. რეალობა შოკში გვაგდებს“, - წერს კაშევაროვა.
„გამოიყენეთ MAX“
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ოთხშაბათს დილით წერდა, რომ - ტელეგრამის მუშაობის შენელებამ შესაძლოა იმოქმედოს „რეგიონის მოსახლეობისთვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდებაზე“ - თუკი მაგალითად ცაში უკრაინული დრონები გამოჩნდება.
ამიტომ გლადკოვმა მოუწოდა ბელგოროდელებს, რომ დაიწყონ MAX ის მესენჯერის გამოყენება. ასეთი მოწოდებები ისმის მათ შორის ბლოგერებისგანაც - ისინი თადარიგის დაჭერას ცდილობენ.
რუსეთის ხელისუფლების ჩანაფიქრიც, ბევრის აზრით, სწორედ ეს არის - Telegram-ი ჩაანაცვლოს MAX-ით - რუსეთში შექმნილი პლატფორმით, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებენ.
ამის შესახებ თავად პაველ დუროვიც წერს – Telegram-ის შემქმნელი და მფლობელი. ამბობს, რომ MAX-ი „თვალთვალისა და პოლიტიკური ცენზურისთვისაა“ გამიზნული. Telegram-იც რუსული წარმოშობის პროდუქტია, მაგრამ ბოლო პერიოდში სულ უფრო ნათელი ხდება - რომ ხელისუფლებას ამ კერძო კომპანიის გაკონტროლება უჭირს.
„8 წლის წინ ირანმა იმავე სტრატეგიას მიმართა - და მარცხი განიცადა. ირანში Telegram-ი გამოგონილი მიზეზებით აკრძალეს, მცდელობით, რომ ეიძულებინათ ადამიანები - გადასულიყვნენ სახელმწიფოს კონტროლირებად ალტერნატივაზე. აკრძალვის მიუხედავად ირანელების უმეტესობა ძველებურად სარგებლობს Telegram-ით [ცენზურის გვერდის ავლით] და უარს ამბობენ იმ აპლიკაციებზე, რომლებზეც თვალთვალი მიმდინარეობს. მოქალაქეების თავისუფლების შეზღუდვა არასდროს არის სწორი გადაწყვეტილება. Telegram-ი სიტყვის თავისუფლებისა და კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის დამცველია, წნეხის მიუხედავად“, - წერს დუროვი ტელეგრამის საკუთარ არხზე.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, Max-ი რუსეთში განიხილება „ტექნოლოგიური სუვერენიტეტის“ საკვანძო ელემენტად, ქვეყნის „ციფრული დამოუკიდებლობის“ მიზნისკენ გზაზე - რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, „იმპორტის ჩანაცვლების“ კონცეფციის ნაწილად იქცა.
მაგრამ რუსეთში Max-ი პოპულარული არ არის და მისით ხალხის დაინტერესებას სამთავრობო სტრუქტურები ვერ ახერხებენ.
- როსკომნადზორმა ტელეგრამის მუშაობის ნაწილობრივი შეზღუდვა 2026 წლის 10 თებერვალს დაიწყო და ოფიციალურ მიზეზად დასახელდა კომპანიის მიერ კანონის დარღვევა და როსკომნადზორის შენიშვნების იგნორირება;
- 2025 წლის მარტში ტელეგრამის მესენჯერთან წვდომა შეიზღუდა ჩეჩნეთსა და დაღესტანში; ხოლო იმავე წლის აგვისტოში, მაკონტროლებელმა სტრუქტურამ დააწესა ლიმიტი ზარებზე - Telegram-სა და WhatsApp-ზე. მიზეზად თაღლითური სქემების მკვეთრი ზრდა დასახელდა.
ოთხშაბათს, რუსეთის ხელისუფლების საინფორმაციო სააგენტო ТАСС იუწყებოდა, რომ მოსკოვის სასამართლომ Telegram-ი 7 მილიონი რუბლით დააჯარიმა - „თვითკონტროლის ვალდებულებების“ შეუსრულებლობის გამო.
ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობებშია ასევე, მოსკოვის სასამართლოს მიერ Telegram-ის 10.8 მილიონი რუბლით დაჯარიმება - “რუსეთში აკრძალული ინფორმაციის წაშლაზე უარის გამო”.
10 თებერვლის მონაცემებით, სასამართლო განხილვა 7 საქმეზე იყო დაგეგმილი, ჯამში - 64 მილიონი რუბლის ჯარიმით.