გასაკვირი არ არის, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში ექვსი ახალი სამხედრო ჰოსპიტლის გახსნა იგეგმება. მისი თქმით, 2025 წელს ამდენივე ახალი ობიექტი გაიხსნა. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ომამდე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სამსახურს 140 სამხედრო ჰოსპიტალი და 240 სამხედრო პოლიკლინიკა ჰქონდა.
რუსი სამხედრო მოსამსახურეები დაჭრის შემდეგ არაერთხელ უჩიოდნენ საავადმყოფოებში მკურნალობის ხარისხს. ათობით ადამიანმა გადაიღო ვიდეოები, რომლებშიც აღწერილია, თუ როგორ გაწერეს საავადმყოფოდან ჯარისკაცები გამოჯანმრთელებამდე და როგორ აბრუნებდნენ მათ კვლავ ფრონტზე.
რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში პერიოდულად ჩნდება სიუჟეტები იმის შესახებ, თუ როგორ მოინახულებენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ან სხვა მაღალი თანამდებობის რუსი ჩინოვნიკები მოსკოვის ცენტრალურ სამხედრო კლინიკურ საავადმყოფოს. ასეთ შემთხვევაში კადრში ჩნდება კომფორტული პალატები, მოღიმარი პაციენტები ლამაზ პიჟამებში და თანამედროვე აღჭურვილობა. სინამდვილეში რუსი სამხედროები არა მხოლოდ არაეფექტიან მკურნალობაზე, არამედ საავადმყოფოს პირობებზეც ჩივიან: მათ Sibir.Realii-ს უამბეს რეგიონულ სამხედრო საავადმყოფოებში მედიკამენტების, პერსონალისა და სახვევების დეფიციტის, პალატებში არსებული სიცივისა და იმის შესახებ, რომ ისინი პრაქტიკულად არ იკვებებიან.
****
34 წლის ალექსანდრი (რედაქცია უსაფრთხოების მოსაზრებებით არ ასახელებს ინტერვიუს მონაწილეთა გვარებს) ზღვისპირა ქალაქ უსურიისკში, 439-ე სამხედრო ჰოსპიტალში წევს ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობებით.
„თებერვლიდან აქ ვარ“, ამბობს ის. „როგორც მაშინ უბერავდა ქარი გატეხილ ფანჯრებში, ახლაც ისე უბერავს. ჭრილობებზე ოპერაციის ნაცვლად ისე გამყინეს, რომ პნევმონია დამემართა. ახლა გარეთ თითქმის ნული გრადუსია, თორემ სულ რაღაც ერთი თვის წინ -15 გრადუსი იყო. ჩემი თანაპალატელის დამ სამხედრო პროკურატურასა და ჯანდაცვის სამინისტროში შეიტანა საჩივრები. უშედეგოდ“.
სამხედრო პალატა ჰოსპიტალში, რუსეთის ქალაქ უსურიისკში
ალექსანდრი თითქმის ოთხი წლის წინ წაიყვანეს ჯარში უკრაინის წინააღმდეგ საომრად. ის პირველივე იერიშისას მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით ამჯობინა, ოფიცრებისთვის ფული გადაეხადა, რათა საიერიშო რაზმებში არ გაეგზავნათ.
„ვიხდიდი და ზურგში პოზიციებზე მტოვებდნენ. ახლა უკვე აღარა აქვს მნიშვნელობა, იხდი თუ არა. ყველას (საიერიშო რაზმებში) მიერეკებიან“, ამბობს ის. „პირველივე იერიშის დროს ნამსხვრევებმა ფეხი ისე ძლიერად გამიგლიჯა, რომ ექიმმა იქვე, საველე ჰოსპიტალში მითხრა, ამიერიდან ყავარჯნებით ივლიო“.
„ამას შევეგუე. მაგრამ როგორ შემენარჩუნებინა ფეხი? აქ კი პირდაპირი მნიშვნელობით ვლპები, მალე ამპუტაციის გაკეთება მომიწევს“, აღშფოთებულია ალექსანდრი. „მუდმივად სიცხე მაქვს! ის იყო, პნევმონიისგან გამოვჯანმრთელდი, რომ ისევ ავად გავხდი. ახლაც კი, როცა გარეთ ტემპერატურა ნული გრადუსია, პალატაში 10 გრადუსზე მაღლა არ ადის. ჩაცმულებს გვძინავს! სხვაგვარად ვერ დაიძინებ“.
ალექსანდრი იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც უსურიისკის ჰოსპიტალში მწოლიარე ერთ-ერთი დაჭრილი კაცის ნათესავებმა თავდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკვის უფლება მისცეს, პალატებში შევიდა დაწესებულების ზედამხედველი.
„მან თერმომეტრები პალატებიდან გაიტანა, რომ ფოტოების გადაღება და სიცივის დოკუმენტირება არ შეგვძლებოდა“, ამბობს ალექსანდრი. „იატაკი დაბზარული იყო, საწოლები ძველი და ზეწრები დახეული!“
დაჭრილების თქმით, მსგავსი სურათია მეზობელი ამურის ოლქის დედაქალაქ ბლაგოვეშჩენსკში, ლენინის ქუჩა 172-ში მდებარე საავადმყოფოში.
„რადიატორები საერთოდ არ ათბობს, ამჟამად დაახლოებით 10 გრადუსია“, აღშფოთებულია ვლადიმირი, რომელმაც სასჯელაღსრულების კოლონიაში გააფორმა ჯარში სამსახურის კონტრაქტი. „არადა, ექიმის კაბინეტში ან სხვა კაბინეტში შევდივართ და იქ ღუმელებს ვხედავთ“.
„აქამდე დონეცკთან ახლოს, საველე ჰოსპიტალში ვიწექი. იქ ნამდვილად უფრო თბილოდა და უფრო სისუფთავე იყო! აქ კი ანტისანიტარიაა და საკმარისი ექთნები არ არიან. ერთი ექთანი გვირიგებს მთელი დღის აბებს და სულ ესაა“, ამბობს ის. „გადახვევებს ყოველდღე კი არ გვიკეთებენ, როგორც საჭიროა, არამედ კვირაში ორჯერ: ამბობენ, რომ პერსონალი არ ჰყოფნით“.
ასევე ნახეთ
“ტრამპს უბრალოდ აღარ აინტერესებს პუტინი” - პროფ. მაიკლ კიმიჯი რუსეთ-უკრაინის ომსა და აშშ-ს როლზერუსეთის ხელისუფლება აღიარებს, სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა რომ არის როგორც სამხედრო ჰოსპიტლებში, ისე სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებებში. სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა ახლახან განაცხადა, რომ რუსეთში სამედიცინო პერსონალის დეფიციტი 80%-ს აღწევს, განსაკუთრებით დიდი ქალაქების ფარგლებს გარეთ. ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ განაცხადა, რომ ქვეყანას 23,3 ათასი ექიმი აკლია, ხოლო საშუალო დონის სამედიცინო პერსონალის დეფიციტი 63,5 ათასს ადამიანს შეადგენს. თუმცა, Sibir.Realii-ს წყაროების ცნობით, სამხედრო ჰოსპიტლებს ელემენტარული სამედიცინო მასალაც კი არ ჰყოფნით.
„თავად ექთნები აღიარებენ, რომ სახვევებიც კი არ ჰყოფნით, ხშირად რომ გადაუხვიონ. სახვევები! წყალბადის ზეჟანგიც კი არა აქვთ, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვეულებრივ ანტისეპტიკებზე, როგორიცაა ქლორჰექსიდინი“, ამბობს ვლადიმირი.
„და საკვებზე არ მინდა ლაპარაკი. ასეთი სიბინძურე ციხეშიც კი არ მინახავს!“ - ჩივის ის. „უკანასკნელი ფულით „დოშიკის“ [მაკარონეული, რომელიც მყისიერად მზადდება] საყიდლად ვაგზავნით ბიჭებს, ვისაც სიარული შეუძლია. რაციონიდან უკვე მოგვხსნეს და ტრავმებისთვის თანხა არ გადაგვიხადეს. მოკლედ, თავზე არ გადაგვდის“.
ვლადიმირის თქმით, საავადმყოფოში ხანდახან ჰუმანიტარული დახმარება შემოდის, მათ შორის მამაკაცის საცვლები, შარვლები და პერანგები: ეს ჯარისკაცებისთვის დიდი დახმარებაა. თუმცა, საავადმყოფოს პერსონალს ეშინია, მოხალისეებს სამედიცინო მარაგების შესყიდვა სთხოვოს: ამას შეიძლება საყვედური და სისხლის სამართლის საქმეები მოჰყვეს.
პუტინი სამხედრო ჰოსპიტლებს სტუმრობს
თავად ყოფილი პატიმარი აღიარებს, რომ პირადად არ შეუტანია საჩივარი. ეშინია, რომ გაწერენ და ფრონტზე დააბრუნებენ:
„მინდა, რაც შეიძლება მალე გავთავისუფლდე [ჯარიდან]“. „მთავარია, უკან არ გამიშვან“, - განმარტავს ის. „და თუ ჩხუბს დავიწყებ, პირდაპირ ყავარჯნებით გამგზავნიან შეტევაზე“.
როსტოვში ადგილობრივი მოხალისეები ასევე რეგულარულად აცხადებენ თეთრეულის, მედიკამენტების, შპრიცების, სახვევების, სამედიცინო ხსნარებისა და ბრილიანტის მწვანის შეგროვებას დაჭრილებისთვის ყველაზე დიდ რაიონულ სამხედრო ჰოსპიტალში: სწორედ იქ მიჰყავთ მასობრივად ისინი, ვინც დონბასში ბრძოლებში იჭრება.
ცნობილმა როსტოველმა ბლოგერმა სერგეი ბოგატირიოვმა შარშან აღიარა, რომ საავადმყოფოს აკლია ელემენტარული: წყალი დაჭრილებისთვის, დამატებითი საკვები მათთვის, ვინც ოფიციალური ვახშმის დასრულების შემდეგ ტრანზიტულ ჰოსპიტალში ჩადის. ის ჰყვებოდა, რომ იძულებული არიან, გამოაცხადონ ქვაბების, წყლის გამაცხელებლების, ტანსაცმლის, დაჭრილებისთვის ჩუსტების და წყლის შეგროვებაც კი.
ასევე ნახეთ
რეკორდული დეფიციტი ბიუჯეტში და კლებადი მშპ - რუსეთის ეკონომიკას ნავთობმაც ვერ უშველა„ეს ყველაფერი მოხალისეებს მოაქვთ აქ. სამხედროებმა კარგად იციან საშინელი მდგომარეობის შესახებ და ამიტომ ძალიან სწრაფად გამოეხმაურნენ კამპანიას „შიშველი გმირები“, რომელიც დაჭრილთათვის დახმარების შეგროვებას ითვალისწინებდა. მაგრამ ეს არ არის ნორმალური“, წერს ბლოგერი.
მის კომენტარებზე პასუხად საავადმყოფოს დირექტორმა ვალერი კოკოევმა განაცხადა, რომ საავადმყოფო „კარგად არის მომარაგებული“ და მოხალისეებს სთხოვა „ხელი არ შეუშალონ“.
„გაგიჟდები. ორი წელი გავიდა, არაფერი შეცვლილა და ის მოხალისეებს სთხოვს, რომ არ დაეხმარონ!“ ჯავრობს დაჭრილი ჯარისკაცის დედა, ოლგა. „ჩემი შვილი უკვე ორჯერ იწვა იქ. და ორივეჯერ ყველაფერი დამქონდა - საცვლებიდან და ჩუსტებიდან დაწყებული, შპრიცებით, ტკივილგამაყუჩებლებითა და სახვევებით დამთავრებული!“
მოსკოვის ბურდენკოს სახელობის სამხედრო ჰოსპიტალი
„სისხლიან ტანზე მიმხმარ სახვევებს მშრალად აძრობენ: ამბობენ, რომ არაფერი მოეპოვებათ დასასველებლად! სახვევების გამოცვლის დროს ისეთი ღრიალი ისმოდა“, იხსენებს ოლგა. „საბოლოოდ მთელი პალატისთვის ვიყიდე მარაგი, არა მხოლოდ ჩემი შვილისთვის. ერთადერთი ლიფტი მუდმივად ფუჭდება. სასმელი წყლის ავზები ყოველთვის ცარიელია. ასე რომ, თუნდაც ინფექციური პალატიდან იყო, გარეთ უნდა გახვიდე და რამე იშოვო დასალევად!“
ოლგა ითხოვს, რომ მისი მობილიზებული შვილის სახელი და თანამდებობა არ გახმაურდეს. მაგრამ ამბობს, რომ ამჟამად სამედიცინო დოკუმენტებს ამზადებს და იმედოვნებს, რომ მას სამედიცინო მიზეზების გამო სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლებენ - ახალგაზრდა კაცი ორივე ფეხშია დაჭრილი ნამსხვრევებით.
რუსეთში სამხედრო ჰოსპიტლები თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამ დაფინანსების ოდენობას კონკრეტულად არ ამჟღავნებენ. მონაცემები მთელ სამხედრო ბიუჯეტზეა განაწილებული (2025 წელს ეს 16 ტრილიონი რუბლი იყო, რაც რუსეთის მშპ-ს დაახლოებით 8%-ს და ბიუჯეტის ყველა ხარჯის 40%-ზე მეტს შეადგენს).
სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებების მომარაგებაზე ჯანდაცვის სამინისტროა პასუხისმგებელი, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო სამედიცინო სამმართველო ამარაგებს სამხედრო სამედიცინო დაწესებულებებს. სწორედ ამით ხსნის რეგიონული ხელისუფლება იმას, რომ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაშიც კი არ შეუძლიათ რეგიონულ სამხედრო ჰოსპიტლებში დამატებითი მედიკოსებისა და მედიკამენტების გაგზავნა.
მაგალითად, როდესაც ბელგოროდის მოსახლეები უკრაინის არმიის წინსვლის შემდეგ ჩიოდნენ გადატვირთული კლინიკის შესახებ, სადაც შეუძლებელი იყო ქირურგთან მიღებაზე მოხვედრა, რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია იქ დამატებითი ექიმების გაგზავნა: პოლიკლინიკა სამხედროა და თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფება.
ექსპერტების თქმით, სამხედრო ჰოსპიტლების დაფინანსება და მომარაგება, განსაკუთრებით რეგიონებში, კორუფციის გამო ხშირად სრულად ვერ აღწევს საბოლოო მიმღებამდე.
„ჯერ ერთი, რუსეთის არმიაში კორუფციის საშინელი, ცინიკური დონეა. ანუ, ფულს ან მედიკამენტებს, ან ორივეს, იპარავენ და მალავენ იმ მიზნით, რომ იმავე სამხედროებს მიჰყიდონ, ვინაიდან ისინი „მდიდრები“ არიან და ჭრილობებისთვის ანაზღაურებას და ხელფასებს იღებენ“, განმარტავს სამხედრო ექსპერტი და სოციოლოგი ნიკოლაი მიტროხინი. „მეორე მხრივ, რუსეთში გარკვეული ტიპის მედიკამენტებთან დაკავშირებით პრობლემებია, რადგან მათი მოპოვება გართულებულია სანქციებისა და რუსეთთან საერთაშორისო ვაჭრობის გაწყვეტის გამო“.