რუსეთის ჯარის დანაკარგები ბახმუტსა და მთელ უკრაინაში

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ სასაფლაო.

9 მაისს, როცა რუსეთში „გამარჯვების დღეს“ აღნიშნავენ და წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმს გამართავენ, მეტი პომპეზურობისათვის შესაძლოა ოფიციალურად გამოაცხადონ, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მრავალთვიანი ბრძოლების შემდეგ ქალაქი ბახმუტი აიღეს. თუმცა, როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, ამ განცხადებით არსებითად არაფერი შეიცვლება: ბახმუტი კვლავ დარჩება ყველაზე ცხელ წერტილად და რუსეთის შეიარაღებული ძალების უბედურების მთავარ წყაროდ.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გაასაჯაროვა ინფორმაცია ბოლო 5 თვის განმავლობაში უკრაინაში, მათ შორის ბახმუტის რაიონში რუსეთის დანაკარგების შესახებ. კირბის თქმით, ამერიკის სადაზვერვო სამსახურების შეფასებით, დეკემბრიდან რუსეთის პირადი შემადგენლობის საერთო დანაკარგი 100 ათასს შეადგენს, აქედან 20 ათასი დაღუპულია და მათი ნახევარი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერზე“ მოდის.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გაასაჯაროვა ინფორმაცია ბოლო ხუთი თვის განმავლობაში უკრაინაში რუსეთის დანაკარგების შესახებ.

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებში, რომლებმაც ცოტა ხნის წინ გაჟონა მედიაში, ნათქვამია, რომ 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით, ომში რუსეთის ცოცხალი ძალის ჯამური დანაკარგი 35 ათასიდან 43,5 ათასამდეა (უკრაინისა - 16-17 ათასი). სამხედრო ექსპერტების შეფასებით დანაკარგების სტატისტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ბახმუტისათვის მრავალთვიან და სისხლისმღვრელ ბრძოლაზე მოდის.

რატომ ბახმუტი?0

ბახმუტი, სადაც ომამდე დაახლოებით 70 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, რუსულ ძალებს ნახევრად ალყაში ჰყავს მოქცეული: ქალაქის საცხოვრებელი კვარტლების მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია, ქალაქის ქუჩებში სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს, შენობების უმეტესობა კი დანგრეულია, თუმცა რუსეთმა ვერ შეძლო ბახმუტში უკრაინული ჯარების ალყაში მოქცევა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯერ კიდევ აქვთ მარაგების შევსებისა და საბრძოლო მასალის მიღების შესაძლებლობა, თუმცა გზა, რომლითაც ბახმუტის დაჯგუფება მარაგდება, იბომბება.

დასავლელი სამხედრო ექსპერტების ნაწილი ეჭვის ქვეშ აყენებს უკრაინის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების მართებულობას, შეინარჩუნოს ბახმუტი, რადგან მათი თქმით უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ რაიონში ხარჯავს იმ ძვირფას საბრძოლო მასალას და ცოცხალ ძალას, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს მოსალოდნელი დიდი კონტრშეტევის დროს.

ბახმუტი, დონეცკის ოლქი, 2023 წლის 26 აპრილი

თუმცა, უკრაინის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მნიშვნელოვანია ბახმუტის შენარჩუნება, რადგან ქალაქის აღება საშუალებას მისცემს რუსეთის არმიას იერიში მიიტანოს დონბასის სხვა ქალაქებზე, რომლებიც უკრაინის კონტროლის ქვეშ იმყოფებიან, მათ შორის სლოვიანსკსა და კრამატორსკზე.

გარდა ამისა, უკრაინისთვის მომგებიანია ბახმუტისთვის ბრძოლის რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელება, რადგან რუსული არმია ბახმუტისათვის ბრძოლებში კარგავს ყველაზე ბრძოლისუნარიან ნაწილებსა და გამართულ აღჭურვილობას, ხოლო ამ დანაკარგების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება უკრაინისას. ასევე, ამ ტერიტორიაზე კონცენტრირებულია რუსეთის მნიშვნელოვანი ძალები, რომლებიც შეიძლება გამოეყენებინათ თავდაცვისთვის ან შეტევისთვის ფრონტის სხვა უბნებზე.

უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი რომან სვიტანი ამბობს, რომ არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს იმას, გამოაცხადებს თუ არა რუსეთი ბახმუტის აღებას 9 მაისს:

„ბახმუტის აღებას რუსები ზუსტად იმის გამო ცდილობენ, რისთვისაც უკრაინა არ თმობს: ფლანგებზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საუბარია მინიმუმ მარცხენა ფლანგზე, რომელიც ფაქტობრივად შეჭრილია რუსეთის დაჯგუფების სხეულში. ამის გამოსწორებაა მათთვის მნიშვნელოვანი, თორემ, თუ სურვილი აქვთ, 9 მაისს ბახმუტის აღებას ყველა შემთხვევაში გამოაცხადებენ, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის. ქალაქის 70% ექნება აღებული თუ 90% - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უკრაინის არმიაც შეინარჩუნებს პოზიციებს დიდი იერიშის დაწყებამდე, რაც რამდენიმე კვირის ამბავია“, - ამბობს რომან სვიტანი.

რომან სვიტანი, უკრაინელი სამხედრო ექსპერტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას, კიევის ცნობით, უახლოეს რამდენიმე კვირაში დაიწყება. ამისათვის უკრაინის ხელისუფლებამ დასავლელი მოკავშირეებისგან უკვე მიიღო ჯავშანტექნიკა, საბრძოლო მასალა, მათ შორის 150 კმ მანძილზე მოქმედი რაკეტები.

უკრაინის არმიის კონტრშეტევის მოლოდინში, ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის არმიამ თანამედროვე ისტორიაში რეკორდული რაოდენობის საფორტიფიკაციო სიმაგრეები აღმართა იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც შესაძლებელია უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიში დაიწყოს.

ჯონ კირბის თქმით, რუსეთის დანაკარგის ნახევარი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულებზე მოდის. დანაკარგის შესახებ რუსული მხარე კომენტარს არ აკეთებს. ბოლოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა საერთო რაოდენობის შესახებ ინფორმაცია 2022 წლის 21 სექტემბერს გაავრცელა. ამ ინფორმაციის თანახმად, მოკლულია 5937 რუსი სამხედრო მოსამსახურე. „ვაგნერის" დამფუძნებელმა და სპონსორმა ევგენი პრიგოჟინმაც ასევე არ დაასახელა დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა, თუმცა აღიარა, რომ „დანაკარგები დიდია".

GBU-39 მცირე დიამეტრის ბომბი. აშშ-ის საჰაერო ძალების სახმელეთო ბაზირების მცირე დიამეტრის ბომბი (GLSDB)

ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის, BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით (ღია წყაროებზე დაყრდნობით), 2023 წლის აპრილის ბოლოს უკრაინის ომში, სულ მცირე, 21 700 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ოფიციალური სტრუქტურები მალავენ მონაცემებს, ხოლო არაოფიციალური მონაცემების გავრცელება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის რისკებს, დაღუპულთა რეალური რაოდენობა ბევრად მეტი უნდა იყოს. ამასთან, ღია მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ მსხვერპლის ზრდის ტემპი კვლავ მაღალია არა მხოლოდ პატიმრებისგან შემდგარ რაზმებში, არამედ რუსული არმიის სპეციალიზებულ დანაყოფებშიც.

43,5 ათასი მოკლული, 195 ათასი დაჭრილი

BBC-ის რუსულმა სამსახურმა გამოცემა „მედიაზონასთან“ და მოხალისეთა ჯგუფთან ერთად დაადგინა, რომ ომის 14 თვის განმავლობაში რუსულმა ძალებმა დაკარგეს მინიმუმ 3401 ელიტური სპეციალისტი: გრუ-სა (რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო) და როსგვარდიის სპეცრაზმების მებრძოლები, საზღვაო ქვეითები, მედესანტეები და სამხედრო მფრინავები, რომელთა მომზადებას წლები და მილიონობით დოლარი დასჭირდა. საუბარია მხოლოდ იმ მონაცემებზე, რომელთა მოძიება და გადამოწმება ხერხდება ღია წყაროებით, რაც იმას ნიშნავს, რომ დანაკარგების რეალური რაოდენობა ბევრად მეტია.

"ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლების საფლავები ნოვოსიბირსკის გუსინობროდსკის სასაფლაოზე

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში დადგინდა 1249 დაღუპულის ვინაობა (მათგან მინიმუმ 54 ელიტარულ ქვედანაყოფებში მსახურობდა), რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2022 წლის საშუალო მაჩვენებელს: ომის პირველ 12 თვეში რუსული წყაროები ყოველ კვირას 250-300 დაღუპულის შესახებ იტყობინებოდნენ.

დანაკარგის მესამედი მოდის იმათზე, ვინც უკრაინაში შეჭრამდე არ იყო დაკავშირებული ჯართან, ესენი არიან მოხალისეები, მობილიზებული, პატიმრები და კერძო სამხედრო კომპანიების მიერ დაქირავებული ადამიანები. ღია მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, კვლავინდებურად ბევრი პატიმარი იხოცება ბახმუტის მისადგომებთან, დიდი დანაკარგებია მობილიზებულთა რაზმებშიც“, - იტყობინება ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია, რომლის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა სია შეიცავს მინიმუმ ორჯერ ნაკლებ სახელს, ვიდრე სინამდვილეში დაკარგა რუსეთმა.

ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა 14 თვის განმავლობაში რუსეთის 65-ზე მეტი დასახლებული პუნქტის სასაფლაოებზე შეცვლილი ვითარების შესწავლა.

ყველაზე კონსერვატიული შეფასებით, უკრაინაში რუსეთს შეეძლო დაეკარგა 43,4 ათასი ადამიანი დაღუპულების სახით, ხოლო რუსეთის ჯამური გამოუსწორებელი დანაკარგები (ანუ მათი რიცხვი, ვინც მწყობრიდან გამოვიდა დაჭრის, დაღუპვის ან უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო) შეიძლება იყოს მინიმუმ 195 ათასი ადამიანი. ეს მაჩვენებელი ეფუძნება აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ანალიტიკური ცენტრის დაკვირვებას, რომლის თანახმად, უკრაინის ომის დროს დაღუპულ ყოველ 1 რუს ჯარისკაცზე საშუალოდ დაახლოებით 3,5 დაჭრილი მოდის.

მნიშვნელოვანია, რომ ამ მონაცემებში (43,5 ათასი დაღუპული, 195 ათასი დაჭრილი) არ შედიან ისინი, ვინც დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო მილიციის“ შემადგენლობაში რუსეთის მხარეს იბრძოდნენ. ასევე ვერ ხერხდება უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედროების რაოდენობის დადგენაც.

ელიტური დანაკარგები

დადასტურებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან რუსეთმა ელიტარული ქვედანაყოფების 3401-ზე მეტი სპეციალისტი დაკარგა. მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს გრუს სპეცრაზმის ნოვოსიბირსკის 24-ე და ტოლიატის მე-3 ბრიგადებმა. სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, სწორედ ელიტურ სამხედრო დანაყოფებზე, სპეცრაზმებზე (საჰაერო სადესანტო ძალებზე, საზღვაო ქვეითთა კორპუსზე, გრუ-ზე, როსგვარდიისა და არმიის სპეცრაზმებზე) დადო ფსონი მოსკოვმა ომის დაწყებისას. შედეგად, ომის პირველივე თვეებში ამ შენაერთებმა დიდი დანაკარგები განიცადეს.

სამხედრო ექსპერტებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ პირველი ექვსი თვის განმავლობაში რუსი გენერლები მუდმივად იყენებდნენ სპეცრაზმს არა ფარული ოპერაციებისთვის ფრონტის ხაზს მიღმა, დივერსიული და სხვა სახის ოპერაციებისთვის, რაც სპეცრაზმის პრეროგატივაა, არამედ ორდინარულ ვითარებებშიც.

ვალერი გერასიმოვი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი

როგორც ირკვევა, დაღუპულ სპეცრაზმელთა 18% ოფიცერია. ამ ოფიცრების დაკარგვა შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკარგი, რადგან მათი ჩანაცვლება რუსული არმიისთვის ძალიან ძნელია: რიგითი სპეციალისტების (მაგალითად, ყუმბარმტყორცნის ან ნაღმმტყორცნის) მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მათი შემცვლელების მომზადებისთვის საჭიროა რამდენიმე კვირა, მაგრამ თუკი დაიღუპება გრუს სპეცრაზმის ასეულის მეთაური, იგი უნდა ჩაანაცვლოს ასეთივე კვალიფიკაციის ოფიცერმა. არადა, ლეიტენანტის მომზადებას მინიმუმ ოთხი წელი სჭირდება, ხოლო იმისთვის, რომ ასეულს უხელმძღვანელოს ლეიტენანტმა უნდა გაიაროს რთული გზა კაპიტნობამდე, რასაც კიდევ ოთხი წელი დასჭირდება.

უკრაინასთან ომის 14 თვის განმავლობაში გრუს და როსგვარდიის სპეცრაზმების დანაკარგები მნიშვნელოვნად აღემატება ამ დანაყოფების დანაკარგებს ჩეჩნეთის 10 წლიანი ომის განმავლობაში. გარდა ამისა, დაღუპულთა შორისაა 139 სამხედრო მფრინავი - სპეციალისტები, რომელთა მომზადებას მინიმუმ 3 მილიონი დოლარი და ურთულესი სწავლების 7 წელი სჭირდება. ერთი სნაიპერ-პილოტის მომზადებას შეიძლება 15-17 წელი დასჭირდეს და 12-14 მლნ დოლარი ღირდეს.

სპეცრაზმები, საზღვაო ქვეითები და საჰაერო სადესანტო ძალები ახლაც აქტიურად არიან ჩართული როგორც შეტევით, ასევე თავდაცვით ბრძოლებში ფრონტის ყველა საკვანძო სექტორში.

დამწვარი ტექნიკის გვერდით რუსი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი. 2022 წლის აპრილი

გარდა ამისა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა დაკარგა ოფიცრების სოლიდური რაოდენობა: სულ მცირე, 1970 ოფიცერი, მათგან 534 მაიორის და უფრო მაღალი წოდებისა. დიდი რაოდენობით ოფიცერთა - განსაკუთრებით ლეიტენანტებისა და კაპიტნების დაკარგვა - მნიშვნელოვნად აისახება ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობებზე, რადგან სწორედ უმცროსი ოფიცრები წყვეტენ, თუ როგორ შესრულდება სარდლობის მიერ მიცემული ბრძანებები. მათ გადაწყვეტილებებს შეუძლია გადაარჩინოს ან გაანადგუროს ათობით ჯარისკაცი და სერჟანტი. როგორც წესი, სწორედ უმცროსი ოფიცრები ატარებენ ყველაზე მეტ დროს თავიანთი ქვედანაყოფების პირად შემადგენლობებთან: ისინი ავარჯიშებენ ახალწვეულებს, კოორდინაციას უწევენ და წვრთნიან გუნდს. ისინი, ვინც მოკლული ოფიცრების შემცვლელად მოვიდნენ, გაცილებით ნაკლებად გაწვრთნილები და გამოცდილები არიან, რაც თავის მხრივ, გავლენას ახდენს მოხალისეთა და მობილიზებულთა მომზადების დონეზე, ასევე საბრძოლო ზონაში მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხზე.

პატიმრები საზარბაზნე ხორცად

ღია მონაცემებიდან გამომდინარეობს, რომ მსჯავრდადებულები, რომლებიც იბრძვიან "ვაგნერის" შემადგენლობაში, სხვა სამხედრო ფორმირებებთან შედარებით ყველაზე დიდ დანაკარგებს განიცდიან.

საერთო ჯამში, იდენტიფიცირებულია 3621 პატიმარი, რომელიც დაიღუპა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. დანაკარგების რეალური მაჩვენებლები ალბათ გაცილებით მაღალია. სწორედ „ვაგნერის“ რიგებში მებრძოლი პატიმრები ცდილობენ უკრაინელთა თავდაცვითი ზღუდეების გარღვევას, მათ შორის ბახმუტში.

ასევე ნახეთ პრიგოჟინის ჯილდოები უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი მკვლელებისა და ქურდებისთვის

ზუსტი სტატისტიკის წარმოება რთულია იმის გამოც, რომ ყველა დაღუპულს არ კრძალავენ მშობლიურ რეგიონებში, სადაც მათი ნათესავები ცხოვრობენ. ომის დაწყებიდან მხოლოდ „ვაგნერმა“ თავისი მებრძოლებისთვის შვიდი სასაფლაო გახსნა ნოვოსიბირსკში, ირკუტსკში, სვერდლოვსკში, სამარაში, მოსკოვის ოლქში, კრასნოდარის მხარესა და უკრაინის ტერიტორიაზე, ლუგანსკის ოლქში. ხშირია შემთხვევები, როცა ნათესავებმა არაფერი იციან მათი ახლობლების არც დაღუპვის და არც დაკრძალვის შესახებ.