ეს პროგრამა ერთ-ერთი ახლად შექმნილი ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის - „სუვერენიტეტის საერთაშორისო ლიგა – პალადინების“ (ISL Paladins) - მიერ „ტელეგრამში“ გამოქვეყნდა. ლიგა 2025 წლის სექტემბერში სანქტ-პეტერბურგში დაფუძნდა და, როგორც დამფუძნებელ ყრილობაზე ითქვა, მისი მიზანი რადიკალური მემარჯვენე ორგანიზაციების თანამშრომლობა და საქმიანობის კოორდინაციაა.
ამ ალიანსის აქტიური წევრია ევროპის ათობით ორგანიზაცია, მათ შორის, რამდენიმე ულტრამემარჯვენე ჯგუფი სერბეთიდან, აგრეთვე ცალკეული მოძრაობები აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ რუსეთში გამართულ შეხვედრას.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების კვლევა აჩვენებს, რომ ISL Paladins-ის დაარსების დღიდან, ლიგის წევრები სინქრონულად ატარებდნენ თავიანთ აქციებს და ერთმანეთს უზიარებდნენ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში.
„ლიგა დაიბადა. წინააღმდეგობა გაერთიანებულია. ბრძოლა დაიწყო!“ - ნათქვამია ალიანსის მიერ Telegram-ით გავრცელებულ პირველ შეტყობინებაში 2025 წლის 22 სექტემბერს.
- რას ნიშნავს „პალადინები“? ისტორიულად, პალადინები იყვნენ ელიტური რაინდები ფრანკების მეფის, კარლოს დიდის კარზე, რომელმაც მე-9 საუკუნეში დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი გააერთიანა თავისი მმართველობის ქვეშ. ისინი ქრისტიანობის, იმპერიისა და „წმინდა წესრიგის“ დამცველებად ითვლებოდნენ, ხშირად „სარწმუნოების მტრების“ წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს ამ სახელწოდებას იყენებენ რადიკალურ-ნაციონალისტური ჯგუფები და მოძრაობები, რომლებიც საკუთარ თავს „რწმენისა და ტრადიციების დამცველებად“ წარმოადგენენ.
დაკავშირებული არხების ქსელი
ჯგუფის არხი Telegram-ზე შარშან სექტემბერში გაიხსნა და მას ათასზე ოდნავ მეტი გამომწერი ჰყავს. თუმცა პლატფორმა Telemetr-ზე არსებული მონაცემების ანალიზის თანახმად, რომელიც Telegram-ის არხებისა და ჯგუფების ანალიზისთვის აგროვებს ინფორმაციას, ISL Paladins-ის პროფილს აუდიტორიასთან განსაკუთრებით მაღალი დონის ურთიერთქმედება აქვს. ეს ნიშნავს, რომ პოსტების ხელახალი გამოქვეყნების საშუალებით, ამ არხის მასალები გაცილებით მეტ ადამიანთან აღწევს.
რადიო თავისუფლების კვლევა აჩვენებს, რომ მის შეტყობინებებს რეგულარულად აქვეყნებენ მემარჯვენე და კრემლის მომხრე არხები Fortress Europe-ი, Right People Z-ი და Bellum Acta, რომლებსაც 150 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავთ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების არხები, რომლებიც ISL Paladins-ის შექმნაში მონაწილეობდნენ. 2025 წლის დეკემბრის განმავლობაში ISL Paladins-ის არხიდან შეტყობინებები Telegram-ის 30 სხვა პროფილზე გადაიტანეს.
ლიგა დაიბადა. წინააღმდეგობა გაერთიანებულია. ბრძოლა დაიწყო!
მათ შორისაა სერბული მემარჯვენე ორგანიზაციების სამი არხი. ორგანიზაცია „სახალხო პატრულები“, რომელსაც 10 900 გამომწერი ჰყავს, ISL Paladins-ის არხის პოსტებს საშუალოდ ყოველ მეორე დღეს აქვეყნებს. ასევე, შედარებით ნაკლები მასშტაბით აკეთებენ ამას ჯგუფები „სერბული აქცია“ და მისი ახალგაზრდული ფრთა „Zboraška omladina“, რომელთაც საერთო ჯამში 6 700 გამომწერი ჰყავთ. საუბარია ორგანიზაციებზე, რომლებიც ცნობილი არიან ეთნონაციონალისტური იდეოლოგიით, ანტიმიგრანტული და ჰომოფობიური რიტორიკით.
„სახალხო პატრულები“ საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2020 წლის დასაწყისში მოექცა, როდესაც ამ ჯგუფის აქტივისტები ბელგრადის ქუჩებში მიგრანტებს აჩერებდნენ და ურიგებდნენ ბროშურებს, რომლებშიც მათ აცნობებდნენ, რომ „ეკრძალებათ სამიგრაციო ცენტრების დატოვება 22:00 საათიდან დილის 6 საათამდე და დღის განმავლობაში სამზე მეტი ადამიანისგან შემდგარ ჯგუფებად გადაადგილება“.
„სერბული აქცია“ ჯგუფია, რომელიც აცხადებს, რომ იბრძვის „მართლმადიდებლობისთვის, ეროვნული ცხოვრების წესისა და რასობრივი იდენტობის შენარჩუნებისთვის“. 2022 წელს „სერბული აქციის“ აქტივისტებმა სანქტ-პეტერბურგში მდებარე „საიმპერიო ლეგიონის“ სამხედრო საწვრთნელი პოლიგონი მოინახულეს. საუბარია რუსეთის „საიმპერიო მოძრაობის“ (RIM) გასამხედროებულ ფრთაზე, ულტრანაციონალისტურ ორგანიზაციაზე, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2020 წელს შერაცხა „ტერორისტული საფრთხის“ მქონე დაჯგუფებად.
სამიზნე – მიგრანტები
დაარსების დღიდან, „პალადინებმა“ მიზნად დაისახეს იმიგრაციასთან ბრძოლა. დამფუძნებელი ყრილობის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყო კოორდინირებული მოქმედებები ერთმანეთთან დაკავშირებულ Telegram-ის არხებს შორის, ერთი და იმავე რიტორიკით: მიგრანტები წარმოდგენილი არიან, როგორც საფრთხის მომტანი, კულტურული მტრები და ძალადობის წყარო. პუბლიკაციების ანალიზი აჩვენებს, რომ მიგრანტებთან დაკავშირებული ინციდენტების შესახებ ინფორმაცია სინქრონულად გადაიცემა რამდენიმე ურთიერთდაკავშირებული არხით.
რეპრესიული ზომებისა და მასობრივი დეპორტაციებისკენ ღია მოწოდებებთან ერთად, მიმდინარეობს დასავლეთის ქვეყნების სამიგრაციო პოლიტიკის კრიტიკა, რომლის დროსაც ხშირად არაზუსტი ან არასრული მონაცემებია გამოყენებული.
მაგალითად, ISL Paladins-ის Telegram-ის არხმა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი 141 მგზავრით ავღანეთიდან გერმანიაში ჩაფრინდა და დაურთო კომენტარი, რომ „გერმანელები იძულებული არიან, თავიანთ ქვეყანაში მიიღონ მუსლიმები, რომლებიც პირდაპირი გაგებით, აუპატიურებენ მოსახლეობას“.
„გერმანელები იძულებულნი არიან, თავიანთ ქვეყანაში მიიღონ მუსლიმები, რომლებიც პირდაპირი გაგებით, აუპატიურებენ მოსახლეობას“.
სინამდვილეში, საუბარია გერმანული ინსტიტუტების თანამშრომლებზე, ჟურნალისტებზე და ავღანეთიდან ჩამოსულ აქტივისტებზე, რომლებიც გერმანიამ ჩართო ჰუმანიტარული დახმარების მიღების პროგრამაში თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. 2021 წელს გერმანიის მაშინდელმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ავღანეთიდან იმ ადამიანების ევაკუაციას, რომლებიც 20 წლის განმავლობაში გერმანიისთვის მუშაობდნენ“. 2025 წლის ივლისში სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ამ ადამიანების მიღების პროგრამა უნდა გაგრძელებულიყო გერმანიაში ხელისუფლების შეცვლისა და უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გამოცხადების შემდეგაც.
მიუხედავად იმისა, რომ ISL Paladins-ი მიიჩნევს, რომ მთელ ევროპას „საფრთხე“ ემუქრება მიგრანტების შემოდინების გამო, „სწორი“ მიგრაციული პოლიტიკის ერთადერთი მაგალითი ამ ორგანიზაციამ რუსეთში აღმოაჩინა. მათმა არხმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მიგრანტების ბავშვების 87%, რომლებმაც საბუთები შეიტანეს, რუსულ სკოლებში არ მიიღეს, რადგან, როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, მათ არ ჰქონდათ დოკუმენტები სრულად, ან არ აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმებს.
„მიგრანტების ბავშვები მომავალი დამნაშავეები არიან და ჩვენი ქვეყნებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ისინი არ უნდა სარგებლობდნენ ჩვენი საგანმანათლებლო სისტემით“, - ნათქვამია ISL Paladins-ის განცხადებაში.
პოლიციის მიერ მოსკოვის ბირიულევოს რაიონში მიგრანტების საწინააღმდეგო ერთ-ერთი რეიდი. 2023 წელი
Human Rights Watch-ი და ადამიანის უფლებათა დამცველი სხვა ორგანიზაციები აკრიტიკებენ რუსეთის ახალ პოლიტიკას, რომელიც მიგრანტი ბავშვებისთვის განათლებაზე წვდომას ზღუდავს, და ასევე კანონს, რომელიც 2025 წლის აპრილიდან ასეთი ოჯახების ბავშვების საჯარო სკოლებში მისაღებად, რუსული ენის გამოცდის ჩაბარებას მოითხოვს. ეს შეფასებულია, როგორც დისკრიმინაციული ზომა, რომელიც არღვევს განათლების უფლებას და ბავშვის უფლებათა შესახებ გაეროს კონვენციის თანახმად, რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს.
პროპაგანდიდან შეთანხმებულ მოქმედებამდე
ონლაინ მასალების გავრცელება „პალადინების“ ერთადერთი საქმიანობა არ არის: ამის პარალელურად, ისინი ადგილზე კონკრეტულ მოქმედებებს უწევენ კოორდინაციას. ამგვარად, სანქტ-პეტერბურგში დამფუძნებელი ყრილობიდან დაბრუნებისთანავე, სერბულმა „სახალხო პატრულებმა“ ბელგრადში ე.წ. „მოსახლეობის ცვლილების“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციის შესახებ გამოაცხადა. (ამ ტერმინს იყენებენ ულტრამემარჯვენე წრეებში პოპულარული შეთქმულების თეორიის მომხრეები, რომლის მიხედვითაც, ევროპის ქვეყნების ხელისუფლება განზრახ იზიდავს მილიონობით იმიგრანტს ევროპის მოსახლეობის სტრუქტურის შეცვლის მიზნით.)
პროტესტი გაუქმდა მას შემდეგ, რაც ბელგრადში „პატრულების“ ლიდერი, დამნიან კნეჟევიჩი დააკავეს, როგორც, პროკურატურის თქმით, რასობრივი და დისკრიმინაციის სხვა ფორმებით მოტივირებულ დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი. ამ მასალის გამოქვეყნებამდე ბელგრადის პროკურატურამ არ უპასუხა რადიო თავისუფლების თხოვნას მისი დაკავების საქმის მდგომარეობაზე ინფორმაციის შესახებ.
ფოტოზე შეტყობინებაა ISL Paladins-ის ტელეგრამში ევროკავშირის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ორგანიზებაზე:
შეუერთდით პროტესტს ევროკავშირის - ქვეყნების საპყრობილეს წინააღმდეგ
1 დეკემბერს "სუვერენიტეტის საერთაშორისო ლიგა ISL Paladins-ი" აწყობს პირველ საერთო ოფიციალურ მსვლელობას ევროპის კავშირის წინააღმდეგ. ამ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელად კაია კალასის დანიშვნის პირველი წლისთავია. მისი მმართველობის დროს ევროკავშირი გამოირჩევა, როგორც ჩვენი დროის ყველაზე გლობალისტური ერთეული. კავშირში განუსაზღვრელი მიგრაცია, გაზრდილი ცენზურა და უკრაინის უპრეცედენტო მხარდაჭერა - ეს არის ახლა ევროკავშირი.
კნეჟევიჩი ადრეც დააკავეს: 2023 წელს, კოსოვოს მიმართ სერბეთის პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის ორგანიზების შემდეგ. მას ბრალი წაუყენეს კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დანგრევისკენ მოწოდებაში, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლომ 2024 წლის ნოემბერში გაამართლა, რადგან ბრალდებას არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები.
ISL Paladins-მა 2025 წელს კნეჟევიჩის დაკავების შესახებ ინფორმაცია Telegram-ის თავის არხზე გამოაქვეყნა კომენტარით: „რეპრესია ჩვენი ხალხის მიმართ საკუთარ ქვეყნებში, სადაც მათ წინააღმდეგ უკანონობა ხორციელდება“.
ოქტომბრის ბოლოს რადიკალურმა მემარჯვენე ჯგუფებმა საპროტესტო აქციები გამართეს ესპანეთში, იტალიაში, ნიდერლანდსა და უნგრეთში. 2025 წლის 1 დეკემბერს ISL Paladins-მა პირველი ერთობლივი ოფიციალური შეხვედრა გამართა ევროკავშირთან ბრძოლის გზების განსახილველად. ლიგის კუთვნილი ორგანიზაციების წევრები ერთდროულად გამოვიდნენ ქუჩებში საბერძნეთში, უნგრეთში, ბელგიაში, რუსეთში, ესპანეთსა და სერბეთში.
რუსი უფროსები?
ოფიციალური საუწყებო მხარდაჭერის გარეშე, ISL Paladins-ი ჩამოყალიბდა ჯგუფის საფუძველზე, რომელიც 2025 წლის 12 სექტემბერს სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის შენობაში შეიკრიბა. ეს შეხვედრა მოაწყო კონსტანტინ მალოფეევმა, კრემლთან და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მჭიდრო კავშირების მქონე რუსმა ოლიგარქმა. მალოფეევი 2014 წლიდან დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში არეულობის ორგანიზებაში თავისი როლის, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ხელშეწყობისა და დონბასში პრორუსი სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.
სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ალექსანდრე დუგინი, რომელიც კრემლის ერთ-ერთ წამყვან იდეოლოგად ითვლება. შეხვედრაზე იყვნენ ულტრამემარჯვენე და ღიად ფაშისტური ორგანიზაციების წარმომადგენლები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, მექსიკიდან, სამხრეთ აფრიკიდან და სხვა ქვეყნებიდან. სტუმრებს შორის იყო „ერთიანი რუსეთის“ დეპუტატი კონსტანტინ ჩებიკინი, ხოლო ქალაქის საკანონმდებლო კრების სპიკერმა, ალექსანდრ ბელსკიმ მონაწილეებს მისასალმებელი წერილი გაუგზავნა.
როგორც რუსმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ყრილობას ესწრებოდნენ ესპანელი ულტრამემარჯვენეები პარტია Democracia Nacional-იდან, რომელიც დააარსეს ყოფილი ნეონაცისტური ორგანიზაცია CEDADE-ს წევრებმა; მექსიკური UNR-ის წარმომადგენლები, რომელიც ასევე თანაუგრძნობს ნეონაცისტებს; და ფრანგული ულტრამემარჯვენე მოძრაობა Les Nationalistes-ის წევრები. ყველაზე აღსანიშნავი იყო კიდევ ერთი ესპანური მოძრაობის, Falange Española de las JONS-ის წარმომადგენლების სანქტ-პეტერბურგში ჩასვლა, ისინი თავს ესპანელი „ფალანგისტების“ მემკვიდრეებად მიიჩნევენ. ეს მოძრაობა 1930-იანი წლების დასაწყისში ესპანეთში ჩამოყალიბდა და კვლავ მოიპოვა პოპულარობა ბოლო წლებში.
რობერტ რიში
თავისი წარმომადგენლები გააგზავნა სანქტ-პეტერბურგში უნგრულმა მოძრაობა „64 კომიტატამ“, რომელიც იდეოლოგიურად ეწინააღმდეგება სერბულ ნაციონალისტურ ჯგუფებს. ის ყველა ეთნიკური უნგრელის გაერთიანებას და 1920 წელს, ტრიანონის ხელშეკრულებით უნგრეთისთვის წართმეული ტერიტორიების დაბრუნებას ემხრობა. ამ რეგიონებს შორისაა ვოევოდინა, ჩრდილოეთ სერბეთის პროვინცია.
რადიო თავისუფლების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ სანქტ-პეტერბურგის ყრილობის ერთ-ერთი სტუმარი იყო ჰამბურგის (ქალაქს აქვს დამოუკიდებელი, გერმანიის მხარის ანალოგიური სტატუსი) მაშინდელი პარლამენტის წევრი რობერტ რიში, რომელიც წარმოადგენდა პარტიას, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD). მან ღონისძიებაში მონაწილეობა საჯაროდ არ გაამხილა, თუმცა მოგვიანებით გარიცხეს „AfD-ის" ფრაქციიდან.
RFE/RL-ის გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ ჰამბურგი პარლამენტის წევრის ვიზიტი გააკრიტიკეს კანცლერის პარტიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა (CDU) და „მწვანეების“ წარმომადგენლებმა. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) აცხადებდა, რომ შეცდომაში შეიყვანეს. რიშმა, სავარაუდოდ, ფრაქციის შეხვედრა არმისვლა პირად გარემოებებს დააბრალა.